ძველი სტილი
22 მარტი
სამშაბათი
ახალი სტილი
4 აპრილი
დიდი მარხვის მე-6, ბზობის შვიდეული. ხმა 8.
მარხვა მარხვა
მღვდელმოწამისა ბასილისი, ანკვირელი ხუცისა (362-363); მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117); ღირსისა ისააკ დალმატელისა (IV).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე ბასილი ანკვირის ეკლესიის ხუცის კონდაკი:
ცხორებაი სჯულიერი აღასრულე და სარწმუნოებაი დაიმარხე, მღვდელმოწამეო ბასილი; ამისთვისცა წამებისა გვირგვინსა ღირს-იქმენ და გამოსჩნდი ეკლესიისა სუეტად შეურყეველად, ძე მამისა თანა დაუსაბამოდ, და სული აღიარე სამებით განუყოფელად, რომელსა ევედრე, რაითა გვიხსნეს განსაცდელთაგან პატივისმცემელნი შენნი, რაითა გიღაღადებდეთ: გიხაროდენ, ბასილი ღმრთივგანბრძნობილო.

დღის საკითხავები
მე-6 ჟამს: ეს. XLIX, 6-10. საღ.: დაბ. XXXI, 3-16. იგავ. XXI, 3-21.


ეს. 49,6-10
6. თქვა: ცოტაა, ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად; ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს.
7. ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი, მისი წმიდა, დაბეჩავებულს, ხალხებისგან შეზიზღებულს, ხელმწიფეთა მონას: მეფენი დაინახავენ და წამოდგებიან, მთავარნი თაყვანს სცემენ უფლის გამო, რომელიც მტკიცეა, და ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც შენ ამოგარჩია.
8. ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად,
9. გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი.
10. არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს.


დაბ. 31,3-16
3. უთხრა უფალმა იაკობს: დაუბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანას, შენს სამშობლოს, და მეც შენთან ვიქნები.
4. გაგზავნა კაცი იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველად, ფარასთან.
5. უთხრა მათ: სახეზე შევატყვე მამათქვენს, რომ იგი ისეთი აღარაა ჩემს მიმართ, როგორიც ადრე იყო. მაგრამ მამაჩემის ღმერთი თან მახლავს მე.
6. თქვენ იცით, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია მამათქვენის სამსახურისთვის.
7. მამათქვენმა კი მომატყუა და ათგზის შემიცვალა გასამრჯელო, მაგრამ არ დაანება ღმერთმა, ებოროტნა ჩემთვის.
8. როცა იტყოდა, დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო, ხატულებს იგებდა მთელი ფარა.
9. წაართვა ღმერთმა საქონელი მამათქვენს და მე მომცა.
10. ფარის ახურების დრო იყო. ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ, აჰა, ვაცები ფარას რომ ახტებიან, სულ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები არიან.
11. მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: იაკობ! მივუგე: აქა ვარ.
12. მითხრა: აახილე თვალი და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ხატულაა, დაწინწკლულია და ჭრელია. რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
13. მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც შენ ზეთი სცხე სვეტს, სადაც აღთქმა მომეცი. ახლა კი, ადექი და გადი ამ ქვეყნიდან, დაუბრუნდი შენს სამშობლო ქვეყანას.
14. მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: კიდევ გვიძევს რაიმე წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
15. განა უკვე უცხოები არა ვართ მისთვის? ხომ გაგვყიდა და ჩვენი ვერცხლიც შეჭამა?
16. ამიტომაც მთელი ქონება, ღმერთმა რომ წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბრძანებია შენთვის.


იგავ. 21,3-21
3. სიმართლის და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის.
4. ქედმაღლობა და დიდგულობა - ბოროტეულთა ლამპარი - ცოდვაა.
5. მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა - სიდუხჭირეს.
6. სიცრუით მოხვეჭილი განძი წარმავალი ორთქლია და სიკვდილის ხაფანგი.
7. ბოროტეულთ მათივე ძალადობა წალეკავს, რადგან მათ არ სურთ სამართლის ქმნა.
8. ცრუ კაცის გზა უკუღმართია, ხოლო სუფთა კაცი წრფელად იქცევა.
9. სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.
10. ბოროტეულის სულს ავი სწადია; წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მისი მახლობელი.
11. ზნეწამხდარის დასჯით ბრიყვი დაბრძმენდება, ბრძენი შეგონებით ცოდნას იხვეჭს.
12. ბოროტეულის სახლის მზირველი მართალი ბოროტეულთ გააუბედურებს.
13. ვინც ღატაკთა კვნესის წამყრუებელია თავადაც იყვირებს, მაგრამ არ იქნება შეწყნარებული.
14. ფარული ძღვენი წყრომას აცხრობს და უბეში ქრთამი - ძლიერ მრისხანებას.
15. სამართლის ქმნა მართლისათვის სიხარულია, ბოროტმოქმედთათვის - შიში.
16. გონიერების გზა-კვალს აცდენილი კაცი სულთა კრებულში თუ მოისვენებს.
17. ლხინის მოყვარული კაცი გაღატაკდება; ღვინისა და ნელსაცხებლის მოყვარული ვერ გამდიდრდება.
18. მართლის გამოსასყიდი ბოროტეული იქნება, გულწრფელთა კი - მზაკვარი.
19. უბედურ ქვეყანაში ცხოვრება სჯობია ანჩხლ და ბრაზიან ცოლთან ყოფნას.
20. ძვირფასი განძი და ნელსაცხებელია ბრძენის სამყოფელში, ბრიყვი კაცი კი აჩანაგებს მათ.
21. სიმართლისა და მადლის მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლეს და დიდებას ჰპოვებს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ეს იმის ნიშანია, რომ ეკლესიურად და ერთმანეთის სიყვარულში უნდა ვიცხოვროთ

ინერნეტ სივრცეში აფხაზეთში მომხდარი სასწაულების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ბევრი ჩვენთაგანი საგონებელში ჩააგდო.
საიტის პარტნიორები