დღის საკითხავები
ლიტ. - რომ. 109 დას. XII, 4-5, 15-21. მთ. 45 დას. XII, 9-13. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
რომ. XII, 4-5, 15-21.
4. ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე,
5. ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.
15. ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან.
16. ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი.
17. ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.
18. თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ.
19. თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“.
20. ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.
21. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.
მთ. XII, 9-13.
9. წამოვიდა იქიდან იესო და შევიდა მათ სინაგოგაში.
10. და, აჰა, იყო იქ ერთი ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: თუ შეიძლება კაცი განკურნო შაბათს?
11. ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათ დღეს ორმოში ჩაუვარდეს, ნუთუ ხელს არ ჩასჭიდებს და არ ამოიყვანს მას?
12. ხოლო კაცი რამდენად უმჯობესია ცხვარზე? ამიტომაც შეიძლება შაბათ დღეს სიკეთის ქმნა.
13. და უთხრა მაშინ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და ისევე გაუმრთელდა, როგორც მეორე.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.