დღის საკითხავები
ლიტ. - კოლ. 260 დას. IV, 2-9. ლკ. 41 დას. IX, 7-11. მოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
კოლ. IV, 2-9.
2. გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით.
3. ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა უფალმა გაგვიღოს სიტყვის კარი ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც მადევს ბორკილი;
4. რათა ისე განვაცხადო, როგორც მმართებს მისი უწყება.
5. ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ.
6. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ.
7. ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში,
8. რომელიც იმიტომ გაახლეთ, რომ გაუწყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს,
9. ონისიმესთან, სანდო და საყვარელ ძმასთან ერთად; ისინი გაუწყებენ აქაურ ამბებს.
ლკ. IX, 7-11.
7. გაიგო ჰეროდე მეოთხედმთავარმა ყველაფერი, რაც მოემოქმედა იესოს, და საგონებელში ჩავარდა, ვინაიდან ზოგიერთნი ამბობდნენ: იოანე აღდგა მკვდრეთით.
8. ზოგიც: ელია მოგვევლინაო, ზოგი კიდევ ამბობდა, რომ ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგა.
9. ჰეროდემ თქვა: იოანეს მე მოვკვეთე თავი. მაშ, ვინ არის ეს, ვისზედაც ამგვარი რამ მესმის? და უნდოდა მისი ნახვა.
10. დაბრუნდნენ მოციქულები და აუწყეს იესოს ყველაფერი, რაც გააკეთეს, ხოლო მან წაიყვანა ისინი და უდაბურ ადგილს განმარტოვდა, იმ ქალაქის ახლოს, რომელსაც ჰქვია ბეთსაიდა.
11. მაგრამ გაიგო ხალხმა და გაჰყვა მას: იესომ შეიწყნარა ისინი და ღმრთის სასუფეველზე ელაპარაკებოდა მათ, ხოლო, ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა.
ეფ. VI, 10-17.
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,
17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
ლკ. XXI, 12-19.
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.
13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.
18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.