მამა იოსები - ბერძენი (1872). "ნილოსის უდაბნოს" ზედა ნაწილში, წმინდა დიდმოწამე არტემის კელიაში 52 წელი მოღვაწეობდა ბერდიდი მამა იოსები (1823-დან 1872 წლამდე).
მისმა მოძღვარმა, ბერდიდმა მამა კორნილიუსმაც აქ 40 წელი იცხოვრა (1817-1857).
მამა კორნილიუსი ათონზე 1812 წელს 45 წლისა მოვიდა. მონაზვნურ ცხოვრებას ვიგლაზე, წმინდა ნათლისმცემლის კელიაში შეუდგა, სადაც ახლა მოლდავური სკიტია. აქ მცირე ხანს იცხოვრა და წმინდა არტემის კელიაში გადავიდა. ის გახლდათ სულიერი და წმინდად მცხოვრები კაცი.
მამა კორნილიუსი ყვებოდა, რომ ათონზე თურქების მოსვლამდე, სხვადასხვა ადგილებში ბევრი მეუდაბნოე ცხოვრობდა, ერთმა მამამ ადრიან დილით წამლის შეგროვება დაიწყო. ამ დროს ლავრის ვორდუნარები გარეულ თხებზე ნადირობდნენ. მთვარის მკრთალ შუქზე კარგად ვერ გაარჩიეს და ერთმა მათგანმა ბერი თხად მიიჩნია, ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. ამგვარადვე ევნო მამა ლეონტი, რომელმაც ჯერ კიდევ ერისკაცობისას, ერთ ჩხუბში ისე ძლიერად დაარტყა მოქიშპეს, რომ იქვე მოკვდა. შემდგომში ათონზე ბერად შედგა და სრულიად რომ ჩამოჰბანოდა ეს ცოდვა, ღვთის განგებულებით მისი ძალადობით სიკვდილი დაიშვა; ეს მოხდა 1821 წელს, ბერძენთა აჯანყების დროს. თურქეთის ჯარმა მთელი ათონი დაიკავა. კავსოკალივიდან თითქმის ყველა მამა ლავრაში განერიდა თურქთა და ზღვის ავაზაკთა შემოსევას. მამა ლეონტი კავსოკალივაში ცხოვრობდა. დააგვიანდა, თუ სიბერის გამო სწრაფად წასვლა ვერ შესძლო, სკიტში შესულმა ავაზაკებმა იქაურობის გაძარცვის მერე შეამჩნიეს, რომ ის მიიპარებოდა და უყვირეს, - შეჩერდიო. ბერდიდი არ გაჩერდა. ავაზაკებმა ესროლეს და მოკლეს.
წმინდა არტემის კელიიდან ნახევარი საათის სავალზე წმინდა ბასილი დიდის ძველი სკიტის ნანგრევებია. ერთ დროს ათონის მთაზე სინადან აგარიანელთა მიერ გამოდევნილი მონაზვნები მოვიდნენ, ამ ადგილებში და კატუნაკში დასახლდნენ. ბევრი მათგანი მალევე გარდაიცვალა - ვერ გაუძლო აქაურ კლიმატს, დანარჩენებმა კი ათონი დატოვეს.
ბერძენი მამა იოსები ათონზე 1820 წელს მოვიდა და ლავრაში 3 წელი იცხოვრა. მალე თურქებით აივსო მთაწმინდა. სხვებთან ერთად მამა იოსები ემსახურებოდა თურქებს და ყველას გასაკვირად, ერთხელაც არ უცემიათ. 1823 წელს გადავიდა ბერდიდ მამა კორინილოსთან, რომელმაც ის მონაზვნად აღკვეცა. ათონზე მან 52 წელი იცხოვრა და მთელი ამ ხნის მანძილზე ერთხელ არ გამხდარა ავად. მისი უფროსი მოწაფე პავლე მასთან ერთად 13 წელი ცხოვრობდა და მხოლოდ ერთი წელი იყო ჯანმრთელად. "თავი რით გაგაქვთ?" - ვკითხეთ მას, - "ღვთისმშობელი განაგებს ჩვენს ცხოვრებას, - თქვა ბერმა, - ოდესღაც ხელნაწერებს გადავწერდი, მაგრამ ახლა მხედველობა დამისუსტდა. აღარ შემიძლია! მას სხვა მოწაფეც ჰყავდა - მღვდელმონაზონი დამიანე - კოვზებს ახარატებდადა ზღვიდან ანდა წმინდა ანას სკიტიდან ტვირთი ამოჰქონდა. ერთხელ, ღვთის დაშვებით, კლდეზე გადაიჩეხა და ისე დაიმტვრა, რომ საკაცით მოიყვანეს. მოხუც მოძღვარს ახლა ორივე მოწაფის მოვლა მოუხდა. ვუცქერდით მათ ცხოვრებას, მათ დაბებკილ სამოსს და ძნელი იყო, არ გავოცებულიყავით.
სიცოცხლის ბოლოს მოძღვარი ძალზე დაუძლურდა, არა იმდენად წლების გამო, თუმცა 70 წლისა იყო, რამდენადაც ძნელი და სასტიკი ცხოვრებისგან. ბერის კელიისკენ მარმარილოს ნატეხებით მოფენილი ციცაბო ბილიკი მიდიოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბერდიდი 50 წელი ამ მთაზე დადიოდა მძიმე ტვირთმოკიდებული, გასაგები ხდება, რამდენად ძნელი იყო მისი ცხოვრება.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მას ორი რუსი ესტუმრა. მათ კითხვაზე: თავი რომ გაიტანოთ, თუ მოაქვთ თქვენთან რაიმე, ანდა რას აკეთებთო, ბერმა უპასუხა: - რა მუშაკნი ჩვენ ვართ, დედა ჩვენი ზრუნავს ჩვენზეო და ღვთისმშობლის ხატზე მიუთითა. სტუმრებს ბერთან საუბრის გაბმა სურდათ და შენიშნეს, - ასე არ ხდებაო. "არა, - თქვა ბერდიდმა, - თუ ვინმე ცხოვრებისთვის რაიმე აუცილებელს, ანდა სულისთვის მაცხოვნებელს სთხოვს ღვთისმშობელს, ყოვლადმოწყალე შეევედრება თავის ძეს, რომ თავის მონას სათხოვარი აღუსრულოს, რაც არ ავნებს არც მას და არც სხვებს. ოღონდ კი თავი ანებოს კაცმა ცოდვიან ცხოვრებას და დასაბამი დაუდოს სინანულს, უფალიც და ღვთისმშობელიც მიიღებენ მას, როგორც თავიანთ მონას, თუ ის დაემხობა მათ წინაშე და შეევედრება, როგორც წმინდა წერილში წერია: "განიღვიძე, რომელსა ეგე გძინავს და აღდეგ მკვდრეთით და განგანათლოს შენ ქრისტემან" (ეფესელთა 5,14). და უფალმა თქვა: "არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე 9,14) და ჯვარზე განართხა მან თავისი უწმინდესი ხელნი, რათა ცოდვილნი ჩაეკრა და განესვენა. მაშ, უფალი ამის გამო როგორ მიატოვებს თავის ქმნილებას? მხოლოდ მაშინ, თუ კაცი, თავისი სიზარმაცისა და სიკვდილის შემდგომ, თავის საუკუნო ხვედრზე უდარდელობით მოიძულებს მაცხოვნებელ გზას. თუ მუდმივად ცდილობს გამოსწორებას, მაშინ უფალი არ დაუტევებს. ოღონდ კი კაცი მიიქცეს ღმერთისკენ, რამეთუ თქმულა: "რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე" (იოანე 6,37). ოღონდ კი ვინმე მიილტოდეს ქრისტე მაცხოვრის სახიერებისკენ. ვინც არ მოიქცევა, ის საკუთარ თავს ღუპავს". ბერმა შემდეგ თქვა, რომ კაცი სიბერეში უფრო მიდრეკილია გულის შემუსვრასა და სიკვდილის ხსოვნისკენ. მაგრამ ჩვეულებისამებრ, თუ ვინმე ცოდვიან ჩვეულებებში გამყარდა, ის კარგავს გულშემუსვრის უნარს, მისკენ სწრაფვას, ბოროტებაში ძლიერდება და უკვე მადლმოსილი შეწევნის გარეშე შეუძლებელია, ცოდვიან ჩვეულებებს თავი დააღწიოს.
კითხვაზე, რომ მონასტრებში უფრო დიდი განსაცდელებია და უდაბნოში ასეთი არ არისო, ბერდიდმა თავი გადააქნია და უპასუხა: "მონასტრებში ერთი განსაცდელია, სკიტებში მეორენაირი, უდაბნოში სხვანაირი მტერი და ცხოვნების გზაზე ადამიანთა წამბორძიკებელი ძალზე გამოცდილია მზაკვრობაში: როგორი საცდურიც შეეფერება იმ ადგილს, ისეთს ხლართავს. ჩვენ უფრო მეტი მოთმინება გვჭირდება. უფალი არ დაგვიტევებს, რომ ბოლომდე და ჩვენს ძალებზე აღმატებულად ვიტანჯოთ. ვინც თავიდანვე ცხოვნების სწორ გზას შეუდგება, ის აუცილებლად შეხვდება განსაცდელს. უნდა მოვითმინოთ - ღვთის შეწევნაც არ დააყოვნებს! - მერე კი თქვა: - თუ რაიმე განსაცდელი შეგვემთხვევა დემონების, ადამიანების ანდა საკუთარი თავისგან, ამის გამო დავუტევეთ ადგილი და სხვაგან გადავედით, იქ უფრო დიდი განსაცდელი დაგვხვდება; ხოლო თუ იქიდანაც წავალთ, სადაც მივალთ, წინანდელზე დიდ განსაცდელს ვპოვებთ!.. ჩემს მოძღვართან ცხოვრებისას დიდხანს მტანჯავდა გულისთქმები, ყოველდღე წასვლას ვაპირებდი, თუმცა ღვთის შეწევნითა და მოთმინებით მასთან 33 წელი ვიცხოვრე. როცა გულისთქმები გამიძლიერდებოდა, მოძღვარი ხელს ჩამკიდებდა და მამა ქრისტეფორესთან მივყავდი, ის კი მეტყოდა: "მოითმინე, მოითმინე. ეშმაკს უნდა, გვირგვინი წაგართვას. დაბრუნდი უკან, ცოტა მოითმინე, მოძღვრის გარდაცვალებამდე და მერე წადი, სადაც გინდა!" გამოცდილი მოძღვრის სიტყვები ძალზე მოქმედებდა ჩემზე, განახლებული სულით ვბრუნდებოდი და მოძღვრის მორჩილებას ვაგრძელებდი!"
როცა ბერმა ახსენა მამა ქრისტეფორე, ერთმა სტუმარმა ჰკითხა: - ხომ არ იცით, მამა ქრისტეფორე აზიარებდა შვიდ განდეგილს, რომელთა შესახებ მხოლოდ მან უწყოდა?
მამა იოსებმა უპასუხა, - ეს ამბავი მისგან არ გამიგონია, მაგრამ კარგად ვიცი, რომ მამა ქრისტეფორე ძალზე სიმდაბლისმოყვარე და სულიერ ცხოვრებაში მეტად გამოცდილი იყო, ძალითა და მადლით ავსებული სიტყვებით დიდად ანუგეშებდა და გაამხნევებდა მწუხარე და განსაცდელში ჩავარდნილ სულებს. ათონზე 25 წელი იცხოვრა და 73 წლისა გარდაიცვალა. მეცადინეობდა გონებისმიერ ლოცვაში. მუდამ მშვიდად და თავმდაბლად საუბრობდა, არასდროს გაუგონიათ მისი ზედმეტად ნათქვამი სიტყვა. მუშაობა უყვარდა, როგორც მოძღვრის სიცოცხლეში, ასევე მისი გარდაცვალების მერე. სამი მოწაფე ჰყავდა, სამუშაოზე ყოველთვის მათზე წინ მიდიოდა, ხელები დაქლეტილ-დაკოჟრილი ჰქონდა შრომისაგანო. სტუმრებმა ჰკითხეს: - განა შეიძლება გონება-გულისმიერ ლოცვას ეწეოდე ხორციელი მუშაკობისასო?
- ვინც განმტკიცებულია გონება-გულისმიერ ლოცვაში, მას შრომა ხელს არ უშლის, - უპასუხა ბერდიდმა, - ხელები თავის საქმეს აკეთებენ, გონება კი მუდმივად თავისი საქმით არის დაკავებული. თუ ვინმეს ადამიანებთან ურთიერთობა გაიტაცებს, მაშინ შეიძლება დაკარგოს სულიერი მუშაკობა, ხოლო იმგვარად ცხოვრებისას, როგორც მამა ქრისტეფორე განვლიდა დღეებს, შრომა დაბრკოლებად ვერ ექცეოდაო.
შემდეგ ჰკითხეს, - როგორ ვიცხოვროთ კინოვიაში? ეს ხომ ძნელია!
- დიახ, ძნელია, - მიუგო ბერმა, - თუ ვინმე სავანეში შედგომისთანავე, სულიერი მამების რჩევით არ დაუდებს დასაბამს ამ მუშაკობას და ზოგიერთ ჩვევას მაინც არ შეიძენს, წარუმატებელი დარჩება გონებისმიერ ღვაწლში. მაგრამ იქ მონასტერში სხვა სათნოებებია: თქვენ დადიხართ ეკლესიაში, საერთო ღვთისმსახურებაზე: ზოგჯერ ღამისთევის ლოცვებზე დგახართ. ამიტომაც სათანადოდ მიგეზღვებათ შრომისა და მისწრაფების მიხედვით.
- მამა ქრისტეფორეზე შეიძლება ის ითქვას, რაც მის საქმეთაგან ჩანს, - დაუმატა მამა იოსებმა, - როგორი იყო მისი დაფარული ღვაწლი, ერთი მხოლოდ ღმერთმა იცის, ჩვენ არაფერს გვიყვებოდა. გვიხაროდა მასთან მისვლა, ის კი რამდენიმე სიტყვით გვანუგეშებდა და როგორი გულისთქმაც არ უნდა გვქონოდა, მაშინვე მოგვშორდებოდა; ნაყოფიერი და მადლმოსილი იყო მისი სიტყვა.
ბერდიდი მამა იოსები ცხოვრებით ძველ მამათა მსგავსი იყო. გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე ლოგინად ჩავარდა და 1872 წლის 4 ივლისს უფლისმიერ მშვიდად აღესრულა.
მოძღვარი მამა დოსითეოსი შესანიშნავი მოსაგრე გახლდათ, ის მამა ილარიონ ქართველის მეორე მოწაფე იყო.
მოძღვარი მამა დოსითეოს მოლდაველი მონაზვნურ ცხოვრებას თავის სამშობლოში შეუდგა. 18 წლისა მივიდა კალდორაშანის მონასტერში და იქ ათი წელი იცხოვრა. თავიდან გადაწყვიტა, დაკვირვებოდა, თუ როგორ შრომობდნენ მამები საერთო მორჩილებაში. ბერდიაკონმა მამა ლეონტიმ ჰკითხა: - აქ რისთვის მოხვედიო. მონასტერში მოსაწყობადო. ნასწავლი ხარო? თანაც კარგადო. "თუ ნასწავლი ხარ, ხომ არ იცი რაიმე წმინდა მამებისაგან?" - ჰკითხა ბერდიაკონმა. "თანაც ბევრი რამ!" "მომიყევი, გეთაყვა. მე უსწავლელი კაცი ვარ, მინდა შევიტყო მათი მაგალითები და დარიგებები!"
დოსითეოსმა დაიწყო: "ეს მამა ამას ამბობს, ის მამა ამას ამბობს" და ა.შ. მამა ლეონტი ეკითხებოდა, ის კი პასუხობდა, ვიდრე მწუხრის ზარები არ დარეკეს.
მწუხრის ლოცვაზე დოსითეოსმა უეცრად დაინახა, რომ ის უსწავლელი მამა ბერდიაკვნად მსახურობდა, კლიროსზე დგებოდა, გალობდა და წიგნს კითხულობდა. თავისთვის თქვა: აი, როგორი მონაზვნებია აქ, ამიტომაც "დაიდე საცობი პირსა შენსა".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი