ძველი სტილი
1 ოქტომბერი
შაბათი
ახალი სტილი
14 ოქტომბერი
დღესასწაული კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა; საფარველი ყოვლადწმინდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა; მცხეთობა - სვეტიცხოვლობა.
ხსნილი ხსნილი
საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV); წმიდათა: სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა, ურიაყოფილისა (IV); მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქისა, სვეტიცხოვლის განმაახლებელისა (დაახლ. 1033); მოციქულისა ანანიასი, 70-თაგანისა (I); ღირსისა რომანოზ ტკბილადმგალობელისა (დაახლ. 556); მოწამისა დომნინე თესალონიკელისა (IV); ღირსმოწამისა მიქაელისა, ზობიელი იღუმენისა და მისთანა 36-თა ღირსმოწამეთა (780-790).
დღის ლოცვა
დღესასწაული საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტისა
ტროპარი:
სუეტო ღმრთივამაღლებულო, თაყუანს გცემთ, კუართო საუფლოო და მირონო წმიდაო, ჯუარო ქრისტეს ღმრთისაო, თაყუანს გცემთ, რაითა მოსცე ძლევაი ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა, შენ მიერ უხვებით გვირგვინოსანსა.
ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოსა: ნათელი შემოკრებს კიდეთა სოფლისათა და უკუდავებად წმიდად მირონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყვანს ვსცემთ, რაითა ვპოვოთ ცხორება სულთა ჩუენთა.
კონდაკი: ზესთაბრძოლისა ჩემისათვის და შემწისა უძლეველისა, სვეტისა წმიდისა და ღვთისბრწყინვალესა, რომელი ნათობს საუფლოსა და ზეგარდამო ქსოვილსა კვართსა ზედა და ელვებრ აკრთობს ცათა მობაძავსა საყდარსა და მგალობელთა და მედღესასწაულეთა თვისთა განაშვენებს და ცისკროის და სიხარულსა მრჩობლსა მიანიჭებს, რომელნი ქებასა შეასხმენ: გიხაროდენ, სვეტო ბრწყინვალეო.
კონდაკი: რომელი ჩუენთვის ჯუარს ეცვი და სიშიშვლე ჩუენი კუართისა თვისისა მიერ ყოვლადწმიდისა დაფარვად წყალობით განგებულ-ჰყო, მოვედით, ერნო, მცნობელნი მხოლოსა მის უვნებელისა, ვადიდებდეთ მრჩობლთა შინა ერთად ქრისტედ მცნობელნი მისნი და უგალობდეთ: შენ ხარ ღმერთი ყოვლადძლიერი, კაცთმოყვარე და მაცხოვარი.
დღის საკითხავები

ლიტ. - ფილპ. 239 დას. I, 27 - II, 4. ლკ. 24 დას. VI, 17-23 (პარ.). 1 კორ. 164 დას. XV, 58 - XVI, 3. ლკ. 19 დას. V, 17-26 (შაბ.). მღვდელმოწ. - 1 კორ. 166 დას. XVI, 13-24. მთ. 103 დას. XXIV, 42-47.

ფილპ. I, 27 - II, 4.
27. მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის.
28. ნურაფერში შეუკრთებით თქვენს წინააღმდგომთ; მათთვის ეს წარწყმედის ნიშანია, თქვენთვის კი - ხსნისა, და ეს ღვთისაგან არის.
29. რადგანაც ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ, არამედ ვნებაც მისთვის,
30. იმავე ღვაწლით, რა ღვაწლიც ჩემში გიხილავთ და ახლაც გესმით, რომ ვიღვწი.

1. ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეში ქრისტეში, თუ არის რაიმე სიამე სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანაზიარობა სულისა, თუ არის რაიმე თანალმობა ან წყალობა,
2. აღავსეთ ჩემი სიხარული, რათა იყოთ თანამზრახველნი, ერთი და იმავე სიყვარულით გულშეძრულნი, ერთსულოვანნი და თანამოაზრენი.
3. ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს.
4. მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თვითეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს.

ლკ. VI, 17-23.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.

1კორ XV, 58 - XVI, 3.
58. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე.

1. რაც შეეხება წმიდათათვის განკუთვნილ შეწირულობას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.
2. კვირის ყოველ პირველ დღეს თვითეულმა თქვენგანმა რაც შეუძლია გადადოს და შეინანოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოთ გროვება.
3. ხოლო, როდესაც მოვალ, თქვენს მიერვე სანდოდ მიჩნეულ ხალხს წერილებს გავატან და წარვგზავნი, რათა თქვენი შეწირულობა ჩაიტანონ იერუსალიმს.

ლკ. V, 17-26.
17. ერთ დღეს, როცა ასწავლიდა ხალხს, იქ ისხდნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი; და იღვწოდა ძალა უფლისა მათ განსაკურნავად.
18. და, აჰა, რამდენიმე კაცმა სარეცლით მოიყვანა დავრდომილი, და ცდილობდნენ შინ შესულიავნენ და მის წინაშე დაეწვინათ.
19. მაგრამ რაკი ხალხმრავლობის გამო ვერსაით გაიკაფეს გზა, სახურავზე ავიდნენ და ჭერიდან ჩაუშვეს დავრდომილი იესოს წინაშე.
20. მათი რწმენა რომ იხილა, დავრდომილს უთხრა: კაცო, მოგეტევა შენი ცოდვები.
21. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ბჭობა გამართეს და ამბობდნენ: ვინ არის ეს ღვთისმგმობი? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?
22. მაგრამ იესომ შეიცნო მათი ზრახვანი და უთხრა მათ: ამას რას ფიქრობთ თქვენს გულში?
23. რა უფრო ადვილია: ამისი თქმა: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ და წადი?
24. მაგრამ რათა თქვენ იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დამბლადაცემულს: შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.
25. ისიც მაშინვე აღდგა მათ თვალწინ, აიღო, რაზედაც იწვა და წავიდა თავის სახლში, და ადიდებდა ღმერთს.
26. განცვიფრებამ შეიპყრო ყველა, ადიდებდნენ ღმერთს და თავზარდაცემულნი ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთ დღეს.

1კორ XVI, 13-24.
13. იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით.
14. სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე.
15. ხომ იცნობთ სტეფანეს სახლს, პირველნაყოფს აქაიისას, წმიდათა სამსახურს რომ მიუძღვნა თავი;
16. შეგაგონებთ, ძმანო, მორჩილნი იყავით მისნაირთა და ყველა თანამოსაქმისა თუ მოღვაწის მიმართ.
17. გამახარა სტეფანეს, ფორტუნატუსისა და აქაიკოსის მოსვლამ, რადგანაც მათ შემივსეს თქვენი სიშორე,
18. ასე რომ, ჩემს სულსაც მოუფონეს და თქვენსასაც; პატივი ეცით ამნაირთ.
19. მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები; გულითად მოკითხვას გითვლიან უფლის მიერ აკვილა და პრისკილა მათი შინაური ეკლესიითურთ.
20. მოგიკითხავთ ყველა ძმა; მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.
21. მოგიკითხავთ ჩემი საკუთარი ხელით, პავლე.
22. ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა!
23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან.
24. ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოს მიერ. ამინ.

მთ. XXIV, 42-47.
42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
43. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის.
44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.
45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ?
46. ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.
47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
არამეულის შემდეგ მამა სერაფიმემ ქართულად პირველად იგალობა - ლამაზი საგალობელი,