ბერდიდი მამა გედეონი
(გაგრძელება)
ასე განვლო ხუთმა წელიწადმა, მაგრამ არ დამთავრებულა მისი ტანჯვა;
იმ დროს თესალონიკის ფაშამ შეიტყო, - ათონის მონაზვნები ოსტატურად ქსოვენ ფესებსო და მოითხოვა, ამ ხელსაქმის მცოდნეები თესალონიკში გაეგზავნათ ჯარისკაცების მასწავლებლებად. იქ წასვლისა ყველას ეშინოდა და დიდი ხნის თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, გაეგზავნათ მამა გედეონი და მამა ონოფრე კავსოკალიველები, ასევე წმინდა ანას სკიტელი ორი ბერი და რამდენიმე მონაზონი, სულ ათი კაცი. გამგზავრებისას მამა გედეონს კვლავ განსაცდელი შეემთხვა: მამა ონოფრე წინ წავიდა, რათა კაიმაკი (ოლქის მმართველი თურქეთში, რომელიც გუბერნატორს ემორჩილება) ენახა და სამგზავროდ დეშკირი (პასპორტი) აეღო, მაგრამ შეშინდა და ტყეში მიიმალა. თურქები განრისხდნენ. ამ დროს გამოჩნდა მამა გედეონი. "ჰოი, ბოროტო მონაზვნებო, ყველანი გარბიხართ?" - და ყაზემატში ჩასვეს. მეორე დღეს გამოუშვეს და თესალონიკში გაამგზავრეს. იქ ფაშას წარუდგინეს და ყაზარმებში გაუშვეს. მხოლოდ ოთხ თვეს გაუძლო მამა გედეონმა. საკვების ცვლილებამ, მძიმე ჰაერმა და ცუდმა საცხოვრებელმა ადგილმა დააავადა და სისხლის ამოხველება დაიწყო. დაუტევა თესალონიკი, კავსოკალივაში დაბრუნდა და წელიწად-ნახევარი ყოველდღიურად სიკვდილს ელოდა. (გაგრძელება)
შემდეგ ახალი განსაცდელი დაატყდა თავს ავაზაკთაგან, რომლებიც მუდმივად იკლებდნენ ათონს თარეშით. მათ ბერს ხელ-ფეხი ისე შეუკრეს, რომ კინაღამ ძვლები დაემსხვრა; შემდეგ კონდახებით დაუდობლად სცემეს. ამ ცემის მერე მთელი სიცოცხლე იტანჯებოდა.
ათონზე მისვლამდე თურქებს განზრახული ჰქონდათ მონაზვნების ამოწყვეტა, მაგრამ სულთნისაგან "მათი სიცოცხლის დანდობის" ფირმანი მიიღეს და უნებურად დაუტევეს განზრახვა, ოღონდ მონაზვნებს ძალიან ავიწროებდნენ და გადაუხდელ გადასახადებს ადებნენ. წმინდა ანას სკიტში საცხოვრებლად რჩებოდა თითქმის ყველა მონაზონი, ვინც კი იქ თურქების ბატონობამდე იყო. მათ თავიანთი ხელსაქმე ჰქონდათ. მამა გედეონი იღებდა მატყლს და ფესებს აკეთებდა, სამუშაოში კი ათ პარს (ვერცხლის მონეტა თურქეთში, თურქული ლირის მეოთხედი) იღებდა, ამ ფულით ხორბალს ყიდულობდა. რადგან ძალზე ცოტას უხდიდნენ და ავადმყოფობის გამო ბევრი მუშაობა არ შეეძლო, ამიტომ პური არ ჰყოფნიდა, რის გამოც ფქვილში ურევდა დაცეხვილ წაბლსა და ველურ კამას. ერთხელ ღუმელში შედო პური გამოსაცხობად. ამ დროს ავაზაკების მოახლოების ხმა მოესმა, მაშინვე ღუმლიდან გამოიღო ნახევრად გამომცხვარი პური, თოფრაში ჩაიდო და დასამალად წავიდა წმინდა ნათლისმცემლის კელიისკენ, რომელიც კლდეებში იყო მიმალული და არ ჩანდა. იქ ინახავდნენ სკიტის საგანძურს. ავაზაკების მოახლოებას მამები იგებდნენ საკრებულო ტაძრის დაფებზე ცემით - სკიტის დარაჯები ურტყამდნენ და ვისაც როგორ შეეძლო, იმალებოდა. ავაზაკებს, რისი წაღებაც შეიძლებოდა, თან მიჰქონდათ. ხანდახან შორიახლო იმალებოდნენ - ვითომ წავედითო და როცა სკიტელები კელიებში ბრუნდებოდნენ, კვლავ თავს ესხმოდნენ. ამგვარადვე დაბრუნდნენ ისინი მამა გედეონთან და ფული მოსთხოვეს. ვერაფერი რომ ვერ იპოვეს, პური აიღეს, მაგრამ როცა გატეხეს, იმდენად შავი და უამური შესახედაობისა იყო, რომ მოისროლეს.
