დღის საკითხავები
ცისკ. - სახ. მე-4, ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - რომ. 112 დას. XIII, 11 - XIV, 4. მთ. 17 დას. VI, 14-21.
ლკ. XXIV, 1-12.
1. ხოლო კვირის პირველ დღეს გამზადებული სურნელებით დილაუთენია მივიდნენ სამარხთან.
2. მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ.
3. და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი.
4. ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი.
5. რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში?
6. აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო:
7. რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს.
8. და გაახსენდათ მისი სიტყვები.
9. გამობრუნდნენ სამარხიდან და აუწყეს ყოველივე ეს თერთმეტსა და სხვა დანარჩენთაც.
10. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა, მარიამი, იაკობის დედა, და სხვები მათთან ერთად, მოციქულებს რომ აუწყეს ეს.
11. მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნენ მათ.
12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა.
რომ. XIII, 11 - XIV, 4.
11. მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.
12. ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.
13. და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით,
14. არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად.
1. შეიწყნარეთ, ვინც უძლურია რწმენით, მაგრამ არა სადავოდ და საკამათოდ.
2. რადგანაც ზოგიერთს ჰგონია, რომ შეიძლება ყველაფერი ჭამო, რწმენით უძლური კი მარტოოდენ მხალეულსა ჭამს.
3. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს, ხოლო ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის იმას, ვინც ჭამს, რადგანაც ღმერთმა შეიწყნარა იგი.
4. შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა, მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას, რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი.
მთ. VI, 14-21.
14. თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.
15. ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.
16. და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
17. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი.
18. რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
19. ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.
20. არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ.
21. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.