შერიგება ზეცასთან. ეს მოხდა ტომსკის ოლქში, კოლპაშევოში. ერთმა ქალწულმა, ზოიამ, სიმწიფის ატესტატი მიიღო. საღამოს სამი თანაკლასელი გოგონა ესტუმრა ჩაის დასალევად.
ხატები რომ დაინახეს, სიცილი ატეხეს, - ხედავთ, ხატები უკიდიათო. ზოია შეცბა, გაწითლდა. როცა დედა სამსახურდიან დაბრუნდა, შვილმა განუცხადა, - ხატები ჩამოხსენიო.
- რას ამბობ, შვილო? არაფრის გულისთვის ამას არ გავაკეთებ.
ორი კვირა მიმდინაროებდა ბრძოლა. დედა არ უთმობდა, გამწარებული ტიროდა. ღვთის გმობამდე მისულმა ქალიშვილმა კი უთხრა, - მაშინ ამ ხატებს მე თვითონ ჩამოვიღებო.
- ჩამოიღებ?.. მაშინ მე ჭიქა წყალსაც კი არ მოგაწვდი.
- რაზე ამბობ?
- როგორც დედამ გითხრა, ისე იქნება - თუ ხატებს შეეხები, საწოლს მიეჯაჭვები - დამბლა დაგეცემა. ზეციური დედოფალი წაგართმევს ფეხებს, წაგართმევს გონებას - იწვები სულელივით...
ზოია დაიბნა. მაგრამ უკან არ დაიხია. მაშინ დედამ დაუჯდომელი ლოცვების კითხვა დაიწყო. ის დარაჯად მუშაობდა და ღამე 3-4 დაუჯდომლის წაკითხვას ასწრებდა: მაცხოვრის, ზეციური დედოფლის, რათა მისი გოგონა გონს მოეყვანათ.
- ზეციურო დედოფალო, მაპატიე! - შეუჩერებლად მოუხმობდა აცრემლებული დედა და აი, ერთხელ, ორი კვირის თუ ცოტა მეტი ხნის მერე, კვირას, განთიადისას, ქალიშვილმა ყვირილი მორთო.
- ვაი, დედა! ჯვარი მომეცი! მოდი, ვილოცოთ! სწრაფად!!!
- რა მოხდა, ზოია?
- ნუ მეკითხები! არ მოგიყვები. საშინელებაა.
ჩამოიკიდა ზოიამ ჯვარი, მუხლებზე დაემხო. ორი საათის მანძილზე დედასთან ერთად ლოცულობდა. როცა ცოტათი დამშვიდდა, ქალიშვილმა უთხრა, - ერთმა საყვარელმა და კარგმა მონაზონმა ხელი ჩამჭიდა და დასავლეთისკენ წამიყვანა. ყავისფერი, ბრწყინვალე შესამოსელი ეცვა - ასეთი საკვირველი ფერი დედამიწაზე საერთოდ არ არსებობს. უკუნი ღამეა, სადაც მივდივართ, სინათლეა, თითქოს მზე ანათებს. მაგრამ არ ჩანს, თუ საიდან იფრქვევა სინათლე. დიდხანს მივდიოდით მდუმარედ. მონაზონმა პირდაპირ ფრიალო ხრამისკენ წამიყვანა, 15 მეტრის სიღრმისა. იქ კი მღვრიე, ბინძური წყალი იყო, შიგ დაცურავდნენ ვირთხები, ნიანგები, ქვეწარმავლები. ადამიანი ამოიყურყუმალავებს და ნიანგები მისკენ გაქანდებიან. საშინელი სურათი იყო, მაგრამ თავიდან ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე. ქალმა მითხრა: - ხედავ, ზოია, თუ ღმერთს დევნას დაუწყებ, ამგვარ ადგილას მოხვდები უკუნითი უკუნისამდე.
როცა ქალიშვილმა შეიტყო, რომ ეს საშინელებები სწორედ პირადად მას შეეხებოდა, ყვირილით გაიღვიძა, - დედიკო, ვილოცოთ, სასწრაფოდ ჯვარი მომეციო.
იგი შეაძრწუნა იმან, თუ როგორ იტანჯებიან სულიერად ადამიანები, რომლებიც თუნდაც სიტყვით ებრძვიან ღმერთს. ლოცვის მერე ზოიას ტაძარში წასვლის სურვილი გაუჩნდა, უკვე აღარავის რცხვენია.
- წავიდეთ დედა ტაძარში.
- ჯერ ადრეა, შვილო, ჯერ დილის ოთხი საათია, ცოტა წავიხემსოთ.
მხოლოდ ორ საათი ილოცა დედასთან ერთად და უკვე სინანულის ცრემლები გაუჩნდა. უეცრად შეიცვალა, ღვთის მოწინააღმდეგემ უეცრად ღვთისკენ გაიწია. ლოცვა უდიდესი ქადაგებაა.
ექვს საათზე აცრემლებულს გაეღვიძა ზოიას.
- ვაი, დედი, რატომ გამეღვიძა?.. კვლავ თვალების დახუჭვას ცდილობს, მაგრამ არ ეძინება.
- რა ნახე? - ჰკითხა გაოცებულმა დედამ. ზოიამ მოუთხრო: იმავე გასაოცარმა მონაზონმა ახლა აღმოსავლეთისკენ წამიყვანა. გზა ლარივით იყო გაჭიმული. მდუმარედ მივდიოდით, არ ვჩქარობდით. უკვე აღარ ბნელოდა, საკვირველი სინათლე იდგა ირგვლივ. მივუახლოვდით უზარმაზარ კარებს, რომელიც ჩვენს წინ თავისით გაიღო და დაიხურა. გზა კი ერთი მშვენიერი ბაღის გვერდით მიდიოდა. ბაღში ულამაზესი ფრინველები ფრთხიალებდნენ, ხარობდა სურნელოვანი ყვავილები, არაჩვეულებრივი ნაყოფით დახუნძლული ხეები. შეუძლებელი იყო, აღფრთოვანების გარეშე გეცქირა! ჩემს წინ ოქროს ჯვარი გამოჩნდა, საკვირველი გალობა კი ტაძრის სარკმლიდან ისმოდა! ჰოი, რა კარგად გალობდნენ. ვუსმენდი და ამ მადლისგან ცრემლები წამომივიდა... მონაზონი მდუმარედ მიცქერდა, მერე კი მკითხა:
- აბა, ზოია, მოგწონს საეკლესიო გალობა?
ესღა აღმოვთქვი:
- ძალიან მომწონს! რა კარგია, - და ავტირდი, იმავე წამს გამომეღვიძა.
ამის მერე ზოიამ უშიშრად დაიწყო ტაძარში სიარული... ეს ამბავი კი თვითონვე მომიყვა. ეს არის ცოცხალი ქადაგება. დედამ ღვთისმგმობელი შვილი გამოილოცა. გავიდა დრო. დედა გარდაიცვალა... ქალიშვილი ტუბეკულოზით დაავადდა... მეგობარ ექიმებს მასთან წამლები მოჰქონდათ, მაგრამ მათ დალევაზე უარი თქვა: უფალმა მომცა ეს სნეულება, უნდა დავითმინოო. მუდამ ზეციური ბაღი აგონდებოდა - ჰოი, რამხელა სიხარული იყო იქ, რამხელა სინათლე! ჩემი განსასჯელი არ არის ის, მან რომ მკურნალობაზე უარი თქვა. როცა გარდაიცვალა, კუბოში ნათელი სახით იწვა, ცვილისფერი, მსუბუქი, არამიწიერი - შერიგებული ღმერთთან, რომელსაც თავისი უგუნურებით წინ აღუდგა.
"ივერიის ღვთისმშობელი" დაბრუნდა. ეს ამბავი 1996 წელს მოხდა ნოვოსიბირსკის ოლქში, ბოლოტნოეში. 12 წლის სვეტას ხელები დადამბლავებული ჰქონდა. როგორ არ უმკურნალეს, ვერაფრით უშველეს: ხელებს ზევით ვერ სწევდა და ძლიერ სტკიოდა. მშობლები დარდობდნენ, არ იცოდნენ, რით დახმარებოდნენ შვილს. ერთხელ სვეტამ საკვირველი სიზმარი ნახა. გოგონამ ეს შემდგომში ჟურნალისტ სერგი პანფილოვს მოუთხრო: "სიზმარში უჩვეულო სილამაზის დეიდა ვნახე, ტანთ ვარდისფერი ბრწყინვალე სამოსი და ვარდისფერი გამჭვირვალე ფეხსაცმელი ეცვა. მოვიდა ჩემს საწოლთან და მითხრა: - სვეტა, რატომ წევხარო. დეიდა, ხელები ძალიან მტკივა-მეთქი. დილით ადექი, სხვენში აძვერი, იქ დახლის ქვეშ ქსოვილში გახვეული ხატი დევს. მას ემთხვიე და განიკურნებიო.
გაიღვიძა სვეტამ, სიტყვის უთქმელად გაჭირვებით აძვრა სხვენში. იპოვა ხატი, გახსნა და გაოცდა: ხატზე დახატული ქალი ძალზე ჰგავდა სიზმარში ნანახს. არ იცოდა, როგორ მთხვეოდა, მხოლოდ ხელით შეეხო და საკვირველი სითბო იგრძნო. ნახა, რომ ხელები განეკურნა. გახარებულმა ხელები მაღლა ასწია და ძველებური ტკივილი ვეღარ იგრძნო. ჩამოძვრა სხვენიდან და დედასთან სამზარეულში შეირბინა, - დედა, დედა, შეხედე, ხელებს მაღლა ვწევო. დედა თვალებს არ უჯერებდა. სვეტამ დედას თავისი სიზმარი მოუთხრო, თან ხელს მაღლა სწევდა, - ხედავ, დედა, ხედავო? დედამ გოგონა მამასთან გაგზავნა, - გაიქეცი, ახარეო. გახარებულმა მამამ ჩამოიღო სხვენიდან დამალული ხატი (სადაც ის 56 წელი ინახებოდა). გაწმინდეს, განბანეს, გაასუფთავეს - ეს გახლდათ ძველისძველი ივერიის ღვთისმშობლის ხატი, 80 სმ სიმაღლისა და 65 სმ სიგანისა, ათონზე დახატული და 1909 წელს ნაკურთხი. მშობლებმა თაყვანი სცეს ხატს, ილოცეს, როგორც შეეძლოთ, იტირეს და ოთახში დაკიდეს.
მეორე ღამეს ზეციური დედოფალი კვლავ სიზმარში გამოეცხადა სვეტას და უთხრა: - უთხარი მშობლებს, ხატი ჩემს ტაძარში წაასვენონო.
სვეტას მამამ ხატს ხელი მოჰკიდა, წმინდა ნიკოლოზის უახლოეს ტაძარში მიასვენა. იქ მსახურ მამა ანატოლის მოუყვა ყველაფერს. მამა ანატოლიმ ხატს შეხედა: - აქვე, შორიახლოს, სადგურ მოჩიშეში არის ღვთისმშობლის ტაძარი მსწრაფლშემსმენელის ხატის სახელობისაო.
ტაძრის წინამძღვარს დაურეკეს, - ხატს მოვაბრძანებთო. მატარებელს გაჰყვნენ. ხატს ასზე მეტი კაცი შეხვდა ანთებული სანთლებით. საზეიმოდ გადაასვენეს ტაძარში, იმ დღეს ვინც ხატს შეეხო, არ ვიცი, რა რწმენა ჰქონდათ, ყველა განიკურნა! ეს ამბავი მალე გავრცელდა, ტელევიზიითაც მოუთხრეს ხალხს. ამის მერე ტაძარს უამრავი ადამიანი მოაწყდა. ივერიის ღვთისმშობლის ხატს რამდენიმე კვირის მანძილზე მირონი სდიოდა.
ყოველ წელს მოჩიშეში მივდივარ ხოლმე, სადაც სასწაულთმოქმედი ხატი იმყოფება. მრავალს დღესაც კურნავს, მათ შორის ონკოლოგიური სნეულებისგან.
ჩვენთან, ნოვოსიბირსკში, ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატებს ცრემლები სდიოდა. წაიღეს საანალიზოდ და დარწმუნდნენ: ცრემლები იყო და სხვა არაფერი! ყველა მკითხაობს, რას უნდა ნიშნავდეს ხატის ტირილიო - ეს ქადაგებაა ჩვენთვის, რათა მონანიებისთვის ვიზრუნოთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი