ღირსი მატრონა კონსტანინეპოლელი - 09 (22) ნოემბერი
ღირსი მატრონა კონსტანინეპოლელი - 09 (22) ნოემბერი
ღირსი დედა მატრონა დაიბადა პამფილიის ქალაქ პერგეში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. მიათხოვეს დომიციანეს, ცნობილ და პატივცემულ კაცს. მათ შეეძინათ ერთადერთი ქალიშვილი, თეოდოტია.
ერთხელ, მატრონა ქმართან ერთად ქალაქ ბიზანტიონში წავიდა. მოილოცა იქაური ტაძრები. აქ გაიცნო ერთი ქალწული, ევგენია, რომელიც მარხვით და ლოცვით განიწმინდავდა თავს და უფლის სასძლოდ ემზადებოდა. მისი მიბაძვით მატრონაც დილიდან საღამომდე ეკლესიას არ შორდებოდა, ევედრებოდა უფალს, გაეთავისუფლებინა ცოლქმრობის უღლისაგან, რათა მხოლოდ მისთვის ემსახურა. ქმარი დაეჭვდა, ხომ არ მღალატობსო და გარეთ გასვლა აუკრძალა. ამაოდ ეხვეწებოდა ხოლმე მატრონა, ეკლესიაში გამიშვიო. როგორც იქნა, დაითანხმა. ქალი მოციქულთა სახელობის ეკლესიაში საღამომდე გულმხურვალედ სთხოვდა უფალს მარტოობას. საღამოს დარაჯმა ყველას ტაძრის დატოვება მოსთხოვა, რათა კარები დაეკეტა. გამოვიდა მატრონაც, მაგრამ შინ წასვლის მაგიერ კარიბჭეში დარჩა. ქალწულმა სუსანამ, რომელსაც სიყრმიდანვე განეკუთვნებინა თავი უფლისთვის, იქვე, თავის კელიაში წაიყვანა. მთელი ღამე საუბარში გალიეს. დილით მატრონამ დედა ევგენიას მიაკითხა. მან ურჩია, - შვილო, პირველ რიგში შენს პატარა ქალიშვილზე უნდა იზრუნო. უდედოდ გაუჭირდებაო. მატრონამ უპასუხა, - ჩემს ქალიშვილს ვაბარებ პირველად ღმერთს და მერე დედა სუსანას, მე კი მონასტერში წავალო. ასეც მოიქცა.


დაღლილ მატრონას მიეძინა. ძილში ხედავს, მირბის და უკან ვიღაც კაცი მისდევს. საცაა, დაეწეოდა, მაგრამ უცნობმა ბერებმა შეიფარეს. ამ ხილვის შემდეგ მიხვდა, რომ მამათა მონასტერში უნდა ეცხოვრა, ასე თუ დაემალებოდა ქმარს. მოიკვეცა თმა, ჩაიცვა საჭურისის სამოსი და მოციქულთა ტაძარში დედა ევგენიასთან წავიდა. სურდა შეეტყო ღვთისთვის სათნო თუ იყო მისი განზრახვა. ილოცა, სახარება გადაშალა უფლის ნების შესატყობად და შემდეგი მუხლი ამოიკითხა: "ვისაც უნდა შემოდგომად ჩემდა უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე" (მათე, 16.24). ეს სიტყვები ღვთისაგან კურთხევად მიიღო წმინდა მატრონამ, დედა ევგენიას ხელზე ემთხვია, დაემშვიდობა და მამათა მონასტერში წავიდა. წინამძღვარს, ღირს ბასიანეს (მისი ხსენება 10 ოქტომბერსაა) თავი საჭურის ბაბილად წარუდგინა და მონასტერში მიღება სთხოვა. დიდად იღვწოდა მარხვით და ლოცვით წმ. მატრონა. დუმილსაც მკაცრად იმარხავდა, მისი დედაკაცობა რომ არ გამჟღავნებულიყო. ძმები ჰკვირობდნენ მის კეთილმოღვაწეობას და სრულყოფილ ბერს უწოდებდნენ. ბერი ბაბილა, როგორც მთვარე ვარსკვლავთ შორის, განირჩეოდა ძმათაგან თავისი ბრწყინვალებით. ერთხელ ძმებთან ერთად როცა ბაღში მუშაობდა, ერთმა ბერმა ბარნაბამ, ცნობისმოყვარეობით შეხედა მას სახეზე და ჰკითხა: ყურები რატომ გაქვს გახვრეტილიო. წმინდანმა კი უთხრა: სჯობდა, ძმაო, მიწა დაგემუშავებინა და სხვისი სახისთვის არ გეცქირა, რადგან ეს ბერს არ შვენის. მაგრამ რადგან გახვრეტილი ყურები დამინახე და მიზეზს მეკითხები, გეტყვი, ყრმა რომ ვიყავი, ძალზე ვუყვარდი ჩემს აღმზრდელს, ძვირფასეულობით მამკობდა და ამიტომაც გამიხვრიტა ყურები საყურეებისთვისო. ეს კი სთქვა, მაგრამ გული შიშით აევსო წმინდანს. დიდხანს იფიქრა, ბოლოს, წამოდგა და უფალს შესთხოვა: "უფალო, შენი კურთხევით მოვედი ამ მონასტერში და უკან დაბრუნების სურვილიც არ მქონია. დამიფარე. ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე. დაე, ნუ ვიქნები სირცხვილეული შენი მსასოებელი". მაგრამ მოხდა სრულიად საპირისპირო რამ, წმინდა ბასიანეს გამოეცხადა ვინმე ბერი და სამჯერ გაუმეორა: შენს მონასტერში მოღვაწე ბერი ბაბილა დედაკაციაო. ამგვარი რამ იხილა მამა აბრაამის მონასტრის წინამძღვარმა წმინდა არტემმაც. მამა ბასინემ უხმო ძმებს და თავისი ხილვა მოუთხრო.

ამასობაში მამა არტემის ეპისტოლეც მოუვიდა, სადაც თავის სიზმარს უყვებოდა. ჭეშმარიტებაში რომ დარწმუნებულიყო, მამა ბასიანემ სახარება გადაშალა და ასეთი რამ წაიკითხა: "რას ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისი? ვამსგავსო იგი ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა ვიდრემდის აღაფუვნოს ყოველი" (ლუკა, 13. 20-21). რომ დარწმუნდა ხილვის სინამდვილეში, მოიხმო თავისთან წმინდა მატრონა და გაბრაზებულმა ჰკითხა: - ჰოი, დედაკაცო, რატომ მოხვედი, როგორ გაბედე ბერებთან ცხოვრება? საცოდავო, ჩვენი ცთუნება გინდა? მოულოდნელმა მხილებამ და ბერის მრისხანებამ შეაშინა მატრონა, მის წინ მუხლებზე დაემხო და მდაბლად უთხრა: - არცა ვინმეს საცთუნებლად მოვსულვარ, არამედ თვითონ გავურბივარ ეშმაკის საფრთხეს, ამიტომაც მოვსულვარ ქრისტეს ბაგაში შენს ცხვრებთანო. წინამძღვარმა კვლავ მკაცრად ჰკითხა: - შენ, დედაკაცი, როგორ ბედავდი თავსაფარმოხდილი ზიარებას და შემდეგ ძმათა ამბორისყოფასო. რაზეც წმინდანმა მიუგო: როცა უფლის სისხლსა და ხორცს ვიღებდი, თავსაბურავს ბოლომდე არ ვიხსნიდი, ხოლო ძმებს კი, ვითარცა უვნებო ანგელოზებს, ისე ვეამბორებოდი ხოლმეო. გაუკვირდა წინამძღვარს მისი ბრძნული პასუხი და ესღა ჰკითხა: - დედათა მონასტერში რატომ არ მიხვედიო. მაშინ წმინდა მატრონამ თავისი ცხოვრება დაწვრილებით მოუთხრო. წმინდა ბასიანე განცვიფრდა ქალის საღმრთო მოშურნეობით. უთხრა: - წარვედ, შვილო და სარწმუნოებამ შენმან გაცხოვნოს შენ.


წმინდა ბასიანემ სულიერი რჩევები მისცა მატრონას, მერე კი კვლავ სუსანასთან გაგზავნა, თანაც დაპირდა, რომ მასზე იზრუნებდა. ამ დროს გარდაიცვალა მატრონას ქალიშვილი. სახიერმა ღმერთმა თავისი მხევალი მატრონა გაათავისუფლა საზრუნავისგან და ასული მისი ამ სოფლისგან ჯერშეურყვნელი წაიყვანა. წმინდა მატრონა კი სუსანასთან იმალებოდა.


ქმარი ყველგან ეძებდა მას. მოიარა მრავალი ქალაქი და მონასტერი. შეიტყო, რომ ბასიანეს მონასტერში ვინმე დედაკაცი იმალებაო. მიხვდა, მისი ცოლი იქნებოდა. მიადგა მონასტერს, კარებზე ბრახუნი ასტეხა და ყვირილი დაიწყო: - ძალიან მაწყენინეთ, ბერებო. აცდუნეთ ჩემი ცოლი და მონასტერში დაიტოვეთ. განა ასე უნდა ცხოვრობდეთ, განა ასეთი უნდა იყოს მონაზონი? რატომ განყოფთ მათ ვინც ღმერთმა შეაერთა. დამიბრუნეთ ცოლი, ჩემი ცხოვრების თანამგზავრიო. ბერებმა მიუგეს: - ჩვენს მონასტერში დედაკაცი არასოდეს შესულა და აქ არც შენი ცოლი ყოფილა. გვყავდა ერთი საჭურისი მონაზონი, სახელად ბაბილა და დიდი ხნის წმინდა ადგილების მოსალოცად იერუსალიმში წავიდა. ახლა სად არის, ღმერთმა იცისო. დამწუხრებული წავიდა ქმარი. ნეტარი ბასიანე კი ჩაფიქრდა: - თვით ღმერთმა მოუწოდა ამ დედაკაცს თავისი სამსახურისთვის, გააშორა ეჭვიანსა და უწესო ქმარს და მე, უღირს ჩამაბარა. მე კი მისი საიდუმლო სხვებსაც ვუთხარი. ქმარმა რომ იპოვოს და ღვთის სათნო გზას ჩამოაშოროს, ხომ მე ვიქნები დამნაშავეო. ღირსი მამები მოიწვია სათათბიროდ: "ძმებო, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მონასტრიდან წასულ დაზე. თუმცა დედაკაცია, მაგრამ იგი ჩვენს ძმობაში იყო ჩაწერილი. ვიზრუნოთ, რომ მან სულის ხსნისთვის იღვაწოს და არ სძლიოს მტერმა ამა სოფლის სიყვარულით". დიაკვანმა მარკელაოზმა უთხრა: ჩემი ქალაქის, ემესას (ქალაქი ასურეთში, - კ.კ.) დედათა მონასტერში ჩემი და არის მონაზვნად. მოდი, მასთან გავაგზავნოთო. ასეც მოიქცნენ. აქაც ჩვეულებისამებრ განაგრძო ღვთივსათნო ცხოვრება წმინდა დედამ, სიმდაბლით, მარხვით, ლოცვით, მდუმარებით ყველას წარემატა. ყველასთვის მაგალითი იყო და ამიტომაც მონასტრის წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ იღუმენიად წმინდა მატრონა აირჩიეს.


ამ დროს ემესაში ერთი კაცი მინდორს ხნავდა. დაინახა, მიწის სიღრმიდან ცეცხლი ამოდიოდა და ემესას ეპისკოპოსს შეატყობინა. მღვდელმთავარმა ეს ღვთის მინიშნებად მიიჩნია. სამღვდელოებასთან ერთად გათხარა მიწა და აღმოაჩინეს ჭურჭელი, რომელშიც მთელი საქრისტიანოს უდიდესი განძი - წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი იყო ჩაბრძანებული. ეს ამბავი მალევე მთელ ემესას მოედო. წმინდა იოანესთვის თაყვანისაცემად სხვებთან ერთად მივიდა წმინდა მატრონაც მონაზვნებითურთ. წმინდანის თავიდან მირონიც მოედინებოდა, რომელსაც სამღვდელონი იქ მყოფთ სხეულზე სცხებოდნენ. წმინდა მატრონამაც მცირე ჭურჭელში მოაგროვა მირონი, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვეღარ გამოაღწია. დაინახეს, ხელთ წმინდა მირონი ეპყრა და ჯერ ერთმა სთხოვა ეცხო მისთვის, მერე კი სხვებმა. ამ დროს ერთი ბრმაც განიკურნა. ეს სასწაული ხალხმა არა მარტო წმინდა იოანეს, არამედ წმინდა მატრონას სიწმინდესაც მიაწერა, რადგან ბრმადშობილი მხოლოდ მის ხელთაგან განიკურნა.


დიდი ხნის შემდეგ დომიტიანემ შეიტყო, რომ მისი ცოლი ემესაში იყო და მიაშურა. რადგან მონასტერში არავინ შეუშვებდა, ვინმე დედაკაცი მოისყიდა და წმინდა მატრონას მიუგზავნა. ერთი კაცი მოვიდა შორი ქვეყნიდან, მას თურმე შენს სიწმინდეზე სმენია და კურთხევას ითხოვს თქვენგანო, - უთხრა ქალმა. წმინდა მატრონამ დედაკაცს გამოჰკითხა, როგორი იყო აღნაგობით ის კაცი. მიხვდა, მისი ქმარი მოსულიყო და მოციქულს უთხრა, - იმ კაცმა შვიდი დღე დამიცადოს და მერე შევხვდებიო. მატრონა იმავე ღამეს იერუსალიმში გაემგზავრა. შვიდი დღის ლოდინის შემდეგ დომიტიანე მონასტერში მივიდა, მას იქ მხოლოდ დამწუხრებული მონაზვნები დახვდნენ, რომლებიც არ იცოდნენ, სად შეიძლება წასულიყო იღუმენია. დომიტიანე ამ ამბავმა უფრო ააფორიაქა, ჯერ გარშემო სავანეები მოიარა, მერე კი იერუსალიმში წავიდა. ყველგან ცოლს დაეძებდა. ერთ ადგილას შემთხვევით შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ წმინდა მატრონამ მოახერხა მიმალვა. განცვიფრდა ქმრის სიჯიუტით, ამიტომ სინას მთაზე გაიხიზნა. იქაც რომ მიაგნო ქმარმა, ბერიტოსში (დღევადელი ბეირუთი) გადაიხვეწა და ცარიელ წარმართულ საკერპოში დასახლდა. ეშმაკებმა მისი დაშინება სცადეს ესხმოდნენ თავს მაგრამ ღირსი დედა ჯვრის ნიშით და ფლსამუნთა გალობით განიოტებდა მათ. ამ წარმართულ საკერპოში წმინდა დედას პურის თავთავებით ივებებოდა, სასმელად ჰქონდა იქვე სასწაულებრივად მისთვის წამოდენილი წყაროს წყალი.
ერთხელ, ლამაზ ქალად გარდასახული ეშმაკი წმინდა მატრონასთან მივიდა, - ჩემო ქალბატონო, რატომ აირჩიე ცხოვრების ამგვარი წესი, ამ უდაბნოში ხორციელ მოთხოვნილებას ვერაფრით დაიკმაყოფილებ. ახალგაზრდა და ლამაზი ხარ, შეიძლება ვინმემ შენზე ძალა იხმაროს და ვერავინ მოგეხმარება. გამომყევი ქალაქში, მოგიძებნი სახლს, სადაც განმარტოებით შესძლებ ცხოვრებასო. წმინდა მატრონა მიხვდა, რომ მის წინ ეშმაკი იდგა და ჯვრის ნიში გამოისახა. ეშმაკი ახლა დედაბრად გადაიქცა და წმინდანისკენ განრისხებულმა გაიწია. მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია. იდგა და ლოცულობდა - ეშმაკიც იმავე წამს გაქრა.


ეშმაკთა თავდასხმის შემდეგ უფალი თავის სათნომყოფელს სღმრთო გამოცხადებებით ანუგეშებდა და სხვათა მასწავლებლად მისი დადგინება ინება. ერთხელ ბეირითელმა სამმა ქრისტიანმა საღამოხანს საკერპოსთან გაიარა. იხილეს მლოცველი წმინდა მატრონა. ეს სხვებს უამბეს და მრავალმა იწყო მასთან სიარული. დედებს და ქალწულებს მასთან ცხოვრების სურვილი გაუჩნდათ, პირველად წარმართი სოფრონია დაემოწაფა მეგობართან ერთად. წმინდანმა სოფრონიას ქრისტე უქადაგა, მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. სოფრონია ბერითის ეპისკოპოსის ხელთაგან მოინათლა და ღირს დედასთან დასახლდა. წარმართული საკერპო ავაზაკთა ბუდიდან ქრისტეს სასძლოთა სავანედ გადაიქცა, წმინდა მატრონასთან შემდეგ ევქეა მოვიდა. ის საკერპოს ქურუმი იყო და ქალწულებას იმარხავდა. ისიც ქრისტესკენ მოიქცა. ამასობაში რომელიღაც წარმართული ღმერთის დღესასწაული დადგა, მოიკითხეს წარმართებმა საკერპოს ქურუმი, რომელსაც მათთვის მსხვერპლი უნდა შეეწირა. როცა გაიგეს, ევქეა მატრონასთან დასახლდაო, მიაკითხეს. ჰოი, ქალწულო, რად უარყავ წარმართული ღმერთები, - შესჩივლეს. ევქეას მათი ხილვაც კი არ უნდოდა. ახლობლებმა ალერსით სცადეს მისი წამოყვანა. მერე დაიმუქრნენ - თუ არ წამოხვალ, ხვალ დილით მოვალთ, ავანთებთ სამსხვერპლოს და ყველას დაგწვავთო. როცა ისინი წავიდნენ, წმინდა მატრონამ გამართა სამსხვერპლო და კაცი გაუგზავნა წარმართებს: უკვე მზად არის ცეცხლიც და შეშაც, მოდით და დაპირება აღასრულეთ. დაგვწვით, რათა ვიყოთ კეთილსურნელოვანი საკმეველი ჩვენი უფლისთვისო.

წარმართები განაცვიფრა ქრისტიანთა სიმამაცემ, რომლებიც მზად იყვნენ მომკვდარიყვნენ თავის უფლისთვის და აღარ მისულან.


ამასობაში წმინდა მატრონას თხოვნით ეპისკოპოსის მიერ გამოგზავნილმა მღვდელმა მონათლა და ქრისტეს სამწყსოს შერთო ევქეა და ისიც, წმინდა მატრონას სხვა მორჩილებთან ერთად, მარხვით და ლოცვით სულს განისვენებდა. დღედაღამ იღვწოდა წმინდა მატრონაც, თავისი დარიგებებით მრავალი მოაქცია. ერთხელ თავისი სულიერი მამის, ბასიანეს ნახვა განიზრახა, მაგრამ კონსტანტინოლში წასვლა ვერ გადაეწყვიტა, რადგან მისი ქმარიც იქ ცხოვრობდა. მაგრამ იმასაც ეშინოდა, ბერითში სახელი გამივარდა და ვაითუ ქმარმა აქაც მომაგნოსო. ამიტომ ალექსანდრიაში ანდა ანტიოქიაში წასვლას ფიქრობდა. ღვთის მინიშნებით - კონსტანტინოპოლში უნდა წასულიყო. როცა სავანის დებმა წმინდა დედის სურვილი შეიტყვეს, დამწუხრდნენ. ჯერ ღვთის სჯულში არ განვმტკიცებულვართ, რატომ დატოვებ ახალ ნერგებს. დედაო, თან წაგვიყვანეო, - ევედრებოდნენ. გაამხნევა სულიერი შვილნი წმინდა მატრონამ, მათზე მზრუნველად ეპისკოპოსის მიერ გამოგზავნილი ორი დიაკონისა დაადგინა, თვითონ კი მოჰკიდა ხელი სოფრონიას და კონსტანტინოპოლში წავიდა.


დიდად გაიხარა წმინდა ბასიანემ მისი ხილვით, მის წინ ქმარს განრიდებული დედაკაცი კი არა, სათნოებებით აღსავსე დედა იდგა. დომიტიანეც გარდაცვლილიყო და წმინდა მატრონას კონსტანტინოპოლში უკვე თავისუფლად შეეძლო ეცხოვრა. წმინდა ბასიანემ ბერითის ეპისკოპოსს წერილით წმინდა მატრონას მოწაფე დედათა გამოგზავნა სთხოვა. მალე ყველა ჩამოვიდა კონსტანტინოპოლში.


წმინდა მატრონა მაგალითი იყო ყველასთვის ღვთის სათნო ცხოვრებისა. მრავალი ერისკაცი მიდიოდა მასთან სულიერი რჩევისთვის, ერთხელ თვით იმპერატორ ლევ დიდის მეუღლე ვერინაც ეწვია და გაიზიარა მისი მწირი ტრაპეზი. მრავალი სნეული მისი ლოცვით იკურნებოდა. ერთი დიდებული ქალი, ეფემია, მეუღლე ეპარქი ანთიმოზისა, უკურნებელი სენით იყო ავად. მივიდა დედა მატრონასთან, მისი ხელი მტკივან ადგილებზე დაიდო და იქვე სრულიად განიკურნა. მადლიერმა ქალმა სამადლობელოდ დიდი მონასტერი ააშენა და ვიწრო სენაკებიდან იქ გადავიდნენ ქრისტეს სასძლოები. მალე წმინდა მატრონას ღვთისაგან ეუწყა, რომ აღესრულებოდა. მან სამოთხე იხილა მშვენიერი ბაღის სახით, სადაც დიდებული სასახლე იდგა. "აი, შენი სახლი, მატრონა, რომელიც ღმერთმა განგიმზადა მოვედ და იცხოვრე აქ", - უთხრეს ძილში. წმინდა დედამ მოიხმო სულიერი შვილები, დალოცა, ანუგეშა, ბოლო დარიგებაც წარმოთქვა. დაიკრიფა გულზე ხელები და სული თვისი ჩააბარა უფალს. მაშინ წმინდა დედა ასი წლისა გახლდათ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat