დღის საკითხავები
ცისკ. - ინ. 36 დას. X, 9-16. ლიტ. - წმ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. ლკ. 24 დას. VI, 17-23.
ინ. X, 9-16.
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.
11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის.
12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.
13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები.
14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე.
15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის.
16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
ებრ. XIII, 17-21.
17. დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისათვის, თითქოს ანგარიშს აბარებდნენ ვინმეს, რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხვრით, რადგანაც ეს აღარას გარგებდათ თქვენ.
18. ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ.
19. უმეტესად გთხოვთ ამის აღსრულებას, რომ მალე დაგიბრუნდეთ.
20. ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო,
21. დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლკ. VI, 17-23.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.