ძველი სტილი
4 დეკემბერი
ორშაბათი
ახალი სტილი
17 დეკემბერი
სულთმოფენობიდან მე-30 შვიდეული. ხმა 4.
ხსნილი თევზით ხსნილი თევზით
წმინდა დიდმოწამე ბარბარესი; მოწამისა იულიანასი (დაახლ. 306); ღირსისა იოანე დამასკელისა (დაახლ. 760-780); ღირსისა იოანესი, პოლივოტელი ეპისკოპოსისა, სასწაულმოქმედისა (VIII).
დღის ლოცვა
დიდმოწამე ბარბარეს და მოწამე იულიანას

ტროპარი:
ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, მოწამეო ბარბარე, მეოხ გუეყავ ჩუენ ცოდვილთა.
ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯვარისათა.

კონდაკი:
სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისაებრ მისისა, პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველნი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე, წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყვენ, და ხმამაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.
დღის საკითხავები

ცისკ. - მთ. 104 დას. XXV, 1-13. ლიტ. - ებრ. 319. დას. VIII, 7-13. ლკ. 102 დას. XX, 27-44. დიდმოწ. - გალ. 208 დას. III, 23-29. მკ. 21 დას. V, 24-34.

მთ. XXV, 1-13.
1. მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად.
2. ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი - უგუნური.
3. უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი.
4. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით.
5. და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა.
6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო.
7. მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები.
8. და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება.
9. გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.
10. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი.
11. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.
12. ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ.
13. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა.

ებრ. VIII, 7-13.
7. რადგანაც პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს?
8. ვინაიდან ყვედრებით ეუბნება მათ: „აჰა, მოვლენ დღენი, - ამბობს უფალი, - როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს.
9. იმნაირ აღთქმას კი არა, მათ მამებს რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე მათ ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; მაგრამ რაკი ჩემს აღთქმაში არ დამკვიდრდნენ, მეც უგულებელვყავ ისინი, ამბობს უფალი.
10. აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.
11. აღარავინ ასწავლის თვისტომს და აღარ ეტყვის თავის ძმას: იცან უფალი, რადგანაც ყოველი მათგანისთვის, დიდიან-პატარიანად, ცნობილი ვიქნები.
12. ვინაიდან შევიწყალებ მათ უსამართლობას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს.
13. ხოლო „ახალიო“ რომ თქვა, ამით პირველის სიძველე გვიჩვენა, მაგრამ რაც ძველდება და ბერდება, გასაქრობად განწირულია.

ლკ. XX, 27-44.
27. მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც უარყოფდნენ მკვდრეთით აღდგომას, და ჰკითხეს:
28. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ჰყავდა ცოლი, მაგრამ არ დარჩა შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას თესლი.
29. იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა.
30. მოიყვანა მისი ცოლი მეორემ და ისიც უშვილოდ მოკვდა.
31. ასევე მესამემაც, ვიდრე მეშვიდემდე, და შვიდივე უშვილოდ გადაეგო.
32. ბოლოს კი ქალიც მოკვდა.
33. მერედა, აღდგომისას ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.
34. იესომ პასუხად მიუგო მათ: ამ სოფლის მკვიდრნი ირთავენ ცოლს და თხოვდებიან;
35. ხოლო საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან;
36. თვით სიკვდილსაც კი ხელი არა აქვს მათთან, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმრთის ძენი, აღდგომის ძენი არიან.
37. ხოლო მკვდარნი რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა მაყვლოვანთან, რაკიღა აბრაამის ღმერთს, ისააკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდებს უფალს.
38. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის.
39. ზოგიერთმა მწიგნობარმა მიუგო და უთხრა: მოძღვარო, კარგად თქვი.
40. და უკვე ვეღარ ბედავდნენ, რაიმე ეკითხათ მისთვის.
41. უთხრა მათ: როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?
42. ხოლო თვითონ დავითი ამბობს ფსალმუნთა წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
43. ვიდრე ფერხთით დაგიმხობ შენს მტრებს.
44. ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ?

გალ. III, 23-29.
23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა.
24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით.
25. ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ.
26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით.
27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით.
28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
29. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, - მემკვიდრენიც.

მკ. V, 24-34.
24. ისიც წაჰყვა; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა.
25. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა,
26. ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, -
27. იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო.
28. ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო.
29. და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რთმ განიკურნა სნეულებისგან.
30. მაგრამ მაშინვე იესომ თავადაც იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს?
31. ხოლო მოწაფეებმა უთხრეს: ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება და შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?
32. იესომ მიმოიხედა, რათა დაენახა ამის ჩამდენი.
33. მაშინ ქალი, რომელიც მიხვდა, რაც დაემართა, შიშის კანკალით მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოახსენა.
34. ხოლო იესომ უთხრა: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა; წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ანჩისხატი ძველ თბილისში, საპატრიარქოს ახლოს მდებარობს. შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ VI საუკუნის ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა.