დღის საკითხავები
ლიტ. - 1 კორ. 142 დას. IX, 13-18. მთ. 65 დას. XVI, 1-6. დიდმოწ. - 2 კორ. 181 დას. VI, 1-10. მკ. 21 დას. V, 24-34.
1კორ IX, 13-18.
13. ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს?
14. ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ.
15. მაგრამ მე არასოდეს მისარგებლია ამით, და არც იმიტომ გწერთ, რომ ჩემი კუთვნილი მომაგოთ. რადგანაც სიკვდილი მიჯობს იმას, რომ ვინმემ გამიცუდოს ჩემი სიქადული.
16. რადგანაც თუ ვაბარებ, ვითომ რა მაქვს სასიქადულო? ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ.
17. რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ძალაუნებურად, მხოლოდ ჩემთვის მონდობილ მნეობას ვასრულებ.
18. კი მაგრამ, რაა ჩემი საზღაური? ის, რომ სახარების ქადაგებისას უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვსარგებლობ მახარებლის უფლებით.
მთ. XVI, 1-6.
1. მიუახლოვდნენ საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს, ზეცით სასწაული ეჩვენებინა მათთვის.
2. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია.
3. დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ.
4. უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს: მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. მიატოვა ისინი და წავიდა.
5. ხოლო მის მოწაფეებს, გაღმა გასვლისას, დაავიწყდათ პურის წაღება.
6. იესომ უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.
2კორ. VI, 1-10.
1. ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი.
2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე.
3. ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება.
4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში,
5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში,
6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში,
7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში,
8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი.
9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი;
10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.
მკ. V, 24-34.
24. ისიც წაჰყვა; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა.
25. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა,
26. ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, -
27. იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო.
28. ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო.
29. და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რთმ განიკურნა სნეულებისგან.
30. მაგრამ მაშინვე იესომ თავადაც იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს?
31. ხოლო მოწაფეებმა უთხრეს: ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება და შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?
32. იესომ მიმოიხედა, რათა დაენახა ამის ჩამდენი.
33. მაშინ ქალი, რომელიც მიხვდა, რაც დაემართა, შიშის კანკალით მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოახსენა.
34. ხოლო იესომ უთხრა: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა; წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან.