როგორ იგრძნობდი ლოცვის ძალას, როცა ამდენ ხანს იჯექი ტელევიზორთან და გამორთე თუ არა, მაშინვე საღამოს ლოცვების კითხვა დაიწყე?
წმინდა ბასილი დიდი გვირჩევს, ყოველგვარი ლოცვა ღვთის უსაზღვრო მოწყალებათა მოხილვითა და მადლობის შეწირვით დავიწყოთ
, ამას დავუმატოთ იმ ცოდვათა გახსენება, რომლებითაც შეურაცხვყავით უფალი, შევინანოთ და მხოლოდ ამის შემდეგ აღვავლინოთ უფლის მიმართ ვედრება იმისთვის, რაც გვჭირდება სულიერ თუ ხორციელ ცხოვრებაში. ლოცვა წყაროა ცხოველი, რომლითაც სული იკლავს წყურვილს, იგი სულიწმინდის სუნთქვაა, ჩვენი სულის ჰაერია, სულიერი ცეცხლი, სულის საკვები და სამოსია, ხოლო "თქუენ, საყვარელნო, წმიდასა მას სარწმუნოებასა თქუენსა ზედა აღაშენებდით თავთა თქუენთა, სულითა წმიდითა ილოცევდით" (იუდ. 1:20). გამოცდილება გვასწავლის, რომ ორი ან სამი ერთად მლოცველი ადამიანის გულითად ლოცვას უფალი უმალ შეისმენს, რომ ლოცვის ჟამს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, თუ როგორ ბინდდება გარეთ ანდა როგორ გვავიწროებს მტერი. ამ დროს მტკიცედ უნდა დავეყრდნოთ თვით ლოცვის სიტყვებს და ვირწმუნოთ, რომ მასში დაფარულია სულიწმინდის საიდუმლო: ჭეშმარიტება, სინათლე, ცხოველსმყოფელი ცეცხლი, ცოდვათა მიტევება, სიმშვიდე და გულის სიხარული, ცხოვრება და ნეტარება.
როცა კაცი არ ლოცულობს, უგუნურად და განუსჯელად იქცევა, რადგან ყოველმხრივ განალაღებს ხორცს, სულს კი უგულებელყოფს. ყოველი კაცი ხომ ორი საწყისის - სულისა და ხორცის მთლიანობაა.
ჭეშმარიტი ქრისტიანი მოუკლებლად უნდა ლოცულობდეს, რადგან გამუდმებით სცოდავს. მადლიერებაც მუდმივი უნდა იყოს, რადგან უფალი ყოველ წუთს გვიგზავნის წყალობას. მისდამი შიშიც უსაზღვროდ დიდია. ღმერთს ქებასაც გამუდმებით უნდა აღვუვლენდეთ, რადგან ყოველთვის ვხედავთ მისთა საქმეთა სიდიადეს, რაც განსაკუთრებით ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულში ვლინდება.
ლოცვის სიტყვებს: "უფალო, შემიწყალე" შეისმენს ღმერთი და შეასრულებს კიდეც, თუკი მას სულითა და გულით წარმოვთქვამთ. ჩვენივე სიტყვებით გამოთქმული გულწრფელი ლოცვაც შეისმინება.
განუწყვეტელი და მხურვალე ლოცვა გვარწმუნებს, რომ ჩვენი სული უკვდავია, იმქვეყნიური, არამიწიერი სამყარო კი - სანეტარო, რადგან ლოცვის ჟამს განცდილ ნეტარებას ადამიანი უფლისგან იღებს.
სახარება გვიმოწმებს ერთურთისთვის ლოცვის უდიდეს სარგებლობას.
ქანაანელი დედაკაცი თავისი ასულისთვის ილოცვიდა და სნეულმაც სასწაულებრივი კურნება მიიღო.
წმინდა მოციქული იაკობი შეგვაგონებს: "აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთიერთსა, რაითა განიკურნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად" (იაკობი 5:16). ადამიანს რაც არ უნდა ტანჯავდეს - სინდისის ქენჯნა, მძიმე სხეულებრივი სნეულება თუ სასოწარკვეთა ცხოვრებისეულ უბედურებათა გამო - მოყვასთა ლოცვა შეიძლება მალამოდ დაედოს მას. ამიტომაც გვასწავლის მაცხოვარი, მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ ვილოცოთ, არამედ მოყვასისთვისაც და რომ ასეთ მეოხმყოფლობით ლოცვა-ვედრებას ყოველთვის მოწყალედ მოხედავს. უფალმა განკურნა ასისთავის მსახური; მანვე შეუშრო ცრემლი ძმაზე უნუგეშოდ მოტირალ მართასა და მარიამს; მოციქული პეტრე უფლის ანგელოზმა საპყრობილიდან გამოიყვანა, რადგან მორწმუნენი გულმოდგინედ ლოცულობდნენ მისთვის (საქმე მოციქულთა 12,5); პავლე მოციქულიც ღვთის სიტყვის ქადაგებისას წარმატებას ხშირად მიაწერდა თავის მრავალრიცხოვან მოწაფეთა ლოცვებს.
"ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად" (იაკობი 5:16), - გვასწავლის სახარება, ხოლო "ცოდვილისაი არა ისმინის ღმერთმან" (იოანე 9:31). მაგრამ არც ცოდვილის ლოცვაა განწირული. საჭიროა მხოლოდ რწმენა იმისა, რომ ღმერთი ყოველ ცოდვას შეუნდობს კაცს და ნებისმიერი უძლურებისგან განკურნავს. ამისთვის კი აუცილებელია სინანული, რომლის ძალითაც ადამიანის სულს შენდობის საღმრთო მადლი მოეფინება. და კვალად, აუცილებლია სიყვარული. აბა, წარმოვიდგინოთ, რა მგზნებარებით, მორჩილებითა და თავდადებით ლოცულობს ხოლმე განსაცდელის დროს და - ძმისთვის, ცოლი - ქმრისთვის, დედა - შვილისთვის. ამგვარი მდაბალი ლოცვის შესახებ არის ნათქვამი, რომ იგი "ღრუბელთა შორის აღვალს" (ზირაქ. 35:17). წმინდა გრიგოლ დიალოღოსი მოგვითხრობს ერთი ტყვის ამბავს, რომელიც საპყრობილეში ბორკილდადებული იტანჯებოდა. მისი ცოლი განუწყვეტლივ ლოცულობდა და შესაწირიც მიჰქონდა ეკლესიაში, ხოლო როცა ქმარი ტყვეობიდან გათავისუფლდა, ჰყვებოდა, რომ დროდადრო ბორკილები თავისით იმსხვრეოდა და ძირს ცვიოდა. აღმოჩნდა, რომ ეს იმ დღეებში ხდებოდა, როცა ცოლი მისთვის მსხვერპლს სწირავდა. ამ შემთხვევაში წმინდანი როდი ილოცვიდა წმინდანისთვის, არამედ ცოდვილი ქალი - თავისი ცოდვილი მეუღლისთვის... პავლე მოციქულიც ხომ ყველა მორწმუნეს სთხოვდა, ჩემთვის ილოცეთო, - მათ შორის კი, რაღა თქმა უნდა, ცოდვილებიც იყვნენ - და თავის ხსნას სასიკვდილო ხიფათთაგან სწორედ მათ ლოცვებს მიაწერდა, ვისაც ზოგჯერ თვითონვე ამხილებდა.
ამრიგად, განვაგდოთ ჩვენგან მცირედმორწმუნეობა, რომელიც ჟამითი ჟამად შეგვიპყრობს ხოლმე, ქრისტეს განგვაშორებს და ღრმა თავმდაბლობითა და მორჩილებით მის წინაშე ქვედავემხოთ. და, როგორც იტყოდა მოციქული, "გლოცავ თქვენ, ძმანო, უფლისა ჩვენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყვარულითა მით სულისაითა, თანამოღვაწე მექმნენით მე ლოცვათა შინა ჩემთვის ღმრთისა მიმართ" (რომ. 15:30). ნეტარია, ვისაც გულთბილი მლოცველნი ჰყავს, რათა თუნდაც მათი შეწევნით მოისმინოს ოდესმე უფლის მადლმოსილი ხმა: "შვილო, მოგეტევნენ შენ ცოდვანნი!.."
დაბოლოს, სახარებაში ჩვენს ყურადღებას იპყრობს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები ეშმაკთა შესახებ: "ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა". ამრიგად, თვით მაცხოვრის სიტყვით, სწორედ მარხვა და ლოცვა განაგდებენ ადამიანისგან ბოროტ სულს. ხშირად ხანგრძლივად ვლოცულობთ და ვმარხულობთ, მაგრამ არ ძალგვიძს ბოროტ ვნებათაგან - ეშმაკის ამ აღმონაცენთაგან - თავის დახსნა. იქნებ იმიტომ, რომ იმგვარად ვერ ვლოცულობთ და ვმარხულობთ, როგორც უფალმა დაგვიდო მცნებად?
ქრისტიანული ლოცვის და მარხვის მიზანია, ცოდვა განდევნოს ჩვენი სულიდან და გააჯანსაღოს იგი. მწუხარებისგან როდი ვტირით, როცა კვამლის გამო გვდის თვალთაგან ცრემლი; მსგავსად ამისა, ჩვენს ლოცვასა და მარხვაში სული არ მონაწილეობს, თუკი ვილოცავთ და ვმარხულობთ მხოლოდ ჩვეულების ძალით ან სხვა რამ გარეგანი მიზნით. როცა წეს-ჩვეულებანი ერწყმის ჩვენი სულის ლოცვითსა და მარხვით განწყობას და მის გამოხატვას ემსახურება, მაშინ უკვე ვეღარც ცოდვა გაბატონდება ჩვენს არსებაში. ჩვენი სული ზურგს აქცევს მას, მთელი ძალით ცდილობს თავი დააღწიოს მის ხელმწიფებას და მისგან გათავისუფლებისთვის ღმერთს შესთხოვს შეწევნას.
წმინდა მამათა სიტყვით, რომელთაც საკუთარი გამოცდილებით შეუცნიათ ცხონების ჭეშმარიტი გზა, მარხვა და ლოცვა ის ორი ფრთაა, რომლებითაც ჩვენი სული ამა ქვეყნიდან ზეცად ამაღლდება. როგორც ფრინველს არ ძალუძს უფრთოდ აფრინდეს, ასევე არ შეუძლია ჩვენს სულს, ლოცვისა და მარხვის გარეშე ხორციელი, ამქვეყნიური, ცოდვიანი ცხოვრებიდან სულიერ, ზეციურ წმინდა ცხოვრებაში გადასახლდეს. ამასთან, ოდენ ერთი ფრთა არ არის საკმარისი, რათა ფრთოსანმა ლაღად იფრინოს, ასევე ოდენ ლოცვა მარხვის გარეშე ანდა მხოლოდ მარხვა ლოცვის გარეშე არ არის საკმარისი ცხოვნებისთვის.
ეკლესია ადგილია შეხვედრისა, ადამიანის ღმერთთან შეერთებისა და ამავე დროს ამ შეერთების სასწაულისა, სასწაული კი მდგომარეობს სწორედ ლოცვაში. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ლოცვის გარეგნულ ან ფორმალურ მხარეზე, ხშირად აღსარებაზე მოსულნი ჩივიან, რომ სათანადოდ ვერ ლოცულობენ. ლოცვის არსი არის ღვთისკენ სწრაფვა, მასთან პირისპირ შეხვედრა. საბოლოო ჯამში, ლოცვა - ეს არის ღვთის წინაშე წარდგომა, რომელიც იწყება სიტყვებით და შემდეგ გადაიზრდება, ღრმავდება მჭვრეტელობით მდუმარებაში. თუ გვინდა წმინდათა ლოცვებით ლოცვა, უნდა შეგვეძლოს მათი წრფელი გულით კითხვა. მათ წაკითხვამდე კი უნდა მივმართოთ წმინდანს:
"წმინდაო ბასილ, წმინდაო იოანე, წმინდაო სვიმეონ, მე გამოვიყენებ შენს ლოცვებს, მაგრამ არ ძალმიძს მათი დატევა. მე მათ გავიმეორებ მთელი სიწრფელით, მთელი ჩემი გონებით, გულისხმისყოფით, შენ კი აღამაღლე ისინი ღვთის ტახტამდე.
ასე დავიწყებთ ურთიერთობას წმინდანთან და იმასთან, რაც მან ჩადო ამ ლოცვაში: თავისი ცოდნა ღვთის შესახებ, ცოდნა თავისი თავის შესახებ, თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება - იგი შეერწყა ამ ლოცვას.
როცა ლოცვების კითხვას ვიწყებთ, ზოგიერთი ადგილი ჩვენთვის გასაგები და ახლობელია, მაგრამ ზოგი - დაფარული და გაუგებარია. ჩვენ უძლურნი ვართ, ჩვენგან გამომდინარე ვთქვათ ზოგიერთი სიტყვა, რომელიც თავისი გამოცდილების სიღრმიდან წარმოთქვა წმინდანმა.
წმინდა თეოფანე დაყუდებული გვასწავლის: ლოცვების კითხვისას კი არ უნდა შევიგრძნოთ და გავიზიაროთ სიტყვები, არამედ მაშინ, როცა შეგვეძლება, მშვიდად დავსხდეთ და ჩავუფიქრდეთ მას. შეგვიძლია ასე დავსვათ საკითხი: აი, სიტყვები, რასაც განიცდიდა წმიდანი ღვთის წინაშე მდგარი, როგორც ხედავდა საკუთარ თავს, ცხოვრებას. მაგრამ რას განვიცდიდი მე მათი წარმოთქმისას?! ჩვენ უნდა შევიგრძნოთ, მივიყვანოთ ჩვენს შეგრძნებამდე, ჩვენს გულამდე და თითქოსდა ჩვენი მოგონებების სიღრმიდან, ჩვენი ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე ამოვატივტივოთ ზედაპირზე ყველაფერი ის, რაც შეესაბამება ლოცვის სიტყვებს. ისე, რომ მისი კითხვისას მთელი ჩემი სულიერი და ადამიანური გამოცდილება მოვიხმო ლოცვის სიტყვებით. მაშინ ყოველი ლოცვა დაიტვირთება ჩემი პირადი გამოცდილებით.
ძველ დროში ლოცვის წინ სხდებოდნენ და ხუთიოდე წუთს მდუმარებაში ატარებდნენ - შინაგანად ემზადებოდნენ ლოცვისთვის. ახლა კი, მაგალითად, უყურებენ ტელევიზორს, უცებ გამორთავენ, წავლენ და ლოცვას იწყებენ. ასეთ დროს გონება ლოცვისთვის სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის განწყობილი და ზერელედ აღიქვამს მის სიტყვებს. მამა პაისი ათონელს ერთმა მორწმუნემ ასეთი რამ ჰკითხა: "ყოველდღიურად ვლოცულობ; საღამოს ლოცვების წაკითხვის შემდეგ ვზივარ და საკუთარ თავს ვეკითხები: მე ხომ უფლისადმი აღვავლინე ლოცვა; რატომ ვერ ვგრძნობ ვერაფერს?!" ღირსმა მამამ უპასუხა: "როგორ იგრძნობდი ლოცვის ძალას, როცა ამდენ ხანს იჯექი ტელევიზორთან და გამორთე თუ არა, მაშინვე საღამოს ლოცვების კითხვა დაიწყე? ჯერ გული უნდა გაითბო, წაიკითხო რომელიმე თავი წმინდა წერილიდან ან წმინდა მამათა თხზულებებიდან. მაშინ შეიგრძნობ ლოცვას, გაყინული გულითა და საზრუნავით გადატვირთულნი უფალს ვერ ვესაუბრებით". ზოგი გვეკითხება: როცა ლოცვის არც სურვილი გაგვაჩნია და არც განწყობა, ღირს კი ამის გაკეთება?
ცხადია, ლოცვა ყოველთვის არ არის ადვილად დასაწყები. ძალიან ხშირად ის ნებისყოფას, ძალისხმევას მოითხოვს. უფალთან მისვლა რომ მხოლოდ სასიამოვნო განცდებს უკავშირდებოდეს, მაშინ ადვილი იქნებოდა მასთან ღუზის ჩაშვება. ადამიანმა ყველაფერს უნდა გაუძლოს, აიძულოს, გადალახოს საკუთარი თავი და ამგვარად მოიპოვოს მადლი უფალთან.
ზოგჯერ სასოწარკვეთილების ვნება გვიტევს და პროტესტის გრძნობა გვეუფლება. თუ ეს დაბრკოლება გადავლახეთ და ლოცვა დავიწყეთ, უმეტესად მალევე ვიგრძნობთ, როგორ ცხრება სასოწარკვეთილება, იდევნება ბოროტი და მჭმუნვარე, შავბნელი ფიქრები, ისევ ჩნდება იმედი, რწმენა ღვთისა. ხოლო თუ კაცი აჰყვა კაეშანს, ვერ სძლია თავს და ადრე თუ გვიან არ დაიწყო ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულება, მდგომარეობა თანდათანობით დამძიმდება. სანამ ადამიანი არ მიუბრუნდება ლოცვას, თავს უკეთ ვერ იგრძნობს.
აქ დგება უფლის ერთგულების საკითხიც, ერთგულება კი არის მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ ცოდვებთან, ბოროტებასთან, რაც ცხოვრებაში გვხვდება და ბოლოს ამ ბრძოლის საფუძველზე, ღვთის მადლით, საიდუმლოდ აღესრულება უფალთან შეხვედრა, მუდმივი, სულ უფრო ჩაღრმავებული, რომელიც ლოცვაში წარმოიშობა. აქედან გამომდინარე, ვისაც უნდა უფალთან ნეტარებით აღსავსე შეხვედრა - ილოცეთ!
მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა