დღის საკითხავები
ლიტ. - რომ. 87 დას. IV, 13-25. მთ. VII, 21-23. ღირ. - კოლ. 258 დას. III, 12-19. მთ. 43 დას. XI, 27-30.
რომ. IV, 13-25.
13. ვინაიდან აბრაამს და მის თესლს რჯულით როდი მიეცა აღთქმა, ყოფილიყო ქვეყნის მემკვიდრე, არამედ რწმენის სიმართლით.
14. რადგან თუ მემკვიდრენი რჯულისაგან არიან, ამაოა რწმენა და ფუჭია აღთქმა.
15. ვინაიდან რჯული შეიქმს რისხვას, რადგან იქ, სადაც არ არის რჯული, არც დარღვევაა.
16. მაშასადამე, რწმენისაგან, რათა იყოს რწმენით და განმტკიცდეს აღთქმა მთელი მოდგმის მიმართ: არა მარტო რჯულით, არამედ რწმენითაც აბრაამისა, რომელიც არის ყოველი ჩვენგანის მამა.
17. როგორც დაიწერა: „მე დაგადგინე მრავალი ხალხის მამად“ ღვთის წინაშე, რომელსაც ერწმუნა იგი, მკვდართა მაცოცხლებელსა და არმყოფთა ყოფად მხმობელს.
18. უსასოო სასოებით ერწმუნა, რათა გამხდარიყო მრავალი ხალხის მამა; როგორც ითქვა: „ასე იქნება შენი მოდგმა“.
19. არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი;
20. არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს.
21. რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც.
22. ამიტომაც შეერაცხა მას სიმართლედ.
23. თუმცა მარტო მისთვის როდი დაიწერა, შეერაცხაო,
24. არამედ ჩვენთვისაც: დიახ, ჩვენც შეგვერაცხება, რომელთაც გვწამს ის, ვინც მკვდრეთით აღადგინა უფალი ჩვენი იესო,
25. რომელიც გაცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო და აღდგა ჩვენს გასამართლებლად.
მთ. VII, 21-23.
21. ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
22. მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?
23. და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.
კოლ. III, 12-19.
12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.
13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.
14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.
15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.
16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
17. ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ უფალ იესოს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას.
18. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში.
19. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ.
მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.