ძველი სტილი
2 აგვისტო
სამშაბათი
ახალი სტილი
15 აგვისტო
სულთმოფენობიდან მე-11 შვიდეული. ხმა 1.
მარხვა მარხვა
აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა პირველმოწამისა, მთავარდიაკონისა სტეფანესი იერუსალიმით კონსტანტინოპოლს (დაახლ. 428) და პოვნა წმიდათა ნაწილთა მართალთა: ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა; მღვდელმოწამისა სტეფანესი, რომის პაპისა, და მისთანათა (257).
დღის ლოცვა
მოციქული, პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანება იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლს და პოვნა ნაწილთა მართალთა: ნიკოდიმოსისა, გამალიელისა
და ძისა მისისა აბიბოსისა
ტროპარი:
ბრწყინვალეო და დიდო სამკაულო მოწამეთაო, უძლეველო, საჩინოო მნათობო, ახოვნად მოთმინეო სტეფანე, სანატრელო ქრისტეს მხედარო, მეოხ-გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.

ტროპარი: სამეუფო გვირგვინი დაიდგ თავსა შენსა ღუაწლთა მათ მიერ, რომელნი თავს ისხენ ქრისტეს ღმრთისათვის, მოწამეთა დასაბამო სტეფანე, რამეთუ შენ ურიათა სიცბილსა ამხილე და იხილე მაცხოვარი მამისა მჯდომარე, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: პირველად დათესულ იქმენ შენ ქუეყანასა ზედა ზეციერის მოქმედისა მიერ, ყოვლადქებულო, პირველად დასთხიე სისხლი შენი ქუეყანასა ზედა ქრისტესთვის, სანატრელო, პირველადვე მის მიერ ძლევისა გვირგვინითა შეიმკვე, მოწამეთა დასაბამო სტეფანე, პირველ ყოველთასა მოღუაწეო.
დღის საკითხავები

ლიტ. - 2 კორ. 172 დას. II, 14 - III, 3. მთ. 95 დას. XXIII, 23-28. პირველმოწ. - საქ. 17 დას. VI, 8 - VII, 5, 47-60. მთ. 87 დას. XXI, 33-42.

2კორ. II, 14 - III, 3.
14. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს;
15. რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის.
16. ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ; სხვას ვის შესწევს ამისი ძალი?
17. ვინაიდან მრავალთა მსგავსად როდი ვბღალავთ ღვთის სიტყვას, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეს მიერ.

1. ნუთუ ხელახლა უნდა წარმოგიდგინოთ თავი? ნუთუ ზოგიერთებივით წარდგენის წერილი გვჭირდება თქვენდამი ან თქვენგან?
2. ჩვენი წერილი თქვენა ხართ, ჩვენს გულებში ჩაწერილი, ყოველი კაცისთვის გასაგები და მათ მიერვე წაკითხული.
3. თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვიფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.

მთ. XXIII, 23-28.
23. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ.
24. ბრმა წინამძღვარნო, რომელნიც გადასწურავთ ქინქლს და აქლემს კი შთანთქამთ.
25. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით.
26. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც.
27. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით.
28. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით.

საქ. VI, 8 - VII, 5, 47-60.
8. ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში.
9. მაშინ ადგნენ ზოგიერთნი ეგრეთწოდებულ ლიბერტინთა, კირენელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, აგრეთვე კილიკიელთა და ასიელთაგან, და დავა დაუწყეს სტეფანეს.
10. მაგრამ ვერ შესძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნეს და სულს, რომლითაც ლაპარაკობდა იგი.
11. მაშინ წააქეზეს რამდენიმე კაცი და ათქმევინეს: ჩვენ გვსმენია, როგორ გმობდა მოსეს და ღმერთსო.
12. და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს.
13. წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს.
14. რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ.
15. მას უყურებდა ყველა, ვინც იჯდა სინედრიონში, და ხედავდა მის სახეს, როგორც სახეს ანგელთზისას.

1. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს?
2. ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე,
3. და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესათდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
4. მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.
5. ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის მემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.

47. სახლი კი სოლომონმა აუგო მას.
48. მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი:
49. „ცა ტახტია ჩემი და მიწა - ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად?
50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“
51. ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.
52. რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით.
53. თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი.
54. ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე.
55. ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო.
56. მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს.
57. ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას.
58. ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე.
59. ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.
60. მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.

მთ. XXI, 33-42.
33. სხვა აგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნანელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.
34. და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან.
35. ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს.
36. ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს.
37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.
38. მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ.
39. შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს.
40. მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს?
41. უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს.
42. უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
სვეტიცხოველში გრძელდება უწყვეტი ლოცვა სამშობლოს გამთლიანებისა და ჩვენი ოჯახებისთვის.