დღის საკითხავები
ლიტ. - ფილპ. 238 დას. I, 20-27. ლკ. 23 დას. VI, 12-19. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. ლკ. 24 დას. VI, 17-23.
ფილპ. I, 20-27.
20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.
21. რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები.
22. მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო.
23. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია.
24. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის.
25. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და თქვენივე რწმენის სიხარულისთვის,
26. რათა თქვენმა სიქადულმა ჩემი მეოხებით იმრავლოს ქრისტე იესოში, როცა ხელახლა გეწვევით.
27. მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის.
ლკ. VI, 12-19.
12. მოხდა ისე, რომ იმ დღეებში სალოცავად ავიდა მთაზე. და მთელი ღამე იქ დაჰყო, ღმრთის მიმართ მლოცველმა.
13. ხოლო როდესაც გათენდა, მოუხმო თავის მოწაფეებს და ამოარჩია მათგან თორმეტი, რომლებსაც მოციქულები უწოდა:
14. სიმონი, რომელსაც დაარქვა პეტრე, და მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
15. მათე და თომა, იაკობი, ძე ალფესი და სიმონი, ზელოტად წოდებული,
16. იუდა იაკობისა და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ლკ. VI, 17-23.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.