ეფრემ ასური მესოპოტამიის ქალაქ ნიზიბიაში დაიბადა 306 წელს. მისმა წინაპრებმა, იმპერატორ დიოკლეტიანეს მეფობის დროს, იმპერიის აღმოსავლეთ ეპარქიებში გაჩაღებული დევნის პერიოდში, სამსჯავროს წინაშე აღიარეს ქრისტე.
"ჩემი წინაპრები წამებულნი იყვნენ, ჩემი მამები ქრისტეს მსაჯულის წინაშე აღიარებდნენ; მე მოწამეთა ნათესავი ვარ", - ამბობდა ეფრემი. თავისი წინაპრების ამ კეთილ აღიარებას ღირსი ეფრემი აღნიშნავდა, როგორც ქრისტეს მიმართ სიყვარულის საოჯახო წვლილს და თავს ვალდებულად თვლიდა, რომ თავადაც მათ კვალს გაჰყოლოდა.
მშობლები - ღარიბი მიწათმოქმედები - კეთილმსახურებით ზრდიდნენ, უფლის შიშს უნერგავდნენ შვილს. ეფრემი თავისი სიჭაბუკის წლებზე ამბობდა: "მე უკვე მადლის თანაზიარი ვიყავი; ქრისტეზე დამოძღვრა მამებისაგან მივიღე. ჩემმა ხორციელმა მშობლებმა უფლის შიში ჩამინერგეს. ვხედავდი კეთილმსახურებით მცხოვრებ მეზობლებს, მესმოდა ქრისტესთვის წამებულთა ამბები". ახალგაზრდობაში, გამოუცდელობისა და დაუფიქრებლობის გამო, იგი იზიარებდა მცდარ მოსაზრებას - ყოველივე ამ სამყაროში შემთხვევითობის შედეგად ხდება და არ არსებობს არანაირი საღმრთო განგებულება, რომელიც მართავს და განაგებს სამყაროს. მას შემდეგ, რაც ეფრემი უარს ამბობს უფალზე, ამ მცდარი აზრის გამო უყურადღებო და უგუნურ ახალგაზრდას საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს, რაც იმის საფრთხეს ქმნიდა, რომ მასში სრულიად აღმოფხვრილიყო ღვთიური განგებისადმი რწმენა. თუმცა, უფლის სიკეთე არ ტოვებს "რჩეულ ჭურჭელს". განსაცდელთან ერთად მას გამოსავალსაც უჩვენებს.
რა თქმა უნდა, იმდენად გადამრჩენელია ის გამოცდილება, რომელიც ღირსმა ეფრემმა შეიძინა ამ განსაცდელისაგან, რომ იგი ხშირად უბრუნდება ამ განსაცდელს სწორედ იმისათვის, რომ დაეხმაროს ძმებს, რომლებიც უფლისგან ხსნას ითხოვენ. წმინდანი თავის სიტყვაში, "საკუთარი თავის კონტროლი", მოიხსენიებს საშინელ განსაცდელსა და ღვთიური ნების სასწაულ ჩარევას. უფალი უშვებს, რომ მიუხედავად მისი უდანაშაულობისა, იგი ცხვრების ქურდობაში დაადანაშაულონ და დააპატიმრონ ორ სხვა ასევე უდანაშაულო ადამიანთან ერთად. ეფრემი შვიდი დღე და ღამე პატიმარია, ხოლო მერვე დღეს ხედავს სიზმარში ვიღაცას, რომელმაც მას თავმდაბლობა, სინანული და განგებულების მიმართ სიმშვიდე ურჩია. მოვლენებმა, რაც ამის შემდეგ მოხდა, ისე გააკვირვა წმინდანი, რომ არათუ მხოლოდ უარყო ის მცდარი აზრი, რაც მანამდე ღვთიური განგებულების შესახებ გააჩნდა, არამედ მაშინვე გადაწყვიტა, მიეტოვებინა ამქვეყნიური ცხოვრება და გამგზავრებულიყო იმ მთებისკენ, სადაც განდეგილები იმყოფებოდნენ. სწორედ იქ გახდა იგი სულიერ და ასკეტურ ცხოვრებაში გამოცდილი ნიზიბიის ეპისკოპოს წმინდა იაკობის მოწაფე. მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა და სულიერებაშიც წარემატებოდა.
იაკობი მის ღირსებებს ეკლესიის საკეთილდღეოდ იყენებდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებელში. წმინდა იაკობმა, როგორც ნიზიბიის მღვდელმთავარმა, ნიკეის მსოფლიო კრებაზე (325 წელს) თან წაიყვანა თავისი გამორჩეული მოწაფე, რომელიც მაშინ ცხრამეტი წლის იყო.
ეფრემ ასური და წმინდა ბასილი დიდი
ბასილი დიდის სახელი მთელ მაშინდელ ქრისტიანულ სამყაროში გახდა ცნობილი. ამ ხმამ ეფრემ ასურამდე მიაღწია, რომელიც უდაბნოში მოღვაწეობდა. ეფრემი ევედრა უფალს, რათა გამოეცხადებინა მისთვის, ვინ იყო ბასილი დიდი ღვთის წინაშე. მაშინ ეფრემმა იხილა ნათლის სვეტი, რომლის წვერი ცამდე აღწევდა, და ესმა ხმა:
- ეფრემ, ეფრემ! იცოდე, ამ ცეცხლოვანი სვეტის მსგავსია ბასილი.
ეფრემი მაშინვე კესარიისკენ გაემგზავრა და თან წაიყვანა თარჯიმანი, რადგან თვითონ ბერძნული არ იცოდა. კესარიაში მათი ჩასვლა ნათლისღების დღესასწაულს დაემთხვა.
ბასილი, ბრწყინვალე შესამოსელში გამოწყობილი, ეკლესიისკენ მიდიოდა ასევე ბრწყინვალედ შემოსილი ამალის თანხლებით. ეფრემმა უთხრა თავის თარჯიმანს:
- ვგონებ, ამაოდ დავშვერით, ძმაო. მე ასეთ მაღალ პატივში მყოფი კაცი არ გამომცხადებია.
ეფრემი, ყველასათვის შეუმჩნეველი, ტაძრის კუთხეში იდგა და ფიქრობდა: "ჩვენ, რომელთა ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე" (მათ. 20,12), ვერაფერს ვაღწევთ, ეს კაცი კი, რომელსაც ხალხი ასეთ პატივს და დიდებას მიაგებს, ცეცხლოვანი სვეტით ბრწყინავს, საოცარია!"
ამ დროს ბასილის სულიწმიდამ ამცნო ეფრემის მოსვლა. მან თავისი მთავარდიაკვანი გაუგზავნა ეფრემს, რომელმაც უთხრა:
- მამაო, მთავარეპისკოპოსი გიხმობს, საკურთხეველში შემობრძანდი.
ეფრემმა თარჯიმნის პირით მიუგო:
- ცდები, ძმაო! ჩვენ აქ უცხონი ვართ და მთავარეპისკოპოსი არ გვიცნობს.
მთავარდიაკვანმა გადასცა ბასილის ეფრემის პასუხი. ბასილიმ კვლავ გაუგზავნა ეფრემს შუამავალი და დააბარა:
- მამა ეფრემ! გთხოვ, შემობრძანდი საკურთხეველში, მთავარეპისკოპოსი გიხმობს.
მაშინ კი გაოცდა ეფრემი, დიდება აღუვლინა ღმერთს და წარმოთქვა:
- ჭეშმარიტად დიდია ბასილი, ჭეშმარიტად ცეცხლოვანი სვეტია და სულიწმინდა მეტყველებს მისი ბაგეებით.
შემდეგ სთხოვა მთავარდიაკვანს, რომ წირვის შემდეგ სადმე განმარტოებულ ადგილას შეეხვედრებინა ბასილისთან. მართლაც, ბასილი და ეფრემი შეხვდნენ ერთმანეთს და თარჯიმნის დახმარებით ისაუბრეს. ბასილის ლოცვით ღმერთმა ეფრემ ასურს ბერძნულის ცოდნა მიანიჭა.
სტუმრებმა სამი დღე დაჰყვეს მღვდელმთავართან, რომელმაც წმინდა ეფრემი დიაკვნად აკურთხა, მისი თანამგზავრი კი - მღვდლად და მშვიდობით განუტევა.
* * *
წმინდა ბასილი დიდთან შეხვედრას დეტალურად აღწერს ღირსი ეფრემი. იგი მოგვითხრობს, თუ როგორ ესაუბრა მას წმ. ბასილი 40 სებასტიელი მოწამის ღვაწლზე და ამ საუბარმა ეფრემის სული მოშურნეობითა და კეთილმსახურებით როგორ აღავსო.
ბასილი დიდთან ღირსი ეფრემის შეხვედრის ისტორია, რომელიც თავად ღირსმა მამამ შემოგვინახა, ცხადყოფს, თუ რა დიდი სულიერი სიმაღლისათვის მიეღწია ამ ორ მამას.
კესარიიდან ედესისაკენ მიმავალი ეფრემი მწვალებელ მოძღვარს შეეყარა, რომელიც ჭაბუკთა გუნდთან ერთად მიდიოდა. ერთ-ერთმა მოწაფემ მწირი ბერი შენიშნა, მას თავხედურად დასცინა და სახეში გაარტყა. მშვიდი ეფრემი მდაბლად გაერიდა მათ. მალე თავხედ ჭაბუკს გველმა უკბინა და მაშინვე მოკვდა. ყველამ იხილა, რომ ეს უფლის სასჯელი იყო იმ წყენისათვის, რაც მან მგზავრს მიაყენა. მათ ეფრემი მოძებნეს და დახმარება სთხოვეს. ეფრემმა ბიჭი გამოაცოცხლა და ამან ბევრი განაწყო ცდომილების მისატევებლად.
ღირსი მამის სირიელი ბიოგრაფი და მასთან ერთად სოზომენოსი გვამცნობენ ეფრემის ეპისკოპოსად გამორჩევის შესახებ. ღირსი ეფრემი თავიდანვე უარს ამბობდა ამ პატივზე და როცა მიხვდა, რომ მას ძალით უპირებენ ეპისკოპოსად კურთხევას, სალოსობა დაიწყო. ასე რომ, აღარ მოხდა მისი ეპისკოპოსად კურთხევა. "ამგვარად მოიგებს დროს, თავს აარიდებს ამ ყოველივეს და ვიდრე სხვას არ აკურთხებენ, იგი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს", - წერს სოზომენოსი. იგი ზოგადად აღწერს ამ ფაქტს იმისათვის, რომ დაგვანახვოს, თუ როგორ ებრძოდა ღირსი ეფრემი პატივმოყვარეობის ვნებას.
ეპისკოპოსი თეოდორიტე კვირელი თავის ეკლესიის ისტორიაში ღირს ეფრემ ასურს ახსენებს და აღნიშნავს, თუ როგორ გამოირჩეოდა იგი ერეტიკოსთა სწავლებების წინააღმდეგ მიმართული ქადაგებებით. შუამდინარეთში სხვა ერესების პარალელურად ბარდესანისა და არიოზის ერესები გავრცელდა, ამიტომ ედესელთა ეკლესია გამოცდის წინაშე დადგა. ამ ქალაქის სიდიდისა და მასში საეპისკოპოსო ტახტის არსებობის გამო, აქედან მთელ შუამდინარეთზე შეიძლებოდა გავლენის მოხდენა. ეფრემი ამ ვითარებამ სიმართლისათვის მებრძოლად და მის დამცველად გამოაჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ ღირსი ეფრემი არ იცნობდა თავისი ეპოქის ბერძენ მამათა დოგმატიკურ სწავლებას, სულიერებით აღსავსე მოღვაწე აკონტროლებდა სხვადასხვა კერპთაყვანისმცემელის ცდომილებას და წმინდა წერილზე დაყრდნობით ამხელდა ყოველ ერეტიკულ არგუმენტაციას:
"აღმოვაჩინე, - წერდა ერთ-ერთ ჰიმნში, - ვარდისანის ერთი წიგნი და მცირე ხნის განმავლობაში ჩემში მწუხარებამ დაისადგურა. რადგან ამ წიგნმა ჩემი სმენა და ჩემი გული დააბინძურა ღვთის გმობის სიმყრალით… იმისათვის, რომ ცდომილებების წყვდიადი განმეფანტა, წმინდა წერილს მივაშურე". წმინდანი წუხდა ერესის მიმდევართა კადნიერებისა და უპატივცემულობის გამო, განიცდიდა, როდესაც ხედავდა თუ როგორ ამახინჯებდნენ ისინი ჭეშმარიტ რწმენას. მათი გაკრიტიკების მიზნით ხშირად ცდილობდა, რომ ხალხისთვის იმ დროს განხორციელებული უფლის საშინელი სასჯელი ეჩვენებინა, რაც, როგორც ღვთაებრივი სასჯელი, სპარსელების მიერ ქალაქების გაუკაცრიელებით იყო გამოხატული. "სრულიად ნათელია, წერდა იგი, თქვენ თავადაც ხედავთ, თუ როგორ გვსჯის უფალი ბიწიერთა გამო. ნაცვლად იმისა, რომ ვყოფილიყავით ხორბალი, ჩვენ მტვრად ვიქეცით, და აი! აღმოსავლეთიდან მონაბერმა უეცარმა ქარიშხალმა ჩვენ გაგვფანტა. ჩვენ არ ვითხოვეთ თავშესაფარი ხსნის ერთადერთ თავშესაფარში, და სწორედ ამის გამო, ვერ გადავარჩინეთ ჩვენი კარგად გამაგრებული ქალაქები. ჩვენი მოძღვრები პატივმოყვარეობის გამო უმაღლესი ადგილებისკენ მიილტვოდნენ, და აი! ისინი მკვდრები წვანან მიწაზე ან მოგვთა ქვეყანაში არიან ტყვედ წაყვანილნი".
ღირსი ეფრემის მიერ ჭეშმარიტებისათვის გაჩაღებულ ბრძოლებზე მეტყველებს ედესელთა გასაოცარი სიმტკიცე "მართლმადიდებლობაში მისი სიკვდილის შემდეგაც კი. სწორედ ამ ბრძოლებისათვის წმინდანმა მრავალი ღვაწლი და ტანჯვა დაითმინა. პალადიოსი თავის "ლავსაიკონში" ღირს ეფრემს მოიხსენიებს, როგორც "ედესელთა ეკლესიის დიაკვანს", აქებს როგორც თავად მის პიროვნებას, ასევე მისი ცხოვრების წესს. პალადიოსი გვაუწყებს, რომ ღირსი ეფრემი "ღირსი მის მიერ განვლილი სულიერი გზითა და მისი სისწორის ღირს იქმნა, რომ მიეღო ბუნებრივი ცოდნის მადლი, რომელიც თან სდევს როგორც მის თეოლოგიას, ასევე - მის საბოლოო ნეტარებას. ყურადღების გამახვილება გვმართებს პალადიოსის ცნობაზე იმის შესახებ, რომ წმინდანი ტოვებს წყნარსა და ასკეტურ ცხოვრებას, რათა მივიდეს და თავის თანამემამულეებს ემსახუროს. ამის მიზეზი გახდა საშინელი შიმშილი, რომელიც ქალაქ ედესას დაატყდა თავს (372 წელს). ღირსი ეფრემი ძალიან შეწუხდა, როდესაც იხილა, რომ ქალაქის შემოგარენი განადგურების პირას იყო მისული, ხოლო მის მცხოვრებთ დაღუპვის საფრთხე ემუქრებოდათ. ამ დროს ღირსი ეფრემი მდიდრების წინაშე წარდგა და მიმართა: "რატომ არ გებრალებათ ის ადამიანები, რომლებიც იღუპებიან, მაშინ როდესაც თქვენს სიმდიდრეს ალპობთ და ამ გზით სულებს იღუპავთ?" ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს წმინდანის კრიტიკის უგულებელყოფა და პალადიოსის მიხედვით, წმინდანს ასეთი პასუხი გასცეს, რომ არ ჰყავდათ ისეთი ადამიანი, ვისაც ანდობდნენ იმ შესაწირს, რასაც მშიერთა დასახმარებლად გაიღებდნენ და რომ ყველა თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა ამ მდგომარეობას. მაშინ, ღირსმა ეფრემმა მათ ჰკითხა: "რა აზრის ხართ ჩემზე?". მდიდრებმა ერთხმად დაადასტურეს: "შენ ისე გიყურებთ, როგორც ღვთის კაცს". ამ საყოველთაო აღიარებამ და ნდობამ წმინდანს სწორედ იმის საშუალება მისცა, რისი იმედიც ჰქონდა. "რადგან მენდობით, მაშინ თავშესაფარს მე ვუხელმძღვანელებ". ყველაფერში წუნდაუდებელი "ღვთის კაცი" იღებს იმ შემოწირულობებს, რომლებსაც მას ანდობენ და ემსახურება განსაცდელში ჩავარდნილ ხალხს. როდესაც შიმშილობის ძნელბედითმა წელიწადმა გაიარა (372), ღირსი ეფრემი ისევ თავის კელიაში განმარტოვდა, ხოლო მომდევნო წელს კი (373 წლის 9 ივნისს) სამოცდაშვიდი წლის ასაკში უფალთან გაემგზავრა. როგორც პალადიოსი იუწყება, ღმერთმა ხომ მას იმქვეყნიურ ცხოვრებაში მისცა იმის საშუალება, "გვირგვინოსანი ყოფილიყო". რა თქმა უნდა, მან იგრძნო რომ ახლოვდებოდა მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული, თავი მოუყარა თავის მოწაფეებსა და ქალაქ ედესის მრავალ მკვიდრს, რათა მათთვის თავისი უკანასკნელი დარიგებანი განეცხადებინა, რომელთა შესახებ ცნობებს მისი ანდერძი გვაწვდის. მიწიერი ასპარეზის დასასრულს წმინდა ბერი კადნიერად იმოწმებს ღმერთს თავისი სარწმუნოების სიწმინდეში, რაშიც სხვათა განმტკიცებაც სურდა. ის თავის ანდერძში ამბობს: "ვფიცავ, ვინც იუდამ გასცა და იერუსალიმში გაშოლტეს, ვფიცავ მის სიძლიერეს, ვისაც ღაწვზე სცეს და მის სიდიადეს, ვინც შეფურთხება მოითმინა; ვფიცავ ცეცხლის სამ სახელს და ერთ ღმრთაებრივ არსებას და ნებას, რომ მე არ განვდგომივარ ეკლესიას და ღვთის ძლიერების წინააღმდეგ არ აღვმდგარვარ. თუკი ჩემს გონებაში მამას ძეზე მაღლა ვაყენებდი, დაე, ნუ შემიწყალოს მან. თუკი მე სულიწმიდას ვამცირებდი, დაე, ბნელმა დაფაროს ჩემი თვალები, და თუ ისე არ ვაღიარებდი, როგორც ვლაპარაკობდი, დაე, განვეგდო გარესკნელის ბნელში. თუკი ამას ყალბად ვლაპარაკობ, დაე, ცეცხლში, ბოროტ სულებთან ერთად ვიწვოდე. თუკი ამას პირმოთნედ ვამბობ, დაე, ნუ შეისმენს უფალი სამსჯავროზე".
მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი მამის - ეფრემ ასურის ხსოვნას პატივს 28 (10.02) იანვარს მიაგებს.
..................
ღირსი ეფრემ ასურის კონდაკი
წინასწარ ხედვიდი მარადის ჟამსა სასჯელისასა და იგლოვდი მწარედ, ეფრემ, ვითარცა დაყუდების მყარე, ხოლო იქმენ საქმიანად და საქმეთა მიერ საღმრთოთა მასწავლელად, ვინა ყოვლადღირსო მამაო და ყოვლად შემკობილო, უდებთა აღადგენ სინანულად.
......................................
ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ღირსი ეფრემ ასური (+დაახლ. 373-379) - 28 (10.02) იანვარი
წმინდა ეფრემ ასური
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი