ძველი სტილი
25 მაისი
ოთხშაბათი
ახალი სტილი
7 ივნისი
სულთმოფენობიდან I შვიდეული. ხმა7.
მსგეფსი მსგეფსი
მცხეთის ჯვრის დღესასწაული (გარდამავალია, აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს); ლომისობა (გარდამავალია, აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს); წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის მესამედ პოვნა (დაახლ. 850); მღვდელმოწამისა თერაპონტისა, კვიპრელი ეპისკოპოსისა (IV).
დღის ლოცვა
წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნა
ტროპარი:
ვითარცა საღმრთო საუნჯე დაფარული ქვეყანასა ზედა, ქრისტემან გვიჩუენა ჩუენ თავი შენი, წინამორბედო და ნათლისმცემელო, ყოველნი უკუე პოვნასა მისსა შემოკრებულნი გალობით მაცხოვარსა ყოველთასა უგალობთ, რომელი აცხოვნებს სულთა ჩუენთა მეოხებითა შენითა.

კონდაკი: წინასწარმეტყველო ღმრთისაო და წინამორბედო მადლისაო, თავი შენი, ვითარცა ნიჭი საღმრთო, ვპოვეთ ქუეყანით და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კვალადცა, ვითარცა პირველ, ქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა.

სხვა კონდაკი: იროდის მიერ უსჯულოთა ბილწთა დედათათვის თავი მოგეკვეთა, წინამორბედო, ხოლო ჩუენ პატიოსანსა ამას თავის პოვნასა შენსა ვიხარებთ და გიღაღადებთ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი.

სხვა კონდაკი: ნათელ-საჩინო და საღმრთო სუეტი, სანთელი მზისა, თავი თვისი წინამორბედმან ნათელშემოსილი განცხადებულ-ჰყო კიდეთა შინა და განწმენდს სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა მისთა და ესრეთ მწოდებელთა: ნათლისმცემელო ქრისტესო ყოვლადბრძენო, გვაცხოვნენ ჩუენ ყოველნი.
დღის საკითხავები

ცისკ. - ლკ. 31 დას. VII, 17-30. ლიტ. - რომ. 80 დას. I, 18-27. მთ. 12 დას. V, 20-26. ნათლისმცემ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 40 დას. XI, 2-15.

ლკ. VII, 17-30.
17. და მოედო ეს ამბავი მთელ იუდეასა და მთელ შემოგარენს.
18. ყოველივე ეს მისმა მოწაფეებმა აუწყეს იოანეს.
19. ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?
20. ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?
21. ხოლო იმ ხანად მრავალნი განკურნა სნეულებათაგან, სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა.
22. მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ.
23. ნეტა მას, ვინც არ შემცდარა ჩემში.
24. ხოლო იოანეს მაცნეთა წასვლის შემდეგ, იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად?
25. რისთვის დადიოდით? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი და განცხრომით მყოფნი მეფეთა დარბაზებში არიან.
26. რისთვის დადიოდით? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც.
27. ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე.
28. რადგანაც გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღმატებია იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია.
29. მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათეღ იღეს იოანეს ნათლის ცემით.
30. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან.

რომ. I, 18-27.
18. რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას.
19. ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგანაც ღმერთმა განუცხადა მათ.
20. და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება.
21. რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული;
22. ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ;
23. და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს,
24. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული;
25. სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.
26. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს.
27. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური.

მთ. V, 20-26.
20. რადგანაც გეუბნებით თქვენ: თუკი თქვენი სიმართლე არ აღემატა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
21. თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს.
22. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს.
23. ხოლო თუ მიგაქვს შესაწირავი საკუთრხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის,
24. დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი.
25. დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად ადგიხართ გზას, რათა მომჩივანმა არ მიგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა - მსახურს, და ჩავარდე საპყრობილეში.
26. ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ კოდრანტს.

2კორ. IV, 6-15.
6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან.
8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს.
9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ.
10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში.
11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში.
12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე - თქვენში.
13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ.
14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე.
15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.

მთ. XI, 2-15.
2. ხოლო იოანემ შეიტყო საპყრობილეში ქრისტეს საქმენი, და გამოგზავნა თავისი ორი მოწაფე.
3. რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?
4. ხოლო იესომ მიუგო მათ: მიდით და უთხარით იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:
5. ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ: მკვდარნი აღდგებიან და გლანაკნი სახარებით ხარობენ.
6. ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში.
7. ხოლო მათი წასვლის შემდეგ იესომ იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად?
8. რისთვის დადიოდით უდაბნოში? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი მეფეთა დარბაზებში არიან.
9. რისთვის დადიოდით უდაბნოში? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც.
10. რადგან ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე.
11. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია.
12. ვინაიდან იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე, ცათა სასუფეველი ძალით იღება, და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას.
13. რადგან ყველა წინასწარმეტყველი, და თვით რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ.
14. და თუ გნებავთ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.
15. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ბერი ეფრემ კატუნაკელი:

"- დღე-ღამეში ნახევარი საათი დაუთმე იესუს ლოცვას. ილოცე, როცა შეძლებ,
საიტის პარტნიორები