დღის საკითხავები
ცისკ. - ლკ. 106 დას. XXI, 12-19. ლიტ. - 2 კორ. 175 დას. IV, 1-6. მთ. 99 დას. XXIV, 13-28. დიდმოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.
ლკ. XXI, 12-19.
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.
13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.
18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
2კორ. IV, 1-6.
1. ამრიგად, რაკი მოწყალებით მოგვენიჭა ეს მსახურება, გულს არ ვიტეხთ.
2. არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ, არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინიდისს ღვთის წინაშე.
3. ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული,
4. რომელთაც ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი.
5. რადგანაც ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსათვის.
6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
მთ. XXIV, 13-28.
13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული.
15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს),
16. მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ.
17. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად.
16. ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად.
19. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.
20. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს.
21. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება.
22. და რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი.
23. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.
24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.
25. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ.
26. ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით.
27. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
28. რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც.
2ტიმ. II, 1-10.
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით,
2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც.
3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.
4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს.
5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს.
6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი.
7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს.
8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით.
9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს.
10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.
ინ. XV, 17 - XVI, 2.
17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.
18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ.
19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას.
20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ.
21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.
22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის.
23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც.
25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ.
26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის.
27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ.
2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.