პირჯვრისწერა სრულდება მარჯვენა ხელით. ამისთვის ვაერთებთ პირველ სამ თითს, ხოლო ორ დანარჩენს, ე.წ. უსახელოს და ნეკს, ვხრით ხელისგულზე. სამი შეერთებული თითით ვეხებით შუბლს, შემდეგ ვიდებთ მკერდს ქვემოთ, შემდეგ მარჯვენა და მარცხენა მხარზე, რითაც სხეულზე ჯვარს გამოვისახავთ, ხელის დაშვების შემდეგ თავს ვიდრეკთ.
სამი თითის შეერთება აღნიშნავს ჩვენს რწმენას წმინდა სამებისადმი - მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმინდა ღმერთისადმი; ორი მოხრილი თითი კი აღნიშნავს ჩვენს რწმენას ძე ღმერთის - იესო ქრისტესადმი, რომ მას აქვს ორი ბუნება: არის ღმერთი და კაცი, რომ ჩვენი ხსნისათვის განკაცდა ანუ ინება ამქვეყნად ადამიანად დაბადება.
პირჯვარს ვიწერთ შუბლზე, რათა ჭეშმარიტი რწმენის და ჯვრის ძალით განვიწმინდოთ ჩვენი გონება და აზრები, მკერდს ქვემოთ, რათა განვიწმინდოთ გული და გრძნობები, მხრებზე, რათა განვიწმინდოთ ხორციელი ძალები და მოვიწვიოთ კურთხევა ჩვენს ხელთა საქმეებზე.
პირჯვრის გამოსახვას კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობაც აქვს: ქრისტეს ჯვარი თავისი გარეგნული ფორმით სიმბოლოა ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის ურთიერთკვეთისა, ერთობისა. ღვთისა და მოყვასისადმი თავდადებული სიყვარულით განმსჭვალული ცხოვრება ჯვარია; მარტო ჯვრით იდიდება ღმერთი, სხვანაირი დიდება მას არ ნებავს; სხვანაირად არ არსებობს ღვთის დიდება. ჯვარი არის ამქვეყნად ღვთის დიდებაც და ღვთის დიდების ნიშანიც. ამიტომ როდესაც ლოცვის დროს ხდება ღვთის სახელის მოწოდება და დიდება: "დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა", მორწმუნენი ვიწერთ პირჯვარს, რითაც გარეგნულად გამოვხატავთ ჩვენს შინაგან სურვილს და სწრაფვას - მივბაძოთ ქრისტეს, ვიცხოვროთ სადიდებელად ღვთისა.
ლოცვის დროს პირჯვარს ვიწერთ ღვთის სადიდებელი სიტყვების წარმოთქმისას, ასევე ღვთისაგან შენდობის, შეწყალების თხოვნისას, ღვთისმშობლისა და წმინდანებისგან ღვთის წინაშე მეოხების თხოვნისა და მათი დიდებისას.
პირჯვარს ვიწერთ ერთხელ, დინჯად და ღვთისმოშიშებით. ასე, მაგალითად: 3-ჯერ ან 12-ჯერ "უფალო, შეგვიწყალენზე", რის შემდეგაც კვლავ განვაგრძობთ ლოცვას.
მეტანია ორი სახისაა: დიდი და მცირე.
დიდი მეტანია სრულდება შემდეგნაირად: ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე.
მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით და კვლავ ვიმართებით.
ლოცვის დროს, პირჯვრის გამოსახვის შემდეგ, თავს ვიდრეკთ, რაც არის პირჯვრისწერის დასასრული ნაწილი, რომლითაც ღვთის თაყვანისცემას გამოვხატავთ.
მეტანიით ლოცვის დროს გამოვხატავთ ღვთის წინაშე როგორც ჩვენს კრძალულებას, ასევე უღირსებისა და სინანულის გრძნობებს. დიდი მეტანიების შესრულება მიუღებელია საყოველთაო სულიერი სიხარულის დღეებში, როგორიც არის: კვირა დღეები და დიდი დღესასწაულები. ასევე, დიდი მეტანია არ სრულდება ზიარების მიღების შემდეგ მთელი იმ დღის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით დიდმარხვაში ეფრემ ასურის ლოცვის მეტანიებს.
შვიდგზის ლოცვები
"ჩემი პატრიარქობის პერიოდში ყველაზე დიდ საქმედ შვიდგზის ლოცვის აღდგენა მიმაჩნია: მთელმა ერმა ყოველდღიურად უნდა წაიკითხოს ეს ლოცვები და, ამასთან, ლოცვის შემდეგ დღეში 7-ჯერ თქვას: უფალო, დიდება შენდა, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო".ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
***
"ყველას გვესმის, თუ როგორ სჭირდება დღეს საქართველოს ღვთის დახმარება, მფარველობა და ლოცვა-კურთხევა, - ბრძანებს უწმინდესი, - საჭიროა ყოველი ქართველის ერთობლივი ლოცვა-ვედრება, რომ ღმერთმა შეისმინოს და მოგვმადლოს ჩვენ და ჩვენს ერს თავისი წყალობა და კურთხევა, რადგანაც განსაკუთრებული ძალა აქვს ერთიან ლოცვას.უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: "ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ; რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს და რომელი ეძიებდეს, პოვოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს" (მათე 7, 7-8).
მაგრამ დგას კითხვა: როგორ ვილოცოთ და როდის ვილოცოთ?
უპირველეს ყოვლისა ადამიანმა უნდა ილოცოს მთელი გულით და თუ შეუძლია ცრემლებითაც კი; მხოლოდ მაშინ ისმენს უფალი ჩვენს თხოვნას.
ფსალმუნში ვკითხულობთ: "შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ" (ფსალ. 118, 164), ესე იგი დღეში 7-ჯერ ლოცულობდა ყოველი ადამიანი.
ბიბლიიდან ვიცით, რომ 7 რიცხვს აქვს დიდი სულიერი და ღვთიური ძალა. ამიტომაც ჩვენი წინაპრები დღე-ღამის განმავლობაში 7-ჯერ ლოცულობდნენ ღვთის წინაშე და უფალიც უსმენდა და ეწეოდა მათ.
ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მამა-პაპათა ამ წესს და დღე-ღამის განმავლობაში ქვემოთ მითითებულ საათებში დღეში 7-ჯერ უნდა აღვავლინოთ ვედრება უფლისადმი, რომ ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ და ჩვენს ერს წყალობა, მშვიდობა, ბარაქა, სიყვარული, სიხარული, სიბრძნე, ჯანმრთელობა, ოჯახის სიმტკიცე, მრავალშვილიანობა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების მადლი; მოგვცეს გრძნობა სინანულისა, თავმდაბლობისა, ცოდვათა მიტევებისა, და მოწყალებისა, რაც ყოვლად აუცილებელია მორწმუნე ქრისტიანისათვის.
ლოცვა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებული ძალა აქვს ლოცვებს დილის 6 საათზე, დილის 9 საათზე, შუადღის 12 საათზე, დღის 3 საათზე, საღამოს 6 საათზე, საღამოს 9 საათზე, შუაღამის 12 საათზე. ეს ლოცვები გადაარჩენს სრულიად საქართველოს, გადაგვარჩენს ჩვენ.
ეს მადლიანი ლოცვა-სავედრებელი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყოველმა ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, იმ ლოცვების გარდა, რომელსაც ის ყოველდღიურად ასრულებს, რათა არ დარჩეს ერთობლივი ლოცვის და ღვთის წყალობის გარეშე.
როცა მოაწევს საათი ლოცვისა, სახლში ხარ თუ გზაში, შეჩერდი და დაიწყე ლოცვა და ღმერთი მარად იქნება შენი მფარველი.
ამინ".