ძველი სტილი
20 ნოემბერი
კვირა
ახალი სტილი
3 დეკემბერი
სულთმოფენობიდან 26-ე კვირიაკე. ხმა 1.
ხსნილი თევზით ხსნილი თევზით
წინადღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა. ღირსისა გრიგოლ დეკაპოლელისა (816); პროკლესი, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისა (446-447); მოწამისა დასისა (284-305); მოწამეთა: ევსტათისა, თესპესისა და ანატოლისა (312); მღვდელმოწამეთა: ნერსე ეპისკოპოსისა და იოსებისა, მოწაფისა მისისა, იოანესი, სავერისა, ისააკისა და იპატისა, სპარსელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა: აზატი საჭურისისა, სასონისა, თეკლასი, ანასი და სხვათა მრავალთა მამათა და დედათა, სპარსეთს წამებულთა (IV).
დღის ლოცვა
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების წინადღესასწაული
ტროპარი:
სიხარულსა წინადაგვიწინდებს დღეს ჩუენ ანა წინააღმდგომსა მწუხარებისასა, რომელმან აღმოაცენა მხოლო მარადის ქალწული, რომელსაცა შეიყვანებს დღეს სიხარულით ტაძრად უფლისა, ვითარცა ნამდვილვე ტაძარსა სიტყვისა ღმრთისასა და უბიწოსა დედასა.
კონდაკი: სიხარულითა აღევსების დღეს ყოველი სოფელი დღესასწაულსა ღმრთისმშობელისასა, მღაღადებელი ესრეთ: რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.
დღის საკითხავები

ცისკ. - სახ. მე-4, ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - ეფ. 229 დას. V, 8-19. ლკ. 66 დას. XII, 16-21. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.

ლკ. XXIV, 1-12.
1. ხოლო კვირის პირველ დღეს გამზადებული სურნელებით დილაუთენია მივიდნენ სამარხთან.
2. მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ.
3. და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი.
4. ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი.
5. რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში?
6. აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო:
7. რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს.
8. და გაახსენდათ მისი სიტყვები.
9. გამობრუნდნენ სამარხიდან და აუწყეს ყოველივე ეს თერთმეტსა და სხვა დანარჩენთაც.
10. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა, მარიამი, იაკობის დედა, და სხვები მათთან ერთად, მოციქულებს რომ აუწყეს ეს.
11. მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნენ მათ.
12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა.

ეფ. V, 8-19.
8. რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
9. ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში.
10. გამოსცადეთ, რა შეიძლება მოსწონდეს უფალს.
11. ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ,
12. ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა.
13. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება,
14. რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“.
15. მაშ, დაუკვირდით თქვენს ქცევას, არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
16. გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი.
17. ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა.
18. ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.
19. ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს.

ლკ. XII, 16-21.
16. და უთხრა მათ იგავი: ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა;
17. საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი?
18. და გადაწყვიტა: აი, რას ვიზამ: დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო-საბადებელს.
19. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.
20. უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?
21. ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის.

გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
რას ნიშნავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და როგორ ირჩევენ საქართველოს პატრიარქს.