ძველი სტილი
23 ივლისი
შაბათი
ახალი სტილი
5 აგვისტო
სულთმოფენობიდან მე-9 შვიდეული. ხმა 7.
ხსნილი ხსნილი
მოწამეთა: ტროფიმესი, თეოფილესი და მათთანა 13-თა მოწამეთა (284-305); მღვდელმოწამისა აპოლინარისა, რავენიელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 75).
დღის საკითხავები

ლიტ. - მოწ. - ებრ. 330 დას. XI, 33-40. ლკ. 106 დას. XXI, 12-19. რიგ. - რომ. 113 დას. XIV, 6-9. მთ. 64 დას. XV, 32-39.

ებრ. XI, 33-40.
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს,
34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს.
35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.
36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი.
37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა),
38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.
39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.

ლკ. XXI, 12-19.
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.
13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.
18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.

რომ. XIV, 6-9.
6. ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს; ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე არა ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს.
7. ვინაიდან არცერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს თავისი თავისთვის და არც თავისთვის კვდება.
8. არამედ, თუ ვცოცხლობთ, უფლისთვის ვცოცხლობთ, ხოლო თუ ვკვდებით, უფლისთვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.
9. რადგანაც ქრისტე იმისთვის მოკვდა და გაცოცხლდა, რათა უფლობდეს მკვდრებზედაც და ცოცხლებზედაც.

მთ. XV, 32-39.
32. ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. არ მინდა, უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში.
33. უთხრეს მას მოწაფეებმა: სადა გვაქვს ამ უდაბნოში იმდენი პური, რომ მთელი ხალხი დავაპუროთ?
34. ჰკითხა მათ იესომ: მაინც რამდენი პური გაქვთ? და მათ მიუგეს: შვიდი, და ცოტაოდენი თევზი.
35. მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს.
36. აიღო შვიდი პური და თევზი, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა - ხალხს.
37. ყველამ ჭამა და გაძღა. და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი.
38. ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასი კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.
39. და გაისტუმრა ხალხი, თვითონ კი ნავში ჩაჯდა და მიადგა მაგდალას საზღვარს.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილიც თავის ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ ვინც აღდგება საეკლესიო ხელისუფლებაზე და მოშლის მრევლში მშვიდობას და წესრიგს, იგი კონკრეტულ ეპისკოპოსებს კი არ შეურაცხყოფს, არამედ მათ ზეციურ თავს - იესო ქრისტეს.
საიტის პარტნიორები