დღის საკითხავები
ლიტ. - ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 24 დას. VI, 17-23. რიგ. - რომ. 84 დას. III, 19-26. მთ. 20 დას. VII, 1-8.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
მთ. VI, 17-23.
17. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი.
18. რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
19. ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.
20. არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ.
21. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.
22. სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც.
23. ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი?
რომ. III, 19-26.
19. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს.
20. ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა.
21. ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველნი და რჯული,
22. ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება,
23. რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას.
24. მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით,
25. ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით,
26. რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.
მთ. VII, 1-8.
1. ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ.
2. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.
3. ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?
4. ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში.
5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი.
6. ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.
7. ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ.
8. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.