ღვთისათვის მისაღებია ისეთი ლოცვები, რომლებიც აღევლინება მისთვის შესაფერისი ფორმით და რომლებშიც ადამიანს შეგნებული აქვს თავისი სისუსტე და არასრულყოფილება. ასეთი განცდისთვის საჭიროა სრულად უარვყოთ ჩვენივე ცუდი "მე" და დავემორჩილოთ ღვთის მცნებებს, ასევე მოგვეთხოვება თავმდაბლობა და მუდმივი სულიერი შრომა.
მიანდეთ ღმერთს ყოველი თქვენი საზრუნავი და იგი იზრუნებს თქვენთვის. ნუ ხართ მოუსვენარნი და სულმოკლენი. მან, რომელმაც იცის ადამიანის სულის საიდუმლოებანი, ასევე იცის თქვენი სურვილები და აქვს ძალა მათი აღსრულებისა. ითხოვეთ და ნუ დაკარგავთ გამბედაობას. ნუ გგონიათ, რომ თქვენი სურვილები წმინდაა და ამიტომაც გაქვთ უფლება საყვედურისა, თუ რატომ არ იქნა შესმენილი თქვენი ლოცვები. ღმერთი ასრულებს ყველა თქვენს სურვილს იმ სახით, რომელიც თქვენთვის უცნობია. დამშვიდდით და ისე ითხოვეთ ღვთისაგან.
ჩვენს ლოცვებსა და ვედრებას თავისთავად არ შეუძლია მიგვიყვანონ სრულყოფილებამდე. სრულყოფილებამდე მივყავართ მხოლოდ უფალს, რომელიც მოდის და სახლდება ჩვენში, როდესაც ვასრულებთ მის ყოველ მცნებას. პირველი ამ მცნებათაგან არის: ამ ცხოვრებაში აღსრულდეს ნება ღვთისა და არა ნება ჩვენი. ამავე დროს, შესრულდეს ისე ზუსტად, როგორც ეს სრულდება ზეცაში ანგელოზების მიერ და რომ ვთქვათ: "უფალო, არა როგორც მე მინდა, არამედ როგორც შენ გინდა: იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა".
ქრისტეს გარეშე ჩვენს ლოცვებს და ვედრებას მივყავართ დაცემამდე.
გვესაუბრება წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა მალხაზ ყიფიანი:
- ლოცვის უნარი ერთ-ერთი სათნოებაა, რომელიც ღმერთმა ადამიანში ჩადო. ლოცვა - ეს არის შეურიგებელი ბრძოლა სიცოცხლისა სიკვდილთან, ლოცვა უნდა მოდიოდეს ადამიანის შინაგანი სამყაროდან. ლოცვა ღმერთთან სიახლოვით არის გამოწვეული. ყოველი ადამიანი თავისი არსებობით მოწოდებულია ჰქონდეს ღმერთთან სიახლოვის განცდა. ლოცვა თავისი ზნეობრივი და ღვთისნიერი ცხოვრების შედეგად ნიჭად ეძლევა ადამიანს. ლოცვას სწავლა ესაჭიროება. ეკლესიაში ახალმოსულნი ხშირად ამბობენ, ლოცვა გვიჭირსო. ლოცვას ჰყავს შინაური და გარეშე მტრები. შინაურსა და გარეულ მტრებს შორის ათასი რამე შეიძლება ვიგულისხმოთ, პირველ რიგში, შეიძლება ლოცვას ხელს უშლიდეს ადამიანის პატივმოყვარეობა, თავმოყვარეობა ან სურვილი იმისა, რომ შესაძლებელია ჩვენ გავექცეთ საკუთარ მეს. უწინარეს, ადამიანს უნდა გაუჩნდეს სურვილი ღმერთთან სიახლოვისა. ღმერთთან სიახლოვის განცდა კი გამოიხატება ღმერთთან საუბარში. ლოცვა არის ღმერთთან საუბარი, ჩვენი შინაგანი სამყარო, ადამიანური ბუნება საამისოდ არის მოწოდებული და თუ დასაწყისში გარეშე თუ შინაური მტრები ხელს უშლიან ლოცვაზე დგომაში, ადამიანმა საკუთარი თავი უნდა აიძულოს. აუცილებელია