ძველი სტილი
9 ნოემბერი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
22 ნოემბერი
სულთმოფენობიდან მე-26 შვიდეული. ხმა 8.
ხსნილი ხსნილი
მოწამეთა ონისიფორესი (III-IV) და პორფირისა; ღირსისა მატრონასი (დაახლ. 492); ღირსისა თეოქტისტასი (881); მოწამისა ალექსანდრე თესალონიკელისა (IV); მოწამისა ანტონისა (V); ღირსისა იოანე კოლოვისა (V); ღირსთა ევსტოლიასი (610) და სოსიპატრასი (625); ნექტარისა, პენტაპოლელი მიტროპოლიტისა, ეგინაზე მოღვაწე სასწაულმოქმედისა (1920); დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა "მსწრაფლშემსმენელი" (X).
დღის ლოცვა
მოწამეთა ონისიფორესი და პორფირის კონდაკი:
ძლიერად იღუაწეთ, მოწამენო, და მტერისა ამპარტავანება ქუეყნად დააკვეთეთ და განათლდით მადლითა დაუბადებელისა სამებისათა, ონისიფორე და პორფირი, ევედრენით მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები

ლიტ. - 1 ტიმ. 283 დას. III, 1-13. ლკ. 70 დას. XIII, 1-9 (ხუთშ.). 1 ტიმ. 285 დას. IV, 4-8, 16. ლკ. 73 დას. XIII, 31-35 (პარ.). მოწ. - ღმრთისმშობლის - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

1ტიმ. III, 1-13.
1. სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმის მსურველია.
2. მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,
3. არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არამედ წყნარი, თვინიერი, ვერცხლისმოძულე,
4. თავისი სახლის კეთილად გამგებელი, შვილების მორჩილებით მყოლი მთელი ღირსებით,
5. (რადგან ვინც თავის სახლს ვერ განაგებს, როგორღა იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე?),
6. არა ახლად მოქცეული, რათა თავს არ გაუვიდეს და ეშმაკის სასჯელის ღირსი არ გახდეს.
7. უნდა ჰქონეს აგრეთვე კეთილი მოწმობა გარეშეთაგან, რათა საგმობი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ გაებას.
8. დიაკვნებიც ასევე ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა ორპირნი, არა ღვინოს მიძალებულნი, არა ანგარნი,
9. რწმენის საიდუმლოს შემნახველნი წრფელი სინიდისით.
10. ესენიც ჯერ უნდა გამოიცადონ და მხოლოდ შემდეგ, თუ უმწიკვლონი აღმოჩნდნენ, მიენდოთ მსახურება.
11. მათი ცოლებიც ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყოველმხრივ სარწმუნონი.
12. დიაკონიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კეთილი გამგებელი.
13. ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთ თავს უმზადებენ კეთილ ხარისხსა და მხნეობას ქრისტე იესოს რწმენაში.

ლკ. XIII, 1-9.
1. ამ დროს მოვიდნენ მასთან ზოგიერთნი და აუწყეს იმ გალილეველთა ამბავი, რომელთა სისხლიც შერთო პილატემ მათსავე მსხვერპლთა სისხლს.
2. მიუგო იესომ და უთხრა მათ: იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ?
3. არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.
4. ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეუღნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი?
5. არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.
6. და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა.
7. და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს.
8. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი;
9. იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად მოჭერი.

1ტიმ. IV, 4-8, 16.
4. რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით,
5. ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება.
6. ამას ასწავლიდე ძმებს და იქნები კეთილი მსახური იესო ქრისტესი, რწმენის სიტყვით და კეთილი მოძღვრებით ნაზარდი, რომლის მიმდევარიც გახდი.
7. ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.
8. ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.

16. გაუფთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.

ლკ. XIII, 31-35.
31. იმ დღეს მოვიდა რამდენიმე ფარისეველი და უთხრა მას: ადექი და გაეცალე აქაურობას, ვინაიდან ჰეროდე გიპირებს მოკვლას.
32. და უთხრა მათ: წადით და უთხარით მაგ მელას: აჰა, დღესა და ხვალ განვდევნი ეშმაკთ და განვკურნავ სნეულთ, ზეგ კი დავასრულებ ჩემს საქმეს.
33. თუმცა მე მმართვებს წასვლა დღესაც, ხვალაც და ზეგაც, ვინაიდან არ ეგების, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმს გარეთ მოკვდეს.
34. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო; რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.
35. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ, სანამ არ მოვა დრო, როდესაც იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!

ფილპ. II, 5-11.
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.
7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.
8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,
10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,
11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.

ლკ. X, 38-42; XI, 27-28.
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი.
39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას.
40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.
41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ;
42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.
28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
მართლმადიდებლური ეკლესია 13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.