დღის საკითხავები
ლიტ. - 1 კორ. 142 დას. IX, 13-18. მთ. 65 დას. XVI, 1-6. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
1კორ IX, 13-18.
13. ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს?
14. ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ.
15. მაგრამ მე არასოდეს მისარგებლია ამით, და არც იმიტომ გწერთ, რომ ჩემი კუთვნილი მომაგოთ. რადგანაც სიკვდილი მიჯობს იმას, რომ ვინმემ გამიცუდოს ჩემი სიქადული.
16. რადგანაც თუ ვაბარებ, ვითომ რა მაქვს სასიქადულო? ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ.
17. რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ძალაუნებურად, მხოლოდ ჩემთვის მონდობილ მნეობას ვასრულებ.
18. კი მაგრამ, რაა ჩემი საზღაური? ის, რომ სახარების ქადაგებისას უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვსარგებლობ მახარებლის უფლებით.
მთ. XVI, 1-6.
1. მიუახლოვდნენ საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს, ზეცით სასწაული ეჩვენებინა მათთვის.
2. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია.
3. დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ.
4. უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს: მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. მიატოვა ისინი და წავიდა.
5. ხოლო მის მოწაფეებს, გაღმა გასვლისას, დაავიწყდათ პურის წაღება.
6. იესომ უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.