დიონისიატის მონასტრის წინამძღვარი, ღირსსახსოვარი ბერდიდი, მამა გაბრიელი ჰყვებოდა:
"როცა 1910 წელს საღმრთო მადლმა მე, გლახაკი, ამ კურთხეული ადგილის მიახლოების ღირსი გამხადა, ეს ამბავი ახალი მომხდარი იყო. იმდენად უჩვეულო გახლდათ, რომ ბევრს ვკითხე და ყველამ ერთი და იგივე მიპასუხა.
ჩემამდე 4-5 წლით ადრე თესალონიკიდან ათონზე სამოღვაწეოდ ერთი კეთილშობილი გარეგნობის ახალგაზრდა კონდიტერი მოვიდა, ათანასე. ამბობდა, დედისერთა ვარო.
მორჩილად მიიღეს და მონასტრის წესის მიხედვით, მონოქლისიტის მეტოქიონში გაგზავნეს, რომელიც მთაწმინდის საზღვრებში მდებარეობს, რათა ძალისაებრ თავისი წვლილი შეეტანა საერთო საქმეში. იმავე დროს უნდა მისჩვეოდა მარხვას და ლოცვაზე დგომას, რათა ჩვენი სავანის მკაცრი ცხოვრებისთვის მომზადებულიყო.
მისი მეტოქიონში ცხოვრებისას უჩვეულო რამ მოხდა. ერთხელ, მონაზვნები, ღვთისმსახურების მერე, სამუშაოზე წასასვლელად ემზადებოდნენ, უეცრად მახლობელი ტყიდან მათკენ ქვები წამოვიდა, თუმცა არავინ დაშავებულა და არც მეტოქიონი დაზიანებულა.
თავიდან იფიქრეს, ხალხმა ხუმრობით დაგვიშინა ქვებიო. გასცილდნენ მეტოქიონს. ქვები ფეხებზე ხვდებოდათ და შეშინებულები უკან დაბრუნდნენ. ამაში უთუოდ დემონების ხელი ურევიაო, იფიქრეს. ეკლესიაში შევიდნენ და ღმერთსა და ღვთისმშობელს დაცვა სთხოვეს.
საინტერესოა, რომ როცა ისინი ტაძარში შედიოდნენ, ქვის ცვენა წყდებოდა, მაგრამ როგორც კი აივანზე გამოდიოდნენ, მაშინვე განახლდებოდა. შეშინებული ძმები იღუმენ კეთილკრძალულ მამა მარკოზს გარს შემოეხვივნენ. დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს საქმე საეშმაკო ძალებისაგან იყო.
თითქოს ამის დასტურად უხილავმა ძალამ ზევითYასწია მათ წინ გაწოლილი მონასტრის ძაღლი და სამი მეტრის სიმაღლიდან მიწას დაანარცხა. ამგვარადვე გადააადგილა და აივნიდან გადმოყარა სხვა უძრავი საგნები - სკამები, მონაზვნის სკუფიის მოსაქსოვი ხის ყალიბები და სხვა.
სავანის იკონომოსმა პორფირემ ამ ეჭვის გასაფანტად მალემსრბოლი გაგზავნა კარიესში და წმინდა სინოდს დახმარება სთხოვა. გამოუგზავნეს კიდეც წმინდა ეპისტასიის განკარგულებით (წმინდა კინოტისგან განსხვავებით, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება, წმინდა ეპისტასია ხუთი წარმომადგენლისაგან შედგება, მას პროტი მეთაურობს და მიმდინარე საკითხების გადასაწყვეტად მუდმივად პროტატის შენობაში იმყოფებიან). განაწესთან ერთად მოვიდნენ ეპისტასიის მამები, მაგრამ მათი იქ ყოფნისასაც ახლომდებარე ტყიდან ქვის ცვენა გრძელდებოდა. ჯარისკაცებმა ტყეს ზალპი დაუშინეს, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. მამებთან ერთად დაასკვნეს, რომ არაწმინდა სული მოქმედებდა და უკან გაბრუნდნენ.
ამ დროს მორჩილმა ათანასემ გაუმხილა მამებს, - ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემი ცოდვიანი ცხოვრებისას ხშირად ვჯადოქრობდი. ახლაც, უეჭველია, ჩემმა მშობლებმა იჯადოქრეს, რადგან ორი დღეა, რაღაცნაირ დამთრგუნველ სიმძიმეს ვგრძნობო. ძმების დასარწმუნებლად ათანასემ სთხოვა მათ ცალკე მდგარ წმინდა არტემის სახელობის საყდარში გაეგზავნათ. როგორც კი გზას გაუდგა, ქვები მისკენ გაფრინდა, თუმცა არ ხვდებოდა.
ათანასე მარტო დატოვეს ტაძარში და ყველა სამორჩილო საქმეებზე გაიფანტა. იკონომისმა მონასტერში წერილი აფრინა - ნავი გამოგზავნეთ და ათანასე მონასტერში წაიყვანეთ, რათა მეტოქიონზე თავდასხმები შეწყდესო.
თხოვნა შეუსრულეს. როგორც კი ათანასე ნავისკენ გაემართა, ქვების სეტყვა განახლდა და მას გაჰყვა. ამიტომ იკონომოსი იძულებული გახდა, ნავით მოსული შეშინებული ძმების გასამხნევებლად ათანასესთან ერთად მღვდელმონაზონი მამა მარკოზი და ღირსი მონაზონი ისააკი გაეგზავნა. ქვის ცვენა არ წყდებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, მხოლოდ ნავის გარშემო ცვიოდა და ადამიანებს ზიანს ვერ აყენებდა!
საოცარია, რომ ნავმისადგომიდან მონასტრის ეზომდე ერთი ქვაც კი არ ჩამოვარდნილა. ზოგიერთმა იხუმრა, - გამცილებლებმა ჰალუცინაციებისა ირწმუნესო. უეცრად მონასტრის გვერდით მდგარი კოშკიდან იქ მდგომთ ხუთი თუ ექვსი ქვა დაეცათ. ამის მერე ყველა დარწმუნდა, რომ საქმე სახუმაროდ კი არა, ძალზე სერიოზულად იყო.
მაშინვე შეიკრიბა მამათა საბჭო. გადაწყვიტეს, რომ მორჩილი ათანასე საპატრონოდ მადლმოსილ მოძღვარ მამა საბასთან გაეგზავნათ, რომელიც ადრე ჩვენი მონასტრის მკვიდრი გახლდათ და ახლა წმინდა ანაში მოღვაწეობდა.
ამ დიდებულმა მოსაგრემ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დატოვებას აპირებდა, შეიბრალა ღვთის ეს ქმნილება და მთელი კვირის მანძილზე მკაცრი მარხვითა და მუდმივი ლოცვით თავის მოწაფესთან ერთად დაითმენდა ეშმაკის თავდასხმებს. დღედაღამ მათი კალივის თავზე კლდეები წყდებოდა, საშინელი გრუხუნით ჩაუქროლებდათ და ზღვაში ცვიოდა. აქამდე მშვიდი ათანასე გამძვინვარდა და გმობის სიტყვებს წარმოთქვამდა ისე, რომ ძმებს მისი შეკვრა მოუხდათ, რათა უფსკრულში არ გადაჩეხილიყო. ამასთან, ლანძღავდა მონაზვნებს, განსაკუთრებით კი მოძღვარს. ბოლოს, მართლის ლოცვამ თავისი გაიტანა და როცა კეთილმოკრძალებული მოძღვარი კიდევ ერთხელ აცრემლებული ლოცულობდა და შეჰფუცავდა არაწმინდა სულს, დაინახა, რომ ათანასეს პირიდან გამოვიდა მელიის მსგავსი ცოცხალი არსება, დადგა კელიის კართან, ბოროტად შეხედა მოძღვარს, კბილები დაუღრჭიალა და უხილავი შეიქმნა. მორჩილი იმავე წამს დამშვიდდა, პატივცემულ ბერდიდს მუხლებში ჩაუვარდა და აცრემლებული ხელზე ემთხვია, იგრძნო, აუტანელი სიმძმისაგან განთავისუფლდა და განიკურნა.
ბერდიდმა ათანასე თავისთან რამდენიმე დღე დაიტოვა და მერე ყუთლუმუშის მონასტრის სკიტში სხვა მოძღვარს ჩააბარა, სადაც ის მონაზვნად აღიკვეცა ამბაკურის სახელით. მე ვიცნობდი მას. სკიტიდან კარიესში დადიოდა და საკონდიტრო ნაწარმის გაყიდვით აუცილებელ საგნებს ყიდულობდა. მისი მეზობელი ასკეტები ამბობდნენ, ძალზე მკაცრ ცხოვრებას ეწევაო. ძველ წმინდა მამათა მსგავსად, ტანზე რკინის ჯაჭვები ერტყა. ღრმა სიბერეში საკუთარი თავის მოვლა აღარ შეეძლო, ყუთლუმუშში გადასახლდა და იქ მონასტრის ბაგების გვერდით მდებარე ქოხში რამდენიმე წლის წინ უფლის მიმართ მიიცვალა".
***
მამა სიმონი ცხოვრობდა წმინდა ანას სკიტის გვერდით იმ მღვიმეში, სადაც ოდესღაც თავის მოწაფეებთან ერთად მოღვაწეობდა ბერდიდი იოსებ ისიქასტი. ერთხელ ეწვია მთაწმინდაზე ახალჩამოსული ახალგაზრდა მონაზონი. ბერდიდმა მას თავისი სიხარული გაუზიარა - ბოლო წლებში მრავალი ახალგაზრდა მონაზონი შეუდგა მამათა ცხოვრების წესსო და უთხრა:
- ძმაო, უპირველეს ყოვლისა, არანაირი გულისთქმა არ დაფარო შენი სულიერი მოძღვრისაგან. მისი სრული რწმენა გქონდეს, თორემ ჩემსავით დაზარალდები.
- თქვენ რა შეგემთხვათ? - ჰკითხა ახალგაზრდა მონაზონმა.
- როცა სოფელი დავუტევე და კაბოსანი მონაზონი გავხდი, მაშინვე ისიქასტობა მოვისურვე, რომ დიდებული მამების მსგავსად, აბსოლუტურად დაყუდებულს ლოცვაში მეცხოვრა. ასე დავსახლდი აქ, ამ უწყლო და ვიწრო ადგილას, მამათა რჩევების საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით ჩვენი მოძღვრის, ბერდიდი მამა მ-ისა, რომელმაც, რახან ვჯიუტობდი, მითხრა:
- წადი, მაგრამ ხშირად მოდი ხოლმე ჩემთან გულისთქმების აღსარებისთვის.
ჩვენს კელიებს შორის არანაკლებ ოცი წუთის სავალი იყო. ერთხელ საბერო კანონი ჩამოვილოცე და ტახტზე მიმეძინა. ქალების ხმა და სიცილი ჩამესმა, ცოტა ხანში დავინახე - ფანჯრიდან ოთხი ახალგაზრდა ქალი მოიმჩერებოდა. გონება შემიშფოთდა: ეს რა არის, სადა ვარ? მთაწმინდაზე თუ პირეაში-მეთქი.
მათ ლამაზად სიცილი იწყეს. პირველმა თქვა:
- ის ძალიან ლამაზია.
- რა უგუნურია, რომ აქ მოვიდა სამონაზვნედ. მისი ცოლობა მინდა, - განაგრძო მეორემ.
მესამემ შეაწყვეტინა:
- არა, შენ გონჯი ხარ, მე უნდა გავყვე ცოლად.
- ტყუილად კარგავთ დროს, - შეაწყვეტინა მეოთხემ, - ეგ ორმოც დღეში ისე გარდაიცვლება, დიდ სქემაში აღკვეცასაც ვერ მოასწრებსო.
ისინი გაქრნენ. ამ წინასწარმეტყველების მერე დავიწყე წუხილი, სიკვდილის შიში დამჩემდა. ამასთან, არც კი მიფიქრია, მომხდარი ჩემი სულიერი მამისთვის მომეთხრო და მას განესაჯა.
როგორც იქნა, დადგა მეორმოცე დღე. აღელვებული ველოდებოდი ღამის თორმეტ საათს. გულმტკივნეული ვიძახდი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე! შემინდე, უფალო, მე სქემმონაზვნად გახდომის დროც კი არა მაქვს"... თორმეტმა ჩამოკრა. წარმოვიდგინე, რომ წინ სიკვდილი მიდგას. მაგრამ არაფერიც არ მოხდა. ხელზე ვიჩქმიტე - ცოცხალი თუ ვარ-მეთქი და მივხვდი, რომ მომატყუეს. მაშინვე წამოვდექი და ჩემი სულიერი მოძღვრისკენ გავემართე...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი