სიტყვა ღვთის მადლის მოქმედებაზე. ვიღაცამ ერთ მოსაგრეს ჰკითხა:
- რატომ ვერაფერს ვგრძნობთ, როცა ეკლესიაში ვლოცულობთ ან და პირადი ლოცვისას?
მან უპასუხა:
- აქ ბევრი მიზეზია, ზოგჯერ შეიძლება გრძნობდე ერთგვარ შემუსვრილებას და გულისთქმაც გეუბნებოდეს, რომ ქრისტე კარამელს გაძლევს არა შენი შრომის გამო და რადგანაც ამას ჯერ ვერ მიხვდი, წაგერთმევა, ვიდრე არ მიხვდები.
ყოველ შემთხვევაში, არ ღირს ლოცვის დროს ცრემლები და სხვა ნიჭები ეძიო. ზოგჯერ შეიძლება არ იტირო, მაგრამ ძალზე განიცადო შინაგანად შენი შეცდომა - მაშინ უხილავი ცრემლით ტირი, რომელიც უფრო უხიფათოა. ხილული ცრემლები კი სახიფათოა, რადგან შეიძლება ცრუ წარმოდგენა შეგექმნას საკუთარ თავზე.
ნუ სთხოვთ ღმერთს ნურც ცრემლს, ნურც ნიჭებს, მხოლოდ სინანული, სინანული და კიდევ ეთხელ სინანული შესთხოვეთ. ჩვენ ძალზე გვჭირდება სინანული.
ღირსსახსოვარი მამა ლაზარე დიონისიატელმა მოგვიყვა ამბავი, რომელიც უთუოდ მას შეემთხვა. ერთი ახალაღკვეცილი მონაზონი უფლის ნათლისმცემლის აკათისტოს კითხულობდა მისი მკაცრი და დიდებული ხატის წინაშე. უეცრად გულში ისეთი ზებუნებრივი მადლი იგრძნო, რომ მოეჩვენა, თითქოს სხეულით მიწიდან ამაღლდა და გამოუთქმელი სიხარულით აღივსო.
სხვა დროს მონაზონს ხმა მოესმა პატიოსანი ნათლისმცემლის ხატიდან, რომელსაც ის ერთი მნიშვნელოვანი პირადული საკითხის გადაჭრას შესთხოვდა: "წადი ქვემოთ, წმინდა უვერცხლოდ მკურნალთა ეკლესიაში დაეყუდე".
მამა ლაზარეს ტყეში მდგარ კათიზმაში დაყუდება სურდა და ამაზე პასუხს შესთხოვდა ნათლისმცემელს.
"როცა სულიწმინდის მადლი ადამიანში ჩასახლდება, ის მოიკრებს გონებას, - ეუბნებოდა წმინდა მაქსიმე კავსოკალიველი წმინდა გრიგოლ სინელს, - ის აქცევს მას განკრძალულად და თავმდაბლად. ეს მოუტანს მას სიკვდილის, საკუთარი შეცოდებების, მომავალი სამსჯავროსა და საუკუნო სატანჯველის ხსოვნას და ადვილად შეემუსრება გული. მისი თვალები ცრემლითა და სიმშვიდით აღივსება. და რაც უფრო მიუახლოვდება მადლი, მით მეტად დაუმშვიდდება სული, მით უფრო ანუგეშებს მას ქრისტეს წმინდა ვნებებით და მისი უსაზღვრო კაცთმოყვარებით. ის გონებაში შობს მაღალსა და მართალ ჭვრეტას, ჯერ ერთი, იგი ჭვრეტს ღვთის მიუწვდომელ ძლიერებას, რომელმაც მთელი სამყარო არარაობისგან შექმნა ერთი სიტყვით და ყოფიერებაში მოიყვანა, მეორე - ჭვრეტს ღვთის უსაზღვრო ძალას, რომელიც ყოველივეზე ზრუნავს და ყოველივეს განაგებს. მესამე - ჭვრეტს წმინდა სამების მიუწვდომლობას და ღვთაებრივი მსხვერპლშეწირვის თვალუწვდენელ ოკეანეს. ერთი სიტყვით, როცა კაცის გონება აღიტაცება და ყოველივე მატერიალურის მაღლა ავა, გაბრწყინდება და აღივსება ღვთაებრივი ცოდნით და ღვთაებრივ მბრწყინავ ნათელში იმყოფება. მის გულს მადლი დაამშვიდებს, დააწყნარებს ისე, რომ ის შობს სულიწმინდის ნაყოფებს - სიხარულს, სიმშვიდეს, დიდმოთმინებას, სახიერებას, გულმოწყალებას, სიყვარულს, თავმდაბლობას და ყველა სათნოებას! მაშინ ამ კაცის გული უსაზღვრო მხიარულებით აღივსება".
მამა პაისი მთაწმინდელი ამბობდა: - როცა მოდის უდიდესი მადლი, ადამიანი ვერ უძლებს. ის ერთიანად ირყევა, ისე როგორც სხეული ირყევა დენის დარტყმისას. მას ასეთი ნეტარების დათმენა არ ძალუძს. მაშინ მოდის ცრემლები, გამოუთქმელი სიხარული, ნეტარი მდგომარეობა, ხილული ფერისცვალება, დიდი სიყვარული ღვთისადმი. ერთხელ ღამე საწოლზე წმინდა არსენის ნაწილები მესვენა. ვმღვიძარებდი და ვლოცულობდი. უეცრად გამოჩნდა დემონი. მეცა და იატაკზე დამაგდო, ყვიროდა: "ეს ვისი თავია?" ვიყვირე: "წმინდაო ღმრთისაო, შემეწიე!" იმავე წუთს დემონი გაქრა და სული გამოუთქმელი ნეტარებით ამევსო. დილით ერთი ნაცნობი მესტუმრა, ის გაოცებული დარჩა იმ ცვლილებით, რომელიც ჩემს სახეზე მოახდინა მადლმა...
სიტყვა ბოროტი სულის მოქმედებაზე. როცა ღირსმა ათანასე ათონელმა მონასტრის დიდი ეკლესიის მშენებლობა წამოიწყო, რომელიც დღემდეა შემონახული, ეშმაკმა საშინელი ბრძოლა გაუმართა. მან მშენებლები დიდ განსაცდელში ჩაყარა.
როცა ოსტატი მუშებთან ერთად მომავალი ტაძრის გეგმას მონიშნავდა, უეცრად ხელები დაუსუსტდათ და გაუშეშდათ ისე, რომ პირთან მიტანაც კი არ შეეძლოთ. ღირსმა ათანასემ "სამწმიდაოს" ლოცვა წაუკითხათ, ხელები უმალ აეშვათ. თვითონვე მოეჭიდა სახნისს და პირველმა გაავლო კვალი. მერე მუშებს უბრძანა, კვალში ჩამდგარიყვნენ და ყველა ჩართო საქმეში, თანაც იოლად.
ამ სასწაულმა განაცვიფრა მუშები, თავი ვეღარ შეიკავეს, დაეცნენ ღირსი მამის ფერხთით, სთხოვეს, თქვენთან დავრჩებით სამუდამოდ და მონაზვნები გავხდებითო.
ეშმაკი შერცხვენილი წავიდა, ვერ აღუდგა წმინდა მონასტრის მშენებლობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღში, რომელიც მალევე უნდა აღმართულიყო, ვითარცა მართლმადიდებლობისა და ასკეზის პირველი ციტადელი.
წმინდა პეტრე ათონელს მთაწმინდაზე მისვლიდან და მღვიმეში დასახლებიდან ორი კვირის მერე თავს ძლიერი და აუტანელი განსაცდელი დაატეხეს ბოროტმა სულებმა. დემონების ოთხი უმთავრესი თავდასხმის მოგერიებამ წმინდანს ძლევის გვირგვინი მოუპოვა.
პირველი თავდასხმისას სიცრუესა და ცილისწამების მამა სატანამ მასთან საბრძოლველად მთელი თავისი მსახურები მიუშვა, ერთნი მღვიმეს შუბებს ესროდნენ, სხვები - ისრებს, მესამენი უზარმაზარ ლოდებს აყრიდნენ და გამაყრუებლად ყვიროდნენ: "ჩქარა წადი ჩვენი საცხოვრებლიდან, თორემ მოგკლავ!"
ღირსი მამის გულში ფესვი ჰქონდა გადგმული ლოცვას და არანაირი ზიანი არ განუცდია ამ მუქარისა და თავდასხმებისას. მღვიმიდან გამოსულმა უთვალავი დემონი იხილა. თვალები ზეცად აღაპყრო და სიღრმით გულისათ წამოიძახა: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შემეწიე შენს მონას!"
ღვთისმშობლის სახელის ხსენებით კადნიერი და მშიშარა დემონები გაქრნენ. გავიდა ორმოცდაათი დღე და ისინი გარეული მხეცებისა და ქვეწარმავალთა სახით დაბრუნდენ. ისევე, როგორც დაესხნენ თავს მეუდაბნოე ცხოვრების მასწავლებელს, წმინდა ანტონი დიდს, ასევე შეუტიეს ღირს მამას. წმინდანმა კვლავ მოიგერია ისინი პატიოსანი ჯვრის ნიშით და ქრისტე მაცხოვრის სახელის მაცხოვნებელი წარმოთქმით.
