დღის საკითხავები
ცისკ. - სახ. მე-4, ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - რომ. 93 დას. VI, 18-23. მთ. 25 დას. VIII, 5-13. მოც. - იუდ. 77 დას. I, 1-10. ინ. 48 დას. XIV, 21-24.
ლკ. XXIV, 1-12.
1. ხოლო კვირის პირველ დღეს გამზადებული სურნელებით დილაუთენია მივიდნენ სამარხთან.
2. მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ.
3. და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი.
4. ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი.
5. რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში?
6. აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო:
7. რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს.
8. და გაახსენდათ მისი სიტყვები.
9. გამობრუნდნენ სამარხიდან და აუწყეს ყოველივე ეს თერთმეტსა და სხვა დანარჩენთაც.
10. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა, მარიამი, იაკობის დედა, და სხვები მათთან ერთად, მოციქულებს რომ აუწყეს ეს.
11. მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნენ მათ.
12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა.
რომ. VI, 18-23.
18. ხოლო ცოდვისგან თავდახსნილნი სიმართლეს დაემონეთ.
19. თქვენი ხორცის უძლურების გამო ისე ვმსჯელობ, როგორც მსჯელობენ კაცნი: მსგავსად იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას, ახლა სიწმიდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს.
20. ვინაიდან, როცა ცოდვის მონები იყავით, თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან.
21. კი მაგრამ, რა იყო მაშინ თქვენი ნაყოფი? ის, რისიც ამჟამად გრცხვენიათ, ვინაიდან სიკვდილია მისი დასასრული.
22. ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი - საუკუნო სიცოცხლე.
23. ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
მთ. VIII, 5-13.
5. ხოლო როდესაც შევიდა იესო კაპერნაუმში, მიუახლოვდა ასისთავი და ვედრებით უთხრა:
6. უფალო, დავრდომილი მსახური მიწევს სახლში და სასტიკად იტანჯება.
7. იესომ მიუგო: მოვალ და განვკურნავ მას.
8. ხოლო ასისთავმა პასუხად უთხრა: უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე; არამედ მხოლოდ სიტყვა ბრძანე და განიკურნება ჩემი მსახური.
9. ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები: და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი, და მოდის; და ჩემს მსახურს: გააკეთე ეს, და აკეთებს.
10. ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა უკან მომავალთ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას.
11. ამასაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში;
12. ხოლო სასუფევლის ძენი გარესკნელის ბნელში გაიყრებიან; და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
13. და უთხრა იესომ ასისთავს: წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს შენ. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური.
იუდ. I, 1-10.
1. იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა, - მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის.
2. წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გიმრავლოთ.
3. საყვარელნო, რაკიღა მთელი გულმოდგინებით ვცდილობ მოგწეროთ ჩვენი საერთო ხსნის თაობაზე, საჭიროდ ვცანი მომეწერა შეგონება: იღვწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცა წმიდათ.
4. ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს.
5. მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი.
6. ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს.
7. ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი.
8. იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ.
9. მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!
10. ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს.
ინ. XIV, 21-24.
21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.
22. უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტეღმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას?
23. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ.
24. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.