ბერს აჰკიდეს სხვა კელიების ნაძარცვი და აიძულეს, ზღვისაკენ წაეღო. კვლავ ფული მოსთხოვეს, - სხვა მამებს თუ აქვთ ფული, შენ რატომ არ გაქვსო. ყაჩაღებისგან თავის დასაღწევად უპასუხა: - იმიტომ, რომ მე ახალი ჩამოსული ვარ, ესენი კი დიდი ხანია, აქ ცხოვრობენო. დაუყვირეს: - ახალი ჩამოსული რახან ხარ, ფული სხვა ადგილას გექნება დამალულიო და ცემა დაუწყეს. ამ დროს მამა გერასიმეს, რომელიც მანამდე პირწმინდად გაეძარცვათ, შეეცოდა ის, ნაპირთან ჩამოვიდა და ავაზაკებს სთხოვა: - თქვენც ხომ ქრისტიანები ხართ, ცხონება ხომ თქვენც გინდათ, რისთვის სცემთ ასე უმოწყალოდ, ის მართლაც ღარიბი კაცია, არაფერი არა აქვსო. მაშინვე დაანებეს თავი.
მამა გედეონს ერთხელ კიდევ მოუწია ავაზაკთაგან ვნებულიყო. მას ხელები უკან ისე შეუკრეს, რომ დამუნჯებული დაეცა და საშინლად იტანჯებოდა. ამ წამების ნაკვალევი სიკვდილამდე შერჩა. ეს იყო მამა გედეონის ბოლო გამოცდა. საკვირველია, როგორ შეძლო ამის მერე კიდევ ამდენ წელს ეცხოვრა ხორცის მოკვდინებასა და ყველანაირ გაჭირვებაში. მაგრამ ჩვეული ღვაწლი არ დაუტევებია, ბოლო ორწელიწად-ნახევარი სარეცელს იყო მიჯაჭვული და მოწაფეების დახმარებითღა დგებოდა ფეხზე, მოწაფე კი ორი ჰყავდა. უფროსმა დამიანემ მოძღვართან 26 წელი იცხოვრა, მეორე კოზმამ კი 8 წელი. ავადმყოფობისას ის ხშირად ეუბნებოდა მოწაფეებს, - გამძიმებთ, შვილებოო, ისინი კი პასუხობდნენ: "ოღონდ დაითმინე, მამაო, და ჩვენ სიხარულით შევასრულებთ ამას".
მამა გედეონს მთელი მეუდაბნოე ცხოვრებისას დღე-ღამეში ორი საათი ეძინა, ოდნავ თუ ჩათვლემდა. მუდმივად გონება-გულისმიერ ლოცვას აღასრულებდა და მკაცრად იმარხავდა დუმილს. როცა დასვენების დრო მოუწევდა, მუხლებზე ბალიშს იდებდა, დადებდა თავს და ისე იძინებდა, არასოდეს ბეჭებზე არ წვებოდა, ვიდრე სნეულებამ არ ჩააწვინა. ბოლო წლებში დამიანე არწმუნებდა მოძღვარს, თავი დაენებებინა ასეთი ღვაწლისთვის: - მამაო, მოხუცი და ავადმყოფი ხარ, ცოტა დასვენება გჭირდება. მაშინ მაინც დაწექი, როცა დაძინებას აპირებო. ბერდიდმა უპასუხა: "ახლა უნდა ვიღვაწო, რადგანაც მოხუცი ვარ და სიკვდილი ახლოსაა. იცი, რა თქვა ერთმა ამბამ: "თუ დაარწმუნებ ანგელოზს დაწვეს, მაშინ მეც დავაჯერებ, თუმცა მე, ვითარცა პირუტყვი, ისე დავიძინებ".
მკაცრ მარხვას იცავდა, არ სვამდა ღვინოს, არ ჭამდა ზეთიანს, მიუხედავად სნეულებისა, არაფრით ინუგეშებდა თავს. ჩვეულებისამებრ, ამგვარი ნარევით იკვებებოდა: მცირე ყავადანში წყალს აადუღებდა, ჩაყრიდა შიგ ფქვილს, მოადუღებდა და ჭამდა. სხეული ისე გამოეფიტა, რომ სიკვდილის წინ ძვალი და ტყავი დარჩა. შესახედავად დიდებულ არსენის ჰგავდა: ჭაღარა, გამხმარ, მაღალ, წელში მოხრილ მოხუცს, მიუხედავად საშინელი ტანჯვისა, სახე ანგელოზებრივი ჰქონდა. მოწაფე დამიანე ერთხელ ავად გახდა და წელიწად-ნახევარი იტანჯებოდა; სასოწარკვეთილი მოძღვარს ევედრებოდა, ღმერთს ჩემი განკურნება შესთხოვეო. ბერდიდმა უპასუხა: "მოითმინე, შვილო, ეს ავადმყოფობა შენს სასიკეთოდაა: რამდენადაც ხორციელად იტანჯება ადამიანი, იმდენად განიწმინდება სულიერად". დამიანემ მაინც ლოცვა სთხოვა: "ახლა მოთმინება არ გყოფნის, ავადმყოფობის მერე, რომელიც შენ ამისთვის გამზადებს, ლოცვას აღასრულებ". "როგორ?" - ჰკითხა დამიანემ. "ეს საკუთარი თავის დიდი იძულებით ხდება, - უპასუხა მოძღვარმა, - ამასთან ხელმძღვანელიც უნდა გყავდეს. კაცი როცა ამ საქმეს შეუდგება, ეშმაკი ათასნაირ ოცნებას წარმოუდგენს და გამოუცდელებს მოატყუებს. უფალ იესო ქრისტესა და ღვთისმშობლის სახელები, დაე, არ მოსცილდეს შენს გულს, ამაში კი მოთმინება დაგეხმარება. მაგრამ, რაც უნდა გააკეთო - მარხვა, ლოცვა თუ სხვა რაიმე ღვაწლი, სიმდაბლით იფიქრე, თითქოს არაფერი მოგემოქმედოს. თუ კაცი ყველა სათნოებას აღასრულებს, მაგრამ ერთი სიმდაბლე არ ექნება, ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს. მე უკვე ამ ქვეყნისა აღარა ვარ, მაგრამ შენ ყოველთვის გქონდეს სიკვდილის ჟამის ხსოვნა და ნუ მიჰხედავ ამ სოფლის სწრაფწარმავალ აჩრდილებს: სახელს, სიმდიდრეს და ყველა სხვას - პირი იბრუნე მათგან და უფრო მომავალი ცხოვრებისთვის იზრუნე. მე ბევრი სურვილი მქონდა სათნოებათა აღსრულებისა, მაგრამ მტერმა ბევრი წინააღმდეგობა შემახვედრა. ამ განსაცდელებს უნდა სძლიო, რათა გამოსწორდეს სათნოებები, ვინაიდან ვინც არ დაითმენს განსაცდელებს, ის სათნოებებში ვერ წარემატება. თუ უნდა მელოცა და მემარხულა, მტერი ყოველთვის განსაცდელებს მიწყობდა, რათა დაწყებული საქმე ჩაეშალა".
აი, მაგალითად, ბერდიდმა კანონად დაიდო დიდმარხვაში მცირე პური და წყალი მიეღო - დღეში ასი გრამი, მერე კი უფრო ნაკლები და სულ მცირე რაოდენობამდე მიდიოდა. ერთხელ სკიტის საკათედრო ტაძრის ბათქაში ჩამოვარდა, სასწრაფოდ ყველას დაუძახეს მის აღსადგენად, რათა გაზაფხულის წვიმებს კედელი არ ჩამოერეცხა და ტაძარი არ დაენგრია. ძნელი საქმე იყო, ქვიშას ზღვისპირიდან ზიდავდნენ ციცაბო მთაზე. მამა გედეონს არ სურდა თავისი კანონის შეცვლა და მარხვის დარღვევა. მალე სხვა მუშებმაც შეამჩნიეს და მისი მარხვის გამო ლანძღვა დაუწყეს, ფარისეველს ეძახდნენ - ამას საჩვენებლად აკეთებს, ან ხიბლის, ანდა ჩვენს სამხილებლადო... ბერდიდმა ამაზე თავმდაბლად უთხრა: - მე საკუთარი თავისთვის კანონი არ დამიდია, არ მინდა ჭამა და სმა და არ ვჭამ და არ ვსვამო.
1869 წელს, ქრისტეშობის წინა დღეს, მოწაფეებმა შესთავაზეს ბერდიდს, - წავიდეთ ღამისთევის ლოცვაზეო. მან, ჩვეულების საპირისპიროდ, მოწაფეები თავისთან დაიტოვა და მათ სკვნილზე აღასრულეს ღამისთევის ლოცვა. შუაღამისას ჰკითხეს, - გავაგრძელოთო? ბერდიდმა უპასუხა: "დაე კოზმა ტაძარში წავიდეს, შენ კი, დამიანე, ჩემთან დარჩი, შეიძლება ახლა მოვკვდე კიდეც". ბერდიდმა სანთლის ანთება და საკმევლის კმევა უბრძანა, - ეს გარდაცვალებამდე სამი საათით ადრე მოხდა. ჩანდა, რომ სიკვდილის წინ ეშმაკს ბერდიდის გონების აშლა სურდა, მაგრამ დამარცხდა: ბერდიდმა მშვიდად და სიხარულით ჩააბარა სული თვისი უფალს - თვითონვე დახუჭა თვალები, თითქოს მიიძინაო. 25 დეკემბერი იდგა - ამ დროს ტაძარში ქერუბინთა საგალობელს გალობდნენ...