ძველი სტილი
22 აგვისტო
ორშაბათი
ახალი სტილი
4 სექტემბერი
სულთმოფენობიდან მე-14 შვიდეული. ხმა 4.
ხსნილი ხსნილი
დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა საქართველოისად (ივერიისად) წოდებულისა (დაბრძანებულია მოსკოვში; სიწმიდე 1622 წლამდე იმყოფებოდა საქართველოში); მოწამეთა: აგათონიკესი და მისთანა ზოტიკესი, თეოპრეპესი, აკვინდინესი, სევერიანესი და სხვათა (IV); მღვდელმოწამისა ათანასე ეპისკოპოსისა (270-275); ღირსისა ანთუსასი (დაახლ. 298) და მსახურთა მისთა, მოწამეთა ქარისიმესი და ნეოფიტესი (III); მოწამისა ევლალია ქალწულისა (დაახლ. 303).
დღის ლოცვა
მოსკოვის ალექსი მიტროპოლიტის მონასტრის ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული
ტროპარი:
საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისგან ჭირისა, შეუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩუენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელნი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.

ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედოფალო ღმრთისმშობელო, სიმართლენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებით და სიყუარულით მისდა მოლტოლვილთა; ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამო დაუცხრომლად: დამიცევ მე, დედოფალო.
დღის საკითხავები

ლიტ. - 2 კორ. 195 დას. XII, 10-19. მკ. 16 დას. IV, 10-23. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

2კორ. XII, 10-19.
10. მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი.
11. უგუნური გავხდი ქადილით; თქვენ მაიძულეთ, ვინაიდან თქვენ უნდა გექეთ; რადგანაც არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცაღა არარა ვარ.
12. მოციქულის ნიშნები გამოჩნდა თქვენში მთელი მოთმინებით, სასწაულებით, ნიშებითა და ძალით.
13. ვინაიდან თუ რამეთი ჩამორჩებით სხვა ეკლესიებს, მხოლოდ იმით, რომ მძიმე ტვირთად არ დაგწოლივართ, მომიტევეთ ეს უსამართლობა.
14. აჰა, მე მზად ვარ მესამედაც მოვიდე თქვენთან, და არც ამჯერად შეგაწუხებთ, რადგანაც თქვენსას კი არ ვეძებ, არამედ - თქვენ. შვილები კი არ უნდა უგროვებდნენ საუნჯეს მშობლებს, არამედ მშობლები - შვილებს.
15. ამიტომაც ხალისით დავიხარჯები და დავიწრიტები თქვენი სულისთვის; მაგრამ რაკი ასე ძლიერ მიყვარხართ, განა ნაკლებ უნდა გიყვარდეთ?
16. ან იქნებ თავად არ გაწუხებდით, მაგრამ ცბიერი ვიყავი და ზაკვით დაგიმორჩილეთ?
17. მაგრამ რამე თუ მისარგებლია თქვენგან მათი მეშვობით, ვინც თქვენთან წარმოვგზავნე?
18. ვთხოვე ტიტეს, თქვენთან მოსულიყო, და ერთი ძმაც გამოვაყოლე: ან ტიტე თუ გამოგრჩათ რასმე? განა ერთი სულით არ ვმოქმედებდით? განა ერთ გზას არ ვადექით?
19. იქნებ გგონიათ, თქვენს წინაშე ვიმართლებთ თავს? არა, ღვთის წინაშე, ქრისტეში. ხოლო ყოველივე ამას, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლად ვამბობთ.

მკ. IV, 10-23.
10. როდესაც ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა თორმეტ მოწაფესთან ერთად ჰკითხეს იგავის აზრი.
11. და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება.
12. რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები.
13. და უთხრა მათ: ეს იგავი არ გესმით და როგორღა გაიგებთ დანარჩენთ?
14. მთესავი სიტყვას თესავს.
15. გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიაც ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათ გულში ჩაითესა.
16. ასევე, ქვიან ადგილას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას;
17. მაგრამ ფესვი არა აქვს მათში, და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდებიან.
18. ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი თესლი სიტყვის მსმენელნი არიან,
19. რომლებშიაც სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას.
20. ხოლო პოხიერ ნიადაგზე დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ და კიდევაც იღებენ სიტყვას, და ნაყოფიც გამოაქვთ: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად.
21. და უთხრა მათ: განა იმიტომ მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოსა თუ საწოლის ქვეშ დადგან? არამედ სასანთლეზე დგამენ მას.
22. არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.
23. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!

ფილპ. II, 5-11.
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.
7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.
8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,
10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,
11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.

ლკ. X, 38-42; XI, 27-28.
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი.
39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას.
40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.
41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ;
42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.
28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილიც თავის ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ ვინც აღდგება საეკლესიო ხელისუფლებაზე და მოშლის მრევლში მშვიდობას და წესრიგს, იგი კონკრეტულ ეპისკოპოსებს კი არ შეურაცხყოფს, არამედ მათ ზეციურ თავს - იესო ქრისტეს.
საიტის პარტნიორები