უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან გამოუცხადა თავი თვისი სოფელსა და იწყო ქადაგება სახარებისა თვისისა შემდგომად ნათლის-ღებისა იოანესაგან იორდანესა შინა,
ხოლო პირველნი სიტყვანი ქადაგებისა მისისანი იყვნენ ესენი: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა. მერმეცა მრავალგზის ახსენებდა მაცხოვარი სიტყვათა შინა თვისთა სასუფეველსა ღვთისასა და უხმობდა მსმენელთა შესვლად მას შინა; და ვინაიდგან წარსულს კვირიაკესა შინა ჩვენ ვიდღესასწაულეთ ნათლის-ღება იესო ქრისტესი, არ იქმნება უდროო, დღეს ჩვენ ვიფიქროთ, რაი არს სასუფეველი ღვთისა, რომლითა მაცხოვარმან ამ ჟამად იწყო ქადაგება თვისი. და რა უნდა ჰქნას კაცმან, რათა ეღირსოს შესვლად სასუფეველსა ამას შინა.
რომელნიმე ქრისტიანენი შეცდომით ფიქრობენ, ვითომც სასუფეველი ღვთისა იქმნება მხოლოდ ცათა შინა მომავალსა საუკუნესა; გარნა მაცხოვარი არ იტყოდა: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა; არ შეაგონებდა მსმენელთა, რათა მიეღოთ სასუფეველი ესე და შესულიყვნენ მას შინა. არა ძმანო, სასუფეველი ცათა არის და დაიწყობა ქვეყანასა ზედა, კაცთა შორის; იგი არის უხილავი, შინაგანი ცხოვრება კაცისა, ოდეს კაცი დაუმორჩილებს გულსა თვისსა სიმართლესა სახარებისასა და ატარებს ცხოვრებასა თვისსა მგზავსად მცნებათა მაცხოვრისათა, ანუ ვითარცა აღგვიხსნა მოციქულმან პავლე: არა არს სასუფეველი ღვთისა საჭმელ და სასმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდათა. (რომაელ იდ, იზ)
ცხორებასა კაცისასა აქვს ორი კერძო: ერთი შინაგანი უხილავი, მეორე გარეგანი ხილული. პირველსა შეადგენენ ყოველნი სულიერნი თვისებანი და მოქმედებანი კაცისანი, ესე იგი ჰაზრი, ფიქრი, განზრახვა, სურვილი, მიდრეკილებანი, სიყვარული ანუ სიძულვილი, მხიარულება ანუ მწუხარება. ერთი სიტყვით, ყოველი, რასაც კაცი გრძნობს გულსა შინა თვისსა. ხოლო მეორე არის ყოველი ხილული მოქმედება კაცისა: ლაპარაკი, მოძრაობა და სხვანი გარეგანნი მოქმედებანი. ცხად არს, რომელ ყოველი გარეგანი მოქმედება კაცისა და მრთელი მისი გარეგანი ხილული ცხოვრება დამოკიდებულ-არიან შინაგანთა თვისებათა ზედა მისის სულისათა. ესე იგი ყოველნი საქმენი კაცისანი არიან ესრეთნი, ვითარნიცა არიან მისნი სულიერნი თვისებანი და მიდრეკილებანი, ვინაიდგან კაცი მხოლოდ იმას იქმს და გამოაჩენს, რაიცა აქვს გულსა და გონებასა შინა. გარნა ოდესცა მაცხოვარი გვეტყვის: მოახლებულ არს სასუფეველი ცათა, მიიღეთ და შედით სასუფეველსა შინა ღვთისასა, ამით გვასწავებს ჩვენ, რათა დაუმორჩილოთ გული და სული ჩვენი სახარებასა ღვთისასა. რათა ყოველი შინაგანი ცხოვრება სულისა იყოს დაწყობილ მგზავსად მცნებათა სახარებისათა, ჰაზრნი და სურვილნი, თვისებანი და მიდრეკილებანი, სიყვარული და სიძულილე, ყოველივე დაემორჩილოს სიტყვასა ღთისასა. გარნა ოდესცა შინაგანი ყოველი ჩვენი ცხოვრება დაემორჩილება სახარებასა, მაშინ გარეგანნიცა მოქმედებანი ჩვენნი იქმნებიან კეთილ, მაშინ მრთელი ჩვენი არსება შევა სასუფეველსა შინა ღვთისასა.
რაი ვქნა, მეტყვის ვინმე, დიახ მსურს რომ მეც ვიყო მოქალაქე ღვთის სასუფევლისა; ვინ არ ისურვებს ამას? გარნა ცოდვა და უძლურება ჩემი არ მიშვებენ მე; სოფელი და თვით ხორცნი ჩემნი მაყენებენ მე. ესე ყოველი უწყოდა მაცხოვარმან და ამისათვის სთქვა: შეინანეთ, მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. ერთი მხოლოდ არს პირობა, რომლითა კაცს შეუძლიან შევიდეს სასუფეველსა შინა ღვთისასა - მონანება. კაცსა, რომელსა კვალადვე უყვარს ცოდვა, რომლისა გული აღვსებულ არს ბოროტითა მიდრეკილებითა, მხოლოდ მონანებითა შეუძლიან შევიდეს სასუფეველსა შინა ღვთისასა. გარნა რაი არს მონანება და როგორ უნდა მოინანოს კაცმან, ამას გვასწავლის ჩვენ დღეს წარკითხულის სახარებისაგან მაგალითი ცოდვილის დედაკაცის მონანებისა: ოდეს მაცხოვარი იყო სახლსა შინა სვიმონ ფარისეველისასა, დედაკაცი იგი, არა მიმხედველი მისა, რომ ცოდვა და სირცხვილი მისი ცხად იქმნებოდა ესოდენსა კრებასა შინა, დავარდა ფერხთა ქვეშე მაცხოვრისათა, ცრემლითა თვისითა დაბანა იგინი და თმითა თავისა თვისისათა წარხოცა. იგი არ იტყოდა არცა ერთსა სიტყვასა; მხოლოდ ოხვრა მისი და ცრემლნი. ცხად ჰყოფდენ, თუ ვითარ დამძიმებულ იყო სინიდისი მისი, ვითარ რცხვენოდა მას ცოდვისა თვისისა, ვითარ სწუხდა იგი უღირსებისა გამო თვისისა და ვითარითა მდუღარითა გულითა და სასოებითა გამოითხოვდა იგი ღვთისაგან შენდობასა. ესრეთ უნდა მოინანო შენცა, ძმაო ჩემო; ესრეთ უნდა გრცხვენოდეს შენცა ცოდვისა შენისა; ესრეთ უნდა სწუხდე უღირსებისა შენისათვის, უკეთუ გსურს მოიგო სასუფეველი ცათა. სასუფეველი ცათა ემგზავსება მდიდარსა და წარჩინებულსა ქალაქსა, რომლისა მოქალაქენი და მოვაჭრენი არიან ფრიად მდიდარნი და ჩინებულნი. შეუძლიანა გლახაკსა და ღარიბსა რომელსამე გაერიოს მოქალაქეთა მათ შორის და მიიღოს პატივი მათთანა, უკეთუ პირველად არ შეიძინა მან სიმდიღრე? ეგრეთვე, უკეთუ ქრისტიანემან არ შეიძინა სულიერი სიმდიდრე, რომელ არს სათნოება, არ იქმნება შერაცხილ შორის მოქალაქეთა სასუფეველისა ცათასა.
ახლა, ძმაო ჩემო საყვარელო, განიცადე თავი შენი, შესრულხარა შენ სასუფეველსა შინა ცათასა, მიგიღია შენ მოქალაქობა სულიერისა ამის სუფევისა, ანუ ვიდრე აქამომდე ღარიბ ხარ შენ სულითა და ვერ შერაცხე თავი შენი შორის მოქალაქეთა ზეციერისა სუფევისათა? დიდიხანია სასუფეველი ესე რეკს კარსა გულისა შენისათა და ცდილობს, რომ შევიდეს იგი მას შინა, გარნა ვაი თუ ვიდრე აქამომდე ვერ ხედავს იგი, რომელ შენ აღგესრულებინოს პირობა მონანებისა; ვიდრე აქამომდე ვერ ხედავს, რომ შენ უარ გეყო სოფელი და ცოდვა მისი. ნუ მეტყვი, ძმაო: მე ქრისტიანე ვარ და ნათელმიღებიეს; მე მრწამს სახარება, დავდივარ ეკკლესიაში და თავის ვროზედ ვეზიარები. კეთილი არს ესე ყოველი და არც შეიძლება უიმისოთ კაცი შევიდეს სასუფეველსა შინა ცათასა; გარნა შეიძლება, რომ კაცმა ყოველი ესე აღასრულოს და მაინც არ იყოს მოქალაქე სასუფეველისა ცათასა; ვინაიდგან თუმცა ამას ასრულებს, გარნა გული მისი მაინც დამორჩილებულ არს ცოდვისადმი, მაინც უყვარს მას სოფელი უმეტეს ღვთისა.
ძმაო ჩემო საყვარელო! მრთელი გული და ცხოვრება შენი უნდა დაუმორჩილო სახარებასა; არ შეგიძლიან ემსახურო ორთა უფალთა, ესე იგი სოფელსა და ღმერთსა. ღმერთი არ მიიღებს ნახევარსა გულისა შენისასა; მას სურს, რომ მრთელი გული და გონება შენი მას ეკუთვნოდეს და მრთელი გული მას შესწირე. დიდ არს, ძმაო, და სანატრელ წოდება ესე შენი, რომლითა გიწოდა შენ ღმერთმან, რათა იყო მოქალაქე ღვთის სასუფევლისა. მაცხოვარმან დანერგა ქვეყანასა ზედა სასუფეველი ესე და ჩვენ ქრისტიანეთა მოგვანდო განვრცელება, განმტკიცება და განძრიელება მისი. თვითეული ჩვენგანი უნდა იხმარდეს ყოველსა ღონის-ძიებასა, რათა შეეწიოს განვრცელებასა სუფევისა მისისასა: უკეთუ ცხოვრება შენთ კეთილ არს და სათნო, უკეთუ სიტყვითა და საქმითა შენ ცდლობ განავრცელო და განამტკიცო სასუფეველი, მაშინ იცოდე, რომ შენ ხარ მეგობარი ქრისტესი, ვინაიდგან შენ აღასრულებ საქმესა მისსა, შენ ხარ შემწე მისი; ხოლო უკეთუ ცუდითა შენითა ყოფა-ქცევითა აბრკოლებ ძმასა შენსა, გამოჩნდები ქრისტეს მტრად, ვინაიდგან შენ არღვევ შენობასს მისსა, შენ აოხრებ სასუფეველსა მისსა. - გვიხაროდეს, ძმანო, ჩვენ ყოველთა, ვინაიდგან ღმერთმან ჩვენ ქრისტიანეთა მოგვცა მოქალააქობა თვისისა სასუფეველისა; გარნა ვეკრძალნეთ და ფრთხილ ვიყვნეთ, რათა უღირსებითა ჩვენითა არ დავკარგოთ უმაღლესი ესე პატივი. ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი