მამა ეფრემ ფილოთეველი
თავი II. მთაწმინდაზე
მზის ჩასვლისას მივადექით წმინდა ანას ნავმისაგომს. ირგვლივ სიჩუმეა, კაციშვილი არ ჭაჭანებს.
მამა იოსებმა არ იცოდა, რომ უნდა ჩამოვსულიყავი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ტელეფონები, ეს რომ შემეტყობინებინა. უეცრად დავინახე - ერთი ხელჯოხიანი, აბგააკიდებული მამა ქვემოთ ეშვება - მამა არსენი გახლდათ. მასთან მივირბინე, მუხლი მოვიყარე და კრძალვით ვემთხვიე ხელზე. - მაკურთხეთ, მამაო.
- ვოლისელი იანიკისი ხომ არ ხარ?
- დიახ, მამაო. საიდან მიცნობთ?
- მამა იოსებმა ეს წმინდა იოანე ნათლისმცემლისგან შეიტყო. იგი მას წუხელ გამოეცხადა და უთხრა: - ერთი ცხვარი მოგიყვანეო.
ფიქრებით წმინდა ნათლისმცემლისკენ წავედი, ჩემი ზეციური მფარველისკენ, რომლის შობის დღესასწაულზეც მე გავჩნდი. ძალზე მადლიერი ვიყავი მისი ჩემზე ზრუნვისთვის.
დავინახე, რომ კიდევ ერთი ბერი მოვიდა. მამა არსენი მამა კორნელიოსთან ერთად ჩამოვიდაო. მამა არსენმა მითხრა:
- მამა კორნელიოსი აქ შენს ნივთებთან დავტოვოთ, ჩვენ კი ზემოთ ავიდეთ, მამა იოსები გველოდება.
ჩვენ წავედით. ჰოი, რას განვიცდიდი! რა ნიჭიერიც უნდა იყოს კაცი, ამას მაინც ვერ აღწერს!
აუცილებელი ნივთები ავიღეთ და მამა იოსებისკენ გავემართეთ. ბნელოდა, როცა მივაღწიეთ პირველ კალივას მამა იოსების საძმოს გზაზე. ყველა კალივა მთის ფერდობზე მდებარეობდა. ეს გახლდათ საძმოს ძირითადი საცხოვრებელი, ბერდიდის კალივა კი ცოტა მოშორებით იდგა, უფრო უდაბურ ადგილას. მთის მთელი ეს მხარე მიუწვდომელი იყო.
როგორც კი მივუახლოვდი პირველ კალივას - იქ, სადაც მღვიმეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია იყო, - მამა არსენმა რკინის დაფს შემოჰკრა, ნიშანი მისცა, რომ მივედით. მაშინვე შემოჰკრა დაფს მამა იოსებმა, ნიშანი მოგვცა, რომ გაიგონა ჩვენი სიგნალი და შევიდა თავის კალივაში გონებისმიერი ლოცვის შესასრულებლად. ჩვენ კი დასასვენებლად წავედით.
შაბათი საღამო იდგა. მამა არსენმა მითხრა, უდაბნოში ლიტურგიის ჩასატარებლად ეფრემ კატუნაკელი მოვაო. ვთხოვე, გამაღვიძეთ-მეთქი. მითხრა, - გგონია, ძილის საშუალებას მოგცემთ? რა იცოდი, საწყალო, თუ სად მოდიოდი? ამიერიდან ადრე გაღვიძება მოგიწევსო.
თავი III. პირველი დღე
დაფებით გაკეთებულ საკუჭნაოში მეძინა. ეშმაკმა საშინელი სიზმარი მომივლინა. ჩემი გაღვიძების მომენტში მამა იოსები მოუახლოვდა კარს - ლიტურგიაზე მოვიდა. მე ძილში ვყვიროდი: - მეშინია, დავიმტვრევით!მან ფანჯარა გააღო (ფანჯარა და კარები ერთი და იგივე იყო) და მკითხა: - შვილო, რა დაგემართაო. ვუპასუხე: - არ ვიცი, მამაო, ხომალდზე ვიყავით, რომელიღაც მღვიმეში შევედით და კინაღამ დავიმტვერით-მეთქი.
გაიღიმა და მამა არსენს უთხრა:
- ამ პატარას თავიდანვე დაეტაკნენ ეშმაკები. აბა, ადექი, ლიტურგია უნდა ჩავატაროთ. როგორც იქნა, გამოვფხიზლდი, მივხვდი, რომ ის მამა იოსები იყო და ფეხებში ჩავუვარდი.
- მაკურთხე, მამაო!
- მოდი, ჩემო შვილო, მღვიმეში შევიდეთ. ახლა ლიტურგია იქნება.
ეკლესია ისეთი პატარა იყო, რომ მამა იოსების სტასიდია კანკელს ეხებოდა. სინათლე მხოლოდ ხატების წინ ანთებული კანდელებიდან იფრქვეოდა. ორი სტასიდია ერთმანეთის პირისპირ იდგა. მე მათ შუაში დამაყენეს.
იქ, ეკლესიაში, მბჟუტავი კანდელების შუქზე შეიცნო ჩემმა სულმა ნათელი სახე წმინდა მოძღვრისა. შუა ტანისა იყო, არც მსუქანი, არც გამხდარი, თმაჭაღარა, ცისფერი მშვიდი თვალები ჰქონდა. უკვე ორმოცდაათი წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ თმას არ ივარცხნიდა, არ იკვეცდა ფრხილებს, მასთან სიახლოვეს ერთგვარი მადლი იფრქვეოდა, რაღაც დიდებული და ამაღლებული, თითქოს მეფე ყოფილიყო. რადგანაც არ ბანაობდა, მნახველები ფიქრობდნენ, ცუდი სუნი აუვიდოდა და უკვირდათ, როცა მისგან ნაზი კეთილსურნელება იფრქვეოდა. ეს რაღაც ზებუნებრივი იყო, რადგანაც ბევრს მუშაობდა და ძლიერ იოფლებოდა.
სათნო გარეგნობა ჰქონდა, მისი მარტო ერთი შეხედვაც კი გაწყნარებდა. ასეთივე მშვიდი იყო შინაგანადაც. სახე სასიამოვნო ჰქონდა. ეკლესიაშიც ძალზე ტკბილხმოვნად წარმოთქვამდა: "უფალო, შემიწყალე!" ულამაზესი ხმით კითხულობდა სამოციქულოს! თუ ლიტურგიაზე სწორად ვერ ვგალობდით, ტონს გვაძლევდა, ის ამ ტონს არ კარგავდა.
ლიტურგიის დაწყებამდე ჩამაცვეს კაბა, რომელსაც იმდენი საკერებელი ჰქონდა, ვერავინ იტყოდა, თუ როგორი იყო თავდაპირველი ქსოვილი. მაგრამ ჩავიცვი და მომეჩვენა, რომ დიდებული და ბრწყინვალე სამეფო სამოსით შევიმოსე, იმგვარი სიხარულით განვისმჭვალე, როგორიც მეფესაც არ ექნება მანტიით შემოსვისას. მამა იოსებმა ნაჭრის ქამარი და სკუფია მომცა, რომელიც გაურეცხაობის გამო ბრეზენტივით უხეში იყო და მითხრა, აქ დადექიო.
მან მე ერთი წმინდა დედის, გარდაცვლილი მონაზვნის, თეოდორას ანაფორა გადმომაცვა - კეთილსურნელებდა. ამ დროს საკურთხევლიდან გამოვიდა მამა ეფრემი, რათა ლიტურგიის დასაწყებად მოძღვრისგან კურთხევა აეღო, თვალი რომ მომკრა, მითხრა:
- რატომ ჩაიცვი ანაფორა? აბა, სასწრაფოდ გაიხადე!
მამა იოსებამა მიმართა:
- მამაო, თავი ანებე მონაზონს. ნება მოგვეცი, ცოტათი შევათვალიეროთ.
მაშინ საულვაშე შეღინღლული მქონდა. იოსებმა მამა ეფრემს უთხრა:
- კარგი, გვეყოფა, გამოდგება სამღვდლოდ. მონაზვნის მოსვლას ველოდი, რომელიც ჩვენი მღვდელი იქნებოდა და აი, მოვიდა.
და დამპირდა: - როცა ხელთ დაგასხამთ, მაშინ ლამაზ შესამოსელს შეგიკერავთო.
ჩვენ წესიერად საუბარიც ვერ მოვასწარით და მან უკვე იცოდა, რომ მღვდლობა შემეძლო და უხაროდა, რომ თავისი მღვდელი ეყოლებოდა, რადგანაც მამა ეფრემს ხშირად თავისი მოძღვარი მამა ნიკიფორე არ უშვებდა ხოლმე ჩვენთან.
საღმრთო ლიტურგია დასრულდა და ეკლესიიდან გამოვედით. უკვე დილა იყო. ბერმა მითხრა:
- წავედით, რაიმე შევჭამოთ და დავლიოთ. მერე კი, რაც აქ ჩამოიტანე, ყველაფერს ზურგით ამოიტან.
ჩვენ ათონზე ნაროჭიკალი ნივთები ჩამოვიტანეთ - მამა ეფრემის სულიერმა შვილებმა იცოდნენ, რომ მამა იოსებთან მივდიოდი და ხორბალი და ბევრი სხვა რამ მომცეს. ეს ყველაფერი ბადურებით ზურგით უნდა ამოგვეტანა.
მანამდე კი მამა იოსებმა როზმარინის ჩაი დაგვისხა, ნოესდროინდელი დაობებული ორცხობილები და ყველი მოგვცა, რომელსაც ნაჯახითაც ვერ გააპობდი. გაქვავებული, ცხიმგაცლილი, დაობებული. ვინ იცის, რომელი საუკუნის იყო.
- შეჭამე, ჩემო პატარა მონაზონო, ვინაიდან ახლა ტვირთის ამოსათრევად უნდა წახვიდე.
ჭამა არ შემეძლო, რადგან ნავში ზღვის ღელვისაგან გულისრევა დამეწყო.
- არ მინდა ჭამა, რადგან კუჭი...
- ჭამე, ჭამე, ტვირთი უნდა ამოიტანო.
ვიდრე ვჭამდი, მამა იოსები მათვალიერებდა. შემამჩნია, მეტად გამხდარი ვიყავი და მითხრა: - სული რითღა გიდგასო.
- გარეგნულად არა, შინაგანი ნახეთ ჩემი, რაც მაქვს, - მინდა ვემსახურო ქრისტეს.
ნატრაპეზევს მითხრა: - აიღე თოფრა, კვერთხი და წადი ამოსატანადო.
არაფრის გაკეთება არ შემეძლო: არც ტვირთის წამოკიდება, არც ციცაბო კლდეებზე სიარული. ცარიელი ჩონჩხი ვიყავი, ჩონჩხი! მუდმივად მაღალი სიცხე მქონდა.
...უთენია, ზღვიდან კლდეში გამოკვეთილი ბილიკებით დავიწყეთ ტვირთის ამოტანა. და აი, ასე, ღვთის დახმარებით შევუდექით საქმეს. როცა დავასრულეთ, ბერდიდმა მითხრა:
- ნუ იფიქრებ, რომ ღამე ძილის საშუალება გექნება. ჩვენ ღამისთევის ლოცვა გვაქვს! საღამოს ორი საათი გვძინავს, მერე კი ღამისთევის ლოცვას ვიწყებთ: ვინ - რვა საათი, ვინ - ათი საათი, სკვნილებით, მუხლთა დრეკით, წიგნის კითხვით. რამენაირად ხუთასჯერ მოიდრეკ მუხლს და მერე მოვიფიქრებთ, რა გიყოთ. ეს იქნება შენი პირველი ულუფა. თუ ცუდად გახდები, მოდი ჩემთან კალივაში და გაგიშვებ აქედან.
ასე დავიწყე ყოველ ღამეს მღვიძარება და ლოცვა. რამდენადაც ძილი მებრძოდა, ყოველ ღამეს ლოცვაზე მამა იოსებთან დავდიოდი. ლოცვის მერე ის კალივიდან გამოვიდოდა ხოლმე, ჯდებოდა და მასწავლიდა, მე კი ვიჯექი და ვუსმენდი.
თავიდანვე გულისთქმებმა ალყაში მომაქციეს. უპირველესად კი სიამაყემ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მოძღვრის რჩევებსა და მითითებებს და თავაწეული ახსნას მოითხოვდა: "რატომ მეუბნება ამას? ასე რატომ მექცევა?" მივხვდი, რასაც მიკეთებდა ეშმაკი. მას სურდა, დაერღვია ჩემი დამოკიდებულება ჩემი მამის, დამრიგებლისა და მასწავლებლის მიმართ. ამ კავშირის გაწყვეტით ხომ შემიწყდებოდა სულიერი საკვები, ღვთის მადლი, რომელსაც მოძღვარი აწვდის მორჩილს. ეს მოძღვარს მოვუყევი. ამიხსნა:
- იცოდე, შვილო, შენ აქ სულის საცხოვნებლად მოხვედი, რათა უარყო საკუთარი თავი, მოიკვეთო საკუთარი ვნებები, რათა დამდაბლდე, რათა განგიკითხონ და შენ კი არ განიკითხავდე მოძღვარსა თუ ძმებს.
- გეთანხმებით, - ვუპასუხე.
- აქაური მამები, ბერდიდები გვირჩევდნენ - სათნოეყავი შენს მოძღვარს - სათნოეყავი ღმერთს. ვერ ასიამოვნე შენს მოძღვარს - ვერ სათნოეყავი ღმერთს. რამეთუ შენ ღმრთს ვერ ხედავ, მოძღვარს კი ხედავ და რამდენადაც იგი წარმომადგენელია ღვთისა, იმას, რასაც მოძღვართან დაკავშირებით აკეთებ, ეხება ღმერთსაც. ისევე როგორც ღმერთს ეხება, როგორც ვექცევით მის წმინდა ხატს. გვაქვს ჩვენ ხატი: ის ხომ ხისა და საღებავებისგან ხელით არის შექმნილი, მაგრამ მასზე ქრისტეს, ღვთისმშობლის ანდა წმინდანის სახებაა, თუმცა თვითონ ხატი - ეს მატერილურია, ნივთიერია, მაგრამ თუ როგორ ვეპყრობით მას, ეკუთვნის ეს მასზე გამოსახულს. მასზე გადადის ის პატივი თუ შეურაცხყოფა. ასე ხდება აქაც, რადგანაც მოძღვარი ღვთის ხატია, წარმომადგენელია ღვთისა.