დღის საკითხავები
ლიტ. - რომ. 106 დას. XI, 13-24. მთ. 43 დას. XI, 27-30. დიდმოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. მთ. 36 ადს. X, 16-22.
რომ. XI, 13-24.
13. თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.
14. იქნებ ასე მაინც შევძლო საღმრთო შური აღვძრა ჩემსავე თვისტომთა შორის და ვიხსნა ზოგიერთი მათგანი.
15. რადგან თუ მათი განშორება ქვეყნის დაზავებაა, რაღა იქნება მათი შემოერთება, თუ არა სიცოცხლის აღდგომა მკვდრეთით?
16. თუ პირველნაყოფი წმიდაა, ასევე - ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, ასევე - რტონიც.
17. ხოლო თუ ზოგიერთი რტო მოტყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ ადგილას დაემყენ, ასე რომ, ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი გახდი,
18. ნუ იქადი რტოთა წინაშე, ხოლო თუ მაინც იქადი, გახსოვდეს, რომ შენ კი არ გიტვირთავს ფესვი, არამედ ფესვმა გიტვირთა შენ.
19. იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავმყნილიყავიო.
20. კეთილი. ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს.
21. რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს.
22. ხომ ხედავ სიკეთეს და სიმკაცრეს ღვთისას: სიმკაცრეს - დაცემულთა, ხოლო სიკეთეს - შენს მიმართ, თუკი მის სიკეთეში მკვიდრობ; არა და, შენც მოიკვეთები.
23. მაგრამ, თუ ურწმუნოებაში არ დარჩნენ, ისინიც დაემყნობიან, რადგან ღმერთს კვლავაც ძალუძს მათი დამყნობა.
24. ვინაიდან თუ შენ მოიკვეთე თავისი ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე შინაურ ზეთისხილს, განა ბუნებრივი რტონი მით უმეტეს არ დაემყნობიან თავიანთ საკუთარ ღეროს?
მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.
2ტიმ. II, 1-10.
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით,
2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც.
3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.
4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს.
5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს.
6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი.
7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს.
8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით.
9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს.
10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.
მთ. X, 16-22.
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.
17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ.
18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად.
19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი.
20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში.
21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.