არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
დიდ კინოვიურ მონასტრებში საღმრთო ევქარისტიის უსისხლო მსხვერპლი ყოველდღიურად შეიწირება.
ეკლესიის ევქარისტიულ ცხოვრებას, ქრისტეში ურთიერთობის საიდუმლოს და უფლის მეორედ მოსვლის ესქატოლოგიურ აზრს მონაზვნობა ყველაზე დინამიკურად და, იმავდროულად, ყველაზე იდუმალი სახით განიცდის. კინოვიურ მონასტრებში ყოველდღიური საღმრთო ლიტურგიების გარდა, მთაწმინდაზე რეგულარულად ტარდება ლიტურგიები სკიტებში, კელიებსა და ისიქასტრიებში.
უდიდესი ისიქასტი მამა დანიელი, რომელიც წმინდა პეტრე ათონელის მღვიმეში მოსაგრეობდა, იყო თითქოსდა "მსახური სული" და "ცეცხლებ მგზნებარე", როგორც ნათქვამია: "შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ძალად ცეცხლისა" (ფსალ. 103,4). ის ყოველდღიურად სწირავდა, მაგრამ მისი ლიტურგია ნამდვილი საიდუმლოება იყო, ნამდვილი გარდამოსვლა ზეცისა მიწაზე და ჭეშმარიტი ამაღლება მიწისა ზეცამდე.
ამბობენ, საღმრთო ლიტურგიის დროის გაგრძელების მიზნით მთელი წელი წმინდა ბასილი დიდის ლიტურგიას აღასრულებდა. არსად ჩქარობდა. თუ გულშემუსვრილება ეწვეოდა, რაც ძალზე ხშირად ხდებოდა, დროებით შეწყვეტდა ლოცვასა და ასამაღლებლებს და სიხარულის ცრემლით ტიროდა. სამოცი წლის მანძილზე ყოველდღიურად და გამოუტოვებლად სწირავდა. საღმრთო ლიტურგია მასთან რამდენიმე საათს გრძელდებოდა. ნეტარია ის წამები და საათები, რომლებიც ფრთას შეასხამენ და აღამაღლებენ სულებს და ანგელოზთა მსგავსს გახდიან.
არსებობენ ღირსი მღვდელმონაზვნები, რომლებიც თითქოსდა ცეცხლით სუნთქავენ და სწყურიათ, თუ ეს შესაძლებელი იქნება, საღმრთო ლიტურგია აღასრულონ. სწორედ ასეთი გახლდათ კავსოკალიველი მამა გედეონი. ის მუდმივად ორმოცდღიან შეკვეთილ წირვებს ატარებდა და თითქმის ყოველდღე ლიტურგიას მსახურებდა. ბერად აღკვეცამდე უბრალო მუშა იყო მთაწმინდაზე და შემონაზვნების აღთქმა დადო. თუმცა დაპირება ვერ შეასრულა და თავის სოფელში დაბრუნებულმა, როგორც იტყვიან, "უხილავი ალიყური" იგემა. მაშინვე მიხვდა, ეს რასაც ნიშნავდა. დაუტევა სოფელი და მისი ამაოება, მოვიდა აქ და წმინდა აკაკის კალივაში მოსაგრეობას შეუდგა.
რუმინელ მონაზონ ნექტარიოსს, რომელიც ბიზანტიური გალობის დიდებულ მასწავლებელს, ბერდიდ თეოდორეს დაემოწაფა, ანგელოზებრივი, უჩვეულოდ სასიამოვნო ხმა ჰქონდა. სიცოცხლის ბოლოს ის უმკაცრეს ღვაწლს მიეცა და გარდაიცვალა 1890 წელს.
სახელგანთქმულმა კარიესელმა მოძღვარმა, მამა გერმანემ მთელი საღმრთო ლიტურგია ზეპირად იცოდა. მსახურებდა თავდავიწყებით, ამაღლებული, ღვთისმსახურების უდიდეს ნაწილს თვალებდახუჭული ატარებდა.
