ძველი სტილი
23 თებერვალი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
8 მარტი
დიდი მარხვის მე-3 შვიდეული. ხმა 6.
მარხვა მარხვა
მღვდელმოწამისა პოლიკარპესი, ზმირნელი ეპისკოპოსისა (167); ღირსთა: იოანესი, ანტიოქესი, ანტონინესი და მოსესი; ღირსთა: ზევინისი, პოლიქრონისი, მოსესი და დამიანესი, სირიელ მეუდაბნოეთა (V); ღირსისა ალექსანდრე მონაზონისა, "მღვიძარეთა" სავანის წინამძღვრისა (დაახლ. 430); ღირსისა დამიანე ესთიგმენელისა, ათონელისა (დაახლ. 1280); მოწამისა კლიმენტისა; მოწამისა თეისა; წმიდისა გორგონიასი, გრიგოლ ღმრთისმეტყველის დისა (370); 73-თა სირმიონელ მოწამეთა (303).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე პოლიკარპეს, სმირნელი ეპისკოპოსის
კონდაკი:
ნაყოფნი სიტყვიერნი შესწირენ შენ უფლისა, ბრძენო პოლიკარპე, და მსხვერპლნი სათნოებათანი, და ღმრთისა მიერ ღირსად მღდელმთავრად იდიდე; ამისთვის დღეს განათლებულნი სიტყუათა შენთაგან უგალობთ შენსა ღირსსა სახსენებელსა და ვადიდებთ უფალსა.
დღის საკითხავები
VI ჟამ. - ეს. XI, 10 - XII, 2. მწუხ. - შესქ. VII, 11 - VIII, 3. იგავ. X, 1-22. წინამორბედის - 1. ეს. XL, 1-3, 9; XLI, 17-18; XLV, 8; XLXIII, 20-21; LIV, 1. 2. მალ. III, 1-3, 5-7, 12, 17-18; IV, 4-6, 3. სიბრძ. სოლ. IV, 7, 16-17, 19-20; V, 1-7.

ეს. 11,10-12,2
10. იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი.
11. იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი, რომელიც გადაურჩება აშურს, ეგვიპტეს, ფატროსს, ქუშს, ელამს, შინეყარს, ხაბათს და ზღვისპირეთს.
12. დროშას აღუმართავს ხალხებს, შეკრებს გადახვეწილ ისრაელს და ქვეყნის ოთხივე კუთხიდან თავს მოუყრის გაფანტულ იუდას.
13. გაქარწყლდება ეფრემის შური და იუდას მტრები აღარ იქნებიან, ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი და იუდა აღარ უმტრობს ეფრემს.
14. მხარდამხარ გაფრინდებიან ფილისტიმელთაკენ დასავლეთით, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთლებს, ხელს დაადებენ ედომს და მოაბს, და ყამონელნი მათი მორჩილნი გახდებიან.
15. ამოაშრობს უფალი ეგვიპტის ზღვის სრუტეს, ხელს აღმართავს მდინარეზე თავის ქარტეხილში, შვიდ ტოტად განწვალავს მას, რომ ფეხშემოსილმა გადაიაროს.
16. გამოუჩნდება გზა-სავალი მისი ერის ნატამალს, რომელიც აშურს გადაურჩება, როგორც გამოუჩნდა ისრაელს, როცა ეგვიპტიდან ამოდიოდა.

1. შენ იტყვი იმ დღეს: გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე.
2. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.


დაბ. 7,11- 8,3
11. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, - ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.
12. აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.
13. სწორედ ამ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი - ნოეს შვილები და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი შვილების სამი ცოლი.
14. ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი.
15. შევიდა ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა.
16. მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის; და დაუგმანა მათ კარი უფალმა.
17. ორმოც დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე. ადიდდა წყალი და ასწია კიდობანი, მოექცა იგი მიწის ზემოთ.
18. გაძლიერდა წყალი და მეტისმეტად ადიდდა ქვეყნად, და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.
19. მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში.
20. თხუთმეტი წყრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ და დაიფარა მთები.
21. მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი.
22. ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა.
23. აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე - ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი.
24. მატულობდა წყალი დედამიწაზე ას ორმოცდაათი დღე.

1. გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი.
2. დაიგმანენ უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელები, და შეწყდა წვიმა.
3. თანდათან მიიქცეოდა წყალი მიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.


იგავ. 10,1-22
1. იგავნი სოლომონისა. ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.
2. ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.
3. უფალი მართალის სულს არ დაამშევს, ხოლო ბოროტეულთა სიხარბეს უკუაგდებს.
4. ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს.
5. ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია.
6. მართლის თავზე კურთხევაა, ხოლო ბოროტეულია პირი ძალადობით არის სავსე.
7. კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება.
8. გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგებრიყვი დაიღუპება.
9. უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით დადის, ხოლო თავისი გზების გამამრუდებელი ნამხილები იქნება.
10. თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება.
11. მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეუღთა პირი კი ძალადობით არის სავსე.
12. სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.
13. გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი.
14. ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა დაღუპვასთან.
15. მდიდრის ქონება მისი ციხე-ქალაქია, ხოლო ღარიბთა დამღუპველი - მათი სიღატაკე.
16. მართლის შრომა სასიცოცხლოდ არის, ხოლო ბოროტეულთა მონახვეჭი ცოდვაა.
17. შეგონების დამმარხველი სიცოცხლის გზას ადგას, დარიგების უკუმგდებელი გზააბნეული დაეხეტება.
18. სიძულვილის დამფარველს ცრუ ბაგეები აქვს, ჭორის გამავრცელებელი კი სულელია.
19. ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია.
20. მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა.
21. მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან.
22. უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.

ეს. XL, 1-3, 9; XLI, 17-18; XLV, 8; XLVIII, 20-21; LIV, 1.

1. ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი.
2. მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის.
3. ხმაა მღაღადებლისა: უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის!

9. ადი მთამაღალზე, მახარობელო სიონო! აღიმაღლე შენი ხმაძლიერი, მახარობელო იერუსალიმო! აღიმაღლე, ნუ გეშინია! უთხარი იუდას ქალაქებს, აქ არის-თქო თქვენი ღმერთი!

17. ჩაგრულნი და უპოვარნი წყალს ეძებენ, მაგრამ არ არის; ენა გამშრალი აქვთ წყურვილისგან. მე, უფალი, შევეხმიანები, ისრაელის ღმერთი მათ არ მივატოვებ.
18. გავხსნი ნაკადულებს ხმელგორებზე და წყაროებს ტრამალებში; უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ, ხრიოკ მიწას - წყაროსთვალად.

8. იწვეთოს მაღლიდან ზეცამ და ღრუბლებმა ასხურონ სიმართლე, გადაიხსნას მიწა და ხსნამ ინაყოფოს, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად! მე, უფალმა, შევქმენი ეს.

20. გამოდით ბაბილონიდან, გაერიდეთ ქალდეველებს! მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე მიაწვდინეთ, თქვით: იხსნა უფალმა, თავისი მორჩილი იაკობი!
21. არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა.

1. გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი.

მალ. III, 1-3, 5-7, 12, 17-18; IV, 4-6

1. აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე; უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი.
2. ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით.
3. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნიან უფალს შესაწირავი.

5. მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ ცრუმოფიცართაა მოჯამაგირეთა და ქვრივ-ობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
6. რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები, თქვენც არ დაილევით იაკობის ძენო.
7. თქვენი მამა-პაპის დღეებიდან მოყოლებული გადადიოდით ჩემს წესებს და არ იცავდით მათ. ახლა მოიქეცი ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი ამბობთ: რისთვის მოვიქცეთო?

12. ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ, ამბობს ცაბაოთ უფალი.

17. ჩემი იქნებიან ისინი, ამბობს უფალი, იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს.
18. კვლავ განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს.

4 "გაიხსენეთ მოსეს, ჩემი მორჩილის, რჯული, რომელიც ვუბრძანე მას ხორებზე მთელი ისრაელისთვის, და მცნებანი და სამართალნი.
5 აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამდე. 6 ის დააბრუნებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას არ შევმუსრო ქვეყანა შეჩვენებით."

სიბრძ. სოლ. IV, 7, 16-17, 19-20; V, 1-7.

7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება.

16. როცა კვდება მართალი, მსჯავრს სდებს ცოცხალ უღვთოებს, და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე - ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს.
17. რადგან იხილავენ ისინი ბრძენის აღსასრულს და ვერ მიხვდებიან, რა განიზრახა მისთვის უფალმა და რისთვის დაიცვა იგი.

19. შემდგომად ამისა იქცევიან უპატიო გვამებად და სირცხვილად მკვდართა შორის, საუკუნოდ; რადგან პირქვე დაამხობს ხმაწართმეულებს და ძირფესვიანად შეარყევს მათ. გახმებიან ისინი საბოლოოდ და იქნებიან სატანჯველში, და წარიხოცება მათი ხსენება.
20. შიშით წარდგებიან ცოდვების განკითხვისას და მათივე უკეთური საქმეები ამხილებს მათ.

1. მაშინ მართალი დიდი სილაღით წარდგება მათ წინაშე, რომელთაც შეურაცხყვეს და მისი ღვაწლი აბუჩად აიგდეს.
2. მისი მხილველნი მძიმე შიშით შეძრწუნდებიან და გააოცებთ მისი მოულოდნელი ხსნა.
3. ერთმანეთში იტყვიან მონანულნი, აკვნესდებიან და იტყვიან სულშეჭირვებულნი:
4. ეს იყო სწორედ, ვინც ოდესღაც გვყავდა დასაცინად და კიცხვის არაკად უგუნურებს; მისი ცხოვრება სიგიჟედ მივიჩნიეთ, მისი აღსასრული კი უპატიობად.
5. როგორღა შეირაცხა უფლის ძეთა შორის და წმიდათა ხვედრი წილად როგორ ერგო?
6. ამგვარად, გადავსცდით ჭეშმარიტების გზას, აღარ გვინათებდა სამართლიანობის ნათელი და აღარც მზე ამოდიოდა ჩვენთვის.
7. ბილიკები ჩვენი ურჯულოებითა და წარწყმედით ავავსეთ, უვალი უდაბნოები გადავლახეთ, მაგრამ უფლის გზა კი ვერ შევიცანით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
შავი მთა
აღმოსავლეთ სირიაში, ანტიოქიის მახლობლად, შავ ანუ საკვირველ მთაზე უკვე VI საუკუნიდან არსებობდა ქართველთა სამონასტრო ცენტრები.