დღის საკითხავები
ლიტ. - რომ. 90 დას. V, 17 - VI, 2. მთ. 31 დას. IX, 14-17. მოც. - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. მთ. 34 დას. IX, 36-38; X, 1-2, 5-8.
რომ. V, 17 - VI, 2.
17. რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის - იესო ქრისტეს მიერ.
18. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ისე ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი.
19. რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა ემრავლა ცოდვას, ხოლო როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი,
20. რათა, როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში, ასევე ყოფილიყო მადლის სუფევაც საუკუნო სიცოცხლისათვის სიმართლის მეოხებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
1. რას ვიტყვით? დავრჩეთ ცოდვაში, რათა იმრავლოს მადლმა? არამც და არამც.
2. ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცხოვროთ მასში?
მთ. IX, 14-17.
14. მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?
15. ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.
16. არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი, და უფრო დაიხევა.
17. არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება.
1კორ IV, 9-16.
9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ.
10. ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი,
11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას.
12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.
13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი.
14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად.
15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ.
16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.
მთ. IX, 36-38; X, 1-2, 5-8.
36. და როდესაც იხილა ამდენი ხალხი, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაღლილ-დაქანცულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები.
37. მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი.
38. მაშ, ევედრეთ სამკალის უფალს, რათა მომკალნი მოავლინოს თავის სამკალში.
1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა.
2. ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე;
5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში.
6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს.
7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.