ძველი სტილი
21 ოქტომბერი
შაბათი
ახალი სტილი
3 ნოემბერი
სულთმოფენობიდან მე-23 შვიდეული. ხმა 5.
ხსნილი ხსნილი
დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება (მოძრავია, აღინიშნება დიმიტრობის - 26 ოქტომბრის წინა შაბათს). ღირსისა ილარიონ დიდისა (371-372); მოწამეთა: დასისა, გაიოზისა და ზოტიკესი (303).
დღის ლოცვა
დიმიტრის შაბათი

ტროპარი:
წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინაისწარმეტყველნო, მღდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, რომელთა ღუაწლი კეთილად მოიღუაწეთ და სარწმუნოებაი დაიმარხეთ, კადნიერებაი გაქუსთ მაცხოვრისა წინაშე; მას ევედრენით, სანატრელნო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.

კონდაკი: წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარებაი, არა ურვაი, არცა სულთქუმაი, არამედ სიხარული და ცხორებაი იგი დაუსრულებელი.
ღირსი ილარიონ დიდის კონდაკი:
ვითარცა მნათობსა დაუვალსა გონიერისა მზისასა, შემოკრებულნი ესე პატივს გცემთ და შეგასხამთ გალობათა მიერ, რამეთუ გამოუბრწყინდი ბნელსა უღმრთოებისასა მსხდომარეთა, და ყოველნივე აღიყვანენ საღმრთოსა სიმაღლისა მიმართ, ილარიონ; ამისთვისცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, ჰოი მამაო, მოღუაწეთა სიმტკიცეო.
დღის საკითხავები

ლიტ. - 2 კორ. 185 დას. VIII, 1-5. ლკ. 29 დას. VII, 1-10. მიც. - 1 თეს. 270 დას. IV, 13-17. ინ. 16 დას. V, 24-30.

2კორ. VIII, 1-5.
1. ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს.
2. ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით.
3. რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც.
4. თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში.
5. და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით.

ლკ. VII, 1-10.
1. როდესაც დაასრულა თავისი სიტყვა ხალხის წინაშე, კაპერნაუმში შევიდა.
2. ერთი ასისთავის მონა, რომელსაც პატრონი დიდ პატივს სცემდა, ავად იყო და სულს ებრძოდა.
3. იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველი უხუცესნი მიუგზავნა, რათა ეთხოვათ, მისულიყო და განეკურნა მისი მონა.
4. ისინი მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით სთხოვეს და უთხრეს: ღირსია იმისა, რომ ეს მადლი მიაგო მას,
5. ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი, და სინაგოგაც აგვიშენა.
6. წაჰყვა მათ იესო და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.
7. ამიტომ არც იმის ღირსად მივიჩნიე თავი, რომ თავად გხლებოდი, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა.
8. ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს.
9. ეს რომ გაიგონა, განცვიფრდა იესო, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და თქვა: თქვენ მეუბნებით, ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას.
10. გაგზავნილები მიბრუნდნენ სახლში და განკურნებული დაუხვდათ მონა.

1თეს. IV, 13-17.
13. მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება.
14. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად.
15. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ.
16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი.
17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.

ინ. V, 24-30.
24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.
25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.
26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე.
28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას.
29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა.
30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
მართლმადიდებლური ეკლესია 13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.