ვინც ფიქრობს, რომ დამრიგებელი არ სჭირდება, ხიბლშია
ვინც ფიქრობს, რომ დამრიგებელი არ სჭირდება, ხიბლშია
მამა ხარლამპე დიონისიატელის საუბარი გონებისმიერ ლოცვაზე
მამა ხარლამპეს სულიერი შვილები და ღვთისმოშიში ქრისტიანები ხშირად ეკითხებოდნენ იესოს ლოცვაზე და მოძღვრისაგან შესაფერის პასუხს იღებდნენ. გვსურს კიდევ ერთი ასეთი საუბარი შემოგთავაზოთ:

- მამა ხარლამპე, გონებისმიერი ლოცვა მხოლოდ ბერებისთვის არის აუცილებელი თუ ყველა ქრისტიანისთვის სასარგებლოა?

- თანახმად წმინდა მამათა სწავლებისა და ასევე საკუთარი გამოცდილებითაც შემიძლია ვთქვა, რომ გონებისმიერი ლოცვა ყველასთვის მისაღებია, ოღონდ არა ერეტიკოსებისა და, მით უმეტეს, სხვანაირად მადიდებელთათვის.

- მამაო, ყურადღებით ვკითხულობდი წმინდა მამათა შრომებს გონებისმიერ ლოცვაზე და ვცდილობდი, მათი დარიგებები ამესრულებინა. ბევრი რამ შევიძინე, მაგრამ მაინც ვერ ვხედავ იმ შედეგებს, რომელიც, მამათა მიხედვით, ამ შრომის მერე უნდა მივიღოთ.

- რამდენი ხანია, რაც იესოს ლოცვას წარმოთქვამ?

- დაახლოებით ორი წელიწადია.

- ორი წელი დიდი დროა. გყავს მასწავლებელი, რომელიც გირჩევდა, როგორ ილოცო?

- წმინდაო მამაო, სწორედ ლოცვასთან დაკავშირებული საკითხის გამო იძულებული გავხდი, ორი სულიერი მამა შემეცვალა. მათ არათუ დახმარება ვერ შეძლეს, დამაბნიეს კიდეც. ვეუბნებოდი, გონებისმიერი ლოცვის შესწავლა მწყურია-მეთქი. მპასუხობდნენ: "ეს საჩვენო საქმე არ არის, შვილო, ასეთ ლოცვას მხოლოდ წმინდანები აღწევდნენ, მათი მიბაძვის მსურველნი კი ხიბლში ჩავარდნენ. იცი "მრწამსი"? იცი "მამაო ჩვენო"? ეს საკმარისია. თუ მეტი გინდა, ძილის წინ "ჟამნი" ან სხვა რამ წაიკითხე..." ბოლოს ერთმა მოძღვარმა მითხრა: "შვილო, მეც ბევრი რამ წავიკითხე გონებისმიერ ლოცვაზე, თვითონაც ვცადე ლოცვა, მაგრამ არ გამომივიდა. თუმცა გულწრფელი რომ ვიყო, ვიტყვი, მე სხვებისთვის ამის სწავლების ნიჭი არ მაქვს. რა თქმა უნდა, ლოცვას ვერ დაგიშლი, რადგან თვითონ ეს საქციელი იქნებოდა ყველაზე დიდი ხიბლი. მაგრამ თუ გსურს წარემატო მოუკლებელი ლოცვის კურთხეულ საქმიანობაში, რომლის მუშაკნი, სულ მცირე, ათონის მთაზე არიან, მათ შეგიძლია მიმართო და ხელმძღვანელობა სთხოვო". მთაწმინდის მონახულების ღირსი პირველად შევიქენი. ერთმა მონაზონმა მირჩია, თქვენთვის მომემართა. გთხოვთ დამეხმაროთ.

- შვილო, მეც გული გამიტეხა ზოგიერთმა მოძღვარმა. დაე, კეთილით მიაგოს ღმერთმა შენს ბოლო მოძღვარს. თუმცა თვითონ არ იცის, როგორ ისწავლოს ლოცვა, მაგრამ არ ეწინააღმდეგება ლოცვისკენ მოსწრაფეთ. ხიბლში ის კი არ არის, ვინც იესოს ლოცვას ასრულებს, არამედ ის, ვინც მას არ ლოცულობს. უარესია, თუ ის იესოს ლოცვის წარმოთქმას სხვებსაც უშლის.

რა თქმა უნდა, არის ცალკეული მაგალითები... ვიცი შემთხვევა, როცა ხალხი იწყებდა იესოს ლოცვის წარმოთქმას და ხიბლში ვარდებოდა. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ მათ ხელმძღვანელი არ ჰყავთ. ვინც ფიქრობს, რომ დამრიგებელი არ სჭირდება, ხიბლშია. ეს ეგოიზმია. ეგოიზმი და გონიერი ლოცვა ურთიერთსაწინააღმდეგოა. '

ასეთი მოხიბლულები მთაწმინდაზეც გვყვანან. ზოგიერთი მათგანი ჩემთან იმისთვის კი არ მოდის, აღსარება მითხრას ან რჩევა მკითხოს, არამედ იმის დასამტკიცებლად, რომ "ღმერთშემოსილია". ამას წინათ ერთი ასეთი მეუბნებოდა: "მე, ძმაო, გონებისმიერი ლოცვა მოვიპოვეო". "შვილო, - ვუთხარი, - ეს სასიხარულოა. რომელი მოძღვარი გკვებავთ სულიერად?" განრისხდა და კამათი დამიწყო: "მოძღვარი რად მინდა? თვითონ შემიძლია, თქვენვე დაგმოძღვროთ. მე თვითონ ქრისტესა და ღვთისმშობელთან მაქვს ურთიერთობა... ვჭვრეტ ნათელს, წმინდანებსო" და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც კი ვუთხარი, ეს დემონებისგანაა-მეთქი, იფეთქა და განრისხებული გამშორდა.

აი, შვილო, სწორედ ეს არის ხიბლი. მე სხვებიც ვიცი: თავიდან, ლოცვის სწავლების სურვილით, რჩევას მცოდნე მონაზვნებს ეკითხებოდნენ, მაგრამ თვითნებობის გამო ლოცვა არ მისდიოდათ. თვითნებობა და ლოცვა დღე და ღამესავით განსხვავდებიან. თვითნებობა ეგოიზმს აღნიშნავს. შედეგად კი, ლოცვაში წარმატების ნაცვლად, ხელი ეცარებათ. მათ სასო წარიკვეთეს, იესოს ლოცვას თავი ანებეს. მაგრამ ყველაზე საშინელი ისაა, რომ მოწინააღმდეგენი შეიქნენ გონებისმიერი ლოცვისა. როგორც კი დაინახავენ, რომ რომელიმე მონაზონი სკვნილს მარცვლავს, შეპყრობილებს ემსგავსებიან, გამძვინვარებულნი ეცემიან, ხელიდან სკვნილს გამოსტაცებენ და უყვირიან, ხიბლში ხარო. ჩემთან მოდიოდნენ ასეთ სიტუაციაში ჩავარდნილი მონაზვნები და მიყვებოდნენ თავს გადახდენილს. ახლა თუ მიხვდი, რომ ეშმაკს შეუძლია ყველაფერი უკუღმა შემოგვიბრუნოს? მოხიბლულნი დაჰყვირიან იმათ, ვინც ლოცულობს და მოხიბლულს ეძახიან.

- დიახ, მამაო, თქვენი სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ მართლაც ძნელია გონებისმიერი ლოცვის სწავლა!

- მონაზვნად აღკვეცის ლოცვაში წერია: "კეთილი საქმე შრომით მოიპოვება და სნეულებით გასწორდება". იცი, რას ნიშნავს გონებისმიერი ლოცვის მოპოვება? ეს ნიშნავს, რომ შიგნით თვით ქრისტე მოიპოვო. შენ ამას გრძნობ, მისით ცხოვრობ. განგეხსნება სულიერი თვალნი, რომლებითაც შენს შიგნით ქრისტეს ხედავ. გრძნობ მისი სასუფევლის (მეუფების) ნეტარებას. გესმის?

- დიახ, მამაო, მწამს, რომ ეს ასეა, მაგრამ მე ამის ღირსი არ შევქმნილვარ. დიდი ძალისხმევა გამოვიჩინე, გავტანჯე ჩემი გონება ჩასუნთქვებით და ამოსუნთქვებით, მაგრამ მაინც ვერ მოვიკრიბე. გონება ჩემი, ვინ იცის, სად დაქრის. ლამის სასო წარმეკვეთოს და მათსავით დავიწყო ფიქრი, ვინც ამბობს, რომ ეს საჩვენო ლოცვა არ არის.

- მაგრამ, დალოცვილო, განა არ მითქვამს, თუ მხოლოდ წიგნების მიხედვით ივარჯიშებ ლოცვაში, წარმატებას ნუ ელი. განა არ მითქვამს, რომ ხელმძღვანელი გჭირდება? შენ გინდა, ხელის ერთი დაკვრით მიაღწიო სრულყოფილებას, ისწავლო სუნთქვით ლოცვა. აქამდე რომ მიაღწიო, ამისთვის ბევრი შრომა გჭირდება. რით დავიწყოთ:

პირველი სავარჯიშო: იესოს ლოცვა ბაგეებით ზეპირად უნდა წარმოთქვა, თანაც რაც შეიძლება გამოკვეთილად და სწრაფად. მაგრამ ფხიზლად იყავი. როცა ლოცვას წარმოვთქვამთ, სატანა მოდის და ჩვენს გონებას ათასნაირ გულისთქმასა და ფიქრებს დაატეხს. როცა ახალდამწყები თავისთვის, გონებაში ლოცვას წარმოთქვამს, ბოროტის თავდასხმები გუდავენ. მაგრამ თუ სწრაფ-სწრაფად წარმოთქვამ, სატანა ვერ მოასწრებს, სხვადასხვა გულისთქმით გონება განგიფანტოს.

ხშირად ჩვენი გონება ლოცვის შინაარსს ასცდება, მაგრამ ჩვენ სმენა გვაქვს. ყურებს, ნებსით და უნებლიეთ, ესმით, რასაც ბაგეები წარმოთქვამენ. ჩვენს გონებას აქვს ნიჭი, ერთდროულად დააკვირდეს თანადროულად მომხდარ რამდენიმე შემთხვევას. აი, მაგალითად, მე და შენ ვსაუბრობთ, მაგრამ ამასთან გვესმის მიმომავალი მანქანების ხმები, ხალხის, მეზობლების საუბარი... როგორც კი უნებურად იწყებ ლოცვის წარმოთქმას, ჩაგესმება ყვირილი, მანქანის ხმაური. მაგრამ, უპირველესად, გამოჩნდება ყველა ის სახე (ხატება) ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლებიც შენს შიგნით სმენითა და ხედვით აღიბეჭდება. განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს დროს, როცა სამყაროს განხრწნამ საზღვარს ისე მიაღწია, რომ ქალაქებში, სადაც კაცი ცხოვრობს, არა მხოლოდ სმენითა და ხედვით, არამედ ყველა ხუთი გრძნობის საშუალებით შეიბილწება.

გინდა გონებისმიერი ლოცვა მოიპოვო? იცი, რას ნიშნავს წმინდად ლოცვა, გულს მიკრული გონება? რას ნიშნავს განაქარვო შიგნით ყოველივე უკადრისი და მხოლოდ ლოცვის სიტყვების შინაარსზე მიმართო გონება?

გგონია, ასე ადვილია გათავისუფლდე ყველა ამ ჟინისგან? რას ფიქრობ, რისთვის წამოვედით სოფლიდან? ქრისტეს მადლით, იქაც მტკიცედ ვიდექით ფეხზე, მაგრამ მლოცველის გონების განსაწმენდად საჭიროა მყუდროება. ისე არ ქნა, ერთი კოვზით ამოიღო და მეორით ჩაასხა. ღამით მოსაგრეობ, რათა ამოანთხიო მთელი ტალახი, დილით კი უკანვე დაიბრუნო. თუ მთელი დღე ცეკვავდი, მღეროდი, თეატრებში დადიოდი, თუ შეგიძლია, ღამით ყველაფერი ეს მოიკვეთე ისე, რომ ერთხელ მაინც შეძლო წმინდად წარმოთქვა ლოცვა, შეიძლება ლოცვის მცირე სურვილიც კი არ შეგრჩეს.

ამგვარად, შევუდგეთ პირველ გაკვეთილს. მე შენ სამასეულ სკვნილს მოგცემ და საღამოთი ჩვენთან ერთად ღამისთევის ლოცვას შეასრულებ. ცხრა სკვნილს მაცხოვრისადმი ჩამომარცვლავ: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". სამს - ღვთისმშობლისადმი: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე". თორმეტ სკვნილს მორჩები, ახალს დაიწყებ. ლიტურგიამდე ერთი საათით ადრე ჩემთან შემოხვალ და მომიყვები... შენს წარმატებებზე.

- შემინდეთ, მამაო, თორმეტჯერ სამასეული სკვნილის ჩამოლოცვას როგორ შევძლებ?

- ვინ გითხრა, რომ არ შეგიძლია? მოიქცევი ისე, როგორც გითხარი. სუნთქვით ლოცვის წარმოთქმა შენთვის ჯერ ადრეა. ახლა ბაგეებით სწრაფ-სწრაფად წარმოთქვამ ლოცვას. თან საკუთარ გონებას აიძულებ, გაიგოს ის, რასაც ამბობ, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის. ყურადღების მოკრებაში ძალზე ეხმარება ღვთის შიშით წარმოთქმული ლოცვა და არა ფორმალური და მექანიკური. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს თვითონ ღმერთთან, გვწამს, რომ ის აქ იმყოფება და ესმის ჩვენი. ეს კი ადვილი არ არის. თუ ლოცვისას განგეხსნება სულიერი თვალნი, მისი სახის ხილვასაც კი შეძლებ.

ამას წინათ ერთი ბოშა მოვიდა, ხელთ პანტახუსი (მთაწმინდის კინოტის მიერ გაცემული უფლება მოწყალების შესაგროვებლად) ჰქონდა. ეს კაცი დაბადებიდან დახეტიალობს, ფულს აგროვებს, მაგრამ მისი გაგდება არ შემიძლია. ისეთი თავმდაბლობით ითხოვს, რომ საცაა, ფეხებში ჩაგივარდება. ხვდები, რომ მატყუარაა, მაგრამ არ შეგიძლია მოწყალება არ მისცე. თუ იგი ასეთი შემუსვრილი ითხოვს მატერიალურს, როგორ უნდა დავიმდაბლოთ თავი სულიერის მოთხოვნისას. თუ კაცს ეცოდება და შეიწყალებს თავის მოყვასს, მაშინ როგორ თანაუგრძნობს და შეისმენს მისადმი მთხოვნელს ყოვლადსახიერი ღმერთი! სწორედ ამას გულისხმობს ქრისტე, როცა ამბობს სახარებაში, ძენი სოფლისანი უბრძნესნი არიან ძეთა ღვთის სასუფევლისათა (ლუკა 16,8).

შვილო, იმ ბოშას მსგავსად, რაც შეგიძლია, ღვთის შიშით გონებით დავარდი მაცხოვრის ფერხთა წინაშე. კიდევ დაიმახსოვრე: შენ სოფლიდან მოხვედი და თან ამ სოფელს ატარებ. სოფლის სახეებს კინოფირის მსგავსად ეშმაკი გონებაში გიტრიალებს. მაგრამ შენ ლოცვა შეასრულე. მოიცილე ყველანაირი სახე - კარგიც და ცუდიც. აიძულე თავი, მხოლოდ ლოცვის ამ ხუთი სიტყვის შინაარსს ჩასწვდე.

დღეს შენთვის ეს პირველი გაკვეთილია. ვნახოთ, როგორ დაეუფლები.

- მამაო, დღეს საღამოს ვეცდები, ისე მოვიქცე, როგორც მითხარით. ბაგეებით განუწყვეტლივ წარმოვთქვამ ლოცვას, მერე კი კვლავ შემოვალ თქვენთან.

- კეთილი, შვილო, ღმერთი შეგეწიოს, ისე მოიქეცი, როგორც ამბობ.

ყმაწვილმა ნასადილევს ცოტა დაისვენა და დიდი ყურადღებით შეუდგა ღამისთევის ლოცვას სამასეული სკვნილით. მისი ეჭვების საპირისპიროდ, არ გასჭირვებია თორმეტი სკვნილის ჩამარცვლა. მისი ენა მოტორივით იმეორებდა ლოცვის სიტყვებს, ბაგეებსაც დაუძაბავად ამოძრავებდა. ძირითადი სირთულე იყო, გონება იმაზე შეეჩერებინა, რასაც ბაგეები წარმოთქვამდა. აქ კი ნამდვილი სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა. უფალმაც არ დააყოვნა, თავისი პირველი შეწევნა გამოაჩინა და აგრძნობინა მას თავისი სიახლოვე.

რამდენჯერმე ჩამომარცვლილი სკვნილის მერე ერთგვარი შაქარყინულისმაგვარი სიტკბოება გაუჩნდა ხახაში, ენასა და ბაგეებზე, იმ განსხვავებით, რომ შაქარყინულის სიტკბოება გაიწოვება, ეს კი იზრდებოდა და ყმაწვილიც დიდი მადლიერების გრძნობით განუწყვეტლივ იმეორებდა ლოცვის ღვთაებრივ სიტყვებს.

საათიც არ გასულა, რაც დაასრულა თავისი პირველი თორმეტი სამასეული. დაიწყო მეორედ, მესამედ... მეოთხის ბოლოს სული უეცრად აუთრთოლდა მადლიერებით. დადგა მოძღვართან წასვლის დროც. უსაზღვრო იყო მამა ხარლამპეს სიხარული, როცა თავისი მოწაფის წარმატების შესახებ შეიტყო: - გაძლიერდი, შვილო, ჩვენ წინ წავალთ.

ახალგაზრდა კაცმა რამდენიმე დღე გაატარა ხარლამპეს საძმოში და მერე სოფელს დაუბრუნდა. მან მიმოწერით გააგრძელა ურთიერთობა მოძღვართან იმ დრომდე, ვიდრე ღვთაებრივმა განგებულებამ თვითონ მასაც არ მოუწოდა და იგი მონაზონთა ანგელოზებრივ დასს შეუერთდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.04.2020
1. თომას კვირიდან ამაღლებამდე "მეუფეო ზეცათაოს" არ ვამბობთ. დასაწყის ლოცვებს ვიწყებთ ტროპრით:
31.07.2019
მამა გურამ ოთხზორია:
-ათონზე დღემდე უწყვეტად არის შენარჩუნებული იესოს ლოცვის პრაქტიკა.
07.03.2019
დიდმარხვაში კიდევ ერთი ლოცვის წაკითხვა გვმართებს. ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის
30.07.2017
ბერი იოსებ ისიქასტი:
-უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!
24.06.2017
არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი:

სიფრთხილე გვმართებს იმ გულისსიტყვებთან, რომლებიც გაღვიძებისთანავე მოდის.
22.06.2017
ბერი ეფრემ კატუნაკელი:

"- დღე-ღამეში ნახევარი საათი დაუთმე იესუს ლოცვას. ილოცე, როცა შეძლებ,
12.05.2017
გვესაუბრება ათონის მთაზე მდებარე წმინდა პავლეს მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერი, სქემმონაზონი ირინეოსი:
-ხშირად გვებადება კითხვა, რა არის ლოცვა? როგორ ვილოცოთ? რატომ ვილოცოთ?
13.04.2017
შვიდეულის ოთხშაბათის საღამოდან აღარ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა და აღარ სრულდება დიდი მეტანია.
29.10.2016
ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებით, ყველაზე ტევადი და ეფექტური ლოცვის ფორმა იესოს ლოცვაა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".
26.09.2016
"თქვენ არ გსურთ ილოცოთ საღამოს, რადგან კი არ ლოცულობთ, არამედ ლოცვას ამბობთ. ამიტომაც ეს ტვირთად იქცევა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.