სახელგანთქმული მოძღვარი, მთარგმნელი "ოქროპირი" მამა საბა, მოკუზული და შეუხედავი იყო, მაგრამ საღმრთო ლიტურგიაზე მისით აღტაცებას ვერ მალავდნენ. როცა სწირავდა, მისი სახე სინათლეს აშუქებდა და მთლად ანგელოზის მსგავსი იყო.
ბერდიდი მამა ილარიონ ქართველი და მისი მოწაფე მამა საბა, რომელმაც ამქვეყნად წმინდა მამის სახელი დატოვა, რიგრიგობით ატარებდნენ ღვთაებრივ ლიტურგიას დიონისიატის მონასტერში, წმინდა იაკობის კათიზმაში.
როგორც არქიმანდრიტ იოაკიმეს (სპეციარისი) მოწაფე, მამა თეოფილაქტე გვიყვებოდა, როცა მამა იოაკიმე მსახურებდა, მასში ერთგვარი შინაგანი ცვლილება იგრძნობოდა, რაც სახეზე აღებეჭდებოდა. ბრწყინვალებასა და ღვთაებრივ მადლს აფრქვევდა.
მამა დიონისე მთაწმინდელი არასოდეს წყვეტდა ღვთისმსახურებას, ხოლო როცა ავად ხდებოდა, აუწყებდა ამ ამბავს სხვა მღვდელს, რომელიც მის მაგივრად სწირავდა. თუ შეიტყობდა, რომ ვინმე მღვდელმონაზონი ავად გახდებოდა და ვერ აღწევდა თავს ავადმყოფობას, მორჩილად მიდიოდა მონასტრის საძვალეში და გულშემუსვრილი მსახურებდა საღმრთო ლიტურგიას.
მამა დიონისე არასოდეს მრისხანებდა და არასოდეს დაუტევებდა გულისმიერ ლოცვას, ხელსაქმის დროს (ის ხატებს წერდა) გონება მისი იმ წმინდანის ცხოვრებას უტრიალებდა, რომელსაც იმ დროს წერდა. თუ წმინდანი მოწამე იყო, გონებით ესწრებოდა მის გმირულ ვნებას ქრისტესთვის, თუ ღირსი მამა - მისი ასკეტური ღვაწლით განისწავლებოდა.
ყველა მძიმე საქმეზე ისე გარბოდა, როგორც მწყურვალე ირემი და კეთილი მაგალითი იყო მთელი სკიტისთვის.
წმინდა ნილოსის კელიის მერე თუ ჩაუვლით "სარად" წოდებულ ადგილს, შემდეგ კი ხაირს, ერთი ბილიკი სამხრეთ-აღმოსავლეთით მიემართება და "იანაკოპულოსის" ისიქასტრიამდე მიგიყვანთ. აქ ცხოვრობდა ერთი საკვირველი მოძღვარი, სახელად გაბრიელი. იგი თითქმის ღრმა სიბერემდე ყოველდღიურად სწირავდა. ლიტურგიამდე და მის მერე დასაძინებლად არ წვებოდა, სკამზე მჯდარი ისვენებდა. ამასთან დაკავშირებით ის ამბობდა:
- მტერს არ სძინავს, სურს, რომ განსაცდელში ჩაგვაგდოს, ამიტომაც ჩვენ საღმრთო ლიტურგიის მერეც არ უნდა დავიძინოთ, რათა ეშმაკმა არ შეგვბილწოს და არ გაგვშორდეს მადლი, რომელიც საღმრთო ზიარებით მივიღეთ.
მთელი ორმოცდღიანი მარხვის დროს ის არასოდეს იღებდა ზეთს. მცირეოდენი ორცხობილა, ზეთისხილი, ხახვი, სასალათე ღორის ქადა - აი, რა იყო მისთვის ჩვეული ასკეტური ტრაპეზი.
მამა პ-ი ჰყვებოდა ღირსსახსოვარ მოღვაწე მამა ტიხონზე, რომელიც თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა კარულის მყუდრო უდაბნოში და ორცხობილათი იკვებებოდა. შემდეგ კი სტავრონიკიტას მონასტერში ჯვარი პატიოსნის კალივაში ცხოვრობდა და წირავდა უფლისა მიმართ:
- მამა ტიხონი, როცა სწირავდა, ხშირად მოდიოდა ჭვრეტის მდგომარეობაში. ზოგჯერ ნახევარი საათი და ზოგჯერ მეტხანს ვგალობდით ქერუბინთა საგალობელს, მრავალგზის ვიმეორებდით მას, ვიდრე გონს არ მოეგებოდა და ასამაღლებელს არ იტყოდა. ერთხელ შევევედრე, გაემხილა, რა ემართებოდა ამ დროს. აი, რა მითხრა: "შვილო, ჩემს ანგელოზს ავყავარ იქ, სადაც ქერუბინები და სერაფიმები უგალობენ ღმერთს. შემდეგ უკან მაბრუნებს. გონს მოვდივარ და ვხედავ, რომ ეკლესიაში ვარ, ლიტურგიაზე". ის არავის აძლევდა ნებას, საღმრთო ლიტურგიის დროს საკურთხეველში ყოფილიყო.
მე ვიცნობდი ერთ ძალზე უბრალო მონაზონს, მამა მათე ყარაყალელს, რომელსაც ხელი დაასხა 1940 წელს იმ დროს ათონზე დაყუდებულმა მიტროპოლიის მიტროპოლიტმა იეროთეოსმა. ქიროტონიის დღიდან ვიდრე თავისი მიწიერი ცხოვრების აღსასრულამდე, მთელი 45 წელი, ყოველდღიურად წირვას ატარებდა. ვერ წარმოედგინა ის დღე, როდესაც ლიტურგიას არ აღასრულებდა. როცა მამა მათე კათოლიკონში არ მორიგეობდა, სადმე, რომელიმე პარაკლისში (მცირე ტაძარია) სწირავდა. პროსკომიდიისას უამრავ სახელს იხსენებდა, რათა, როგორც ამბობდა, "სულებს სიკეთე მიეღოთ".
როცა ერთმა ძმამ უთხრა მამა მათეს, ამდენი წლის ყოველდღიური მსახურების მერე დასვენება გჭირდებაო, უპასუხა: "მე ვიმსახურებ ბოლო ამოსუნთქვამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე..."
და, რაც მთავარია, მამა მათემ ბოლო ლიტურგიამდე შემოინახა თავისი თავდაპირველი კრძალვა და მოშურნეობა.
მამა მათეს ვთხოვე, მისი მოძღვრის, მამა კონდრატეს ცხოვრებაზე ეამბნა. განსაკუთრებული პატივისცემით მესაუბრა.
მამა ეფრემ კატუნაკელი რეგულარულად დადიოდა წმინდა ანას მცირე სკიტში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის კალივაში, სადაც მოღვაწეობდა ბერდიდი იოსებ ისიქასტი.
ერთი თეთრწვერა მთაწმინდელი ბერდიდი წერდა:
"ჩვენ მთაწმინდაზე ყოფნისას ყოველ საღმრთო ლიტურიგაზე ვეუბნებით მღვდლებს: გეთაყვა, მოიხსენეთ გლახაკების, უპოვარების, საცოდავების სახელები. ბევრი მთაწმინდელი მღვდელმონაზონი გვიჯერებს და იხსენიებს ამ ადამიანებს. მათ მიერ მოხსენიებულნი ძილში მათვე ეცხადებიან და მადლობენ ამისთვის. ჩვენ გვინახავს უამრავი დიდებული სასწაული, რომლებიც სამღვდელო მოხსენიებასთან არის დაკავშირებული. ავადმყოფები, რომელთაც ექიმების დახმარების იმედი დაკარგეს, თავიანთ სახელებს გვიგზავნიდნენ ლიტურგიაზე მოსახსენებლად და მაშინვე იკურნებოდნენ. მათი ნათესვები კი განცვიფრებულნი რჩებოდნენ უიმედოდ ავადმყოფთა განკურთებით..."
ეს მოხდა 1984 წელს კავსოკალივაში, ხარების დღესასწაულზე. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მამა ესაიამ მთხოვა, კალივაში წავყოლოდი, რათა მეზიარებინა მისი მოძღვარი, 90 წლის მამა სიმეონი, რომელიც ავადმყოფობდა და ორივე თვალით ბრმა გახლდათ, მაგრამ ჭვრეტდა ღმერთს თავის გულში. ჩვენ ადრეც ხშირად ვსტუმრობდით მას მისი თაფლივით ტკბილი სიტყვების მოსასმენად. იგი სკიტის მხცოვანი მამა გახლდათ, მისი ცოცხალი სვეტი. თვითონ და მისი მოწაფე ესაია ღატაკები იყვნენ, მათი მომცრო კალივა ღარიბული და ასკეტური გახლდათ, ბაღისა და ბოსტნის, ყოველგვარი ნუგეშინისცემისა და კეთილმოწყობის გარეშე. ბერდიდი ასევე არ იბანდა და თმას არ ივარცხნიდა, რომელიც მას მხრებზე ჰქონდა გადაფენილი და წელამდე სწვდებოდა, ვითარცა ძველ მოსაგრეებს.
განსაკუთრებული სიხარულით მივიღე ეს მიპატიჟება. ჩამოვიცვი ოლარი, ავიღე წმინდა ბარძიმი და წავედით, თან განუწყვეტლივ ვლოცულობდით: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა... წინ მცირე ფარნით ხელში მამა ესაია მიდიოდა და გზას მინათებდა უკუნ სიბნელეში, კოკისპირულ წვიმაში, ვიწრო და სახიფათო ბილიკზე. თავიდან ფეხებამდე გავილუმპე. არასოდეს დამავიწყდება ეს წვიმა, სიბნელეში წმინდა ძღვნით ხელში, ლოცვით მსვლელობა წმინდა სკიტამდე. დაუვიწყარი იყო მამა სიმეონის სახეც, როცა, როგორც იქნა, ღვთისადმი მხურვალე სიყვარულით მგალობელთა, მივაღწიეთ მათი კალივის - წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სახელობის პატარა მადლმოსილ ტაძარს. მე სამეუფეო კართან დავიცადე, ვიდრე მოწაფე თავის მოძღვარს დაუძახებდა. "სერობასა საიდუმლოისა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე, რათა არა..." ბრმა ბერიკაცი გამოვიდა თავისი კელიიდან, წმინდა ბარძიმის წინ ანთებული ლამპრის და სანთლის მკრთალ სინათლეზე, მომიახლოვდა, თმაგაწეწილი, ფეხშიშველი, კედელსა და თავის სულიერ შვილს ეყრდნობოდა. მოვიდა, ჯვრის ნიში გამოისახა და მუხლნი მოიდრიკა. მისი თვალები შემუსვრილების ცრემლითა და საღმრთო სურვილით აივსო: "ღმერთმყოფელისა სისხლისაგან შეძრწუნდი, კაცო, ჰხედვიდე რა..." ეზიარა, კვლავ მოიდრიკა მუხლნი, ჯვარი გამოისახა და ატირებული დაუბრუნდა თავის სენაკს.
აი, ისინი, წმინდა ხატებანი, ხილვანი, რომელთა ნახვაც სურთ ანგელოზებს... "ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა, არამედ სჯულსა უფლისასა არს ნებაი მისი და სჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე" (ფს. 1).