დღის საკითხავები
ცისკ. - სახ. მე-3. მკ. 71 დას. XVI, 9-20. ლიტ. - ეფ. 224 დას. IV, 1-6. ლკ. 39 დას. VIII, 41-56. მოწ. - ებრ. 330 დას. XI, 33-40. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
მკ. XVI, 9-20.
9. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი.
10. ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ.
11. მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს.
12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ.
13. ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ.
14. დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი.
15. და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას.
16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება.
17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ.
18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი.
19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ.
20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.
ეფ. IV, 1-6.
1. ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი.
2. მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი.
3. ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა.
4. ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით.
5. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება.
6. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული.
ლკ. VIII, 41-56.
41. და აჰა, მოვიდა ერთი კაცი, სახელად იაეიროს, სინაგოგის წინამძღვარი, ფეხქვეშ ჩაუვარდა იესოს და სთხოვა, სახლში წამომყევიო.
42. რადგანაც ერთადერთი ასული ჰყავდათ, თორმეტი წლისა, და ისიც უკვდებოდა. წაჰყვა და ხალხი ზედ აწყდებოდა მიმავალს.
43. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა და ექიმებისთვის გადაეგო მთელი თავისი საბადებელი, მაგრამ ვერავის განეკურნა,
44. უკნიდან მოუარა, მისი სამოსის კალთას შეეხო და მაშინვე შეუწყდა სისხლის დენა.
45. და თქვა იესომ: ვიღაცა შემეხო მე; მაგრამ რაკი ყველამ უარყო, პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?
46. მაგრამ იესომ თქვა: ვიღაცა შემეხო მე, რადგანაც ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან.
47. რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა.
48. ხოლო იესომ უთხრა მას: მხნედ იყავ, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა: წადი მშვიდობით.
49. ამას რომ ამბობდა, ერთი კაცი მოვიდა და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: შენი ასული მოკვდა; ნუღარ აწუხებ მოძღვარს.
50. მაგრამ იესომ, ეს რომ გაიგონა, უთხრა: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება.
51. ხოლო სახლში მისვლისას არავის დაანება მასთან ერთად შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვის დედ-მამის გარდა.
52. ყველანი ტიროდნენ და მოთქვამდნენ; ხოლო მან თქვა: ნუ ტირით, კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს.
53. ისინი კი დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ მოკვდა.
54. ხოლო მან ხელი მოჰკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა: პატარავ, აღდეგ;
55. მოიქცა მისი სული და მაშინვე აღდგა. ხოლო მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.
56. მშობლები გაოგნებულნი იყვნენ. ხოლო იესომ უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, რაც მოხდა.
ებრ. XI, 33-40.
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს,
34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს.
35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.
36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი.
37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა),
38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.
39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
ლკ. XXI, 12-19.
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.
13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.
18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.