ძველი სტილი
1 აგვისტო
ორშაბათი
ახალი სტილი
14 აგვისტო
სულთმოფენობიდან მე-11 შვიდეული. ხმა 1.
მარხვა მარხვა
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა უფლის ცხოველსმყოფელისა ჯვარისა; მოწამეთა შვიდთა ძმათა მაკაბელთა: აბიმისა, ანტონინესი, გურისა, ელიაზარისა, ევსევონისა, ალიმისა და მარკელისა, დედისა მათისა სოლომონიასი და მოძღვრისა მათისა ელიაზარ მღვდელისა (166 წ. ქრისტეს შობამდე); 9-თა მოწამეთა პამფილიის პერგიას: ლეონტისა, ატისა, ალექსანდრესი, კინდევსისა, მინსითევსისა, კვირიაკესი, მინეონისა, კატუნისა და ევკლესი (III). დასაწყისი მიძინების - მარიამობის მარხვისა. წირვის შემდეგ - წყლის კურთხევა (მცირე აიაზმა).
დღის ლოცვა
შემოყვანება პატიოსნისა ძელისა ცხოველმყოფელისა ჯვარისა
ტროპარი:
აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი: რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევა მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი ყოვლადძლიერი.
დღის საკითხავები

ჯვრის - 1 კორ. 125 დას. I, 18-24. ინ. 60 დას. XIX, 6-11, 13-20, 25-28, 30-35. რიგ. - 2 კორ. 171 დას. II, 3-15. მთ. 94 დას. XXIII, 13-22. მოწ. - ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. მთ. 38 დას. X, 32-36; XI, 1. წყლის კურთხ. - ებრ. 306 დას. II, 11-18. ინ. 14 დას. V, 1-4.

1კორ I, 18-24.
18. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.
19. რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.
20. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?
21. რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი.
22. ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.
23. ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს,
24. ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, - ქრისტეს, ღვთის ძალას და სიბრძნეს.

ინ. XIX, 6-11, 13-20, 25-28, 30-35.
6. ხოლო მის დანახვაზე მღვდელმთავრები და მსახურები აყვირდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი! უთხრა მათ პილატემ: თქვენ თვითონ წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, ვინაიდან მე ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
7. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენა გვაქვს რჯული, და ჩვენი რჯულღის მიხედვით, სიკვდილის ღირსია, ვინაიდან ღმერთის ძედ დასახა თავი.
8. ეს სიტყვა რომ გაიგონა პილატემ, უფრო შეშინდა.
9. ხელახლა შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: სადაური ხარ? მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა.
10. უთხრა მას პილატემ: მე არ მცემ ხმას? ნუთუ არ იცი, რომ შემიძლია ჯვარს გაცვა შენ და შემიძლია შენი გაშვებაც?
11. იესომ მიუგო: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ უფრო დიდი ცოდვა აქვს იმას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა.

13. ეს სიტყვა რომ გაიგონა, პილატემ გარეთ გამოიყვანა იესო და სამსჯავრო ტახტზე დაჯდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ქვაფენილი, ხოლო ებრაულად - გაბათა.
14. იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; და უთხრა იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე!
15. ხოლო ისინი აყვირდნენ: წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი! უთხრა მათ პილატემ: თქვენი მეფე ჯვარს ვაცვა? მღვდელმთავრებმა მიუგეს: არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა.
16. მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო.
17. თან მიჰქონდა თავისი ჯვარი, და მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია თხემისა, ხოლო ებრაულად - გოლგოთა,
18. სადაც ჯვარს აცვეს იგი, და მასთან ერთად ორი სხვაც, აქეთ და იქით, ხოლო შუაში იესო.
19. დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე.
20. იუდეველთაგან ბევრმა წაიკითხა ეს წარწერა (ვინაიდან ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო, ახლოს იყო ქალაქთან), და დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად.

25. იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი.
26. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე!
27. მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი.
28. შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია.

30. როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა.
31. რაკი პარასკევი იყო, გვამები რომ ჯვარზე არ დარჩენილიყო შაბათს (ვინაიდან ის შაბათი დიდი დღე იყო), იუდეველებმა სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ.
32. მაშინ მივიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულთ, ერთსაც და მეორესაც.
33. ხოლო როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, და აღარ დაუმტვრიეს წვივები.
34. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა.
35. ვინც იხილა, იმოწმა, და ჭეშმარიტია მისი მოწმობა; მან იცის, რომ ჭეშმარიტს ამბობს, რათა ირწმუნოთ.

2კორ. II, 3-15.
3. სწორედ ეს მოგწერეთ, რათა ჩემი მოსვლისას აღარა მქონდეს წუხილი მათგან, ვის მიერაც უნდა მეხარა; რადგანაც ყველას გიცნობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყოველი თქვენგანის სიხარულია.
4. ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი.
5. ხოლო თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც.
6. მის სასჯელად ისიცა კმარა, რომ დაიგმო მრავალთა მიერ.
7. ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს.
8. ამიტომაც შეგაგონებთ, თქვენი სიყვარული დაუდასტუროთ.
9. მეც სწორედ ამიტომ მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, რამდენად მორჩილნი ხართ ყველაფერში.
10. ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე.
11. რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი.
12. ხოლო მე, ტროას ჩასულმა ქრისტეს სახარებლად, - თუმცა კი გამეღო კარი უფლის მიერ, -
13. ვერ მოვუპოვე ლხინება ჩემს სულს, რადგანაც ვერ შევხვდი იქ ჩემს ძმას ტიტეს; ამიტომაც დავემშვიდობე მათ და მაკედონიისკენ გავწიე.
14. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს;
15. რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის.

მთ. XXIII, 13-22.
13. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.
14. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.
15. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად.
16. ვაი თქვენდა, ბრმა წინამძღვარნო, რომლებიც ამბობთ: თუ ვინმე დაიფიცავს ტაძარს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს ტაძრის ოქროს, მოვალეა.
17. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც გაწმენდს ოქროს?
18. და მერე: თუ ვინმე დაიფიცავს საკურთხევვლს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს შესაწირავს, რომელიც დევს საკურთხეველზე, მოვალეა.
19. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც გაწმენდს შესაწირავს?
20. რადგან ვინც იფიცავს საკურთხეველს, იფიცავს მას და ყოველივე იმას, რაც საკურთხეველზეა.
21. და ვინც იფიცავს ტაძარს, იფიცავს მას და მის მკვიდრსაც.
22. და ვინც იფიცავს ცას, იფიცავს ღმრთის ტახტს და მასზე მჯდომარესაც.

ებრ. XI, 33 - XII, 2.
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს,
34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს.
35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.
36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი.
37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა),
38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.
39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.

1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.
2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.

მთ. X, 32-36; XI, 1.
32. ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
33. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
34. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.
35. ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას.
36. და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.

1. და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად.

ებრ. II, 11-18.
11. ვინაიდან განმწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ,
12. და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, და შუა საკრებულოში გიგალობ შენ“.
13. ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მოსავი“. ანდა: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ“.
14. და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი,
15. და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა.
16. რადგანაც ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ - აბრაამის მოდგმას.
17. ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად.
18. ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდეღში მყოფთა შეწევნაც ძალუძს.

ინ. V, 1-4.
1. შემდგომ ამისა იყო იუდეველთა დღესასწაული, და ავიდა იესო იერუსალიმს.
2. ხოლო იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან არის ხუთბჭიანი აუზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია ბეთეზდა.
3. იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ძვრას.
4. ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილიც თავის ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ ვინც აღდგება საეკლესიო ხელისუფლებაზე და მოშლის მრევლში მშვიდობას და წესრიგს, იგი კონკრეტულ ეპისკოპოსებს კი არ შეურაცხყოფს, არამედ მათ ზეციურ თავს - იესო ქრისტეს.
საიტის პარტნიორები