საუფლო ლოცვაში "მამაო ჩვენო" მართლმადიდებელი ადამიანი ყოველდღიურ აღთქმას დებს უფალთან სიტყვებით:
"და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა", ანუ: ისე შეგვინდე და გვაპატიე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ ვპატიობთ მათ, ვინც ჩვენ წინაშე ცოდავს. არსებობს გადმოცემა, რომ ძველად მამები "მამაო ჩვენოს" ლოცვისას შეგნებულად ერიდებოდნენ ამ სიტყვების წარმოთქმას, რადგან შიშობდნენ, ვაითუ ვერ შეესრულებინათ იგი, ასეთ შემთხვევაში კი ქრისტიანი საკუთარ თავს სჯის... ვინც მთელი გულით არ მიუტევებს მოყვასს მისთვის მიყენებულ შეცოდებებს, იგი ასეთი ლოცვით გამოითხოვს თავისი თავის არა შეწყალებას, არამედ სასჯელს. ნეტარი ავგუსტინე წერს: "ღმერთს კეთილად სურს, ჩვენთან ხელშეკრულება დადოს, ამას გეუბნება უფალი ღმერთი შენი: ,,მიუტევე და მოგიტევებ. არ მიუტევე შენ? თვითონ ეწინააღმდეგები საკუთარ თავს".
წმინდა მღვდელმთავარ იოანე მოწყალის ცხოვრებაში ვკითხულობთ: ალექსანდრიაში იყო ერთი დიდებული, რომელსაც, მიუხედავად ღვთისმოსავი მღვდელმთავრის შეგონებისა, მოსმენაც არ სურდა მტერთან შერიგებაზე. დიდებული მივიდა ეკლესიაში. მლოცველებიდან ტაძარში არავინ იყო, თვით პატრიარქი წირავდა, საწიგნობელთან კი იდგა ერთი მგალობელი, რომელსაც წარჩინებული კაცი მიეხმარა გალობაში. როდესაც დაიწყეს საუფლო ლოცვის გალობა, აგალობდა მღვდელმთავარიც, მაგრამ სიტყვებზე, "პური, ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს", წმინდა იოანე დადუმდა და ანიშნა მგალობელს, ისიც გაჩუმებულიყო. ასე რომ, დიდებულმა მარტომ იგალობა ლოცვის დანარჩენი სიტყვები: "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა..." აი, მაშინ წმინდა მღვდელმთავარი მიუბრუნდა შეურიგებელ დიდებულს და მშვიდად უთხრა: - შეხედე, შვილო ჩემო, როგორ საშიშ ჟამს ეუბნები უფალს: მომიტევე მე, როგორც მე მივუტევებო... მართალს ამბობ, პატიობ კი შენ?.. ამ სიტყვებმა შეძრა დიდებული, თვალცრემლიანი ჩაუვარდა მამამთავარს ფეხებში და შესძახა: "რასაც მიბრძანებ, მეუფეო, ყოველივეს შეასრულებს მონა შენი". და შეასრულა კიდეც: - იმავე დღეს შეურიგდა მტერს და მთელი გულით შეუნდო ყოველი დანაშაული.
ასე რომ, მიუტევე, გულით აპატიე და გჯეროდეს, რომ მასთან ერთად შენც გეპატიება სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით ჩადენილი ცოდვები. თუ კაცი შინაგანად ვერ პატიობს სხვას წყენას, მის ქრისტიანობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. უფალი სამართლიანად ეტყვის შეუნდობელთ: "რატომ მთხოვთ, შეგისრულოთ აღთქმული, როცა თავად არ ასრულებთ ჩემგან დადგენილს? რას შეგპირდით? - მოგიტევოთ თქვენი ცოდვები. რა დაგიდგინეთ? - თქვენც მიუტევოთ სხვებს შეცოდებანი. მაგრამ როგორ შეიძლება თქმა იმისა, რომ ასრულებთ ამ მცნებას, როცა არ გიყვართ თქვენი მტრები?"
წმინდა წერილში უფალი ამასაც ბრძანებს: "უკეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან, ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი" (მთ. 6,14-15). წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებით, მაცხოვარი თავად - დამნაშავეს გხდის საკუთარი თავის მსაჯულად და თითქოს გეუბნება: როგორ მსჯავრსაც დაადებ შენს თავს, ისეთივე მსჯავრს გამოგიტან შენ. თუ რაიმეს სთხოვ თანამოძმეს, მაშინ ჩემგანაც ასეთსავე კეთილ საქმეს მიიღებ, თუმცა ჩემი კეთილი მოქმედება შენზე სინამდვილეში იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შენი. შენ სხვას პატიობ იმიტომ, რომ თავად საჭიროებ პატიებას, ღმერთი კი პატიობს, როცა ეს მისთვის საჭირო არაა.
სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანებმა ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება "ვისწავლეთ". თავს მორწმუნე მართლმადიდებლებს ვუწოდებთ, მაშინ როცა ჩვენი სარწმუნოება ტაძრის კედლებს ვერ სცილდება და იქიდან გამოსულებს გვავიწყდება ღვთის სახლში მოსმენილი. ასეა მაშინაც, როცა ვლოცულობთ, ბაგეებით წარმოვთქვამთ იმას, რაც ხშირად ისევ ჩვენს ბაგეზევე რჩება და საქმედ არ იქცევა. ვფიქრობ, გვმართებს დაფიქრება, როდესაც "მამაო ჩვენოს" ლოცვისას წარმოვთქვამთ სიტყვებს: "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". გვახსოვდეს, რომ ამ სიტყვებით ყოველდღიურ აღთქმას ვდებთ უფალთან. აღთქმას, რომლის შეუსრულებლობა ჩვენვე დაგვაზიანებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი