ქალაქ რუსთავის წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველოში ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და მშვიდობისთვის ოცდაოთხსაათიანი ლოცვა აღესრულება.
მრევლი წინამძღვრის, დეკანოზ კახაბერის ლოცვა-კურთხევით ოცდაოთხი საათის განმავლობაში ტაძარში უფლის სადიდებელ ფსალმუნებსა და წმინდანთა დაუჯდომლებს კითხულობს.
- მამაო, რამდენი ხანია, რაც თქვენს სამლოცველოში მრევლი ოცდაოთხსაათიან ფსალმუნებას აღასრულებს?
- როდესაც ჩვენს სამშობლოს ყველაზე მეტად უჭირდა, 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები მთელ საქართველოს ბომბავდნენ, ჩვენი პირტიტველა ბიჭები კი სამშობლოს სადარაჯოზე იდგნენ, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პარტიარქმა ილია მეორემ თავის სამწყსოს ლოცვისკენ მოუწოდა. ამქვეყნად ორგვარი ბრძოლა არსებობს: ხილული და უხილავი. ჩვენ ხილული ბრძოლის ველზე არ ვიყავით, ამიტომ უხილავ ბრძოლაში უნდა შევწეოდით ჩვენს საქართველოს. მაშინ დამებადა იდეა, დაგვეყენებინა ოცდაოთხსაათიანი ლოცვა. ორმოცდაოთხი დღის განმავლობაში კითხულობდა მრევლი ივერიის ღვთისმშობლის დაუჯდომელს, პარალელურად, განსაკუთრებით კი ღამისმთეველთა ჯგუფის მიერ, იკითხებოდა წმინდანთა: წმინდა ნიკოლოზის, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს... დაუჯდომლები.
- მრევლმა როგორ მიიღო თქვენი კურთხევა? მისი შესრულება ადვილი არ არის...
- ადამიანი უფლის ნებას ყველაზე მეტად დიდი განსაცდელის ჟამს ემორჩილება. ერთადერთი იმედი ღვთის წმინდა ნებაა, როდესაც არ იცი, როდის და სად ჩამოაგდებენ ჭურვს. სწორედ ასეთ დროს ადამიანი გულანთებულია უფლის სიყვარულითა და სასოებით. მრევლმაც დიდი სიყვარულით მიიღო კურთხევა. მოწადინებით შევუდექით უწმინდესის ლოცვა-კურთხევის აღსრულებას. ქეთევან ნათენაძეს დავავალე, ეხელმძღვანელა მსურველთათვის, შეედგინა განრიგი, რათა განუწყვეტლივ წაგვეკითხა ივერიის ღვთისმშობლის დაუჯდომელი ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად. მრავალმოწყალე უფალი ჩვენს ძალიან მცირედ გარჯასაც კი უდიდესი წყალობით პასუხობს. არ დამავიწყდება მრევლის სიხარული, როდესაც ვაზიანის ტერიტორიაზე ჩამოგდებული ხუთი ჭურვიდან არც ერთი არ აფეთქდა. მაშინ ახალი დაწყებული გვქონდა ოცდაოთხსაათიანი ლოცვა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო განგვამტკიცა და მეტი მონდომებით განვაგრძეთ ლოცვა. 21 აგვისტოს კი საბერძნეთიდან საქართველოში შემობრძანდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ხილულად დაგვანახა თავისი დედობრივი სიყვარული და მზრუნველობა.
- ქეთევან, როგორ შეძელით, ორმოცდაოთხი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ აღგევლინათ ივერიის ღვთისმშობლის დაუჯდომელი?
- უფლის შეწევნით. მრევლმა დიდი სიყვარულით მიიღო ჩვენი წინამძღვრის მამა კახაბერის ლოცვა-კურთხევა და დიდი გულმოდგინება გამოიჩინა. შევადგინე განრიგი, რომლის მიხედვით თითოეულ ჩვენგანს თვეში ორჯერ უწევდა ღამისთევით დაუჯდომელთა კითხვა. რა თქმა უნდა, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ჩვენგანი ვერ ახერხებდა თავისი კანონის შესრულებას, მაგრამ ამას წინასწარ გვატყობინებდა და ვისაც შეეძლო იმ დროს მისი შეცვლა, ის კითხულობდა დაუჯდომელს. ომის დროს ყველას გვიჭირდა, ეს იყო როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური განსაცდელი. ლოცვა კი სალბუნად გვედებოდა ნაიარევ გულზე. მრავალი ჩვენგანის ოჯახის წევრი თუ ნათესავი მაშინ უთანასწორო ბრძოლის ველზე იყო. ჩემი დისქმარი ზაზა ფერაძე მეოთხე ბრიგადაში გადაიყვანეს. ეს ხომ ის ნაწილი იყო, ზვარაკად რომ შეეწირა საქართველოს. მე მხოლოდ ლოცვით შემეძლო შევწეოდი მებრძოლებს. სამწუხაროდ, ზაზა ბრძოლის ველზე დაიღუპა... თანამებრძოლები ჰყვებოდნენ, თურმე როდესაც დაჭრილი კაპიტანი გამოიყვანა, გაიხადა ჯავშანჟილეტი და ერთ-ერთ ჯარისკაცს მისცა. "რას შვრები, შენს ცოლ-შვილს ვის უტოვებო", - უთქვამს მას, ზაზას კი უპასუხია: "მე ცოლიც მყავს და შვილიც, შენ კი არც ცოლი გყავს და არც შვილი, გამომართვიო". მისცა ჯავშანჟილეტი და ერთ-ერთი დაჭრილის გამოყვანისას დაიღუპა... ჩვენს ბუნებასა და გენში დევს მოყვასისთვის თავდადება.
- ამჟამად ოცდაოთხი საათის განმავლობაში წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველოში ფსალმუნებით ადიდებთ უფალს. ქეთევან, როდის დაიწყეთ ფსალმუნთა განუწყვეტელი კითხვა?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავდაპირველად მამა კახაბერის კურთხევით აგვისტოს ომის დროს ივერიის ღვთისმშობლის დაუჯდომელს ვკითხულობდით ორმოცდაოთხი დღე. დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ ჩვენს სამშობლოში კვლავ დაიძაბა შიდაპოლიტიკური ვითარება. ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით მამა კახაბერმა მოგვცა ლოცვა-კურთხევა, აღგვედგინა ოცდაოთხსაათიანი ლოცვა საქართველოს გადარჩენისა და მშვიდობისთვის. ამჯერად წინამძღვრის კურთხევა იმას ნიშნავდა, რომ აღგვესრულებინა ოცდაოთხსაათიანი ლოცვის კანონი, სანამ ჩვენს სამშობლოში სრული სიმშვიდე არ იქნებოდა.
- მრევლს არ უჭირს კურთხევის შესრულება?
- არა. უფალი შეიწირავს თითოეული ჩვენგანის სურვილსა და გულმოდგინებას და ძალას გვმატებს. შედგენილი განრიგის მიხედვით განვაგრძობთ ფსალმუნთა კითხვას. ღამისთევა თვეში ორჯერ გვიწევს. ხუთ-ექვსკაციანი ჯგუფი საღამოს ათი საათიდან დილის რვამდე მორიგეობით კითხულობს ფსალმუნებს. შუალედში კი იკითხება ძველი და ახალი აღთქმა, დაუჯდომლები. ხშირად უთქვამთ, მთელი დღის დაღლილნი ღამით, ლოცვისას ვისვენებთო. "ფსალმუნთა კითხვა, - ბრძანებს წმინდა ბასილი დიდი, - ღმერთს ავედრებს კაცობრიობას". წმინდა მამების ნათქვამსაც გავიხსენებ: "კითხვა ფსალმუნებისა ცეცხლოვანი სვეტია, აღმართული დედამიწიდან ზეცამდე".