მოუკლებლივ ვილოცოთ. თუ დღეს გულგრილი და უგულისყურონი ვართ ლოცვისადმი, დროთა განმავლობაში სისტემატური ლოცვა ხარისხს იძენს. ყველაზე გულმხურვალე და საუკეთესო ლოცვის ნიმუში არის უფლის ლოცვა გეთსემანიის ბაღში, როდესაც უფალი ჯვარცმამდე, ლოცვის პროცესში გეთსემანიის ბაღში ყოფნისას სიკვდილს ამარცხებს. ლოცვა არის სიკვდილზე გამარჯვება, მარადიულობის გამარჯვება წარმავალზე, უხრწნილებისა - ხრწნადობაზე, სინათლისა - სიბნელეზე. წმინდა მამები ამბობენ, რომ ლოცვა ადამიანს განასხვავებს სხვა ქმნული, ღვთისაგან შექმნილი არსებებისაგან. ლოცვა თანასწორს ხდის ანგელოზსა და ადამიანს. ლოცვაში ასევე საჭიროა, რომ მუდმივად გვახსოვდეს სიკვდილი. ეს ადამიანს ღმერთთან აახლოებს და ლოცვაშიც უფრო განამტკიცებს. ჩვენ არ ვიცით, როგორ წარიმართება ჩვენი დღევანდელობა, ჩვენი ხვალინდელობა. ვუყურებთ სხვათა აღსასრულს, სიკვდილს, სხვათა ავადმყოფობას და ხშირად გვგონია, ჩვენზე მსგავსი რამ არ მოიწევა. ამიტომაც ლოცვაში ადამიანი ძლიერდება, მტკიცდება. ადამიანი ლოცვაში ღმერთთან ერთიანდება, ერთსულ ხდება. უწმინდესიც ბრძანებს ხოლმე, - ადამიანის სულში, გულსა და გრძნობაში რომ შემოვიდეს მადლი სულიწმინდისა, ჩვენი ადამიანური ბუნება და ღვთაების სული უნდა გაერთიანდესო. ეს კი ლოცვით არის შესაძლებელი. მათეს სახარებაში წერია: "სანამ ითხოვდეთ უფლისაგან, თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რაი გიხმს და რაი გესაჭიროებათო". ხშირად ულოცველობას ადამიანები აბრალებენ უფალს - რა საჭიროა ლოცვა, მუხლთადრეკა, ღვთისმსახურებაში თანამონაწილეობა, ღმერთმა ხომ ისედაც ყოველივე იცის და ყოველივე ძალუძს, ღმერთი ყოვლისმხედველი, ყოვლისმპყრობელი და გულთამხილავია. ამასთან ერთად, ყურადღება უნდა მივაქციოთ უფლის სიტყვებსაც, მოუკლებელად ილოცვიდეთ, რომ სარწმუნოება თვინიერ საქმეებისა მკვდარია. ილოცევდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და პოვებდეთ, აკაკუნებდეთ და განგეღოთ. ადამიანის თხოვნა, ლოცვა, ვედრება არის ღვთისათვის სათნო. ეს ჩვენს სიმდაბლეს, ჩვენს სარწმუნოებრივ ცხოვრებას წაადგება. ღმერთმა იცის ყოველივე ჩვენი გულისზრახვანი, გულისთქმანი, ფიქრები, ძალუძს ჩვენს სულს სარგებლობა მოუტანოს. ლოცვაშიც საჭიროა, ადამიანმა განსაზღვროს ის, რა შეიძლება ითხოვოს ღვთისაგან. "ლოცვა ჩემი ცოდვად შემერეცხა ღვთის წინაშეო", - ბრძანებს დავით მეფსალმუნე. ლოცვაში არ შეიძლება ღმერთს ისეთი რაიმე შესთხოვო, რაც ჩვენი კეთილწარმატებისათვის, სულის ცხონებისათვის უსარგებლო იქნება, ან მოყვასის კეთილდღეობისა და სარგებლიანობისთვის არ იქნება მიზანშეწონილი. სულიერი წინსვლა, ცხონება, მარადიული ცხოვრება და ჩვენი წილი ჯვარი, რომელიც ღმერთმა მოგვცა, ღირსეულად უნდა ვიტვირთოთ, რათა წყალობა და შემწეობა მოგვეცეს უფლისგან.
***
მლოცველთა ცხოვრების წესი განსხვავდება ულოცველი ადამიანის წესისაგან. ერთი მწირი გზაჯვარედინზე შეჩერდა. იქ დგას სახლი, სადაც ლოცულობენ ადამიანები. სახლიდან გამოდის ერთი იქაური. ეკითხება მწირი, - რას აკეთებენ მანდო. ლოცულობენო. შენ რას აკეთებო? როდესაც დაიჩოქეს ჩემი სახლის მკვიდრთა და ღვთისადმი ლოცვა აღავლინეს, შემრცხვა და გარეთ გამოვედი. შენ რა გესაჭიროებაო? მიმართულების ჩვენება, საით წავიდეო, - მიუგო მწირმა. მერე რატომ არ მეკითხებიო. როგორ გკითხავ, როდესაც ღმერთთან ვედრების და ლოცვისა გერიდება, შენ როგორ უნდა მომცე სწორი მიმართულებაო. მლოცველი ადამიანი თავისი სიახლოვით ღმერთთან, თავისი ცხოვრების წესით გარკვეულად სიბრძნეს და გონიერებას, დაკვირვებულობას და სიფრთხილეს იძენს. ასეთ ადამიანთან ურთიერთობაც ადამიანის ცხოვრებას სასიკეთოდ წარმართავს. ცხოვრების წესი ბევრად არის დამოკიდებული ლოცვაზე. ხშირად ვამბობთ ხოლმე, როგორც ვლოცულობთ, ცხოვრების წესიც ისეთი გვაქვს და პირიქით, როგორც ვცხოვრობთ, ეს ცხოვრების წესიც ჩვენს ლოცვაზე არის აღბეჭდილი. ხშირად ლოცვასა და მარხვას ან ლოცვასა და შრომას ალეგორიულად უდარებენ ნავს ან ფრინველს. ნავისათვის არის ორი ნიჩაბი - ერთი ლოცვა და ერთი შრომა, ან ლოცვა და მარხვა, აუცილებლად ორივე ფრთა, ორივე ნიჩაბი უნდა ავამოძრაოთ, როგორც მარხვისა, ასევე ლოცვისა. თუ ერთ ფრთას ამოძრავებ, მარტო ლოცვას, ცხადია, ის ადგილიდან ვერ დაიძვრება, ან ნავი ერთ კონკრეტულ ადგილაზე დაიწყებს ბრუნვას. მარტო შრომით ან მარხვით, ან კიდევ მარტო ლოცვით ვერ წარვემატებით და ჩვენი ცხოვრებაც, შეიძლება ითქვას, უსარგებლო იქნება, იმ დანიშულების ადგილზე ვერ მივალთ, რაც ქრისტიანებს გვაცოცხლებს, გვასულდგმულებს. ეს არის მარადიულობა. ყოფიერი ცხოვრებიდან გამომდინარე, მარადიულობას უნდა შეერთოს ადამიანი. და ამ ყოფით ცხოვრებაში ეს არის დიდი სკოლა, რომელშიც ყოველდღიურად გაკვეთილები გვაქვს. გამოცდებზე ისე უნდა გავიდეთ, რომ კარგი ნიშნები მივიღოთ. ეს გამოცდები იქნება ჩვენი აღსასრულის, ჩვენი ამქვეყნიდან გასვლის, სამსჯავროზე წარდგენის პერიოდი. იქ გამოჩნდება, როგორ ვლოცულობდით, როგორ ვცხოვრობდით. შესაძლებელია ზოგი გარეგნული ნიშნით გამოირჩეს ლოცვის პროცესში, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო აბსოლუტურად განსხვავებული იყოს მისი გარეგნული გამოხატულებისაგან. ქრისტიანობა გვასწავლის შინაგანი ცხოვრების წესს. ადამიანი შიგნიდანად უნდა იყოს პირველ რიგში მომართული ლოცვისათვის. გარეგნულობა გამოხატულია ჩვენი შინაგანი სამყაროდან. როცა ადამიანი მარტო გარეგნობით არის შემოფარგლული, მაშინ მისი გული ცარიელია და მისი სულიც ყოველგვარი სულიერი წინსვლისა და სულიერი კეთილწარმატებისათვის მოუმზადებელია. ამ ქვეყანაშივე ასეთი არასწორი ცხოვრების წესი უარყოფით კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრებაში. - როგორ უნდა განვიწმინდოთ გული?
- გულის განწმენდა ყოველდღიური ცხოვრების წესია. ჩვენი ცხოვრება არის დიდი სკოლა და ამ ყოველდღიურობაში გაკვეთილებს გვიტარებს უფალი ათასგვარი საშუალებით - განსაცდელებით, ადამიანებთან ურთიერთობით, ჩვენი ცხოვრების წესით. ძალიან ბევრია ადამიანის შინაგან ცხოვრებაზე დამოკიდებული. დავით მეფის სინანულის კანონში ხშირად არის ხაზი გასმული ადამიანის გულზე, ანუ უდიდესი რამ, რაც ღმერთმა ადამიანში ჩადო, ეს არის გული. ჩვენ უფალს მუდმივად უნდა ვევედრებოდეთ, რომ გულის კულტურა აღამაღლოს და სიწმინდე შემოიტანოს ჩვენში. "გული წმინდაი დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა".
როგორც წმინდა მამები ამბობენ, გული არის ერთადერთი ორგანო, რომელიც ბრძნებებს არ იღებს, მხოლოდ გასცემს. ჩვენი ცხოვრების წესზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. არ არის ადამიანი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს, რომელსაც შეუძლია თქმა, ჩემი გული ყველაფრისგან განწმენდილიაო. ამიტომ არსებობს ეკლესიური ცხოვრება, ამიტომ არის უფლისაგან დადგენილი ის წმინდა საიდუმლოებები, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ. ჩვენ გულის სიწმინდისა და გულის კულტურის გაკეთილშობილებისაკენ უნდა გვქონდეს სწრაფვა, რომ აღსარებით, ზიარებით განვიწმინდოთ. ყველაზე დიდი შესაწირი ღვთისათვის არის სული შემუსვრილი და გული დამდაბლებული. სულის შემუსვრილება - ეს არის სინანული და გულის დამდაბლებულობა. ეკლესიაში სიარული ადამიანის გარეგნილი გამოხატულებაა. ადამიანი შინაგანად უნდა იყოს ქრისტიანი. ჩვენს შინაგან სამყაროს უნდა მიექცეს ყურადღება. გულის კულტურა უნდა იყოს სხვისთვისაც მისაბაძი, პირველ რიგში სულისთვის სასარგებლო და საცხოვნებელი. გულის სიწმინდე დამოკიდებულია ადამიანის შინაგანი ცხოვრების წესზე, სულიერებაზე, სინანულზე, ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებაზე და თუ ასე ვცხოვრობთ, უფალი მოვა თავისი უკიდეგანო სიყვარულით. როგორც სულთმოფენობის ლოცვაში არის ნათქვამი, - სული უფლისა მოვა, დაემკვიდრება ჩვენს შორის და წმინდა გვყოფს ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და ჩვენს სულსაც აცხოვნებს. ეს არის ალბათ ერთ-ერთი საშუალება გულის სიწმინდისა და იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება ღვთის წინაშე და კაცთა წინაშეც იყოს გამართლებული და წარმატებული.
***
ყოველი ლოცვა ღვთის წინაშე აღიწევაო, ანუ ღვთის წინაშე მიდის ჩვენი ლოცვა, მაგრამ ყოველი ლოცვა ღვთის წინაშე არ შეიწირება. ეს ჩვენს გულსა და სურვილზეა დამოკიდებული - რა გულით, რა რწმენით ვლოცულობთ და რამდენად გულწრფელი ვართ ამ ლოცვაში, რას ვითხოვთ. ამაზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. საერთოდ, ლოცვის სხვადასხვა ხარისხი არსებობს, ზოგი ლოცვაში ამქვეყნად მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას სთხოვს. ლოცვა არის ღმერთთან საუბარი და ჩვენ უნდა შევძლოთ, ლოცვის პერიოდში მაინც ამაღლდეს ჩვენი გონება ღმერთამდე, რომ მოჯადოებული წრე გავარღვიოთ. ლოცვის შედეგად ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა ღმერთთან თანამყოფობისა, ჩვენი სული უნდა გრძნობდეს ღვთის არსებაში ყოფნას.