მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი 7
(გაგრძელება)
ბერდიდი გვეუბნებოდა ხოლმე: შემოდგომის ხანი განსაკუთრებით უხდება გონებისმიერ მუშაკობას
, ამ დროს თვითონ ბუნებაც კი ეხმარება მას ამაში. არც ძალიან ცივა, არც ძალიან ცხელა, ბუნება ერთგვარი სახით იცვლება და ყველაფერი ეს ეხმარება მოსაგრეს. და, მართლაც, ღამეებს ვათენებდით, და როცა ღმერთი ჩვენზე კურთხევას მოიღებდა, ცოტათი თანამოზიარენი ვხდებოდით ბერდიდის ღვთისკენ აღფრენისა. მაგრამ განა შევიცანით მთელი სიღრმე, სიმაღლე და სიგანე ამ კაცის ლოცვისა, მრავალი საათის მანძილზე რომ აკავებდა გონებას გულში? ვერა. ჩვენ ვიტანჯებით ლოცვისა და ჭვრეტის უცოდინარობით. არ ძალგვიძს შეცნობა მონაზვნური ცხოვრების ფასისა, რამეთუ არ ვაიძულებთ საკუთარ თავს, ვიცხოვროთ წმინდა მამათა იმ კანონებით, რასაც გვასწავლიდნენ. (გაგრძელება)
ღამისთევის ლოცვის წესისა და განკრძალული მონაზვნური ცხოვრების გარეშე მონაზონი საღვთო უმაღლეს და გამორჩეულ ნიჭებს მოკლებული რჩება. საუბარი ეხება არა მხოლოდ მღვიძარებას, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, არამედ სულით მღვიძარებას, ღმერთში მღვიძარებას, მღვიძარებას სიფხიზლითა და ლოცვით. ამგვარი ღამისთევის ლოცვა დიდ ნიჭს მისცემს მშრომელ მონაზონს. მღვიძარება - ეს ღვაწლია.
მონაზონი ებრძვის ძილს, ეშმაკებს, რომლებიც მისი ლოცვა-მღვიძარების დასარღვევად მოდიან. ისინი აღძრავენ ვნებებს, განსაკუთრებით გონებას უფანტავენ. მონაზონი შრომობს, დიდ მეტანიებს აკეთებს, მოიკრებს გაფანტულ გონებას და უმაღლეს გონებასთან შეხებამდე მიიყვანს. მონაზვნის მიზანია - თავისი გონება ღმერთს შეუერთოს - რათა ამ შეხების წყალობით ადამიანმა სულის სიღრმეში ყველა წარმატებაზე აღმატებულად შეიგრძნოს ღმერთი.
ბერდიდი გვიყვებოდა ჩვენ ღამისთევის ლოცვაზე, თუ რამდენად განამდიდრებს ის ადამიანს, როგორი სულიერი მოგება მოაქვს. კაცი რამდენადაც ფხიზლად არის, იმგვარივე გონებისმიერი ლოცვის ნიჭნი ებოძება. ყველაფერ ამას და სხვა მრავალ რამეს გვიყვებოდა ის ჩვენ. ყოველივე ამის მერე როგორ არ უნდა აღგვესრულებინა ღამისთევის ლოცვა! არადა, უდაბნოში ხომ გასამდიდრებლად მოვედით? თუ დროის გასატარებლად? ჩვენ ვემორჩილებოდით ბერდიდს, იმ შეგრძნებით, რომ ის ამ წესსა და რიგს იმარხავდა. ამიტომაც ვცდილობდით, რომ ხალისიანად გამოგვეღვიძა, სკვნილისთვის ხელი მოგვეკიდა და კურთხეული ლოცვა დაგვეწყო, საღვთო საგნებისადმი წვდომას შევდგომოდით და ყველაფერი ეს დიდი თავმდაბლობით და უბრალო გულით გაგვეკეთებინა. ვიცოდით ღვთის მადლი, რომელიც ყოველთვის თან სდევს ადამიანს და მზად არის მისი შინაგანი გარდასახოს და გაანათოს, ეს მადლი მოვიდოდა, მოგვეფინებოდა, ლოცვას გრძნობასა და აზრს მისცემდა.
ბერდიდის ყოველი დაუცხრომელი დარიგებანი, რჩევები, აღძვრანი, ტაქტიკა და მიზანი იქითკენ იყო მიმართული, რომ იესოს ლოცვა და ღამისთევის ლოცვა მხნედ წარმოგვეთქვა. ის ყურადღებით და დაუღალავად თვალს ადევნებდა ამას, ჩვენში ღრმად ნერგავდა აზრს, რომ ლოცვა და სიფხიზლე ღამისთევის ლოცვის წყალობით შეიძინება. ბერდიდი მუდმივად მეკითხებოდა:
- პატარავ, როგორ მიგდის ლოცვა, როგორ მიგდის ღამისთევის ლოცვა?
ვპასუხობდი: - ხან ასე, ხან ისე-მეთქი.
ბერდიდი ყურადღებას აქცევდა, მოუკლებლად თუ ვლოცულობდით.
ის ასევე გვასწავლიდა, რომ ღამისთევის ლოცვას უცრემლოდ არ უნდა ჩაევლო - ცრემლები მონაზვნის განუყრელი მეგობარი უნდა გამხდარიყო. მას მუდმივად უნდა ეტირა, ხან თავის, ხან სხვების ცოდვებზე. მან ისეთ მდგომაროებას უნდა მიაღწიოს, რომ ღვთის სიყვარულით ტიროდეს.
ბერდიდი ხაზგასმით ამბობდა, - ღამისთევის ლოცვის გარეშე წარმატება არ ხდება, მის გარეშე მონაზვნის ცხოვრება უსაძირკვლოაო. გვირჩევდა, ღამისთევისას ცოტაოდენი საკითხავი გვქონოდა, რამეთუ ამგვარი საკითხავი განანათლებს გონებას და ლოცვაში ეხმარება. გვეუბნებოდა, რომ სახარებიდან ორი თავი წაგვეკითხა, შემდეგ კი რაიმე წმინდა მამათა ნაწერებიდან: "კიბე", ამბა დოროთე, ღირსი მაკარი, წმინდათა ცხოვრება. ბერდიდი განსაკუთრებით ამბა ისააკ ასურის ნაწერების წაკითხვას გვირჩევდა. მასზე ამბობდა: "სულ რომ დაიკარგოს ყველა მეუდაბნოე მამის ნაწერები მღვიძარებასა და ლოცვაზე და მხოლოდ ამბა ისააკის სამოღვაწეო სიტყვანი შემორჩეს, საკმარისი იქნება მყუდროებაში ცხოვრებისა და ლოცვის სასწავლებლად. ეს ნაშრომი განგვიცხადებს მოსაგრე ცხოვრებას ანიდან ჰაემდე და საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა პირველი ნაბიჯების გადადგმა ისწავლოს და სრულყოფილებამდე მიიყვანოს".
მე, მდაბალს, თუმცა ყველაზე უმაქნისი ვიყავი საძმოში, მტკიცედ მწამდა, რომ ბერდიდის სიტყვა ღვთის სიტყვა იყო და ის არ ცდებოდა. მქონდა მტკიცებულება და მოწმობა იმისა, რომ ლოცვის, უბიწო ცხოვრებისა და თავმდაბლობის წყალობით, რამდენადაც ეს შესაძლებელი გახლავთ კაცისთვის, ბერდიდი შეუმცდარი იყო განსჯისას. მან ყველაფერი გამოიარა და გამოსცადა, მისი გზა გაკვეთილი იყო წმინდანთა მიერ. ამ გზაზე ათასობით მოსაგრემ გაიარა და იცოდა, სად მიიყვანდა ამ გზის თითოეული ნაბიჯი.
მეც ამ განწყობილებით მივყვებოდი მის ნაბიჯებს, მშვიდად და განკრძალულად ვიცავდი მის მოცემულ წესს. ჩვენ განსაზღვრული დრო საწოლზე უნდა ვწოლილიყავით, განსაზღვრულ საათს - წამოვმდგარიყავით. როცა მაღვიძარა დარეკავდა, ღვთის მადლით, ზამბარასავით წამოვხტებოდით.
თავშეკავების, შრომის, მწუხარებათა და ავადმყოფობის გამო მკერდი და ფილტვები მტკიოდა. ახლაც კი ხშირად მტკივა, მაშინ კი ძლიერი ტკივილი მქონდა. როგორც კი მაღვიძარას ზარი გამაღვიძებდა, მაშინვე ჯოჯოხეთურ ტკივილს ვგრძნობდი. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით ჩემი მოძღვრის ლოცვით და ღვთის მადლით, ერთხელაც არ ვცდუნებულვარ, საწოლში დავრჩენილიყავი და ზამბარასავით არ წამოვმხტარიყავი. ხშირად ლიტურგიის წინ, შესავალი ლოცვების კითხვისას, მკერდში ტკივილისგან ჩემს თავს, გონებას, შინაგან ხმას არ შეეძლო საჭირო სიტყვების წარმოთქმა. დავჯდებოდი, გონს მოვეგებოდი და ვაგრძელებდი ლოცვას.
ბერდიდი, როგორც ამ წესრიგის დამდგენელი, მისი დარღვევის ნებას არ გვაძლევდა. მაგრამ ჩვენ უკვე არ ვარღვევდით მას, არა იმის გამო, რომ მოძღვარი ამას მოითხოვდა, არამედ იმიტომ, რომ მან ეს წესი ჩვენში ჩანერგა.
ბერდიდმა ღამისთევის ლოცვის წინ, წამოდგომისთანავე, ყავის მოდუღება დამავალა. ჩემი სენაკიდან ბერდიდის კალივამდე გზაში ფიჩხს ვაგროვებდი. მშრალი ტოტების კონას ორ ქვას შორის ვდებდი და ზედ ვდგამდი კონსერვის ქილით გაკეთებულ ხისტარიან მადუღარას. მას ჭიქა არ ჰქონდა და ყავას პირდაპირ ამ კონსერვის ქილიდან სვამდა, რომელსაც ჩვენ არასოდეს ვრეცხავდით. ერთხელ გავრეცხე. შეამჩნია და მითხრა:
- მეტად ნუღარ გარეცხავ.
- მაკურთხეთ.
ამ დროს იგი მე სიტყვის თქმის უფლებას არ მაძლევდა, არც გულისთქმებისას, არც მუშაობისას, არც სხვა რამის დროს. ბერდიდს არ სურდა საუბარი, თუნდაც მასთან მე კი არა, ჩემი ანგელოზი მისულიყო. ზოგჯერ მასთან წერილი მიმქონდა. პირველად წერილი რომ მივუტანე, მივმართე:
- მამაო, აი, თქვენთვის წერილია.
მან ტუჩებზე თითი დაიდო.
- ჩუმად! სიტყვა არ დაძრა. წადი.
ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ღამისთევისთვის მომზადების დრო იდგა. შემდეგ ამიხსნა:
- თუ ვილაპარაკებთ, გონების ნაღებს დავკარგავთ. ჩვენ გონების ნაღები მსხვერპლად უნდა შევწიროთ ღმერთს. არ უნდა ვისაუბროთ და ღობე-ყორეს მოვედოთ. გამოიღვიძებთ თუ არა, ჩვენი გონება - მშვიდი და წმინდა, ღმერთს მიმართავს. როცა ღმერთს ყველაზე საუკეთესოს მივუძღვნით, შეგვიძლია სხვა საგნებზეც ვისაუბროთ, რასაც მოვისურვებთ. ამიტომაც შენ სიტყვა არ უნდა დაძრა.
იმის შიშით, ვაითუ დროზე ვერ ავმდგარიყავი, კურდღელივით ფხიზლად მეძინა. იმისთვის, რომ მოძღვრისთვის ყავა დროულად მომედუღებინა, დაქოქილ მაღვიძარას ბალიშის ქვეშ ვიდებდი და მშვიდად ვიყავი - დროულად გავიღვიძებ-მეთქი. მთელი ფიქრი იქითკენ იყო მიმართული, რომ არ დამძინებოდა და ვერ ვისვენებდი. მუდმივად ბალიშის ქვეშ ვიხედებოდი და ვნახულობდი, თორმეტმა საათმა ხომ არ მოაწია-მეთქი. ეს ნამდვილი სატანჯველი იყო. თორმეტს რომ თხუთმეტი დააკლდებოდა, უნდა წამოვმდგარიყავით, თორმეტ საათზე (ბიზანტიური დროის აღრიცხვით, - კ.კ.) მზე ამოდიოდა. თორმეტზე კი ბერდიდთან კალივაში უნდა ვყოფილიყავი.
ამ წლების მანძილზე მხოლოდ ერთხელ ვერ ავდექი დროულად. ოცი წუთი ჩამეძინა, ვინაიდან მთელი ღამე ძილს ვებრძოდი. ვფიქრობდი, - ახლა რომ მივიდე, ლოცვაში ხელს შევუშლი-მეთქი. დილით ამისთვის მომხვდა.
- რატომ არ მოხვედი?
- მამაო, დამეძინა, მაპატიეთ.
- ზარმაცო! ერთი უსმინეთ ძილისგუდას! უსაქმური! როგორ შეგეძლო, მოძღვარი ყავის გარეშე დაგეტოვებინა?!
ნეტავ გაფრენა შემძლებოდა! ასეთი რამ მეტად აღარ დამმართნია.