დღის საკითხავები
ლიტ. - კოლ. 256 დას. II, 20 - III, 3. ლკ. 60 დას. XI, 34-41. მოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. მთ. 36 დას. X, 16-22.
კოლ. II, 20 - III, 3.
20. თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს:
21. ნელს ნუ ახლებ, ნუ იგემებ, ნუ შეეხები
22. ნურაფერს, რაც იხრწნება, - კაცთა მცნებებისა და მოძღვრების მიხედვით?
23. ყოველივე ეს მხოლოდ იმდენად ჰგავს ჭეშმარიტ სიბრძნეს, რამდენადაც მათშიც ვხედავთ თვითნებურ თაყვანისცემას, თავმდაბლობას და თვითგვემას, მაგრამ მათ არ შეუძლიათ წინ აღუდგნენ ხორციელ განცხრომათა სურვილს.
1. თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ.
2. ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას.
3. რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში.
ლკ. XI, 34-41.
34. სხეულის სანთელი არის თვალი; თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ ის უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულიც.
35. მაშ, უყურე: ბნელი არ იყოს ნათელი, რომელიც არის შენში.
36. ხოლო თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არა სცხია რა ბნელის, ერთიანად ნათელი იქნება, თითქოს სანთელი გინათებდეს თავისი ალით.
37. ამას რომ ამბობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური; შევიდა და ინახად დაჯდა.
38. ხოლო ფარისეველმა დაინახა და გაუკვირდა, რომ ჭამის წინ არ დაიბანა.
39. მაგრამ უფალმა უთხრა მას: ამჟამად თქვენ, ფარისეველნი, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ნაძარცვითა და ნაოხარით.
40. უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?
41. მაშ, გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ, და აჰა, ყველაფერი წმინდა გექნებათ.
ეფ. VI, 10-17.
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,
17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
მთ. X, 16-22.
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.
17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ.
18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად.
19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი.
20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში.
21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.