დღის საკითხავები
ლიტ. - ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 38 დას. X, 32-36; XI, 1. რიგ. - რომ. 92 დას. VI, 11-17. მთ. 26 დას. VIII, 14-23.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
მთ. X, 32-36; XI, 1.
32. ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
33. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
34. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.
35. ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას.
36. და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.
1. და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად.
რომ. VI, 11-17.
11. ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად - ღმრთისთვის ქრისტე იესოს მიერ.
12. მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს.
13. ნუ მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის საჭურვლად, არამედ, როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს, ხოლო თქვენი ასოები საჭურვლად - ღმერთის სიმართლეს.
14. ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ.
15. მერედა რა? ვცოდოთ, რადგან რჯულის ქვეშ კი არა ვართ, არამედ მადლის ქვეშ? არამც და არამც.
16. ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ, ვისაც ჰმორჩილებთ: ან ცოდვის მონები სიკვდილისათვის, ან მორჩილების მონები სიმართლისათვის.
17. მადლობა ღმერთს, რომ ოდესღაც ცოდვის მონები, გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც უძღვენით თავი.
მთ. VIII, 14-23.
14. ხოლო იესო შევიდა პეტრეს სახლში, და იხილა მისი სიდედრი, რომელიც ცხელებით შეპყრობილი იწვა.
15. და შეეხო თუ არა მის ხელს, გაუარა მას ცხელებამ; წამოდგა და ემსახურებოდა მათ.
16. ხოლო შებინდებისას მიჰგვარეს მას მრავალი ეშმაკეული, და განდევნა სულები სიტყვით, და განკურნა ყველა სნეული.
17. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: მან თავს იდო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი.
18. ხოლო როდესაც იხილა იესომ გარსშემოჯარული ხალხი, გაღმა გასვლა უბრძანა მათ.
19. მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: მოძღვარო, თან გეახლები, სადაც უნდა წახვიდე.
20. იესომ მიუგო: მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს - ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი.
21. ხოლო ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.
22. ხოლო იესომ მიუგო მას: შენ მე გამომყევ, და მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა.
23. ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები.