ძველი სტილი
14 აგვისტო
კვირა
ახალი სტილი
27 აგვისტო
სულთმოფენობიდან მე-12 კვირიაკე. ხმა 3.
მარხვა მარხვა
წინადღესასწაული მიძინებისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა. მღვდელმოწამეთა: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტისა ნაზარისა (ლეჟავა), გერმანე (ჯაჯანიძე), იეროთეოს (ნიკოლაძე) და სიმონ (მჭედლიძე) ხუცესთა, პროტოდიაკონისა ბესარიონისა (კუხიანიძე) და ყოველთა ახალმოწამეთა, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან ვნებულთა (XX); წინასწარმეტყველისა მიქეასი, 12-თაგანისა (VIII ს. ქრისტეს შობამდე); მღვდელმოწამისა მარკელესი, აპამეელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 389).
დღის ლოცვა
ღვთისმშობლის მიძინების წინადღესასწაული
ტროპარი:
ერნო, გიხაროდენ და სარწმუნოებით აღიპყრენით ხელნი თქუენნი, და სურვილით შემოკრებით, და სიხარულით ღაღადებდით, რამეთუ დედასა ღმრთისასა ეგულვების ქუეყანით ზეცად ამაღლებაი, რომელსა ძალნი ცათანი შიშით უგალობენ.

კონდაკი: დიდებულსა ხსენებასა შენსა ყოველი სოფელი უნივთოთა სიხარულითა შეიმკვების, ხოლო გონებითა მოხარული ხმობს შენდა მომართ: გიხაროდენ, ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო.
დღის საკითხავები

ცისკ. - სახ. I მთ. 116 დას. XXVIII, 16-20. ლიტ. - 1 კორ. 158 დას. X, 1-11. მთ. 79 დას. XIX, 16-26. მოწ. - ებრ. 331 დას. XII, 1-10. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.

მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.

16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ.
17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა.
18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც.
19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;
20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.

1კორ X, 1-11.
1. მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ჩვენი მამები ერთობლივად ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გამოვლო ზღვა.
2. ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში.
3. და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს ჭამდნენ.
4. და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე.
5. თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც უდაბნოში დაეცნენ.
6. ხოლო ეს ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს.
7. ნურც კერპთმსახურნი იქნებით, ზოგიერთი მათგანის მსგავსად; როგორც წერია: „დასხდა ხალხი სასმელ-საჭმელად, და წამოდგა სათამაშოდ“.
8. ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი.
9. ნურც ქრისტეს გამოვცდით, როგორც გამოსცადა ზოგიერთმა მათგანმა, და გველებისგან დაიღუპნენ.
10. ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის მიერ.
11. ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს.

მთ. XIX, 16-26.
16. და, აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?
17. ხოლო მან მიუგო: რად მეკითხები სიკეთის გამო? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა, ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი.
18. უთხრა მას: რომელნი? ხოლო იესომ მიუგო მას: არა კაც-ჰკლა; არა იმრუშო; არა იპარო; არა ცილი სწამო;
19. პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.
20. უთხრა მას ჭაბუკმა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია კიდევ?
21. იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.
22. ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
23. ხოლო იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდიდარი ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში.
24. ამასაც გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.
25. ეს რომ მოისმინეს, მოწაფეები ძალზე განცვიფრდნენ და თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება.
26. შეხედა იესომ და უთხრა მათ: ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია.

ებრ. XII, 1-10.
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.
2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
3. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე.
4. ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად.
5. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს.
6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.
7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?
8. ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.
9. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?
10. რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.

ლკ. XXI, 12-19.
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.
13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.
18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილიც თავის ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ ვინც აღდგება საეკლესიო ხელისუფლებაზე და მოშლის მრევლში მშვიდობას და წესრიგს, იგი კონკრეტულ ეპისკოპოსებს კი არ შეურაცხყოფს, არამედ მათ ზეციურ თავს - იესო ქრისტეს.
საიტის პარტნიორები