ბერდიდი მამა გედეონი. "სადაც არ უნდა წავიდეთ, განსაცდელები ყველგანაა, - ამბობდა ბერდიდი გედეონი, - ზეციდან მიწამდე ყველგან საცთურებია.
როგორც ანტონი დიდს ჰქონდა ჩვენება, ყველგან საცთურია, ანუ მტრის ხაფანგია დაგებული. ლოცვისას ესმა ხმა: "თავმდაბლობით დააღწევ თავს მას!" ცხოვრების განსაცდელის გარეშე გავლას ნუ ელი და ნურც ფიქრობ, როგორც მოციქულმა თქვა: "რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხოვრებაი ქრისტეს იესუს მიერ, იდევნენ" (2 ტიმ. 3, 12). იმავე მოციქულმა თქვა: "უკუთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ" (გალ. 1, 10). არა მხოლოდ ერისკაცებზე, არამედ ჩვენთან, მონაზვნებშიც, ვისაც სურს, რომ კარგ გზას ადგეს, მათზეც აღძრავს მტერი ადამიანებს, რათა თავგზა აურიონ და ჩამოაცილონ გზიდან. მოთმინება, მამაო, მოთმინება!" - ამის თქმისას ბერდიდმა მსუბუქად მოუთათუნა თანამოსაუბრეს მხარზე.
"რამდენი სათნოებაც არ უნდა გვქონდეს, - განაგრძო ბერდიდმა, - ყველას გვაქვს ცოდვები, ქრისტეს არანაირი ცოდვა არ ჰქონდა, მაგრამ ჯვარს აცვეს".
"ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეა, - გაგვამხნევა ბერდიდმა და განაგრძო, - წმინდა მამები წერენ, რომ მიწაზე ისე უნდა ვიცხოვროთ, თითქოს ჯერ კიდევ არ ვიყოთ დაბადებულნი!"
ბერდიდთან საუბრისას ერთხელ შევნიშნეთ, - მონასტრის ამაოებაში დიდხანს ყოფნის მერე ახლა უდაბნოში სიარულით დიდად ვნუგეშობთო. მან გვითხრა: "აიღეთ პატარა თასით წყალი და დადგით: წყალი კამკამაა და ფსკერი ჩანს. აიღეთ დიდი თასით წყალი და მუდმივად ურიეთ - განა ისეთივე კამკამა იქნება? ასევე იქნება ხალხმრავლობისას; მხოლოდ სიჩუმეში შეძლებ საკუთარი თავის განხილვასა და შეცნობას. ახლანდელ დროში სათნოებებს ნუ ეძებთ; მხოლოდ ეცადეთ დაითმინოთ თავს მოწეული განსაცდელი და მომავალ საუკუნეში ეს დიდ საქმეებად ჩაგეთვლებათ - ღირსი ანტონის ღვაწლისა და წმინდა გიორგის მოწამეობის დარად. კელიაში ცხოვრება კარგია, იქ ყველას შეუძლია ისე მოეწყოს, როგორც სურს, შეუძლია ყველაფერს ჩამოშორდეს, არაფერში მონაწილეობა არ მიიღოს, ეცადოს, არაფერი დაინახოს და რამდენსაც შეძლებს, ლოცვაში იმეცადინოს. როგორც კი საეკლესიო კანონი დასრულდება, ლოცვა გააგრძელოს, დაე, ლოცვა მოუკლებელი იყოს!
ერთხელ სკიტის რუსი მკვიდრი მამა ტობია ღამისთევის ლოცვაზე მივიდა და მოწყენილმა იმით, რომ ღვთისმსახურებიდან ვერაფერს იგებდა - მამა გედეონს შესჩივლა, რომელმაც ანუგეშა: არა უშავს, თუმცა არ გესმის, ნუ იჯავრებ. ფორმაში იყავი და იესოს ლოცვა გეპყრას, ნუ იჯავრებ. შეხედე ზღვაში მცურავ ხომალდს: იქ სხვადასხვანაირი მგზავრია: ბერძენი, მოლდაველი, რუსი და არაბი; მათ ერთმანეთისა არ ესმით, მაგრამ ერთ გემში მყოფნი, გვერდიგვერდ სხედან, გემს კი ყველა მიჰყავს და ნავსადგურისკენ მიცურავს. ასეა ეკლესიაშიც: ვინც არ უნდა იყოს, ერთმანეთის ესმით თუ არა, ყველა ზეციური სასუფევლის ნავსადგურისკენ მიჰყავს. აი, ჩვენ ენა გვესმის, მაგრამ ხშირად გვძინავს ღამისთევის ლოცვაზე, თქვენ კი, რუსებს, შეუდარებლად მეტად გეპატიებათ, ჩვენგან განსხვავებით!
ბერდიდი მამა გედეონი სიცოცხლის ბოლო წლებში ძალზე დაუძლურდა და ხშირად ავადმყოფობდა. მასთან ბოლოს 1896 წლის ზაფხულში ვიყავი. დაუძლურებული ბერდიდი სარეცლიდან ძლივს წამოიწია. გრძნობდა, მალე გარდაიცვლებოდა და ღირსი აკაკივით დამემშვიდობა: - შორეულ გზას დავადექი და აქ ერთმანეთს ვეღარ ვნახავთო! იმავე წლის 19 ნოემბერს იგი მშვიდად წარდგა უფლის წინაშე.
ბერდიდი მამა ნიკოდიმოსი. ბერძენი მამა ნიკოდიმოსი (+1867) 1807 წელს დაიბადა. ერისკაცულმა ცხოვრებამ და მისმა ამაოებამ ვერ დააკმაყოფილა და 32 წლისა ათონზე მოვიდა. ახალ სკიტში მცირე ხნის ყოფნის მერე, მოძღვრის რჩევით, კავსოკალივაში გადავიდა, სადაც პატარა კელიაში დასახლდა და მკაცრი ლოცვით ცხოვრებას შეუდგა. მოწაფეების მიღებამდე არანაირი ხელსაქმე არ ჰქონდა. სკიტის მოვალეობების შესრულება უწევდა, რომელიც მეტად ავიწროებს გონებისმიერი მუშაკობის გზაზე შემდგართ. ხმელა პურს ჭამდა, ხილსაც არ ეკარებოდა.
ვერ დაითმინა ჩვენი ცხონების მტერმა მისი სწრაფი წარმატება და მასზე სხვადასხვანაირი მზაკვრობა აღძრა: საშინელი მოჩვენებები, შიში და ბოლოს ნათელი ხილვები. მაგრამ, გამოცდილი ბერდიდის ხელმძღვანელობით, დაამხო მტერი თავის მთელ ურდოსთან ერთად.
სიკვდილის წინ მამა ნიკოდიმოსს ხუთ ადგილას უზარმაზარი იარა გაეხსნა და სამ თვეზე მეტხანს საშინლად იტანჯებოდა. თავიდან მას ჯერ კიდევ შეეძლო კელიიდან გაჭირვებით გამოსვლა, მაგრამ მერე უკვე გაუნძრევლად იწვა და ერთი გვერდიდან მეორეზე ძლივს აბრუნებდნენ. მისი მოწაფე ნილოსი დღედაღამ ემსახურებოდა და ისე დასუსტდა, რომ გაძვალტყავდა. ბერდიდმა ძილი დაკარგა, მაგრამ ამ დროს დიდსულოვნად ითმენდა, მუდმივად მადლობდა ღმერთს და არაფერს ამბობდა თავის საშინელ სნეულებაზე. ერთხელ ერთი სკიტელი მოვიდა და თავს უქონავდა ბერდიდს, იმისთვის, რომ ასეთი სნეულება ისურვა მან ცოდვათაგან განწმენდისა და მომავალი საზღაურისთვის. ბერდიდმა უპასუხა: არ იცი, რას ამბობ; შენ რომ იცოდე, ეს რა სნეულებაა და რის დათმენა მიწევს, ამას არ მეტყოდი!
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბერდიდს გამოცხადება ჰქონდა მისთვის გამზადებული მისაგებელისა და მისი სულის წასაყვანად ანგელოზების მოსვლაზე. ამ დროს მან ხელი ჩასჭიდა მოწაფე ნილოსს და მხიარული სულით მტკიცედ თქვა: შვილო, იდექი იმ გზაზე, რომელიც გასწავლე და შენც იმასვე მიიღებ, რასაც მე ახლა! სიხარულისგან ბერდიდმა საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ამ სიტყვებთან ერთად მისი სული გაფრინდა უფალთან. სწორედ ამ წამს გამწარებულმა მოწაფემ შესძახა: "მამაო, ხომ არ კვდები?" - საპასუხოდ თითქოს შეჩერდა ბერის სული: "დიახ, ვკვდები!" - თქვა და თვალები დახუჭა. ეს მოხდა 1867 წელს.
როცა თავის მოწაფე ნილოსს გონებისმიერ მუშაკობაზე არიგებდა ბერდიდი - მას შთააგონებდა: რამდენიც შესაძლებელი იყო ემეცადინა გონებისმიერ მუშაკობაში და არანაირი ოცნებებისთვის არ ერწმუნა, თუნდაც ქრისტე გამოსცხადებოდა, არ დაეჯერებინა და ეთქვა: ქრისტეს ხილვა ამ ცხოვრებაში არ მსურს, მინდა, მომავალში ვიხილო! დამწუხრებული მოწაფე ამბობდა: აღარ დარჩა ახლა ასეთი მოძღვარი. ცოტა ხნის წინ ზიარებისთვის ვემზადებოდი და კანონს თვალდახუჭული ვასრულებდი. უეცრად ასეთი გულისთქმა გამიჩნდა: რამდენი ხანია ვიღვწი და მაინც ვერაფერს ვხედავ! და მაშინვე ჩემს თვალთა წინაშე ხელთუქმნელი ხატი წარდგა. გავახილე თვალები და იმავე ბრწყინვალე ნათელში გახვეული მაცხოვრის ხატი ვიხილე. მოძღვრის დარიგების მიხედვით მივხვდი, რომ ეს ეშმაკისგან იყო, დავხუჭე თვალები, ლოცვა გავაგრძელე და მოჩვენებაც გაქრა!
საკვირველი და მარავალსახოვანია ათონური ცხოვრების გზანი. უფლისმიერი მადლმოსილი შეწევნა განმზადებულია ყველასთვის და უკვე ჩვენზეა დამოკიდებული მისი მიღება, შეთვისება და ცხონებისთვის გამოყენება.
მორჩილი იაკობ ბულგარელი და დაფარული მამა. ერთმა ყმაწვილმა იაკობ ბულგარელმა რჩევა არ ჰკითხა გამოცდილ მამებს და ერთ ბერძენ ბერთან დასახლდა, რომელიც კავსოკალივის სკიტის საკრებულო ტაძრის ქვემოთ კელიაში ცხოვრობდა. ამ ბერს ცხოვრების ფართო გზა უყვარდა, ამასთან იყო მკაცრი, ჭირვეული, უცოდინარი სულიერი ცხოვრებისა და არცა მაძიებელი ამისა. იაკობი კი მოსაგრე ცხოვრებისკენ ისწრაფოდა, სურდა ელოცა, ემარხულა, მაგრამ მოძღვარი ამის ნებას არ აძლევდა. იაკობმა ჰკითხა სულიერ მოძღვარს, როგორ მოვიქცეო. უბრძანა, ასეთ მოძღვარსაც დამორჩილებოდა, ამასთან გამოუცხადა, თუ რამხელა სიკეთეს ნახავდა, თუ თავის გონებას დაიმარხავდა და სინდისის ხმას მიჰყვებოდა. მოწაფე დაემორჩილა, მაგრამ შინაგანად დიდად წუხდა იმაზე, რაც მღვდელს შესჩივლა და სთხოვა, სხვა ბერდიდთან გადასვლაზე ეკურთხებინა. მღვდელმა კურთხევა არ მისცა. უბრძანა, ყველაფერში დამორჩილებოდა მოძღვარს. მხოლოდ მარხვისა და ლოცვის კანონები დაუნიშნა, რომელიც მას მამისგან დაფარულად უნდა აღესრულებინა. იაკობმა დაუჯერა: ღამით ლოცულობდა, დღისით მუშაობდა, თავშეკავებასა და ყურადღებას იმარხავდა. მაგრამ ეს არ დაიფარა მოძღვრისაგან, რომელიც უთვალთვალებდა მას და აიძულებდა, მეტი ეჭამა და ეძინა.
იაკობი ყოველღამე მიდიოდა საკრებულო ტაძარში და კარიბჭეში ლოცულობდა ყოვლადწმინდა სამების ხატის წინაშე. ერთხელაც მოძღვრის დევნით შევიწროებულსა და შეწუხებულს ვიღაცის ნაბიჯების ხმა მოესმა. დაიმალა. თითქმის უჩუმრად კარიბჭეში შევიდა ერთი ჭაღარაწვერიანი, გრძელთმიანი და სულ მთლად შიშველი მამა. შესვლისას დადგა ტაძრის კარებთან, ილოცა, გადასახა კარებს ჯვარი და იგი თავისით გაიღო. ბერდიდი შევიდა და მის წინ დიდხანს ლოცულობდა. ლოცვებს ხმამაღლაც ამბობდა. როცა ლოცვა დაასრულა, ხატებს ემთხვია და ტაძრიდან გამოვიდა.
იაკობმა - ნეტავ, ვინ არისო. უნდოდა, ეთხოვა, თავისთან მიეღო, ამიტომაც მაშინვე გამოვიდა და შორიდან გაჰყვა. ავიდნენ კავსოკალივიდან მთაზე კარიესამდე, სადაც ბერდიდი მობრუნდა და ათონის მწვერვალისკენ წავიდა. გათენებისას უკვე "პანაღიას" ტაძრის ახლოს იყვნენ. იაკობმა გადაწყვიტა, ბერდიდს დასწეოდა, მაგრამ ამ დროს ბერდიდი, რომელიც აქამდე ისე მიდიოდა, თითქოს ვერ ამჩნევდა, მოუბრუნდა, - სად მიდიხარო. იაკობი მიუახლოვდა და სთხოვა, - თან წამიყვანეო. ბერდიდმა უთხრა: - აქ ცხოვრებას ვერ შეძლებ, წადი შენს მოძღვართან და მორჩილება ჰყავ - ცხონებისთვის გამოგადგება. ვისაც ღვთაებრივი მადლი არ მიუღია, ამ ადგილას ცხოვრებას ვერ შეძლებს, თავის მოძღვართან პოვებს ცხონებას. იცოდე, უახლოეს მომავალში წაგიყვანს უფალი! ბერდიდმა წასვლისას დაუმატა: ჩვენ აქ ორნი ვართო და "პანაღიადან" ქვემოთ დაეშვა.
იაკობმა ყველაფერი მოძღვარს მოუყვა. მან დაუდასტურა ეს და დაარიგა, როგორ მომზადებულიყო სიკვდილისათვის. სამი კვირის მერე ის გარდაიცვალა. სამი წლის მერე გათხარეს მისი ძვლები - საკვირველი კეთილსურნელება იფრქვეოდა, თავი კი მირონით ჰქონდა ავსებული. ბევრი, ვინც მისი ცხოვრება არ იცოდა, გაოცებული იყო, როგორც თვით მისი მოძღვარი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი