დღის საკითხავები
ლიტ. - 1 თეს. 266 დას. II, 14-19. ლკ. 50 დას. X, 1-15. დიდმოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.
1თეს. II, 14-19.
14. რადგანაც, ძმანო, მიმბაძველნი გახდით ღვთის ეკლესიებისა, რომლებიც არიან იუდეაში ქრისტე იესოს მიერ, ვინაიდან იგივე დაითმინეთ თვისტომთაგან, რაც მათ - იუდეველთაგან,
15. რომელთაც მოკლეს უფალი იესოც და მისი წინასწარმეტყველნიც, ხოლო ჩვენ გამოგვაძევეს, რადგანაც არას დაგიდევენ ღმერთს და ყოველი კაცის მტრები არიან.
16. ვინაიდან გვიკრძალავენ ვუქადაგოთ წარმართთ და, ამრიგად, ვიხსნათ ისინი. ასე რომ, გამუდმებით ავსებენ თავიანთ ცოდვათა საწყაულს, რისთვისაც უკვე თავს ატყდებათ რისხვა.
17. ხოლო ჩვენ, ძმანო, თვალით და არა გულით ერთხანს თქვენგან განშორებულნი, მით უფრო მეტად ვესწრაფვით თქვენს პირისპირ ხილვას.
18. ამიტომაც იყო, რომ ჩვენ, მეტადრე, მე - პავლემ, დავაპირეთ თქვენთან წამოსვლა, მაგრამ სატანამ დაგვაბრკოლა.
19. ვინაიდან, რა არის ჩვენი სასოება, ან სიხარული, ან სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე. მისი მოსვლისას?
ლკ. X, 1-15.
1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას.
2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში.
3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის.
4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში.
5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და - თქვენვე დაგიბრუნდებათ.
7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში.
8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ.
9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.
10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით:
11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.
12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის.
13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ.
14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის.
15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი.
2ტიმ. II, 1-10.
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით,
2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც.
3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.
4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს.
5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს.
6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი.
7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს.
8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით.
9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს.
10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.
ინ. XV, 17 - XVI, 2.
17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.
18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ.
19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას.
20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ.
21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.
22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის.
23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც.
25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ.
26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის.
27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ.
2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.