- თუ ადამიანს რწმენა არ აქვს, ასეთ ღვაწლს ვერ იტვირთავს...
- მთავარი უფლის სიყვარულია, რაც ქმედით სარწმუნოებაში გამოიხატება. ადამიანი ამქვეყნად ორ მდგომარეობაში არსებობს: ან უფალთან არის, ან ძიების პროცესშია. თუკი შეხვდება უფალს, მას ვეღარასოდეს განეშორება.
- თქვენ როგორ მოხვედით უფლის სახლში? დიდი ხანია, ეკლესიურად ცხოვრობთ?
- 2000 წელს წავედი რუსეთში, რათა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ფინანსურად დავხმარებოდი თორმეტშვილიან ოჯახს. და-ძმას შორის უფროსი მე ვარ. ჯერ კიდევ საქართველოში უფლის ძიების პროცესში ვიყავი, ეკლესიაში დავდიოდი, მაგრამ არც მოძღვარი მყავდა და არც ეკლესიურად ვცხოვრობდი. რუსეთში ახალი ჩასული ვიყავი, რომ სავიზო რეჟიმი შემოიღეს. მე, ფაქტობრივად, არალეგალი აღმოვჩნდი. როგორც იტყვიან, ცასა და დედამიწას შორის ვიყავი გამოკიდებული. ამ დროს ქალაქ რიბინსკში შევხვდი მორწმუნე ქალბატონ გალინას, რომელიც ეკლესიის ტრაპეზარი იყო. სწორედ მან მიმიყვანა რიბინსკის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. აქ გადავდგი პირველი ნაბიჯები ეკლესიურ ცხოვრებაში. საოცარია, შუა რუსეთის პატარა ქალაქში, სადაც მხოლოდ 250 000 მაცხოვრებელია, არის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. შემდეგ მოსკოვში მომიწია გადასვლა. პირველი ეკლესია, რომელიც მოვილოცე, ღვთისმშობლის ხარების სახელობისა იყო. ერთ-ერთ კუთხეში მოწყობილი ჰქონდათ მუცლადმყოფი ბავშვების გადარჩენის კუთხე, სადაც წმინდა 14 000 ბეთლემელი ყრმის ხატის გვერდით იყო მიმართვა ექიმებისადმი, ვისაც სურდა ახალი სიცოცხლის გადარჩენა, მიემართა მუცლადმყოფი ბავშვების გადარჩენის ცენტრ "სიცოცხლისთვის". უფალმა ასე ლამაზად გამცა პასუხი კითხვაზე, როგორ უნდა მეცხოვრა, რა იყო უფლის წმინდა ნება ჩემზე. ცენტრის დირექტორმა ნატალია ბოიკომ, მეან-გინეკოლოგმა, დიდი სიყვარულით მიმიღო, გამაგზავნა მათი ცენტრის ფილიალში ქალაქ ივანოვოში, სადაც მიმიღეს ექიმ-კონსულტანტად და საბუთებიც გამიკეთეს. ასე ამარიდა ყოვლადმოწყალე უფალმა მრავალ განსაცდელს (თვალზე მადლიერების ცრემლი მოადგა ქეთევანს), ყოვლადსახიერმა ღმერთმა ხელისგულზე მატარა და ჩემი ხალათიც დამიბრუნა. სამკურნალო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ჩემი მოვალეობა იყო, აბორტზე შესვლის წინ დედებისთვის კონსულტაცია გამეწია და ამეხსნა, რომ ეს არ არის სწორი გამოსავალი. ჩვენ მათ ვთავაზობდით ფინანსურ დახმარებას, ერთიდან ექვს თვემდე ვეხმარებოდით ფინანსურად, მკურნალობაც უფასო ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ბევრი დედა უსახლკარო იყო. ბავშვთა, დედათა და ოჯახის დახმარების ცენტრ "აკვანში" ლოცვით ვთხოვდით უფალს შემწეობას, რომ გამოეგზავნა ვინმე, ვინც თავშესაფარს მისცემდა დედებს. მრავალმოწყალე უფალმა შეისმინა ჩვენი ვედრება - ცენტრში მოვიდა მოსკოველი ბიზნესმენი ნიკოლოზ სიდორენკო, რომელმაც უყიდა დედებს კერძო ბინა. მალე აქ ბაგა-ბაღიც გავხსენით, რათა დედებს შესძლებოდათ მუშაობა. ჩემთვის რუსეთში გატარებული ექვსი წელი უფალთან ცოცხალი შეხვედრა იყო.
სამშობლოში დაბრუნებულმა წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველოს მივაშურე. არასოდეს დამავიწყდება პირველი შეხვედრა ჩემს მოძღვართან, მამა კახაბერთან. მამაოს სამლოცველოს ეზოში შევხვდი, გარეგნულად მამაჩემს მივამსგავსე... უცნაური დამთხვევა მოხდა: ამ სამლოცველოში პირველად ვნახე ახალი ხატი აბორტგაკეთებული დედებისთვის, რომელიც მამაოს ლოცვა-კურთხევით შეიქმნა.
- მამაო, საქართველოში მხოლოდ თქვენს ეკლესიაში სრულდება მრევლის მიერ ოცდაოთხსაათიანი ფსალმუნება?
- როგორც მითხრეს, გორის ეპარქიაშიც, მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, მრევლი ოცდაოთხი საათის განმავლობაში კითხულობს ფსალმუნებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩვენთან ეკლესიაში გორის რაიონიდან გამოქცეული ნინო მოსიაშვილი მოიყვანა მამიდაშვილმა. ნინოც ჩვენთან ერთად დადგა ოცდაოთხსაათიან ლოცვაზე. არ დამავიწყდება მისი ცრელმიანი ვედრება უფლის მიმართ. გორში დაბრუნების შემდეგ ნინო იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში მესანთლედ დანიშნეს. მარიამობის მარხვიდან მოყოლებული ოცდაოთხი საათი კითხულობენ წმინდანთა დაუჯდომლებსა და ფსალმუნებს.
- დასასრულ, რას უსურვებდით ჩვენს ჟურნალსა და მკითხველს?
-Uუფალი ლუკას სახარებით მოგვმართავს: "რაისა გძინავს? აღდეგით, ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა" (22,46). რა გისურვოთ ამაზე უკეთესი? კაცობრიობა გაჩენის დღიდან ნატვრისთვალს ეძებს. ამ დროს "ნატვრისთვალი" ხელში აქვს და ვერ ხედავს - ეს ლოცვაა. ერი გადაეჩვია ლოცვას. ჩვენი ერის გენეტიკური "ხელობა" მართლმადიდებლობის დაცვა და ლოცვაა. რით ფიქრობს ნებისმიერი ქართველი სამშობლოს დაცვას, თუ არა ლოცვით? ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, ჩვენ ისეთ რთულ დროში ვცხოვრობთ, კაცობრიობის ისტორიას რომ არ ახსოვსო. და როგორ ფიქრობთ, რით უნდა გადავრჩეთ, თუ არა ლოცვით, ეკლესიური ცხოვრებით?
შესაძლოა, ხმამაღალი ნათქვამი გამომდის, მაგრამ ვამბობ, რომ დღეს ვინც ეკლესიაში არ დადის, არ ლოცულობს და ეკლესიურად არ ცხოვრობს, ის სამშობლოს მოღალატეა.
ღმერთმა დალოცოს თქვენი ჟურნალი, რომელიც დიდ საქმეს აკეთებს, და თქვენი მკითხველიც. ღმერთმა დალოცოს ის, ვინც 24-საათიან ლოცვაზე დგას, და სრულიად საქართველო.
ვილოცოთ, რამეთუ ლოცვით ერთიანდება ერი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი