დღის საკითხავები
ლიტ. - ღმრთისმშობ. - ებრ. 320 დას. IV, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28. რიგ. - ეფ. 218 დას. I, 16-23. ლკ. 51 დას. (შუათგან), X, 19-21.
ებრ. IV, 1-7.
1. მაშ, გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესვლისა, რომელიმე თქვენგანი გარეთ არ დარჩეს.
2. რადგანაც სახარება ჩვენც მათსავით გვეუწყა, მაგრამ სიტყვა, რომელიც ისმინეს, ურგები დარჩა მათთვის, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას.
3. სიმშვიდეში კი ჩვენ, მორწმუნენი შევალთ, როგორც მან ბრძანა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“. თუმცაღა მისი საქმენი დასრულდნენ ჯერ კიდევ ქვეყნიერების დასაბამიდან.
4. ვინაიდან მეშვიდე დღეზე სადღაცა ასე თქმულა: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს მისი ყოველი საქმისგან“.
5. და კიდევ: „ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“.
6. და რაკი ზოგს კვლავაც შეუძლია მასში შესვლა, ხოლო ისინი, ვისაც უწინ ეხარათ, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, -
7. კვლავინდებურად აწესებს გარკვეულ დღეს, და დავითის პირით ამბობს - „დღესო“, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთ ითქვა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს“.
ლკ. X, 38-42; XI, 27-28.
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი.
39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას.
40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.
41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ;
42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.
28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
ეფ. I, 16-23.
16. გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ,
17. რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;
18. და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის,
19. ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით,
20. რომლითაც იმოქმედა ქრისტში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში,
21. ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც;
22. ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა,
23. რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით.
ლკ. X, 19-21.
19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ.
20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში.
21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.