მესამედ ყოველივე კეთილის მტერი, მზაკვარი სული მოვიდა მასთან მეგობრის სახით და აღელვებულმა წმინდანს უთხრა, - შენი მშობლები შფოთავენ და მწუხარებენ, რადგან შეიტყვეს შენი ხეტიალისა და ხომალდის დამსხვრევის ამბავი. მოგწერეს კიდეც, თვით წმინდა ნიკოლოზმა მოუთხრო მათ - თქვენი სასურველი საგანძური ათონის ტყეებში არის დამალულიო. ამიტომ ადექი, წავიდეთ ერთად შენს მეგობრებთან და ნათესავებთან, რომლებიც მოუთმენლად გელოდებიან. დაყუდების ღვაწლი იქაც შეგიძლია იტვირთო, ჩვენთან უამრავი მონასტერი და განმარტოებული კელიაა, რით უფრო მეტად სათნოეყოფი ღმერთს? იმით, რომ მარტო იხეტიალებ ამ სალ კლდეებში თუ იმით, რომ დამოძღვრი ჭეშმარიტებაში უამრავ ადამიანს, რომლებიც გელოდებიან? ანდა არ გახსოვს, რასაც ამბობს წინასწარმეტყველი: "გამოთუიყვანო პატიოსანი უღირსისაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო" (იერემია 15,19).
ღირსი პეტრე აღელდა. ეს მღელვარება ნიშანი იყო იმისა, რომ მასთან მოსაუბრე ახალგაზრდა ღვთისაგან არ იყო, მან დაღუნა თავი, ატირდა და მხნედ და კადნიერად უპასუხა:
- დაიმახსოვრე ერთხელ და სამუდამოდ, რომ ამ ადგილას მე არც ანგელოსმა, არც კაცმა, არამედ თვით ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მომიყვანეს და თუ ამაზე მათი წმინდა ნება არ იქნება, მაშინ ვერ შევძლებ აქედან გამოსვლას.
დემონს როგორც კი მოესმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელი, გაქრა.
შვიდი წლის მერე მეოთხე თავდასხმა მოხდა. ღირს პეტრეს გამოეცხადა თითქოსდა უფლის ანგელოსი გაშიშვლებული მახვილით, დადგა მღვიმის შესასვლელში და თქვა:
- გამოდი, ქრისტეს ჭეშმარიტო მსახურო, გამოდი, რათა მოისმინო ღვთის საიდუმლო და სულისმარგებელი სიტყვა.
- ვინა ხარ შენ, რომ გსურს მომითხრო კეთილი და სულისმარგებელი სიტყვა? - ჰკითხა მას ღირსმა მამამ.
- მე ღვთის მთავარანგელოზი ვარ, ღვთისაგან კეთილი ამბის საუწყებლად მოვლენილი. განმხნევდი, გამაგრდი და გიხაროდეს, რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ღვთაებრივი საყდარი და თვალშეუდგამი გვირგვინი. დროა, დაუტევო ეს ადგილი და წახვიდე სოფელში, რათა სიკეთე მოუტანო მრავალთა სულებს. იმიტომ დააშრო უფალმა წყარო, რომლიდანაც წყალს სვამდი, რომ სურს, აქედან გადასახლდე.
- მე ვინ ვარ, კაცთა შორის უღირსი და უნარჩვევესი, რომ ჩემთან უფლის ანგელოზი მოვიდეს? - თქვა წმინდანმა.
- ნუ გიკვირს, - არწმუნებდა ცრუ ანგელოზი, - რამეთუ შენ ახლანდელ დროში აღემატე ყველა ძველ წმინდანსა და წინასწარმეტყველს: მოსეს და ილიას, დანიელსა და იობს. წადი, უფალი შენ ერში ქადაგებას გიბრძანებს, რათა სიკეთე მოუტანო მრავალს.
- თუ არ მოვლენ აქ დედოფალი ჩემი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელმაც გამომგზავნა ამ ადგილას და ჩემი შემწე თავდასხმებისას წმინდა ნიკოლოზი, აქედან ფეხს არ მოვიცვლი.
როგორც კი ცრუ ანგელოზმა გაიგო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელი, მაშინვე გაქრა.
იმ ღამეს თავს დატეხილი დიდი განსაცდელის მერე ღირსი პეტრე ღირსი შეიქმნა საღმრთო მოხილვისა. მას გამოეცხადა ღვთისმშობელი დედოფალი და მფარველი მთაწმინდისა, დიდებულ წმინდა ნიკოლოზთან ერთად.
- პეტრე, ნუ გეშინია ბოროტის მზაკვრობის. იცოდე, უფალი შენთანაა. ხვალიდან ის ანგელოზის ხელით ზეციურ საჭმელს გამოგიგზავნის, - უთხრა მან.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი