წმინდა ამბროსი ოპტელი 1812 წლის 12 ნოემბერს, წმინდა ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს დაიბადა მიხეილ და მართა გრენკოვების ოჯახში და ამიტომაც მას ალექსანდრე უწოდეს.
სწორედ ამ დროს ნაპოლეონის არმია რუსეთიდან უკან იხევდა და ნაომარი ხალხი განსაკუთრებით ზეიმობდა წმინდა მეფის ხსენებას. მღვდელ თეოდორეს, მიხეილის მამას, უამრავი სტუმარი ეწვია. შემდგომში წმინდა ამბროსი ხუმრობდა ხოლმე:-ხალხში დავიბადე და სულ ხალხის გარემოცვაში ვცხოვრობო.
მნათე მიხეილს რვა შვილი ჰყავდა: ოთხი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი. ალექსანდრე ძალზე ცოცხალი ბავშვი იყო, თამაში უყვარდა, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ხანდახან დედა რომელიმე უმცროსი შვილის აკვნის დარწევას ავალებდა, რაც ბიჭისთვის ძალზე მოსაწყენი იყო. როგორც კი დროს იხელთებდა, მიდიოდა ფანჯარასთან, ჩუმად აღებდა და ჰერი, ბიჭებისკენ.
იმ დროის ტრადიციისაებრ, ალექსანდრესაც ასწავლეს სლავური ანბანი, ჟამნი და ფსალმუნნი. იგი დიდ დღესასწაულებზე მამასთან ერთად კითხულობდა და გალობდა კლიროსზე. ახლობელთაგან მას ცუდი არაფერი სმენია და უნახავს, მკაცრ საეკლესიო და რელიგიურ გარემოში იზრდებოდა. დაწყებითი სკოლა და სემინარია წარმატებით დაამთავრა. ჯერ ოჯახის მასწავლებლად მოეწყო, მერე კი ლიპეცკის სასულიერო სასწავლებლის დამრიგებელად. ერთხელ მძიმედ გახდა ავად, მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ და აღთქმა დადო, განკურნების შემთხვევაში მონასტერში წავიდოდა.
თუმცა გამოჯანმრთელდა, მაგრამ შინაგანი ბრძოლა დიდხანს გაუგრძელდა. ალექსანდრე ბუნებით მხიარული, საზოგადოების სული და გული იყო. აი რას ჰყვებოდა იმ პერიოდზე წმინდა ამბროსი:-გამოჯანმრთელების მერე მთელი ოთხი წელი ვწვალობდი. ძველებურად დავდიოდი ნაცნობებთან და ვმხიარულობდი... სულში შფოთი მქონდა. ვიფიქრებდი, მორჩა, ყბედობას ვანებებ თავს-მეთქი და კვლავ ვიღაც დამიძახებდა სტუმრად...
სულიერი შვებისთვის ღამღამობით განმარტოება და ლოცვა დაიწყო. 1839 წლის ზაფხულში ალექსანდრემ მეგობართან ერთად წმინდა სამების ლავრა მოილოცა. მერე კი ტროეკოვოში ცნობილ დაყუდებულ მამას, ღირს ილარიონს ეწვია. წმინდა მოსაგრემ ალექსანდრე გრენკოვს პირდაპირ უთხრა:-ოპტაში წადი, იქ საჭირო ხარო.
ლიპეცკში დაბრუნებული ალექსანდრე განაგრძობდა "ჭირვეულობას", ვერ გადაეწყვიტა სოფელთან განშორება. ერთხელ საღამოს სტუმრად გვიანობამდე შემორჩა, ბევრი იხუმრა, აცინა იქ მყოფნი. ყველანი კმაყოფილნი დაბრუნდნენ შინ, ალექსანდრე კი... გაახსენდა აღთქმა, წმ. სერგის ლავრაში განცდილი სულის მხურვალება, ხანგრძლივი ლოცვები, ოხვრა და ცრემლი. მისთვის წმინდა ილარიონის მიერ მიცემული ღვთის განწესება. დილით უკვე გადაწყვიტა, გაპარულიყო ოპტაში. ეპარქიის მმართველისაგანაც კი არ აიღო კურთხევა. ეშინოდა, ახლობლებს შეგონებებით არ დაებრკოლებინათ.
ოპტის მონასტერში იმ დროს მართლაც ჰყვაოდა ბერ-მონაზვნობა. იღუმენი მოსე, სულიერი მამები ლევი და მაკარი. სკიტს ხელმძღვანელობდა ღირსი ანტონი, დიდად მოსაგრე და დაფარულთმცოდნელი. ძმობაში ბევრი სახელგანთქმული მამაც იყო, მათ შორის არქიმანდრიტი მელქისედეკი, ბერდიაკვანი მეთოდე, დაფარულმცოდნელი მამა, რომელიც ოცი წელი, სნეულების გამო, ლოგინს იყო მიჯაჭვული. ბალაამის მონასტრის ყოფილი იღუმენი ვარლაამი, უაღრესად უპოვარი. თურმე სკიტში ქურდები შეიპარნენ. მერე ულითხავთ მამა ვარლაამისთვის, ხომ არაფერი მოგპარეს. ღიმილით უპასუხნია: რა უნდა მოეპარათ, ნაფოტი ხომ არაო. აქვე ცხოვრობდა რასკოლნიკობიდან მოქცეული მღვდელმონაზონი იოანე, უბოროტო, ბავშვივით უბრალო მღვდელმონაზონი ინოკენტი, მამა მაკარის მოძღვარი და სხვანი. ყველას კი ერთად სულიერი სათნოებები: სიმშვიდე, სიმდაბლე და უბრალოება განამშვენებდა. უმცროსი ძმა ყველანაირად ცდილობდა თავის დამდაბლებას, არა მხოლოდ უფროსებთან, არამედ თანატოლებთანაც. ეშინოდათ, თვალის შევლებითაც კი არ ეტკინათ მოყვასისთვის გული, უმცირესი მიზეზისთვისაც კი ერთმანეთისგან იღებდნენ შენდობას. ამგვარ სულიერ გარემოში აღმოჩნდა ახალგაზრდა ალექსანდრე გრენკოვი.
თავიდან ის სასტუმროში ცხოვრობდა. კურთხევა ჰქონდა, მამა ლევისთვის გადაწერდა წიგნი "ცოდვილთა ცხონება". 1840 წლის აპრილში მონაზვნური სამოსით შემოსეს. ცოტა ხნით მამა ლევის მესენაკე და წიგნის მკითხველი იყო. იმავე წლის ნოემბერში სკიტში გადაიყვანეს. ერთხანს მზარეულის თანაშემწე იყო. სამსახურის გამო ხშირად უხდებოდა მამა მაკართან მისვლა, რომელიც სულიერ საკითხებზეც აძლევდა რჩევას. არც მამა ლევთან სიარული შეუწყვეტია. მამა ლევს ძალზე უყვარდა ახალგაზრდა მორჩილი, მაგრამ სხვებთან მას ამდაბლებდა, მრისხანებდა, "ქიმერას" ეძახდა. მაგრამ როგორც კი მორჩილი გაშორდებოდა, ამბობდა:-დიდი ადამიანი იქნება. სიკვდილის წინ წმინდა ლევმა იხმო მამა მაკარი და უთხრა ალექსანდრეზე:-აი კაცი, რომელიც ჩვენსკენ, მოძღვრებისკენ, ავადმყოფურად მოიწევს. ძალზე დავსუსტდი. ამიტომაც ხელიდან ხელში გადმოგცემ, უპატრონე, როგორც გინდაო.
მამა ლევის სიკვდილის მერე ალექსანდრე მამა მაკარის მესენაკე გახდა. 1842 წელს ბერად აღკვეცეს და ამბროსი დაარქვეს. სამ წელში უკვე მღვდელმონაზონად დაასხეს ხელი. მღვდლად კურთხევისთვის კალუგაში გაემგზავრა. ძლიერ გაცივდა და გამოკეთება ვეღარ შესძლო.
ერთხელ, როცა მამა ამბროსი ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, მონასტერში კალუგის მღვდელმთავარი ნიკოლოზი მოვიდა და მამა ამბროსის უთხრა:-მაკარს მოძღვრობაში დაეხმარე, უკვე მობერდა. ესაც ხომ მეცნიერებაა, ოღონდ სემინარიისა კი არა, მონაზვნურიო. ამბროსი მაშინ 34 წლისა იყო, მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მომსვლელებთან, მოძღვარს მათ შეკითხვებს გადასცემდა და პასუხებს მთხოვნელს უბრუნებდა. მამა ამბროსის სნეულება ისე გაურთულდა, რომ იძულებული გახდა, პენსიაში გასულიყო, როგორც ინვალიდი, ისე ჩარიცხულიყო. ლიტურგიის ჩატარება აღარ შეეძლო; ძლივს მოძრაობდა. ოფლიანობით იტანჯებოდა და დღეში რამდენჯერმე უხდებოდა ტანსაცმლისა და წინდების გამოცვლა. სიცივესა და ორპირ ქარს ვერ იტანდა. ცოტას სჭამდა, ისიც წვნიანს. მიუხედავად სნეულებისა, მოძღვრის მორჩილებაში დარჩა და უმცირეს საკითხზეც კი მას აბარებდა ანგარიშს.
მამა ამბროსის წმინდა მამათა ნაწერების თარგმნა დაავალეს, რომელთაც გამოსაცემად ამზადებდნენ. ამ პერიოდს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისი სულიერი ცხოვრებისთვის. მამა მაკარის ერთი სულიერი შვილი წერდა:-უხვად დავჯილდოვდით ჩვენი მცირე შრომისთვის! საკუთარ სულზე მზრუნველი, ვინ არ გაიღებდა თავის სიცოცხლის რამდენიმე წელს, რათა მოესმინა ის, რასაც ისმენდნენ ყურნი ჩვენნი: მამა მაკარისეულ ახსნას წმინდა მამათა ნაწერებიდან ისეთი ადგილებისა, რომელთაც, ამ საქმით დაკავებულნი რომ არ ვყოფილიყავით, კითხვას ვერ გავუბედავდით და თუ მაინც გავკადნიერდებოდით, მდაბალ პასუხს მოვისმენდით მისგან: "მე არ ვიცი, ეს ჩემი საზომი არ არის. შესაძლოა შენ მიაღწიე ასეთ სიმაღლეს. მე მხოლოდ ეს ვიცი: უფალო, მომეცი მე განცდაი თვისთა ცოდვათა! განიწმინდე გული და მაშინ მიხვდები".
წმინდა ამბროსიმ უკვე თავისი მოძღვრის სიცოცხლის ბოლოს მიაღწია სრულყოფილებას სულიერ ცხოვრებაში. თუ თავის დროზე წმინდა ლევი მაკარზე იტყოდა, წმინდანიაო, იმავეს ახლა მაკარი ამბობდა ამბროსიზე. ერთხელ ვიღაცამ მამა მაკართან ამბროსი დაიცვა: მამაო, ის ხომ ავადმყოფიაო. მამა მაკარმა უპასუხა:-განა ეს შენზე ნაკლებად ვიცი! მაგრამ მონაზვნისთვის საყვედურები და შენიშვნები სულისთვის ცოდვის მტვრის ჩამოსაბერტყი ჯაგრისებია. მის გარეშე მონაზონი ჟანგდებაო.
უკვე მამა მაკარის სიცოცხლეშივე, მისივე კურთხევით, რამდენიმე ბერი მამა ამბროსისთან მიდიოდა გულისთქმების აღსარებისთვის. იღუმენი მარკოზი ყვებოდა:-რამდენადაც ვამჩნევდი, მამა ამბროსი მაშინ სრულ მყუდროებაში ცხოვრობდა. მასთან ყოველდღიურად მივდიოდი გულისთქმების აღსარებისთვის. ყოველთვის წიგნი ჰქონდა გადაშლილი და მამათა ნაწერებს კითხულობდა. კელიაში თუ არ დამხვდებოდა, ესე იგი მამა მაკართან იყო და სულიერი შვილებისადმი წერილების დაწერაში ეხმარებოდა, ანდა წმინდა მამათა ნაწერებს თარგმნიდა. მეჩვენებოდა, რომ იგი ყოველთვის ღვთის წინაშე იდგა და ღვთის სიახლოვეს გრძნობდა. იგი რასაც აკეთებდა, ცდილობდა ყველაფერი უფლის მიერ და ღვთივსათნოდ აღესრულებინა. ამის გამო ყოველთვის ჭმუნვარე იყო, ეშინოდა, რაიმეთი არ გაენაწყენებინა ღმერთი, ეს კი სახეზეც აესახებოდა. ვუცქერდი ჩემი მოძღვრის ჩაღრმავებას და მის წინაშე ყოველთვის კეთილმოკრძალებული ვიყავი. სხვანაირად ვერ მოიქცეოდი. ჩვეულებისაებრ მოვიდრეკდი მის წინაშე მუხლს, მაკურთხებდა და ჩუმად მკითხავდა:-რას მეტყვი, ძმაო, კარგს? მისი გულშემუსვრილებისა და ჩაღრმავებით შეფიქრიანებული ვეტყოდი ხოლმე:-შემინდეთ, მამაო, შესაფერის დროს ვერ მოვედი-მეთქი. არა,_ მეტყოდა მოძღვარი,-მოკლედ მითხარი მნიშვნელოვანი რაცაა. ყურადღებით მომისმენდა, დამარიგებდა, მაკურთხებდა და სიყვარულით გამომიშვებდა...
თუ მარკოზი რომელიმე ძმაზე დაიწყებდა ჩივილს, მაწყენინაო, წმინდა ამბროსი, ხმაცრემლიანი ეტყოდა:-ძმაო, ძმაო! მე მომაკვდავი კაცი ვარ, ანდა მე დღეს არა, ხვალ მოვკვდები, რა უნდა ვუყო ამ ძმას? მე ხომ წინამძღვარი არა ვარ. უნდა განიკითხო საკუთარი თავი, დაიმდაბლო ღვთის წინაშე და დამშვიდდებიო. მარკოზს ეს სიტყვები ამშვიდებდა და თავის კელიაში უკვე მიფრინავდა.
მონაზვნების გარდა ღირსმა მაკარმა თავისი ერისკაცი სულიერი შვილებიც დაუახლოვა მამა ამბროსის. როცა მათ ამბროსისთან მოსაუბრეს ხედავდა, ხუმრობით იტყოდა:-შეხედეთ, შეხედეთ! ამბროსი პირიდან ლუკმას მართმევსო. ამგვარად, წმინდა მაკარი თანდათან ამზადებდა თავის ღირსეულ შემცვლელს. ღირსი მაკარი 1860 წელს გარდაცვალა და მის ნაცვლად ღირსი ისააკი დანიშნეს, რომელიც წმინდა ამბროსის თავის მოძღვრად თვლიდა. მამა მოსეს გარდაცვალების შემდეგ ღირსი ისააკი ოპტის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. მამა ამბროსი საცხოვრებლად სხვა კორპუსში გადავიდა. შენობას დასავლეთით პატარა ქოხი მიაშენეს, სადაც წმინდა ამროსი აღსარებაზე მისულ დედაკაცებს იღებდა. ჰყავდა ორი მესენაკე: მამა მიხეილი და მამა იოსები (მომავალი მოძღვარი სავანისა), მისი მთავარი ფოსტალიონი გახლდათ მამა კლიმენტი (ზედერგოლმი), პროტესტანტი პასტორის შვილი, რომელიც მართლმადიდებლად მოიქცა, იგი გახლდათ ბერძნული სიტყვიერების მაგისტრი.
ღირსი ამბროსის ყოველი დღე ღვთისა და მოყვასის მსახურებაში გადიოდა დილის ოთხი საათიდან ღამის თორმეტ საათამდე. ტრაპეზობისასაც კი, რომლის დროს წმინდა მამა სამი წლის ბავშვის სამყოფ საჭმელს მიირთმევდა, იგი სტუმრების თხოვნით შეკითხვებზე პასუხობდა მესენაკეებს. ზოგჯერ განტვირთვისათვის მესენაკეს უბრძანებდა, რომ მას კრილოვის ერთ ან ორი იგავი წაეკითხა. დღის ბოლოს მესენაკეები დაღლილობისგან ძლივს იდგნენ ფეხზე, თვითონ კი კი უგრძნობლად იწვა. საღამოს ლოცვის მერე შენდობას გამოითხოვდა ახლობელთაგან და მცირე ხნით მიიძინებდა.
ორი წლის მერე მამა ამბროსის ახალი სნეულება დაატყდა თავს. უფრო დასუსტდა. ტაძარში ვეღარ დადიოდა და კელიაში ეზიარებოდა. ბოლოს, იმდენად ცუდად გახდა, რომ მისი გამოკეთების იმედი სრულიად დაკარგეს. მოასვენეს მასთან კალუგის ღვთიმშობლის ხატი. პარაკლისის, ღამისთევის ლოცვისა და ზეთისცხების მერე წმინდა ამბროსი განიკურნა, თუმცა სისუსტე მთელი ცხოვრება თან სდევდა. ხანდახან კი ისე უუარესდებოდა ჯანმრთელობა, რომ ფიქრობდა, აღსასრული მომიახლოვდაო. წარმოსადგენადაც კი ძნელია, იგი, ამ სიმძიმე სნეულების ჯვრის მტვირთველი, თუ როგორ იღებდა უამრავ ადამიანს, არიგებდა, აღსარებებს იბარებდა, თანაც ყოველდღიურად ათეულობით წერილს პასუხობდა. მასზე აცხადდა წმინდა წერილის სიტყვები: ღვთის ძალი უძლურებზე აღესრულება. თუ რაოდენ სულიერ სიმაღლეს მიაღწია მან, რაოდენ დიდი მადლის მატარებელი იყო იგი, ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.
წმინდა ამბროსის ჯანმრთელობა რამდენჯერმე ისე გაუუარესდა, რომ იფიქრა კიდეც, აღსასრული დამიდგაო. მაგრამ ღვთის ძალა უძლურებაში აღესრულება, ღირსი ამბროსი უფლის რჩეული ჭურჭელი რომ არ ყოფილიყო, რომლის მიერაც ღმერთი მოქმედებს, ვერანაირი ადამიანური ძალით ვერ შეძლებდა ასე დიდი ღვაწლის გაწევას. ის იყო ღვთის მადლით გაჟღენთილი, მისთვის არაფერი იყო დაფარული, არც საიდუმლო არ არსებობდა-ყველაფერს ხედავდა. მასთან მისულ უცნობ ადამიანს შეეძლო, ჩუმად ყოფილიყო. სტუმრებს ყურადღებით გამოკითხავდა მისვლის მიზეზს, თუმცა მისი შეკითხვებით ჩანდა, რომ უკვე ყველაფერი იცოდა. თავისი ცოცხალი ბუნებიდან გამომდინარე, ხშირად თავის დაფარულმცოდნელობას თავისდა უნებურად აჩენდა. ერთხელ მასთან ხელშეხვეული ახალგაზრდა კაცი მივიდა. უნდოდა შეეჩივლა,-ვერა და ვერ განვიკურნეო. თქმაც ვერ მოასწრო, საშინლად მტკივაო, რომ მამა ამბროსიმ დაასწრო:-გეტკიება აბა, რა! დედა რატომ გაანაწყენე, განა კარგად იქცევი? განა კარგი შვილი ხარ?
წმინდა ამბროსისთან ხშირად მიდიოდნენ საქმიანი ადამიანები, რომელთაც ის ძალზე ფასეულ რჩევას აძლევდა. ერთხელ ერთი ოპტელი მონაზვნის სიძე, მემამულე მივიდა. ის ხშირად სტუმრობდა სავანეს. მამა ამბროსიმ მიმართა:-თურმე შენს მეზობლად კარგი მამული იყიდება და შეიძინეო.
მემამულეს გაუკვირდა,-იყიდება, მამაო, მაგრამ რა ვქნა, ფული არა მაქვს, თუმცა იაფადაც კი ჰყიდიანო. ფული იქნება,-ჩაილაპარაკა მოძღვარმა. მერე სხვა საკითხზე განაგრძეს საუბარი. დამშვიდობებისას მამა ამბროსიმ გაუმეორა:-მიწა მაინც უნდა იყიდოო. მემამულე შინ ცხენით გაემგზავრა. გზად იძულებული გახდა, თავის მოხუც და ძუნწ ბიძასთან შეჩერებულიყო, რომელიც ნათესავებთან შეხვედრასაც კი გაურბოდა ხოლმე. საუბრისას ბიძამ ჰკითხა,-რატომ არ ყიდულობ შენს მეზობლად მდებარე მამულსო. რას ამბობ, ბიძაჩემო! ამდენი ფული საიდან ვიშოვოო,-იუარა ძმისწულმა. თუ გინდა, გასესხებო,-შესთავაზა ბიძამ. მემამულემ მართლაც იყიდა ეს მიწა. გამოხდა ხანი. მემამულისგან ვაჭრებმა ახალნაყიდი ხეტყე მისგან იმ ფასად იყიდეს, რამდენიც ბიძისა ემართა.
ერთხელ მასთან შეძლებული ორლოველი მემამულე მივიდა და სხვათა შორის უთხრა, წყალსადენის გაკეთება მინდა ჩემი ბაღების მოსარწყავადო. მამა ამბროსი დაინტერესდა-ხალხი ამბობს, ასე სჯობსო,-უთხრა სტუმარს და დაწვრილებით აღუწერა წყალსადენი. სოფელში დაბრუნებულმა მემამულემ დაიწყო ამ საკითხზე ლიტერატურის კითხვა და აღმოჩნდა, რომ მამა ამბროსიმ ამ სფეროში არსებული უკანასკნელი გამოგონება აღუწერა. მემამულე ოპტაში დაბრუნდა. "აბა, როგორი გამოდგა წყალსადენი"?-ჰკითხა წმინდა ამბროსიმ. ყველა მეზობელს გადაუხმა ბაღები, მე კი უხვი მოსავალი მოვიწიეო.
ერთხელ ერთმა პატივცემულმა ქალბატონმა წმინდა ამბროსთან სასწრაფოდ შეშვება ითხოვა. "ჩემთვის ყველა ერთია,-ბრძანა ბერმა,-თაგვი პატარაა, მაგრამ თუ ბიჭი ხარ, დაიჭირე".
მისთვის წვრილმანი საქმე არ არსებობდა. იცოდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ამიტომაც არ არსებობდა საკითხი, თანაგრძნობით რომ არ ეპასუხა. ერთხელ ერთმა დედაკაცმა შეაჩერა. ქალი ერთი მდიდრის ინდაურებს უვლიდა, მაგრამ რატომღაც ფრინველები ეხოცებოდა და პატრონს მისი გაგდება უნდოდა. "მამაო, რა ვქნა,-შესჩივლა აცრემლებულმა ქალმა,-არაქათი გამომეცალა. ინდაურებს თვალისჩინივით ვუფრთხილდები, მაგრამ მაინც მეხოცება. მიშველერ, რამე." ამ ამბის შემსწრეთ გაეცინათ. ბერმა კი თანაგრძნობით ჰკითხა,-რას აჭმევო, მერე ურჩია, რა გაეკეთებინა, აკურთხა და გაუშვა. ხოლო მათ, ვინც ქალი აბუჩად აიგდო, უთხრა:-ამ ქალის ცხოვრება ინდაურებზეა დამოკიდებულიო. შემდგომში ცნობილი გახდა, რომ ქალს ფრინველები აღარ ეხოცებოდა.
წმინდა ამბროსის არაერთი სნეული განუკურნავს. ავადმყოფებს ის ღირსი ტიხონ კალუგელის უდაბნოში გზავნიდა, წყაროზე. შეიძლება ითქვას, რომ წმინდა ტიხონი მამა ამბროსის ლოცვით კურნავდა მათ. ავადმყოფებს წმინდა ტიხონ ვორონეჟელთანაც გზავნიდა. ზოგჯერ სნეულები გზაშივე იკურნებოდნენ და სამადლობლად ბრუნდებოდნენ ოპტაში. ზოგჯერაც თითქოს ხუმრობით, თავზე დაუკაკუნებდა სტუმარს და მას სნულებაც გაუვლიდა. ერთხელ ლოცვისას მედავითნეს კბილი სტკიოდა და წიგნის კითხვაში ხელს უშლიდა. უეცრად მას მამა ამბროსიმ დაარტყა, ხალხს გაეცინა, იფიქრეს, შეცდომის გამო დატუქსაო. სინამდვილეში კი კაცს კბილის ტკივილმა გაუარა. იცოდნენ ღირსი მამის ეს ჩვევა და ზოგიერთი ეხვეწებოდა,-მამაო ამბროსი! მცემეთ, თავი მტკივაო.
ერთხელ წელში მოხრილი, ჯოხს დაყრდნობილი ღირსი ამბროსი სკიტში ბრუნდებოდა. უეცრად დატვირთული ურემი შეამჩნია. იქვე მკვდარი ცხენი ეგდო. პატრონი ცხარე ცრემლით ტიროდა-მარჩენალი ცხენის დაკარგვა გლეხისთვის დიდი უბედურება იყო. მამა ამბროსი მიუახლოვდა დაცემულ ცხენს, სამჯერ შემოუარა, მერე კუდზე მოჰკიდა ხელი და შესძახა: _"ადექი ზარმაცო!" ცხენი ფეხზე წამოდგა.
წმინდა ამბროსი ხალხს ანდაზებით, იუმორნარევი გამონათქვამებით ესაუბრებოდა. ასე მაგალითად:
"იქ სადაც უბრალოებაა-ასი ანგელოზია, ხოლო სადაც ბრძნობა-არცერთი".
"თავს ნუ იქებ, ბარდავ, რომ ლობიოზე უკეთესი ხარ: დალბები, შენაც გასკდები".
"მართალნი ზეციურ სასუფეველში პეტრე მოციქულს შეჰყავს, ცოდვილნი კი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს".
ყოველთა წმიდათა დღესასწაულზე ბერმა თქვა: "ყველანი ჩვენსავით ცოდვილნი იყვნენ, მაგრამ შეინანეს და შეუდგნენ რა ცხონების საქმეს, უკან არ მოუხედავთ, ლოთის ცოლივით". ნათქვამზე, ჩვენ ყველანი უკან ვიხედებითო, მამა ამბროსიმ მიუგო,-იმიტომაც გვერეკებიან როზგებითა და შოლტებით, ანუ მწუხარებებებით და უსიამოვნებით, რომ უკან არ მოვიხედოთ.
სხვათა განმკითხველებს კი უთხრა: "შესაძლოა მათ აქვთ ისეთი დაფარული სიკეთე, რომელიც გამოისყიდის ყველა ნაკლს. შენ დიდი ნიჭი გაქვს მსხვერპლის გაღებისა, მაგრამ უფალი ამბობს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. წყალობა ცოტა გაქვს... საკუთარ მსხვერპლს კი ხედავ და თავმაღლეობ. უფრო მეტად სულით დამდაბლდი. სიმდაბლე კი საქმეს შეცვლის... დაითმინე ყველა უსიამოვნება და ღმერთს მიენდე".
ღირს ამბროსის, ისევე როგორც სხვა წმინდანებს, შეეძლო, ძილსა თუ ცხადში გამოცხადებოდა და დახმარებოდა შორს მყოფ ადამიანებს.
სკიტელი მღვდელმონაზონი ბენედიქტე ყვებოდა:
-ქალბატონი კარბონერი მძიმედ იყო ავად და საწოლიდან ვერ დგებოდა. ერთხელ დაინახა, რომ მის ოთახში შევიდა მამა ამბროსი, საწოლს მიუახლოვდა, ხელი მოკიდა და უთხრა:-ადექი, გეყოფა, რაც გტკიოდაო. ქალი იმწამსვე იმდენად მოძლიერდა, რომ მეორე დღეს ფეხით წავიდა კოზელსკიდან შამორდინოში, სადაც მამა ამბროსი იმ დროს ცხოვრობდა და მადლობა შესწირა განკურნებისთვის. მამა ამბროსიმ იგი მიიღო, მაგრამ აკურთხა, რომ მის გარდაცვალებამდე ეს ამბავი არ გაემჟღავნებინა.
მამა ამბროსის კელიის წინ ყოველთვის უამრავი ხალხი ირეოდა. ერთი ფერგაცრეცილი დედაკაცი კუნძზე იჯდა და ყვებოდა, რომ დასნეულებული ფეხებით ვორონეჟიდან იმ იმედით ჩამოვედი, რომ მამა ამბროსი განმკურნავსო. თურმე საფუტკრეს რომ გამოცდა, მონასტრიდან შვიდ ვერსზე, გზა აერია და ატირებული დანამქრულ ბილიკზე დაეცა. ამ დროს ბერი მიუახლოვდა და ჰკითხა ტირილის მიზეზი, მერე კი გზა აჩვენა. ქალი იქითკენ წავიდა, ბუჩქები გადასწია და მონასტერიც დაინახა. თქვეს, უთუოდ მონასტრის მეტყევე იქნებოდაო. ამ დროს კელიიდან გამოვიდა მამა ამბროსის მორჩილი და იკითხა:-სად არის ვორონეჟელი ავდოტიაო. ყველანი დუმდნენ, ერთმანეთს უყურებდნენ. მორჩილმა შეკითხვა ხმამაღლა გაიმეორა და დაუმატა,-მამა ამბროსი ეძახისო. ჩემო საყვარლებო! ვორონეჟელი ავდოტია ხომ მე ვარო,-წამოიძახა ფეხმტკივანმა ქალმა და კელიაში შეიმალა. თხუთმეტი წუთის მერე ატირებული გამოვიდა და თქვა,-ბერიკაცი, რომელმაც ტყიდან გამომიყვანა, მამა ამბროსი იყო, ან ვინმე მსგავსიო. არადა მამა ამბროსი ზამთარში კელიიდან არ გამოდიოდა და მონასტერშიც არავინ გავდა მას. თანაც როგორ უნდა ცოდნოდა, ქალი სადაური იყო, როცა იგი სულ ახალი მისული იყო.
ღირსი ამბროსი სამჯერ ცხადში გამოეცხადა ერთ სოფლელ დედაკაცს, გააღვიძა და უთხრა, შენი ქმრის მოკვლას აპირებენო. ქალი გაიქცა ქმრისკენ და მართლაც გადაარჩინა სიკვდილს. ეს დედაკაცი შემდეგ ოპტაში ჩამოვიდა სამადლობელოდ.
აი, რა მოუყვა სერგი ნილუსს ბრმა ბერმა მამა იაკობმა:-ეს ამბავი 25 წლის წინ მოხდა. მაშინ კაბოსანი მორჩილი ვიყავი. ერთხელ ძალზე ამერია სული და მონასტრიდან წასვლა გადავწყვიტე. როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, იმის მაგივრად, რომ სულის მღელვარება მოძღვრისთვის გამემხილა, არადა ამ დროს მოძღვარი დიდი მამა ამბროსი გვყავდა, ყველაფერი გულში ჩავმალე და ბოლოს იქამდე მივედი, რომ არათუ მორჩილების, არამედ მონასტრის მიტოვებაც კი გადავწყვიტე. ეს აზრი დღითიდღე მიძლიერდებოდა და ერთხელ გადაჭრით ვთქვი:-წავალ! აქ არც მაფასებენ და მითვალთვალებენ კიდეც. აქ არც ჩემი ადგილია და ვერ ვცხონდები-მეთქი. ზაფხული იდგა. საღამოს ლოცვიდან დავბრუნდი კელიაში, საწოლზე ჩამოვჯექი და ვერც შევამჩნიე, ისე ჩამეძინა. ძილში ვხედავ, რომ ჩვენს მთავარ ტაძარში ვდგევარ. უამრავი ხალხი მიაწყდა ტაძრის მარჯვენა მხარეს, სადაც, ჩვეულებისამებრ, მთელი წელი გარდამოხსნაა დასვენებული. "წმინდა ტიხონ ზადონელის ნაწილთა თაყვანისსაცემად მიდიანო",-მითხრეს. გამიკვირდა-აქ რა უნდა, ის ხომ ზადონსკში განისვენებს-მეთქი. მაინც სხვებთან ერთად მივუახლოვდი კუბოს და მუხლი მოვიდრიკე, წამოვდექი საამბორებლად და უცებ ვხედავ, კუბოს სახურავი აიხადა და იქიდან თვით წმინდა ტიხონი წამოდგა. შეშინებული პირქვე დავემხე. თავი წამოვყავი და რას ვხედავ,-კუბოში წმინდა ტიხონი კი არა, ჩვენი მამა ამბროსია, ფეხზე კი არ დგას, ზის. უცებ ფეხები მიწაზე ჩამოუშვა, თითქოს ჩემს შესახვედრად წამოდგომა მოისურვა. "ეს რა ხდება?"-დაიქუხა მკაცრი ხმით. "შემინდე, მამაო, ღვთის გულისათვის", წავიბუტბუტე შეშინებულმა. "მომაბეზრე თავი ამ შენი "შემინდეთი"... შეძრწუნებულს გამომეღვიძა და ცისკრის ზარებიც დარეკეს. ტაძარში წავედი. ნეტავ რას ნიშნავს ეს სიზმარი-მეთქი... ნაწირვებს სკიტში წავედი მამა ამბროსისთან. ჩვეულებრივზე მეტი სტუმარი შეკრებილიყო. მის მესენაკე მამა იოსებ ვუთხარი,-მამა ამბროსის ნახვა მინდა-მეთქი. დღეს ალბათ ვერ მოახერხებ მის ნახვას,-მიპასუხა,-თანაც თავს ძალზე სუსტად გრძნობსო.
გადავწყვიტე, მაინც დავლოდებოდი. ხალხი კედელივით აღმართულიყო ჩემს წინ, მეგონა, ჩემი რიგი არასოდეს მოაწევდა. ყურში კი თითქოს მიჩურჩულებდნენ:-წადი, მაინც ვერ დაელოდები! უეცრად მამა ამბროსის ხმა მომესმა:-ივანე(ასე მეძახდნენ კაბოსან მორჩილს), სასწრაფოდ შემოდი ჩემთან!
ბრბო გაიყო. დასუსტებული მოძღვარი დივანზე მიწოლილიყო.
_ კარი მიკეტე,-მითხრა ძლივსგასაგონი ხმით. კარი დავხურე და მის წინ მუხლი მოვიდრიკე.
_ აბა, მითხარი, სიზმარში რა ნახე!-მკითხა მოძღვარმა.
გავოგნდი: სიზმრის შესახებ ხომ არავინ იცოდა. ამ სიტყვებთან ერთად მამა ამბროსი, თითქოს გამოცოცხლდაო, წამოიწია და მხიარულად ფეხები საწოლიდან ჩამოუშვა, ისე როგორც ჩემს სიზმარში. მოძღვრის დაფარულმცოდნელობით განცვიფრებულმა, კიდევ ერთხელ განვიცადე კეთილმოკრძალებული შიში და მის წინ პირქვე დავემხე.
_ რას შვრები?-მომესმა მოძღვრის ხმა.
_ შემინდე, მამაო, ღვთის გულისათვის,-წავიბუტბუტე.
_ მომაბეზრე თავი ამ შენი "შემინდეთი".
არა მამხილებლად, არამედ ალერსით იყო წარმოთქმული ეს სიტყვები. სახე ცრემლით მქონდა სველი. მამა ამბროსიმ ხელი თავზე ალერსიანად დამადო და მითხრა:-აბა, გონს როგორ უნდა მომეყვანე, შე სულელო?
სიზმარი აღარ მომიყოლია, არც იყო საჭირო"...
მადლმოფენილი. ღირსი ამბროსი სიცოცხლეშივე მრავალგზის უხილავთ ღვთაებრივი მადლით მოსილი. თვითმხილველები ჰყვებიან:
"ღირს ამბროსის გამოსაჩენად ლოცვა არ უყვარდა. ერთხელ, ღვთისმშობლისადმი სავედრებელი კანონის კითხვისას ერთმა სკიტელმა მონაზონმა, მამა ამბროსისთან შესვლა მოისურვა. მამა ამბროსის თვალები ზეცად ჰქონდა აღპყრობილი, სიხარულით სახე უბრწყინავდა, მასზე ისეთი კაშკაშა ნატელი განისვენებდა, რომ ამ მღვდელმონაზონმა მისი დათმენა ვეღარ შესძლო და გარეთ გამოვიდა".
მამა ამბროსის სახე ფერს იცვლიდა ძირითადად დილაობით, ლოცვის კანონის კითხვის დროს, ანდა მას მერე. ერთხელ მან დილით, ვიდრე ხალხის მიღებას დაიწყებდა, რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე ერთი ცოლ-ქმარი დაიბარა. ისინი მასთან კელიაში შევიდნენ. დიდბერი საწოლზე იჯდა, ხელთ სკვნილი ეპყრა. სახე ფერნაცვალი ჰქონდა. ბერი უეცრად განსაკუთრებით გაბრწყინდა და კელიაში ყველაფერი საზეიმოდ აელვარდა. სტუმრებმა თრთოლვა იგრძნეს და სული ბედნიერებით აევსოთ. მათ სიტყვაც კი ვერ წარსთქვეს, დიდხანს იდგნენ გონებაწარტაცებულნი და მოძღვარს უცქერდნენ. ირგვლივ სიჩუმე იდგა, მამა ამბროსიც დუმდა. როგორც იქნა, კურთხევისთვის მივიდნენ. ბერმა მდუმარემ გადასახა ჯვარი. წასვლისას ცოლ-ქმარმა კიდევ ერთხელ შეხედეს მოძღვარს და მეხსიერებაში აღიბეჭდეს დიდებული სანახავი. ფერნაცვალი ბერი კი კვლავ ჭვრეტაში იყო ჩაღრმავებული.
წმინდა ამბროსის ერთგულმა სულიერმა შვილმა გაიხსენა:
"მამა ამბროსი ხალხს ესაუბრებოდა და პირდაპირ ვიღაცას უცქერდა. უეცრად მის თვალთაგან მზის სხივის მსგავსი ორი სხივი გამოვიდა. ადგილს მივეყინე. ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე მამა ამბროსი იმ ვიღაცას უცქერდა".
"საღამოს ათ საათზე, ვიდრე ხალხს გაუშვებდა, მოძღვარმა ჩემს ქალიშვილთან ერთად მიმიხმო. როცა მის წინაშე მუხლი მოვიდრიკე, მითხრა:
-იძინეთ და განისვენეთ. ღამე მშვიდობისა.
შემეშინდა:
-ჩემო საყვარელო მამაო! ერთი წუთით მაინც დამტოვეთ მარტო, მე ხომ არაფერი მითქვამს-მეთქი.
მოძღვარმა დამტოვა. კელიაში კანდელი და პატარა სანთელი ენთო. ბნელოდა და ჩანიშნულ ცოდვებს ვერ წავიკითხავდი. ჩქარ-ჩქარა ვთქვი, რაც მომაგონდა და დავუმატე:-მამაო, აღარ ვიცი რაღა ვთქვა, რა შევინანო-დამავიწყდა-მეთქი. მოძღვარმა ამის გამო დამტუქსა. მერე კი უეცრად წამოდგა საწოლიდან, ორი ნაბიჯის გადადგმა და შუა კელიაში აღმოჩნდა. მეც, მუხლმოდრეკილი, უნებურად მისკენ მივტრიალდი. მოძღვარი წელში გაიმართა, თავი ასწია და ლოცვის მდგომარეობაში ხელები ზევით აღმართა. ფეხებით მოწყდა იატაკს და ჰაერში ზეაღიწია. ვუცქერდი მის გაბრწყინვებულ სახეს. მახსოვს, რომ კელიის ჭერი გაქრა. მოძღვარიც თითქოს თავით ზევით აიწია. ეს ყველაფერი ცხადად ვიხილე. ერთი წუთის მერე მოძღვარი ჩემსკენ დაიხარა, ჯვარი გადამსახა და ნანახით გაოცებულს მითხრა: "გახსოვდეს, აი, სადამდე შეიძლება მიიყვანოს კაცი სინანულმა. წადი!" ფეხათრევით გამოვედი, მთელი ღამე ჩემს უდებებასა და უგულისხმობაზე ვტიროდი. დილით საფოსტო ცხენები მოგვიყვანეს და გავემგზავრეთ. ბერის სიცოცხლეში ამის მოყოლა ვერავისთან გავბედე-გაფრთხილებული ვყავდი, ასეთ შემთხვევებზე, არავისთვის მომეთხრო:-იტყვი და ჩემს შეწევნასა და მადლს მოაკლდებიო.
შამორდინოს მონასტრის დაარსება და წმინდა ამბროსის გარდაცვალება. ოპტის უდაბნოდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს შამორდინოს დედათა მონასტერი, რომელიც წმინდა ამბროსის კურთხევით დაარსდა. თავიდან შამორდინოს მამული იყიდა წმინდა ამბროსის მორჩილმა, მდიდარი მემამულის ქვრივმა, რომელსაც მონაზვნობაში ამბროსია უწოდეს. დედა ამბროსიას ტყუპი შვილიშვილი ჰყავდა. ბავშვებს დედა მოუკვდათ, მამამ სხვა ცოლი მოიყვანა და პატარა გოგონებს ბებია ზრდიდა. სწორედ მათთვის ააშენა ბებიამ ამ მამულში სახლი, სადაც წმინდა ამბროსი ხშირად სტუმრობდა ხოლმე და ამბობდა,-აქ მონასტერი გვექნებაო.
შამორდინოში, პატარა ქალბატონებთან ერთად, დასახლდა დედა ამბროსიას ზოგიერთი ყოფილი ყმაც, რომლებიც ლოცვასა და მყუდროებას ეძებდნენ. სახლში სამონასტრო გარემო შეიქმნა. მოძღვრის კურთხევით, დედა ამბროსიამ გარშემო სამი აგარაკი შეიძინა "შვილიშვილებისთვის". ბავშვები განსაკუთრებული ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ, ხშირად ლოცულობდნენ, უყვარდათ ოპტის მონასტრის ღამისთევის ხანგრძლივ ლოცვებზე დასწრება. მოსაგრეობდნენ და ხორცის პირს არ აკარებდნენ, ვიდრე წმინდა ამბროსიმ არ დაარწმუნა ისინი, რომ ხორცი ეჭამათ. ბებიას ეშინოდა, ჯანმრთელობა შეერყევათო. რაზეც წმინდა ამბროსი პაუხობდა:-დაე ილოცონ, ისინი სუსტები არიან. დედაბერს არ ესმოდა, წმინდა მამის წინასწარმეტყველური ნათქვამისა. 1881 წელს დედა ამბროსია გარდაიცვალა. ბავშვებს ძალზე უყვარდათ ერთმანეთი. გული ღვთის სიყვარულით ჰქონდათ ავსებული. არაერთხელ უთქვამთ:-აღარ გვინდა, რომ თორმეტ წელზე მეტ ხანს ვიცხოვროთ, სიცოცხლეში კარგი არაფერი ჰყრიაო. 1883 წელს ორივე გოგონას ტიფი შეეყარა და გარდაიცვალა, მათი სიკვდილის მერე, ბებიის ანდერძით, ბავშვების მამულები ახალდაარსებულ დედათა სავანეს დარჩა. დედათა რიცხვმა კი მამა ამბროსის გარდაცვალების ჟამს ხუთასს მიაღწია. ყველა მონაზვნის აღსარებას თვითონ ვერ მიიღებდა, ამიტომ სულიერ შვილთა ნაწილი თავის სულიერ შვილს, ღირს ანატოლის (ზერცალოვი) გადასცა. ღირსი ამბროსი შამორდინოში ხშირად რჩებოდა, სიცოცხლის ბოლო წლებში საერთოდ იქ გადასახლდა. ძალზე ადარდებდა ოპტელი ბერების სულიერი დამრიგებელის გარეშე დარჩენა. ეპარქიის ხელმძღვანელობაც წუხდა ოპტიდან მისი წასვლის გამო, წმინდა ბერს ათასნაირი ცილიც კი დასწამეს. უკვე 1891 წლის დასაწყისში იცოდა მან, რომ მალე გარდაიცვლებოდა
ერთხელ ლექსი თქვა: "მეანდრას ნაპირზე, უკანასკნელ სიმღერას მღერის გედი". ჩვენ კი ეს სიმღერა ასე გადავაკეთოთ:-"შამანდრას ნაპირას უკანასკნელ სიმღერას მღერის გედი". თუმცა ვერავინ მიუხვდა ნათქვამს. სექტემბერის ბოლოს ყური ასტკივდა, გაცივდა კიდეც. თვალსა და ხელს შუა ილეოდა. ამასობაში, გაბრაზებულმა მღვდელმთავარმა გადაწყვიტა, თვითონვე ჩასულიყო და ბერი თავისი კარეტით ოპტაში წაეყვანა.
დედებმა ღირს ამბროსის ჰკითხეს,-როგორ შევხვდეთ მეუფესო.
_ ჩვენ მას კი არა, თვითონ შეგვხვდება!
_ რა ვუგალობოთ მეუფეს?
_ ჩვენ მას "ალილუიას" ვუგალობებთ.
მართლაც, როცა მეუფე მონასტერში შევიდა, წმინდა ამბროსი ტაძარში იყო დასვენებული და იქ მყოფნი "ალილუიას" გალობდნენ.
ათასობით ადამიანი მოაწყდა შამორდინოს მონასტერს. წვიმდა, მაგრამ სანთლები არ ქრებოდა. ცხედარი ოპტაში გადაასვენეს. პროცესია, შამორდინოდან ოპტამდე, ყველა სოფელში შეჩერდა და ლიტანია ყველგან გადაიხადეს..
წმინდა ამბროსის ხსება 10(23) ოქტომბერსაა დადგენილი, ხოლო ძველი სტილით 27 ივნისს (10 ივლისს) ეკლესია წმინდა ამბროსი ოპტელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეს ზეიმობს. ღირსი ამბროსი 1891 წელს მიიცვალა, მისი წმინდა ნაწილები კი 1998 წლის 27 ივნისს აღმოიყვანეს.
სასწაულები.
როცა ეურჩებოდნენ. ერთმა გლეხმა დაქორწინება გადაწყვიტა, რადგან მისი მოხუცი დედა დაუძლურდა, ოჯახს კი დიასახლისი სჭირდებოდა. მარიამობას მივიდა კურთხევისთვის მამა ამბროსისთან. მან ღვთისმშობლის საფარვლის დღესასწაულამდე ურჩია მოცდა. მოხუცი დედა უკმაყოფილო დარჩა მოძღვრის რჩევით. გლეხი პირველ ოქტომბერს მივიდა წმინდა ამბროსისთან. მან: "დაიცადე ნათლისღებამდე და მერე ვნახოთ". დედა საშველს არ აძლევდა. მივიდა ნათლისღებას და შესჩივლა,-დედაჩემის შემოტევას ვერ ვუძლებო. წმინდანმა უთხრა: "ვშიშობ, არ დამიჯერებ, ჩემი რჩევა კი ასეთია, რომ არ უნდა დაქორწინდე. დაიცადე და მერე ვნახოთ". გლეხი წავიდა და დაქორწინდა, ქორწინებიდან ორი თვის თავზე კი მოკვდა.
კოზელსკელ კაპიტონს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა, მარჯვე, ლამაზი. გადაწყვიტა, სადმე მსახურად დაეყენებინა. მიიყვანა შვილი კურთხევისთვის წმინდა ამბროსისთან. დიდბერმა მოუწონა განზრახვა და ურჩია, კურსკში გაეგზავნა. კაპიტონი შეეწინააღმდეგა:-კურსკში ნაცნობი არავინ მყავს, მაკურთხეთ, რომ მოსკოვში გავუშვაო. წმინდანმა ხუმრობანარევი ტონით უთხრა:-მოსკოვში ცხვირში ურტყამენ და დაფებით დაამტვრევენ, კურსკში წავიდესო. კაპიტონმა შვილი მაინც მოსკოვში გაუშვა, სადაც მან მშენებლობაზე კარგი სამუშაო იშოვა. უეცრად მაღლიდან დაფები ჩამოცვივდა, ყმაწვილს ფეხებზე დაეცა და მოტეხა. მაშინვე დეპეშით ამცნეს მამამისს. ატირებული კაცი მამა ამბროსისთან მივიდა, მაგრამ ის რაღას უშველიდა. ავადმყოფი შვილი მოსკოვიდან წამოიყვანა. ბიჭი დიდხანს იტანჯებოდა, თუმცა ჭრილობები შეუხორცდა, მაგრამ სამუდამოდ ხეიბრად დარჩა.
ძილში განკურნა. კაშირის დედათა მონასტრის მონაზონი დედა ილარიონა ყვებოდა: "ნიკოლოზობამდე ორი დღით ადრე ცუდად ვიყავი. ვწუხდი, რომ სნეულების გამო კელიაში უნდა ვმჯდარიყავი და ტაძარში ლოცვას ვერ დავესწრებოდი. ავადმყოფი საღამოს ათ საათზე ლოგინში ჩავწექი და ჩავიძინე. ძილში ვხედავ: მოვიდა ჩემთან მამა ამბროსი და მეუბნება: "დროზე ადრე რას სწუხარ?-და ისე ძლიერ გამარტყა, რომ ყურიდან სისხლი წამსკდა. მერე დაუმატა,-წადი, სულელო, ტაძარში, დღესასწაულებს დაესწარი!" გამომეღვიძა, ბალიშისპირი და ხალათი სისხლით იყო მოთხვრილი. იმავე წამს თავი სრულიად ჯანმრთელად ვიგრძენი და ავადმყოფობის კვალიც არ დამრჩა".
სწავლებანი.
გაგაცნობთ ღირსი ამბროსის მცირე სწავლებებს:
ერისკაცთათვის ყველა ბოროტების სათავე ვერცხლისმოყვარებაა, ხოლო მონაზონთათვის-თავმოთნეობა.
ადამიანი ხოჭოსავითაა: როცა თბილი დღეა და მზე ანათებს, ის დაფრინავს, საკუთარი თავით ამაყობს და ზუზუნებს: "მთელი ტყე ჩემია, მთელი მინდორი ჩემია!" როცა მზე მიიფარება, აცივდება და ქარი დაუბერავს, ხოჭო დაივიწყებს თავის სიმამაცეს, ფოთოლს მიეკვრება და იწყებს წრიპინს: "არ ჩამოვარდე".
ვინც ხორცით უძლურია და მრავალგზის შეუცოდავს, დაე სიმდაბლის გზით წავიდეს.
იყავი ბრძენი, ვითარცა გველი (მათე 10,16). გველს როცა ძველი ტყავის გამოცვლა უნდა, ძალზე ვიწრო ადგილას გაძვრება და ამგვარად მოიშორებს მას. ასევე, ადამიანმაც, ვისაც თავისი ძველი კაცის მოშორება უნდა, სახარებისეული მცნებების აღსრულების ვიწრო გზით უნდა იაროს.
სულიერი სიბრძნე სიმდაბლით, ღვთის შიშით, სინდისის დამარხვით და განსაცდელების ჟამს მოთმინებით მოიპოვება.
ძველ ქრისტიანებს მტერი წამებით გამოსცდიდა, ახლანდელებს კი სნეულებითა და გულისთქმებით.
წმინდა ამბროსის წერილებიდან
"იცოდე, მამათა ნაწერებისამებრ, ისე არაფერს აღუდგება წინ მტერი, როგორც იესოს ლოცვას. ამიტომაც იპყარ იესოს ლოცვა, არ დაუტევო, განაგრძე მისი წართქმა ღვთის მოწყალებისა და შეწევნის იმედით. ძლერი უფალი და ზეციური დედოფალი დაგვიცავენ ჩვენ, სულიერი მტრის მიერ მოწევნული ბოროტებისა და განსაცდელებისაგან".
"ბაგისმიერი ლოცვისგან ხიბლში არავინ ჩავარდნილა, გონებისმიერი, გულისმიერი ლოცვა კი დამოძღვრის გარეშე სახიფათოა". ასეთი ლოცვა მოითხოვს დამოძღვრას, ურისხველობას, მდუმარებას და ყოველი უსიამოვნო შემთხვევისას საკუთარი თავის თავმდაბლურად განკითხვას. და რადგანაც გვაკლია მოთმინება, ურისხველობა და სიმდაბლე, ამიტომ ბაგეებით ლოცვა გვმართებს".
"ჩივი, რომ ხმაური იესოს ლოცვაში ხელს გიშლის. რას იზამ, როცა კინოვიაში ცხოვრობ, შეუძლებელია სრულიად განეშორო ხმაურსა და საზრუნავს. ასევე მწერ, რომ ხშირად ბაგისმიერი ლოცვა არ ძალგიძს, გონებისმიერი ლოცვის დაწყებისა კი გეშინიან, ვაითუ ხიბლში ჩავვარდეო. წმინდა გრიგოლ სინელი "სათნოებისმოყვარების" მე-7, უკანასკნელ თავში ხიბლზე ამგვარად სწერს: "ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს არც ამოოხვრის და არც ღვთის მოწოდების. თუ ზოგიერთებს გონება აერიათ და გზას აცდნენ, იცოდე, ეს სიამაყისა და თვითნებობის გამო ევნოთ. რამეთუ ვინც სხვების რჩევის დაჯერებით და სიმდაბლისმოყვარებით ეძიებს ღმერთს, მას არაფერი ევნება მადლით იესო ქრისტესი, რომელსა ნებავს ყოველი კაცის ცხონება. თუ ღვთის დაშვებით, ასეთი განსაცდელი შეემთხვევა, ეს იქნება მისი გამოცდისა და გვირგვინით შემკობისთვის ხდება, რომელსაც თან ახლავს შეწევნა ღვთისა. რამეთუ ვინც სიმართლით ცხოვრობს და ყველას პირუთვნელად ექცევა, განეშორება კაცთმოთნეობასა და მედიდურებას, მაშინ, როგორც მამები ამბობენ, თუნდაც აღდგეს მის წინააღმდეგ ეშმაკთა მრავალრიცხოვანი არმია, ვერაფერს ავნებენ. ხოლო ვინც თვითნებობითა და თავისი თავის იმედით მოქმედებს, ვნებასაც ადვილად შეემთხვევა".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი